უილიამ შექსპირი - ჰამლეტის მონოლოგი
ყოფნა-არყოფნის არჩევანი - აი, საკითხი! კეთილშობილურ გონებისთვის რა სჯობს, ითმინოს შურდულის ქვები და ისრები სასტიკ განგების, თუ იარაღით წინ აღუდგეს გასაჭირთა ზღვას, თვისი სიცოცხლის მოსწრაფებით მიეცეს ძილქუშს სამარადისოდ და მძინარემ წაიბუტბუტოს - ბოლო მოეღო გულისტკივილს, ათასგვარ ელდას, მემკვიდრეობით რაც სხეულებს მიენიჭებათ; არ ვინატრებდით ამ აღსასრულს, ძილში გადასვლას? თვლემა უსიზმროდ არ ეგების - აი, სირთულე: მიძინებულებს რა სიზმრები წარეგზავნებათ, როცა მოკვდავ გარსს მოვიცილებთ, მიწიერ სამოსს; ეს გვაყოყმანებს და განზრახვას ავწონ-დავწონით, გაგვიხანგრძლივებს ამქვეყნიურ უბედურებას. ვინ აიტანდა დროის შოლტებს, მასხრად აგდებას, მჩაგვრელის რისხვას, ქედმაღლისგან შეურაცხყოფას, უარყოფილი სიყვარულის ტკივილს, კანონის ფეხისათრევას, გამგებელთა თავგასულობას, უზნეოთაგან ღირსეულთა ლანძღვა-გინებას, თუკი პოვებდა შიშველ ხანჯლით მუდმივ სიმშვიდეს? და ვინ ზიდავდა მოთმინებით ტვირთმძიმე უღელს, ხვნეშით, ოფლისღვრით, - დამქანცველი დუხჭირ არსობის, სიკვდილისშემდგომ ცხოვრების რომ არ ჰქონდეს ყამი, თუ რა მოელის გამოუკვლევ მოუსავლეთში, რომლის სამნები არც ერთ ყარიბს გადმოულახავს. ნებას გვითრგუნავს ეს ზარგანხდა და ვეგუებით ნაცნობ ჭირ-ვარამს, გამოუცნობს აღარ მიველტვით. ასე დაგვჯაბნის მსჯელობა და გვაქცევს მხდალებად, თანდაყოლილი ელვარება გამბედაობის განსჯის უნარის სიფერმკრთალით დაიჩრდილება, მნიშვნელოვანი და დიადი ქვეყნის საქმენი, ამგვარ მიზეზით გეზს იცვლიან და დაკარგავენ დიდ გაქანებას მოქმედების. ახლა გაყუჩდი! ო, მშვენიერო ოფელია, ნიმფავ, ლოცვებში მისატევებლად გაიხსენე ჩემი ცოდვები.
29 სექტემბერი, 2024 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://poets.org/poem/hamlet-act-iii-scene-i-be-or-not-be
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ მრავალჟამიერ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ მრავალჟამიერ!
1. რა რთული ლექსია და თარგმანი თქვენ უმაღლეს დონეზე ჩეძელით. რა რთული ლექსია და თარგმანი თქვენ უმაღლეს დონეზე ჩეძელით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|