წაკითხული აქვს ამ ქალბატონს ნიცშეც და კანტიც , ფილოსოფიურ საუბრებშიც აგყვება ნაზად, მაგრამ არ გინდა... არ გაერთო ამ ქალით-არ ღირს, ვერ გამოდგება ვერც მეგობრად -ვერც მაგარ ,, ნაშად“
კონფუცსაც იცნობს,სოკრატეს და რენე დეკარტის მსჯელობს ფაქტებით, ლოგიკურად - თამაშობს ერთგულს, თუმცა ყოველთვის ხელში ხვდება მას ცუდი კარტი., ტკივილს და ტანჯვას უორმაგებს ყველა მის მეგზურს.
მე დავარქმევდი ამ ლამაზმანს იმ ნეკნს ადამის, სათავეშივე რომ გამოლპა ყველაზე უფრო, კი- მისნაირი ალბათ ქვეყნად ბევრი არ დადის, მაგრამ ნუ ელი მისგან ხსნას და ნურც ფიქრში უხმობ.
შეპყრობა მისით დამიჯერე ,ვიცი არ გარგებს, საყვარელია ,ძლიერ ნაზიც თან იდუმალიც , თუმც არ ერგება არანაირ ქალურ სტანდარტებს, თანაც დროდადრო მის სხეულში ბორგავს ცუნამიც.
ხო ვიცი,ვიცი -თავბრუს გახვევს ,გათრობს, გიზიდავს, ახასიათებს ეგ თვისება -ვერ დაუკარგავ, თუმც მოაქვს ნგრევაც -როგორც ყველა ძლიერ მიწისძვრას, იმ შავ ხვრელს სულში-ტანსმომდგარი კაბა უფარავს.
არ შეიყვარო... თავს უშველე სანამ მთელი ხარ, გაშორდი მსწრაფლ და არ გაბედო უკან მოხედვა, ის გადარჩება-შენ დაგღუპავს -შენ ხომ წრფელი ხარ, ის მაინც შესძლებს ცუდი კარტით ხელის მოგებას.