ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ნადირაძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2025


21 ცალი ჰაიკუ


* * *
ზამთარიც დადგა.
ბავშვი ფანჯრიდან თვალით ზომავს
ფეხბურთის ცარიელ მოედანს.



* * *
დაო, დღეს შორს ხარ.
გახსოვს, პატარაობისას ობობების გეშინოდა,
მე კი მათ ვგავდი.



* * *
შუაღამე.
საწოლთან
სკამზე
სევდა დევს.



* * *
ახალი წელი მიდის.
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
იქნებ სულაც არ გინდა ერთი წლით დაძინება.



* * *
ნაცნობ ქუჩაზე
ნაცნობი მხვდება და
მანდარინს მაჩეჩებს.



* * *
3D ჰაიკუ:
დაბადება
დაღუპვა
დავიწყება.



* * *
მარტოხელა ბიჭები
ფიქრებით ლამაზ გოგოებს ქსოვენ
და ქორწინდებიან.



* * *
იანვრის პლაჟზე
დაძრწიან თოლიები,
ტალღები მუშტებით იმუქრებიან.



* * *
ადამიანი გარეთ და ადამიანი შინ,
ადამიანი ღამის პირველზე,
საკუთარ თავთან,
ვინ ხარ შენ?



* * *
სიყრმის მეგობრების ძებნაში
შემოშუაღამდა.
- ეჰეჰჰეეეეიიი!!!



* * *
უკვე მერამდენე დღეა
ნოემბერი მდინარეებს ჭამს
და წვიმებად აფურთხებს.



* * *
ტურისტი.
ზღვაში ჩაწურული მზე.
ტუჩები.



* * *
საღამოობით სტროფებს ვღეჭავ
და ყავას ვაყოლებ.
სარკეებს ვერიდები.



* * *
ქალაქის მხრებზე
კორპუსებზე
ანტენებზე
ძუნძულებს ქარი.



* * *
სახლში არც პურია, არც საჭმელი.
ძარღვიდან გამოჟონილ სისხლს ვწრუპავ,
მარილი აკლია.



* * *
ერთხელაც მოხდება,
მყინვარი გაისვრის ლავას და
ვულკანად გადაკვალიფიცირდება.



* * *
თოვლი ფარდებივით დაეფინა
ჩემი უბნის ხეებს.
ენას ვუყოფ უძილობას. 



* * *
ჩართული ტელევიზორი.
დამტვერილი აბაჟური.
წიგნი სანიშნით.
ჰიაცინტები.



* * *
აფთიაქი. წამლების გროვა.
მოხუცი კაცი ხელში
სიცოცხლის წყურვილით.



* * *
უცნაური დილაა,
სოფლელმა გოგონამ პირველად გასინჯა
უშაქრო თოვლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები