ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2025


მეფიდლერე სახურავზე

#ლექსები
ნინო დარბაისელი

“მოფილდერე სახურავზე “ ანუ ბავშვობის 70-იანები

სცენა  როგორი  ცარიელია,
არავითარი დეკორაცია,
ფარდაც არ არის,
დაიწყება ბროდვეის შოუ -
“მოფიდლერე სახურავზე”
და ყველაფერი
გაჩნდება და  რიგზე იქნება.

მე გეუბნები,
რომ ეს შაგალის ნახატია,
რომ  იყო  იგი ვიტებსკიდან
და იყო რუსი ებრაელი,
ხოლო ქართველი ებრაელები
26 საუკუნე ცხოვრობდნენ ჩვენთან და ერთმანეთი  ისე გვიყვარდა,
რომ მენატრება ებრაელი მეგობრები,
წასულებიც, გარდასულებიც,
გაზაფხულობით - ცოტა  მაცა და ხარაზოთი,
ვარდის  ფერადი ბურბუშელები,
კიდევ რულეტი ვაშლის ჯემით, შაქარწაყრილი
და ,, დაგენაცვლე!” -
- “გენაცვალეს” ებრაული ვარიაცია.
ებრაელს მხოლოდ ის ვერ აიტანს,
ვინც ზარმაცია ანდა ტაცია
და სხვებს აჯერებს,
რომ იმათ გამო იღუპება მთელი ნაცია.

შენ  კი მახსენებ,
რომ მე ჩურჩული არ შემიძლია
და ახლა
სიტყვით გამოვდივარ  ორატორივით
და ორად-ორი კაცი კი არა,
ხალხით სავსე დარბაზი მისმენს,
რომ მეზობელი ებრაელები
შაბათობით შუქს არ ანთებდნენ
და თუ ძალიან სჭირდებოდათ,
მე მეძახოდნენ.

აი, დასრულდა,
და ამ ჯერზედაც დავიჯერე -
დღევანდელ თეატრს აღარ სჭირდება საგანგებო სცენის მოწყობა,
რაიმე რთული ანტურაჟი,
დეკორაცია,
კოსტიუმები,
ხარჯი  - ულევი.
განათების და ხმის ეფექტებით,
მსახიობების პლასტიკითა და ოსტატობით მიიღწევა  ყოველ ჯერზე სასწაულები.
ტაშისკვრისაგან  უკვე ხელისგულაბჟუებული
მე გეუბნები,
- რომ დღევანდელი თეატრივით მაგონდება  საბჭოური ჩვენი ბავშვობა,
არ სჭირდებოდა საგანგებო სცენის მოწყობა,
რაიმე რთული ანტურაჟი,
დეკორაცია,
კოსტიუმები,
ხარჯი - ულევი.
განათების და ხმის ეფექტებით,
მსახიობების პლასტიკითა და ოსტატობით მიიღწეოდა ყოველ ჯერზე სასწაულები.

შენ  - შემახსენებ ჩემსავე ნათქვამს და მეჩვენება,  თუ ლოყაზე ცრემლი გგორდება:
- ბავშვობა, ყრმობა,  ახალგაზრდობა -
ეს ის დრო არის,
დისნეი ლენდში კი არა და
თვით სამარტოო  საკანშიაც რომ გაატარო, ის საკანიც კი
მალი-მალე სიყვარულით მოგაგონდება.

მე ებრაელებს ვუბრუნდები,
- არ დაელიათ მოშურნალი,
ვინ აღარ მტრობდა!
მძვინვარე ანტისემიტიზმი!
ვინ აჭარბებდა:
სპარსეთი?
რომი?
საბჭოეთი?
მუსოლინი?
ალბათ ჰიტლერი.
სად რა წერია,
ვისი ჯერია?

უკრავს ფიდლერი,
სახურავზე უკრავს ფიდლერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები