ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2024


ცის უკან მალვა


ცა მოზიარე,
საზიარო ცის უკან მალვა,
მმალე, იქამდე,
რომ აღარსად გაგიშვა ხოლმე.
მკვდარი თითებით ერთობა ბავშვი,
არ დამხუჭოო,
თუ დამაძინო,
ცის მოზიარე გამიხადე,
ცის მწუხარების.
წარამარაა
წარმართივით გიშრობ ხელისგულს ცეცხლზე,
გიცხელებ,
შანთად უნდა მივიკრა ყელზე,
მივიბჯინო.
წირვით შიშველი ეზოები,
ისე მშორდება ჩემი ბავშვობა,
იხდის ჟანგიან ველოსიპედს.
მომდევნო კვირას გაშიშვლდება ტანით ნათრევი უხმო ქალობაც
და
ჯართის კაცებს
მაზუთიან სახეებში უნდა შესცინოს,
გამშიშვლებლის ყველა ნაბიჯი
კაბის კალთაზე შეაწმენდინოს.
რადგან კვალია
შანთი,
შენი თითები
და
მერე
წრეზე უნდა ვწერო
შანთით,
შენი თითებით
და
შაბათობით ცის მოზიარე ბავშვს გავახეთქინო ჰელიუმით გაბერილი არტერია.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები