ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2024


სვლა

...ჩანს უძილობის დიადი ღმერთი
ისეთ სიკეთეს გამოიმეტებს,
რომ დაივიწყებ ამო იმედებს,
თავად არ იცი, საიდან გერთვის,
მაგრამ მოგყვება გაჩენის დღიდან,
ხან აქეთ ღლიდი, ხან იქით გღლიდა...
დღისით წერაზე აღარ მოვმცდარვარ,
ეს საძირკველიც ძირგამომპალი,
ყაზბეგის კიდე - შავი ოპალი,
ღამე. პეკინის ქუჩა. 28.
განათებული ბოლო მოდაზე,
ნაგვის ურნასთან გდია ბოტასი.
სანამ შეუხვევ შარტავისაკენ,
ხარბად ჩაუვლი საშაურმეებს
და ფიქრობ, ბალი, ათი შაური,
ხესთან ჩერდები. შარდავ. ისაქმებ.
იქ, იოსებიძეც გადაუთხრიათ,
ამ არჩევნებსაც რაღა ვუთხარი.
სუყველა ერთად უნდა გახიშტო,
ვისაც ჯიბეში მიაქვს პრემია,
სხვისი არასდროს დამიჩემია...
აგერ მერიაც. ხიდი. ვახუშტი.
ჯიბეში კენტი. მწვანე დიროლი.
ჩაბნელებული პიცა დი რომა.
ძაღლები ისევ გაბმულად ყეფენ,
ეტანებიან ძვლებს და ნარჩენებს,
რასაც ბუნკერთან აღმოაჩენენ,
მიშვერილები მთვარისკენ კეფით.
ყეფენ და ყეფენ ვირიშვილები.
მთვარისკენ კეფით მიშვერილები.
შენ კი, იცინი, მიდი, წერე მთელ
ღამის ქაოსზე, მტვერზე მარჯნების,
აქ ვინ დაყარა ეს ყავარჯნები,
კვეთასთან გორის და აკ. წერეთლის?!
სახლამდე ცოტა მანძილი გრჩება,
ტროტუარები. ახდილი ჭები
და ალექსანდრე გიგზავნის ვოისს:
როგორ ხარ, ძმაო, ჩემო ბალახა?
ვუყურებ ფოტოს. დგას ყაბალახით,
საცაა მტრედებს გასძახებს დოის,
მოფრინდებიან და პურს უტეხავს,
რა კარგი არის ამ დროს უტრეხტი.
ვუსმენ და ხეთა ჩრდილებს ვაზომებ
ჯერ ერთმანეთს და მერე საკუთარ
თავს და დიდუბის მეტროც, საკუთრივ
მოასწავებს, რომ მალე სან-ზონა...
მოვედი. ძილის დროა, ჩემმა მზემ,
მაასის პირას დამხვდი გემბანზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები