ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2025


ცხოვრების ჯაზი

ბავშვობა, სიცელქე, ხალისი,
სიყრმე, სტუდენტობა,ლექცია.
მერე რა მოხდება, რა იცი,
ჯერ დრო შენია და შენშია...
უცხო ჭიანჭველა მზის წნულთან...
ის ბიჭი, ყველას რომ  მოსწონდა.
განცდები, წყენა და სიცრუე,
და მთვარე მოწყენით კოცონთან...
მერე აჯანყება ჭადრების,
პროსპექტზე ნაგლეჯი კონსპექტის.
თბილისი, რუსული ავდრები,
ნიჩბები, ქალების მომცელი...
მერე ყალყზე დგომა ბიჭების,
გაუ და გაუ და მარჯოსო!
ეგონათ ცას ხელით იჭერდნენ,
ღალატი, რომელმაც გვაჯობა!..
იბრძოდნენ, ვინ იცის, ვინ რისთვის,
დროსაც კი უჭირდა გაძლება...
და უსიყვარულო თბილისი
ქუჩაში ვერ იცნო გამვლელმა...
სიბნელე, სიცივე, ნავთქურა,
ქუჩებში ტანკების ჯირითი.
ჰო, ასე მოგვწონდა ქართულად,
იარაღასხმული "ჯიგიტი"...
ისტების იწილო- ბიწილო,
ათასი წამსვლელი, მომსვლელი.
თუმცა, ხალხისათვის იცი, რომ,
არავინ არაფრის მომცემი...
და მერე ნასროლი ვარდები,
ხალხის აღტკინება სიახლით.
და ასე ნაქები ახლების
სულისგამყინავი სიავე!!!
მერე სულ გაქრობა ჭადრების,
გაუხმათ ფესვები რყევისგან.
დრო, მუდამ წინ წასვლის თავმდები
დუმილის ზონაში შევიდა...
რაღა აქ ინდომა პანდორამ
მოეხსნა ყუთისთვის სარქველი?
და მაინც, იმ დროდან ამ დრომდე
ისევ საშველს ეძებს ქართველი...
საკუთარ დარდთან ვერ მარტოობ,
ყურში სულ ცხოვრება ჩაგყვირის.
ქუჩაში დრო დგას უპალტოოდ,
თავისი სიმართლით, მარტივით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები