 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 23 იანვარი, 2025 |
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ნინო დარბაისელი
როგორ დავშორდეთ თაყვანისმცემელს თავაზიანად
ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში, მეტადრე საბჭოთა პერიოდში დაბადებულებს ეტიკეტი კარგად გვქონდა ჩვევაში გამჯდარი. რასაკვირველია, იყვნენ ჩვენს შორის ამ მხრივ უკეთესებიც, უარესებიც, მაგრამ საბჭოურ გარემოში, სადაც შესაძლებელი იყო, იგი საბჭოური ეტიკეტით ნაცვლდებოდა, ხოლო ჩაუნაცვლებადი ნაწილის გამომავლენელთა მიმართ გამოიყენებოდა ზედსახელები: ,,კაროჟნა”, ,, ფინთიკოზა”, ფოე-ფოე”, “პიჟონი”, ,,ნეჟნი მაროჟნი”… ასეთი ზედსახელი მაშინ ცოტა როდი იყო, ახლა ყველა არ მაგონდება. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ოთხმოცდაათიანებში, ის, ასე ვთქვათ, კონტურული ეტიკეტიც კი, რაც გაგვაჩნდა, გაჭირვებამ ჩაანაცვლა, ყოველდღიური ლუკმა პურისთვის ჯუნგლურმა ბრძოლამ, უზრდელობა - ლამის ზრდილობის რანგში ავიდა. დღეს კი უარესს მივადექით - თითქმის სასირცხვილოდ გამოცხადდეს, თუ ადამიანი ეტიკეტის შესაბამისად იქცევა. ასეთი ანეკდოტიც შემხვედრია, - “რა დრო დადგა, ქალს თუ თავაზიანად მოექეცი, უკვე ფლირტი ჰგონიაო”. აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, სადაც მე ვცხოვრობ. ვიქტორიანული ეპოქის ქცევის ნორმები ჯერ კიდევ მოქმედია. ცხადია, გამიჭირდებოდა თავიდან ალღოს აღება. მერე ეტიკეტის 1800 გვერდიანი წიგნი მომიტანეს და ჩავუჯექი. ბევრი ისეთი რამ გავიგე, ადგილობრივებსაც რომ არ ჰქონდათ გაგონილი. აი მაგალითად, “როგორ დავშორდეთ თაყვანისმცემელს ისე, რომ მისი ღირსება არ შევლახოთ. რის თქმასაც ახლა ვაპირებ, გალაკტიონოლოგებს გააღიმებს, იმდენად თავისუფალი ინტერპრეტაციაა ტექსტისა, მაგრამ ყველაფერი ადგილზე დადგება, თუ მკითხველი იფიქრებს, რომ ჩემი სახით გალაკტიონმონატრებული სხვა მკითხველი უბრალოდ, აზრს უზიარებს. ცისფერყანწელებს აკაკი თავიდან, სტუდენტობისას ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ როცა ორდენად ჩამოყალიბდნენ, წინამორბედად აკაკი არ დაუსახავთ, უფრო პირიქით. გალაკტიონი, მათგან განსხვავებით, აკაკითი ბოლომდე აღტაცებული იყო. ავითარებდა მის რიტმიკას, მაგალითად აკაკის ლექსია:
საიდუმლო ბარათო! გითხრეს: "ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო".
გალაკტიონი იმავე ხმაზედ თუ ჰანგზედ წერს:
მახსოვს ხორაგაული - სევდიანი სადგური, მისი ყრუ სამკაული, აცვივნული აგური. უშფოთველი ცხოვრება, წყნარი, როგორც გუგული. ისმის მოახლოებულ ორთქლმავალის გუგუნი.
და ლექსს, რომელიც დიდხანს მაფიქრებდა
სახლი ტყის პირად
ეხლაც ჩემს თვალწინ არის თქვენი ბინა ტყის პირად და საღამო მდინარის, გახელილი ცისფერად. მთავაზობდით დები ვარდთ და ამბობდით ლანდებით: „თქვენ ისეთი კარგი ხართ, თქვენ პოეტი ბრძანდებით“. და გავიდა ივლისი, და მოვიდა, წამებო, შფოთიანი ტფილისი: პოეტების სამეფო!
1919
ერთი თვალსაზრისით, გალაკტიონის ლექსებში დები - იშხნელებს ნიშნავს. მომღერალთა ცნობილ ოჯახურ ჯგუფს, რომელთანაც ქუთაისში გალაკტიონს მეგობრობა აკავშირებდა (გავიხსენოთ მისივე ,,და გაისმოდა დების სიმღერა”) ხელნაწერში ამ ლექსისა საუბარია “ჩანგზეც”. ამ სახელწოდების კრებული ქუთაისში გამოდიოდა. ჩანგის თემა პირველი ლექსის ხელნაწერიდან გალაკტიონს ცალკე ლექსად დაუმუშავებია, თუმცა ხმა, ჰანგი ა შეუნარჩუნებია.
ჩანგო, ბევრი კარგი დრო
ჩანგო! ბევრი კარგი დრო ქვეყნად გვიტარებია, მძიმე, ძველი ცხოვრება ჩალას გვიდარებია.
საქართველო - პარიზი სხვადასხვა ქნარებია, ჩანგო! დამიმტკიცე, რომ სიმართლე გყვარებია.
ჩანგო! ჩვენ ხომ ხალხისთვის ბრძოლა არ გვზარებია. მოღრუბლულხარ, ეშხითაც გამოგიდარებია.
ასი, ასი და კიდევ ას სიმღერის ხმებია, რაც კი თვალს დაუნახავს და გულს გაჰკარებია.
ჩანგო! ბევრი კარგი დრო ერთად გვიტარებია!
1935
***
იმ ფაქტს, რომ “მომღერალ დებში” სწორედ იშხნელები ჰყავდა ნაგულისხმევი გალაკტიონს, დამატებითი საბუთით ავსებს მისი 1933 წლის დღიურის ჩანაწერი, რომელიც საკუთარი პოეზიის საღამოსთვის მზადებას შეეხება. გამომსვლელთა ჩამონათვალში ვკითხულობთ:
“8. ტექსტი იშხნელებისათვის (დებისათვის). მგონია, თვითონ აქვთ რაღაც.” ან კიდევ 1941 წელს, რადიოსაღამოსათვის “ტექსტი იშხნელებისათვის (დებისთ.)” ან 1945,, თვარა.. მომღერლები იქაც ქე არიენ: დები იშხნელებიო, დები თარხნიშვილებიო”. ხოლო ბოლო წლებში (1957 10 დეკ) გულდაწყვეტით ჩაუწერია: ,, გახსოვს მერი” კვარტეტი ვოკალური. მღერიან დები იშხნელები… […] გადმოსცეს რადიოთი … შუადღის სამ საათზე, ოღონდ არა დები იშხნელების, არამედ სხვების ხმა ისმოდა”. მე გამოვთქვი ვარაუდი, ან გავიმეორე უკვე არსებული აზრი, რომ დები - გალაკტიონის შემოქმედებაში - იშხნელებს ნიშნავს. ერთი რამ კი უცილობლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დებთან დაწყებული ადრეული წლების ქუთაისიდან - სიცოცხლის ბოლომდე გალაკტიონს ახლო მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთაღიარება აკავშირებდა.
*** ისევ მივუბრუნდეთ ლექსს, სახლი ტყის პირად.
მე იმთავითვე მაეჭვებდა ამ უმშვიდეს დასაწყისიანი ლექსის აშკარად მღელვარე ფინალი. ხელნაწერის ნახვამდე ისიც კი მიფიქრია, რომ სხვა ლექსიდან იყო იგი და რაკი რიტმულ ერთობას ამჟღავნებდა, რაღაცნაირად მიება, იქნებ გამომცემელთა ნებით:
და გავიდა ივლისი და მოვიდა წამებო, შფოთიანი თბილისი პოეტების სამეფო.
ლექსი 1919 წლით თარიღდება. აღწერილი სიტუაცის დროითი ლოკალია ზაფხული, (ივლისი) . დრო წარსულია. გასახსენებელი მომავალში.
თავისთავად ხომ მომხიბლავი ნათქვამია - ,, თქვენ ისეთი კარგი ხართ, თქვენ პოეტი ბრძანდებით” აქ ყურადღებას იპყრობს მეორე პირის მრავლობითის ფორმა, რომლითაც, ჩვეულებრივ, თავაზიანობა და ამავე დროს დისტანცირებულობა გამოიხატება მოსაუბრის მიმართ. ეტიკეტის სახელმძღვანელო კი გვასწავლის, როდესაც თაყვანისმცემელს უარს ეუბნებით, ეცადეთ მის ღირსებას პატივი სცეთ, მაგალითად, უთხრათ, რომ იგი შესანიშნავი პიროვნებაა და აუცილებლად შეხვდება თავის პარტნიორს, თქვენზე უკეთეს. - ,, თქვენ ისეთი კარგი ხართ…” თუ ჩემი ინტერპრეტაცია თუ ვარაუდი სწორია, ამ თავაზიანი უარის მერე პოეტი მიემგზავრება შფოთიან თბილისს - პოეტების სამეფოს”. ეს ბოლომდე უთქმელობა (недосказанность)- სიმბოლისტური ესთეტიკის გამოცდილებით ჩანს პირობადებული. ასეთი დაშვების შემთხვევაში ლექსი კომპოზიციურად უფრო შეკრული მეჩვენება … თუმცა ვინ იცის, რა რეალია უდევს საფუძვლად , ან კი უდევს საერთოდ, რამე რეალობისმაგვარი? დასასრულ, კიდევ ერთხელ შევახსენებ კოლეგა-მეგობარ გალაკტიონოლოგებს, რომ ეს - ოდენ ჩემი თავისუფალი ინტერპრეტაციაა, განპირობებული მონატრებული პოეზიის ველში შესვლისა და შიგ შეყოვნების სურვილით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გალაქტიონის "მომღერალ დებში" დებს იშხნელებს გულისხმობდა, საიტერესოებს წერ ხოლმე. მომეწონა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გალაქტიონის "მომღერალ დებში" დებს იშხნელებს გულისხმობდა, საიტერესოებს წერ ხოლმე.
1. შესანიშნავი წერილია,
„თქვენ ისეთი კარგი ხართ, თქვენ პოეტი ბრძანდებით“. შესანიშნავი წერილია,
„თქვენ ისეთი კარგი ხართ, თქვენ პოეტი ბრძანდებით“.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|