ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2024


მისი უდიდებულესობა-ამინდი (მზიან ამინდში წასაკითხი ამბავი)

                                                                                                                      მზიან ამინდში წასაკითხი ამბავი



                                                                                                                                                                                                  ,,ის არის კარგი, რაც შეიძლება რომ შეირყვნეს.“
                                                                                                                                                                                                                                                          ჯეიმზ ჯოისი



  ვუყურებ, როგორ ემზადება კლდიდან გადმოსახტომად. ხუთ მეტრზე მეტი არ იქნება, მაგრამ, ეტყობა, ორჭოფობს. ოცი წუთი მაინც იქნება, წამოდგება, გადმოხედავს ზღვას და ისევ დაჯდება. სხვები მიყოლებით ხტებიან. ბიჭები, უმეტესად. ზოგი გადმოხედავს ზღვას და შეშინებული ჩამოდის უკან.

  საოცრად ცურავს. მთელი სიამოვნებაა მისი ყურება. ნაპირზე რომ ამოდის ხოლმე, ერთიანად სველი, იფიქრებ, წინა ცხოვრებაში წყალში იცხოვრებდაო. იმდენხანს ჩერდება წყალქვეშ, სანამ გული არ გამისკდება ხოლმე. პრინციპში, მე რას ვიხეთქავ, ერთი. ქმარი ჰყავს და იმან იდარდოს.

  აი, კიდევ წამოდგა ფეხზე. კლდის ნაპირთან ვერ მიდის. ეშინია აშკარად. რაზე ფიქრობს, ნეტავ? ამდენი ფიქრის მერე უფრო გაუჭირდება. მიდი, გადმოხტი.

  თითქოს გაიგო ჩემი ხმა: ხელი ცხვირზე მოიჭირა და ფეხებით დაეშვა. რამდენიმე წამი ჰაერში ეკიდა. მოვახერხე გონებაში კადრის გაჩერება: ერთმანეთთან შეტყუპებული ფეხები, ხელი ცხვირზე, თმა-ჰაერში. მერე წყალში ჩაიკარგა. დიდი, თეთრი ქაფი მის ირგვლივ. წყლიდან ჰყოფს თავს, ცდილობს, გაიცინოს. ცოტათი შეშინებულია, მგონი. რამე ხომ არ იტკინა? ნაპირისკენ დაიძრა.

  რაღაც თქვა, ცხელ და მშრალ ქვაზე მის გვერდით ჩამოჯდა და თმა გაიწურა.

  მის ქმარს გავხედე. თვალები მოეჭუტა მზის გამო და უემოციოდ უყურებდა.




  ჰერდა ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო. მაშინ დიდ სხვაობად ითვლებოდა. თვითონ 15 წლის ბიჭი ვიყავი იმ დროს და ჰერდას დედის კაფეში ვმუშაობდი. უფრო სწორად, მამაჩემს ვეხმარებოდი პროდუქტის გადაზიდვა-გადმოზიდვაში. სხვა კაფეებშიც დადიოდა მამა, მაგრამ მე ჰერდას კაფეში ვრჩებოდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს ვყოფილიყავი იქ და ჰერდასთვის მეყურებინა. მეგონა, მის მუდმივად დაცვარულ კეფასთან შერჩენილ თმას              ყველაზე განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა და ამ სურნელის შეგრძნება მარტო მე შემეძლო მაშინაც კი, თუკი მისგან ხუთი ქუჩის მოშორებით, ჩემს ოთახში ვიჯექი და მასზე ვფიქრობდი. როცა ის მელაპარაკებოდა, მე ყოველთვის ჯიბეებში ვმალავდი ხელებს. სულელური ჩვევა იყო.

  ჰერდა საოცრად ჰგავდა თავის ჭრელ, ფრიალა სარაფნებს. ის რომ გაიცინებდა, მთელ ქუჩას ესმოდა. სიცილით მეტყოდა ხოლმე:

  ეგრე ნუ მაშტერდები, ხალხი ხედავს და ჰგონიათ, რომ პატარები მომწონსო;

  მამაშენს შეახსენე, რომ დედაშენი გელოდებათ სახლში, თორემ ხომ ხედავ, ენაგადმოგდებული მიყურებსო;

  კლიენტები ერთმანეთს რომ აკოცებენ, გვერდზე გაიხედეო;

  რამდენჯერ გითხარი, ნუ მოგაქვს საჩუქრები! კაცები სასაჩუქრე პარკებით ხელში ყოველთვის იდიოტებივით გამოიყურებიანო;

  ნეტა, კაცი რომ დაილიოს ამქვეყნად, შენ აგარჩევდი თუ მამაშენსო-და გულიანად გაიცინებდა.

  მამაჩემი უთქმელი კაცი იყო. თქმა რად უნდოდა, ფრიალა სარაფანში გამოწყობილ, ჰერდას უსაშველოდ გრძელ ფეხებს რომ დაინახავდა, ხელისგულები ისე უსველდებოდა, როგორც თვითონ მე, როცა სახლში მარტო დარჩენილს მსუბუქი პორნოგრაფია ღრმა ეროტიკულ ფიქრებს აღმიძრავდა.

  მამაჩემს გონებაშიც არ უნდოდა იმის გავლება, რომ მამა-შვილს ერთი ქალი მოგვწონდა.

  მამა ბაბუას ჰგავდა. ბაბუასაც ახალგაზრდა გოგონები ესიზმრებოდა. სამაგიეროდ, ბაბუა ბევრს ლაპარაკობდა. განსაკუთრებით, თავის ცოლზე. დაჯდებოდა ხოლმე ჰერდას კაფეში, ცივზე ცივ ფორთოხლის წვენს მოიდგამდა გვერდით, წამდაუწუმ იწმენდდა ოფლს, კისერზე მოხვეულ ცხვირსახოცს მალ-მალე ისწორებდა და გაუთავებლად ჰყვებოდა ცოლზე. ერთხელ ჰკითხა ჰერდამ ბებიაზე, ლამაზიაო. ამან უპასუხა, არა, დაბერდაო. მას შემდეგ აღარ მოსწონდა ჰერდას ბაბუა. არც მე ესმოდა, რატომ ლაპარაკობდა ეს კაცი ბებიაზე ამდენს, როცა ცხოვრებაში უამრავი ქალი ჰყოლია. ბოლოს კი მაინც ერთადერთი ძუკნა შემორჩა-ძაღლი.

  ერთ დღეს ჰერდას ხის სახლი ჩამოიქცა.

  მამამ რომ გამაღვიძა, მაშინვე წამოვხტი და ქარის სისწრაფით გავვარდი მასთან. მას მერე ხშირად ვიხსენებ ხოლმე, როგორ იდგა ტრაგედიის დღეს ჰერდა გამჭვირვალეხალათშემოცმული. მე რომ დამინახა, მოვიდა და ანგარიშმიუცემლად ჩამეხუტა.

-დედაჩემი მოკვდა.-მითხრა და გაჩუმდა.

  მე კი ვიდექი და ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, რომ ნახევრადგამჭვირვალე ხალათში მდგომი ჰერდა სწორედ მე მეხუტებოდა.

  დედამისის გარდაცვალებისა და სახლის ჩამონგრევის შემდეგ, ჰერდა კაფეში გადავიდა საცხოვრებლად. ერთდროულად იქ ცხოვრება და მუშაობა არ გამოუვიდა და ცოტახანში კაფე დახურა. სამაგიეროდ, სახლის კარი გააღო ფართოდ.

  არ ვიცოდი, მამაჩემიც დადიოდა თუ არა ჰერდასთან. არც მინდოდა, მცოდნოდა. ერთადერთხელ მივედი მასთან. ჰერდა მიწის თხილს ხალავდა და წამდაუწუმ, უჩვეულოდ გრძელი თითებით ურევდა ტაფაში. უბრალო, კოჭებამდე კაბა ეცვა და თმა კისერზე აეკეცა. არ ვიცი, რას ველოდი, მაგრამ ასე ჩაცმული თუ დამხვდებოდა, არ მეგონა. ძალიან საცოდავი ჩანდა იქაურობა ხალხის გარეშე. ყველა ფანჯარა ღია იყო და ოთახში მაინც ჯოჯოხეთურად ცხელოდა.

-მომიყევი შენზე, მამაშენს კიდევ ეხმარები?
-აღარ.
-რატომ?

  არ მიპასუხია. ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები ამოვიღე და დემონსტრაციულად დავიწყე მუხლებზე. დაძაბული ვუყურებდი ჰერდას ოფლისგან დაცვარულ კისერს და თეძოებზე მომდგარ, თხელ კაბას.

-აღარ მოდიხარ, აღარ მელაპარაკები.-თითქოს მისაყვედურა, თხილი თითებში მოიქცია, გაფცქვნა, სული შეუბერა და გასინჯა.
-სხვები მოდიან სამაგიეროდ.
-გწყინს?-გამიღიმა.-გწყინს.-ისევ გამიღიმა და თხილს მიუბრუნდა.-გახსოვს, რომ ვამბობდი, ნეტა, ქვეყნად კაცი რომ დაილიოს, შენ აგირჩევ თუ მამაშენს-მეთქი. კაცები არ დალეულან, მაგრამ ვიცი პასუხი: შენ.

  ორი წამი შევიცადე.  მერე უსიტყვოდ წამოვდექი და კარისკენ წავედი.

-სად მიდიხარ?-უკვე ქუჩაში მიმავალს დამაწია.

  არ გავჩერებულვარ. არც მივბრუნებულვარ. მხოლოდ უფრო მეტად ავუჩქარე ნაბიჯს. ამის გაგონება მინდოდა. მეტი არც არაფრისთვის მივსულვარ.



  ახლაც, წლების შემდეგ, როცა ვუყურებ გრძელფეხება და სიცილიან ჰერდას ქმრის გვერდით, ახლაც კი ყველაზე მძაფრად ის მომენტი მახსოვს მთელი ბავშვობიდან, როგორ იდგა ჰერდა ნახევრადჩამონგრეული სახლის წინ ნახევრადგამჭვირვალე ხალათში.

  მზერას ვარიდებ ჰერდას თეთრ კბილებსა და  ქმრის უემოციო სახეს, ვუყურებ ზღვას, რომელიც ყოველთვის ჰერდას მაგონებს და ვფიქრობ:

-იქნებ, ჩემი ცოლი რომ გამხდარიყო, წლების მერე მეც ვეღარ შემემჩნია მისი სილამაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები