ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2024


თავწაკრული დედაკაცები

სარკევ, სარკევ,
ნუ მომიყვები ვინ არის ყველაზე ლამაზი,
ნურც იმ კოპწია ქალებისას მიამბობ რამეს,
რომ კეკლუცობენ, კისკისებენ
და უფრო ხშირად იწონებენ თავის ანარეკლს...


მე გეკითხები:
როგორ წამლობდნენ აჩენილ დარდს თავწაკრული დედაკაცები
სისხამზე რომ გამოჰყოლოდათ
და ცეცხლის ალზე შემომდგარი ქვაბის ოხშივარს,
სულს უბერავდნენ?
იქნებ კალთიდან ჩამოყრილი სიმინდის ფშვნისას,
მუხლებს შორის რომ მოიქცევდნენ უკვე ხმელ ტაროს...
იქნებ ლობიოს გადარჩევისას,
ან სულაც ხმელი თავთავების ხელით ბოჭვისას
ათავებდნენ დაგროვილ სევდას,
გამომწყვდეულს კოჟრიანებში...
მერე კი ოფლით ჩასველებულ მკერდს იმშრალებდნენ
ჩამოშვებული თავსაბურის ცალი ნაფლეთით...

როგორ გაუძლეს რყევას და ნგრევას თავწაკრულმა დედაკაცებმა?
როდესაც მათ წინ მიდიოდნენ,
საგულდაგულოდ, თეთრ კრახმალში ამოვლებული მამაკაცები?
თავად ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ თვალაკრული თემიდასავით:
ცალ ხელში სათლით, ცალში თოხით,
მკერდზე მჭიდროდ აკრული ჩვილით,
(ან უშვილობის  ზურგზე მძიმე ჯვრით)
და სახეზე ღრმა ნამზეურით...
ვაი თუ სადმე ფეხი ცუდათ წაუბორძიკდათ,
ჩამდგარ ცრემლს უმალ გაგუდავდნენ
დაბადებამდე...

სარკევ, სარკევ,
ნუ მომიყვები შენს წინ ჩამომსხდარ კოხტა,
ფერ-უმარილიან ქალებზე,
თეთრ პუდრს რომ ნაზად მიიბნევდნენ უხეშ ნაკვთებზე
და ჩაის სმისას,
თეთრ თათმანებს დაიწყობდნენ მუხლის თავებზე.

მე გეკითხები:
როგორ იშუშებდნენ გაჩენილ ბზარებს თავწაკრული დედაკაცები
ღამიდან რომ ტანს აჰყვებოდათ?
როგორ იჭამდნენ ტკივილისგან იდაყვის თავებს,
დაფნის სურნელით გაჟღენთილი ნაწნავის წვნისას,
ან მთვარის შუქზე,
როცა თავსაბურს მოიხსნიდნენ,
გადაჰფენდნენ საწოლის თავზე,
თმას ჩამოშლიდნენ პერანგივით ფეხის კოჭამდე,
თავის კაცებს კი სუდარაში გამოახვევდნენ
გალილავებულ განთიადამდე...

და მაინც...
როგორ გადაურჩნენ თავწაკრული დედაკაცები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები