ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელადიმერფი
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2025


წვიმაში ნაქსოვი სიტყვები (III ნაწილი)

სახლის ზღურბლთან მისულს მის კონწიალა სკამზე უცნობი ლანდის ნაცნობი სილუეტი დაინახა. ადამიანის, რომელიც იმდენი ხანია არ ენახა, რომ მისი ხმა, ჩახუტება, და შეხებაც დავიწყნოდა. ერთადერთი, რასაც გონებიდან ვერ შლიდა მისი მწვანე, ცისფერში გარდამავალი თვალები იყო. ეხლა კი თითქოს ნაცნობი სხეულის კონტურებმა მიძინებული მოგონებები და შეგრძნებები გააღვიძა. გაახსენდა მივიწყებული წარსული და ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მისი ცხოვრების შეუცვლელი და განუყოფელი ნაწილი იყო. შეგრძნებები, ფიქრები და ემოციები რომ მათ გარეშე წუთსაც ვერ გაძლებდა, თუმცა რა შეიცვალა მის მერე?! რამ აიძულა მათი დატოვება თუ მიტოვება და მათგან წამოსვლა ისევ ვერ იხსენებდა. არადა როგორი მნიშვნელოვანი იყო ამის გახსენება, შეხსენება იმისა, რომ ცხოვრება არაა ერთფეროვანი, რომ სწორედ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები გვიფერადებენ სამყაროს.
პეტრე ისევ ფიქრების უძირო ჭაობში გადაეშვა. დავიწყნია წვიმაც, სულში რომ შესძრომია და მთლად გალუმპული თვალ გაშტერებული, გაოცებული და დაბნეული შეჰყურებდა სახლს. გარშემო კი თითქოს ყველაფერი ირეოდა. სიტყვები, ფიქრები, აზრები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილს ვერ აღწევდნენ. თითქოს სადღაც იკარგებოდნენ, შუაში წყდებოდნენ, გზიდან უხვევდნენ და ჰაერში იფანტებოდნენ, იქნებ რაღაც აკლდათ?! იქნებ ბოლომდე ის ემოციები და შეგრძნებები არ იყო რაც უნდა ყოფილიყო?! იქნებ გრძნობები აკლდა სიტყვებს, ხოლო სიყვარულს - ბედნიერება. და იქნებ ყველაზე მეტად მას მოგონებები აკლდა?!
იმ მომენტში თითქოს არაფერი არსებობდა, მიწა ფეხებ ქვეშ, ღრუბლები თავს ზემოთ და თავად სამყაროც. ყველაფერი სადღაც გამქრალიყო და მხოლოდ ორნი დარჩენილიყვნენ და აწმყოში შეხვედრილი მათი მზერა შორეულ წარსულში გადავარდნილა და იმ მომენტში დროსაც შეეწყვიტა არსებობა და უცებ სიბნელიდან, დაკარგული წარსულიდან, ფიქრების მდინარიდან რაღაც ამოტივტივდა, მას რაღაც გაახსენდა და ეს სკამზე მჯდომი გოგონას სახელი იყო (მარიამი). და უცებ ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდა, ყველაფერმა პირვანდელი სახე და იერი დაიბრუნა, პეტრეც საკუთარ თავს დაბრუნებოდა. ეს ყველაფერი კი თითქოს სახება იყო, ბრძოლა ადამიანსა და მეობას შორის, მაგრამ ზმანება იყო ეს თუ რეალობა რაც პეტრემ იხილა რთული სათქმელია.
კიბეებზე ასვლისას ცალი ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა, მეორეთი მხარზე გადებული იარაღები ეჭირა, ცალი თვალი სტუმრისკენ ეჭირა, მეორე კი კიბის უჯრედისკენ ჰქონდა მიმართული მოულოდნელი მარცხისგან თავის ასარიდებლად. ასვლამდე თითქოს სულ რამდენიმე წამით შეყოვნდაო, სტუმარს უფრო დაკვირვებით შეხედა. გააოცა დავიწყებულმა სილამაზემ, სიცოცხლით სავსე თვალებმა, შეწითლულმა ღაწვებმა და გრძელმა, თითქმის ჰაერივით ფარფატა ყავისფერმა თმამ. იარაღები იქვე კარის გვერდით დაალაგა. თვითონ სახლში შევიდა, ჩამქრალი ფეჩი ააგიზგიზა და ზედ წყლით სავსე ჩაიდანი შემოდგა. თავად საძინებელში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, იქვე მდგარი ტაბურეტი აივანზე გაიტანა და სტუმრისგან შორიახლოს დადგა, დაჯდომას აპირებდა თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, შემოსასვლელ კარს მხარით მიეყრდნო და შორეულ მთებს დაუწყო ცქერა, თითქოს რცხვენია მოსულ სტუმარს თვალებში ჩახედოს და შესაბამისად მიესალმოს კიდეც. წვიმდა და წვეთები სანახევროდ აივანს ეცემოდა, მაგრამ ეს ხელს არც სტუმარს უშლიდა და არც მასპინძელს მოსალოდნელი საუბრისთვის.
- გამარჯობა, მარიკუნა, - პეტრე ისე მიესალმა მისკენ არც გაუხედავს. მარის მზერამ კი პეტრესკენ გადმოინაცვლა და დაკვირვებით დაუწყო ყურება, თითქოს ძველ ჩვევას ვერ ღალატობდა და მის სახეზე ნაოჭებს დაუწყო თვლა, რომელიც ერთი ათად მომატებია. გაახსენდა თუ როგორ ჩაუჯდებოდა ხოლმე დაღლილ მამას კალთაში და დაკვირვებული მზერით ზედმიწევნით უთვლიდა ნაოჭებს, თითქოს არ უნდოდა არც ერთი ნაოჭის გამოტოვება. ამას კი დროთა განმავლობაში ტრადიციის სახე მიეღო კიდეც და რამდენიმე საათიანი ყურების, მამისგან კი ფერებისა და კოცნის შემდეგ, რაც მარიამის საქმეს ძლიერ ართულებდა, კალთიდან ჩამომხტარი უკვე თავის ოთახისკენ მიიწევდა, თან თავში ყველაფერს ზედმიწევნით იმეორებდა, ახარისხებდა, აწონ-დაწონიდა. კომოდის უჯრიდან დღიურს ფრთხილად ამოიღებდა და შიგნით ყველაფერს დეტალურად ჩაიწერდა.
პეტრემ მაშინვე იგრძნო მარის დაჟინებული მზერა, იგრძნო თუ როგორ ნელა და აუღელვებლად ითვლიდა მის სახეზე გაჩენილ ახალ და ზოგ ძველ ნაოჭსაც, გაახსენდა მათი ტრადიციაც და წამიერად ყველა გრძნობამ და ემოციამ ერთდროულად გაიარა მის სხეულში. მისვლა და ჩახუტება უნდოდა, დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს მიიხუტებდა, ისევ ისე მოფერებოდა, როგორც მაშინ კალთაში რომ ეჯდა ხოლმე, მაგრამ ვერ გაბედა, შეეშინდა, თუმცა არა ჩახუტების, მონატრების ან სიკვდილის არამედ სიცოცხლის. უფრო ზუსტად იმ დროის რომელიც სიკვდილთან აახლოებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები