| ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 27 სექტემბერი, 2024 |
მწვანე ცერი. სამძიმარი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მწვანე ცერი.სამძიმარი
ახალ ნერგს შავი, ტყის მიწა უყვარს, გამდიდრებული. მთლად ღრმად ჩარგვასაც არ მოიხდენს, უნდა იცოდე - რა - სადამდე, ანდა ჩარგულზე ზედაპირი ფრთხილად როგორ შემოუტკეპნო.
დარგვისთანავე წყალი უნდა. მერეც - სულ წყალი, მაგრამ მუდამ ზომიერად, თორემ თუკი გადაამეტე, წვრილი ფესვები გამაგრების ნაცვლად - ჩალპება. თუ ღერსუსტაა, იქნებ ბამბუკის ჩხირის ჩასობაც მოითხოვოს და ზედ ფაქიზად მიმაგრება, ან თხელი ბადის გადაფარება.
მზე? - გააჩნია, უნდა იცოდე, ოთახისაა, ღია მზისა, ნახევრად ჩრდილის თუ მთლად ჩრდილში გასახარელი, ზედ ეწერება.
ახალ ნერგს მუდამ ალერსი უნდა, კარგად თუკი დაფესვიანდა, მერე ზედმეტი განაზარდების შემოცლაც უკვე შეგიძლია. რაც მთავარია, ხარ ტეტანუსზე ანაცერი? თან უნდა დაგყვეს მწვანე ცერი და თუ არ დაგყვა, მორჩა! არსად არ იყიდება.
ეს - პოეზიის ბაღნარია მარადიული. გაზაფხულობით აქ მიმოფანტულ თესლად ეყრება ფერად-ფერადი ყვავილები, მაგრამ ყველა ზაფხულამდე როგორ იხარებს, დიდი წილი - სარეველაა.
კი, სარეველაც ლამაზია, მაგრამ მებაღეს გააჩნია. კარგი მებაღე - არ დატოვებს, იტყვის, დარგულებს - ზრდაში უშლის, დამიჩაგრავსო.
ნერგი კი, ნერგი… ნერგი თუ სიკვდილს გადაურჩა, ჩიტებიც მოვლენ, ფერადები, ჩამოსხდებიან, იგალობებენ… თუმცა ზოგი ბოროტია, ვითომ გალობს და სულ ამოკორტნის ფოთლებს და ფურცლებს და გატიტვლებულ ბუტკოს დატოვებს.
მე - ახალგაზრდა, ახლად დამწყებ პოეტებზე მეფიქრება, აქ და ამწუთას, ამნაირად.
რა ნერგი, ნეტა რა სარეველა, ანდა მებაღედ მე - თვითმარქვია - ვინ დამაყენა!
გამოიტანე ყვავილები პატარა ნერგო! აი, აღვმართე დასანახად, ვთქვი: - აი, ცერი! მაგრამ უეცრად ტანში გამცრა თუ გავიცერი. მოგისამძიმრო თუ მოგახარო?! - - ნერგობა გერგო!
- - - - - * მწვანე ცერი - ინგლისური იდიომია და ნიშნავს მცენარეთა წარმატებული დარგვა-გახარების თანდაყოლილ უნარს. ერთი და იგივე სახეობის, ერთნაირად გამოყვანილი ორი ნერგიდან, ორმა სხვადასხვამ რომ დარგოს, იგივე პირობებიც რომ შეუქმნას, შეიძლება, ერთისამ იხაროს და მეორესამ - არა, რადგან მწვანე ცერი არ დაჰყოლია. მოკლედ, რაღაც, ნამცხვრის გამოცხობასავითაა. ზუსტად ერთი და იგივე რეცეპტის დაცვით, იმავე ტემპერატურით, ერთს გამოუვა, მეორეს - არა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როგორ გამახარე, სულ ვფიქრობდი რა არის "მწვანე ცერი, "თქო, ნერგი კი ვიფიქრე მარა მთლად ვერა, თან მერიდებოდა მეკითხა შენთვის და აგერ არ ვნახე. მადლობა. როგორ გამახარე, სულ ვფიქრობდი რა არის "მწვანე ცერი, "თქო, ნერგი კი ვიფიქრე მარა მთლად ვერა, თან მერიდებოდა მეკითხა შენთვის და აგერ არ ვნახე. მადლობა.
2. მუხა, ვიწვალე და ტექსტშიც ჩავამატე განმარტება ბოლოში, იქნებ სხვასაც დააინტერესოს- მეთქი მუხა, ვიწვალე და ტექსტშიც ჩავამატე განმარტება ბოლოში, იქნებ სხვასაც დააინტერესოს- მეთქი
1. მუხა საყვარელო, მწვანე ცერი - ინგლისური იდიომია და ნიშნავს მცენარეთა წარმატებული დარგვა-გახარების თანდაყოლილ უნარს. ერთი და იგივე სახეობის, ერთნაირად გამოყვანილი ნერგი ორმა სხვადასხვამ რომ დარგოს, იგივე პირობებიც რომ შეუქმნას, შეიძლება, ერთისამ იხაროს და მეორესამ - არა, რადგან მწვანე ცერი არ დაჰყოლია. მოკლედ, რაღაც ნამცხვრის გამოცხობასავითაა. ზუსტად ერთი და იგივე რეცეპტის დაცვით, იმავე ტემპერატურით, ერთს გამოუვა, მეორეს - არა. მუხა საყვარელო, მწვანე ცერი - ინგლისური იდიომია და ნიშნავს მცენარეთა წარმატებული დარგვა-გახარების თანდაყოლილ უნარს. ერთი და იგივე სახეობის, ერთნაირად გამოყვანილი ნერგი ორმა სხვადასხვამ რომ დარგოს, იგივე პირობებიც რომ შეუქმნას, შეიძლება, ერთისამ იხაროს და მეორესამ - არა, რადგან მწვანე ცერი არ დაჰყოლია. მოკლედ, რაღაც ნამცხვრის გამოცხობასავითაა. ზუსტად ერთი და იგივე რეცეპტის დაცვით, იმავე ტემპერატურით, ერთს გამოუვა, მეორეს - არა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|