ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აჯიკა
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2025


მეუდაბნოვეს ზმანება

მუქლურჯ უკუნში წერტილი ხარ – ფარული ფანდი.
სინათლის სვეტი დაგთამაშებს, ვით შაჰრავანდი.
მე კი შენ ჩრდილქვეშ თვალახვეული, როგორც ლანდი,
დავეხეტები, ქარს ვეცეკვები, აღარ მაქვს დარდი.

ყვრიმალზედ დამრჩა შენ თბილ ხელთა ჩუმი მონასმი,
ვით მეუდაბნოვე მცენარის გრძელი ფესვები.
სუნთქვა და ხელ-ფეხ ერთად კრული, ცრემლებით ნასმი,
შენს ძიებაში ცრუ სასმისის ფსკერად ვეშვები.

შვეული მთვარის ცივი ქედიც შენთვის მოდრკება.
გადაავიწყე წუთისოფლის ამაოება.
ცეცხლსაც დაუწვავს მწვალებელი ყოვლი მოძღვრება,
თუკი სიშორე ჩვენ ორს შორის არ დამოკლდება.

ველი განაჩენს გარინდული, ვითა ზვარაკი,
ვინ უწყის ყელქვეშ მდუღარების გამოსმის ჟამი.
საფლავის ლოდად გამამშვენებს იგავ-არაკი –
ტრფობის აკვანში მონათხრობი ყოველი წამი.

უხვმა სამკალმა გამოქანცა მცირე მომკალი,
არ მიყვარხარო, რომ მითხარი, მაშინ მომკალი.
ერთხანს მაგემე დაცვარული ველური მკალი,
ახლა კი იმავ ბაგეებზე დამასხი ალი.

იქნებ ყოველი გამოვლილი ღვთის სიზმარია,
ვითა დევგმირის ასწლოვანი გამოღვიძება.
მარად მწუხარე სულ-გულისთვის თბილი დარია
თუ ამ თიხაში სულის შთასვლა გადაინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები