ამინდი ფერს იცვლიდა, იქნებ წვიმასაც აპირებს?! წვიმის ბავშვობიდან ეშინოდა, თუმცა არასდროს ესმოდა რატომ ან რამ დაბადა ეს შიში, თუმცაღა სადღაც გულის სიღრმეში მისდამი ლტოლვა, ვნება და სიყვარული მუდამ ახასიათებდა. ბავშვობაში წვიმა იმდენ ემოციას იწვევდა, რომ ეს აშინებდა, რაც თავისთავად თრგუნავდა კიდეც მის პატარა გულს, თითქოს ემოციებით სავსე გუდას თავი მოხსნეს, ზედ დააყარეს და ეხლა მთლიანად მასში იძირებოდა, მისგან ვერ გამოდიოდა და საბოლოოდ (საკუთარ) ემოციებში იხრჩობოდა კიდეც. ეხლაც როცა ბაღში ზის იმ იმედად, რომ საკუთარ თავთან მარტოობაში ყველაზე მეტად იპოვიდა საკუთარ მეს, რამეთუ ფიქრობდა ყველასგან შორს გაცილებით უკეთ იქნებოდა, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს ხომ ხალხში გრძნობდა?! ერთი უბრალო მიზეზის გამო, მათში იმდენად იყო არეული რომ ეს ერთგვარი ქაოსი მათგან არაფრით გამოარჩევდა, იქ უფრო უკეთ შეეძლო ფიქრი, დაკვირვებაც და წერაც. თავისი დღიურიც ხომ სწორედ ხალხმრავალ ადგილებში ჰქონდა დაწერილი: კაფეებში, ბარებში, პარკებში, მეტროში, ტრანსპორტში, ქუჩაში, წერდა ყველგან, სადაც დასაჯდომ ადგილს იპოვიდა და წერდა ყველაფერზე, შეეძლო ადამიანებზე ისტორიები ერთი შეხედვით შეექმნა და ეს ისტორიები იმდენად ინდივიდუალური და განსხვავებული იყო, ვინმეს რომ სცოდნოდა, გაეგონა წარმოუდგენლად მოეჩვენებოდა და ალბათ, ამპარტავნობაში თუ არ ჩამომართმევთ, მას ღმერთსაც შეადარებდნენ. ერთ დროს ყველა დროის უცნობი მწერალი მარტოდმარტო იჯდა მაღალი ხის ძირში და ეგებ მალე ეწვიმა კიდეც. ამინდს კი ისე მოულოდნელად ეცვალა ხასიათი, თითქოს ეს მისთვის ჩვეული ნორმა ყოფილიყო, წვიმას კი უყვარდა პეტრე, მისი ემოცია და მათი შეგრძნება, როცა მის სხეულს უნებართვოდ, ძალით ეხებოდა, მის ტანსა და სულში დაუკითხავად და ეგებ ეშმაკივითაც ძვრებოდა კიდეც. ეხლა კი რატომღაც არც წვიმის ხასიათზე იყო პეტრე, არც ფიქრის და არც მუშაობის, ასე რომ სასწრაფოდ აკრიფა იარაღი და სახლისკენ გასწია, დღეს შეძლო და ცოტათი მაინც დაამუშავა ბაღი, დაბარა, მოთოხნა და უკვე სახლისკენ მიისწრაფვის. თუმცაღა სახლშიც მარტოობა ელოდება, მაგრამ განა ეს ის არ არის რაც თავად არჩია?! პეტრეს მარტოს უნდა გაევლო ცხოვრების ეს ნაწილი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდებოდა სიცოცხლეს, ეხლა კი ის თითქოს მკვდარია, მიწაზე სიცოცხლისაგან დაცლილი სხეული უნიათოდ დაიზლაზნებოდა. ეს ემოციაც მუდამ მის გვერდით იყო იმის მიუხედავად თუ როგორ სძულდა პეტრეს ის და ერთადერთი მისწრაფება საკუთარ თავთან ჰარმონიის, კავშირის პოვნა იყო.
* * * მიმავალი პეტრეს მზერაც შორს, მისი სახლისკენ იყო მიმართული, მთლიანად მწვანეში ჩამალული, შეწითლული სახლის კონტრასტი თვალში მარტივად მოსახვედი იყო და ალბათ კიდევ უფრო მეტად აღვივებდა ინტერესს და ცნობისმოყვარეობას ადამიანებში. მიუხედავად სახლის სიძველისა ის ისევ მყარად და უძრავად იდგა თავის საძირკველზე თითქოს არც თქეში შეხებია და არც მიწა, მწვანედ შეღებილი საძირკველი კი ილუზიას ქმნიდა რომ სახლი ჰაერში უფრო იყო გამოკიდული, ვიდრე მიწაზე იდგა. პატარა კიბეებით აივანზე ასული კი აუცილებლად დაინახავდით კონწიალა სკამს მის წინ მდებარე პატარა ჩაის მაგიდით, სკამის უკან კი სწორედ ის ფანჯარა მოგხვდებოდათ თვალში საიდანაც ხშირად გამოსჭვიოდა ყველაზე ნაცნობი მოკიაფე სანთლის ალები, რომლის უკან დამალული პერსონა ყოველ საღამოს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობდა და სწორედ ეს ყველაფერი ქმნიდა იმ მოარულ ჭორებს, რომლებიც ლამისაა სოფლიდან სოფელში გადასულიყო და დედამიწა მოევლო. უფრო მეტად საინტერესო კი პეტრეს ერთ დროს ცნობილი მარანი გახლდათ, რომელიც სანახევროდ ბიბლიოთეკად გვევლინება, სადაც უძველეს ღვინოსთან ერთად ცოდნის გაზიარებაც მარტივი გახლდათ. უყვარდა პეტრეს ეს ადგილი და ენანებოდა, ღვინო - დასალევად, წიგნი კი საკითხავად. განა იმაზე მეტ სიამოვნებას მოჰგვრიდა დედამიწაზე რამე, რასაც ღვინის თუნდაც ერთ ყლუპს შეეძლო?! ან რა შეედრება წიგნის პირველი წაკითხვის ემოციასა და შთაბეჭდილებას?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა დაინტერესებისთვის, კი, გაგრძელება იქნება რა თქმა უნდა. მადლობა მუხა დაინტერესებისთვის, კი, გაგრძელება იქნება რა თქმა უნდა.
1. გავიცანით მწერალი პეტრე , მწერალი ყოფილა ,რა დაწერა, ან რას წერს, გაგრძელება იქნება? გავიცანით მწერალი პეტრე , მწერალი ყოფილა ,რა დაწერა, ან რას წერს, გაგრძელება იქნება?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|