ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2024


ჩიტები

ჩიტებს ყოველთვის მოაქვთ ამბები:
კედლის საათის, თბილი ქვეყნების,
რაც გამჟღავნდება და გაქვეყნდება,
ყველა გამბიტის და კონტრგამბიტის,
როგორ სწირავენ ხშირად პაიკებს,
ჩიტებით ათას რამეს გაიგებს
ყური და გული - ყოველი კაცის,
ჩიტებს უწერენ ტრიოლეტებსაც,
გადმოფრენილებს - თრიალეთიდან,
გადაფრენილებს - სვეტისკენ კაცხის,
ჩიტებს ახარებს მზე და საკენკი,
ვერ შეიტყუებ ჩიტებს საკნისკენ,
რაოდენ დიდი, ფართო გალიაც
არ უნდა გქონდეს სახლში ჩიტისთვის,
მათ ურჩევნიათ ბაღში. ჩითილზე.
ჩიტებს მზე უყვართ. პორტუგალია.
ჩიტებს ჰაერში ქროლვა იზიდავთ,
ეიფელიდან - დახრილ პიზისკენ,
თუმც მზეზე მეტად უყვართ ბავშვები,
მათთან თამაში, მათკენ გაფრენა,
დაფრთიანების რკალი. რეფრენი.
ჩვენი ზღაპრებიც მიდის შაშვებთან,
მივესალმებით უფლის მგალობლებს:
მშვიდობიანი დღე გვიწყალობეთ!
ჩიტები, როგორც სივრცის მხატვრები,
ჰაერში ფრთების ქნევით ხატავენ...
არც სადავე აქვთ, არც სისადავე,
ოდესმე, ღმერთს რომ მოვენატრებით,
მოგვიხმობს, მაგრამ ჩიტებად მოვალთ,
ფრთების ფუნჯებით მოვქარგავთ ოვალთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები