ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2025


* * *

მე, იანვრის გოგო,
ისტერიულად მივილტვი თოვისკენ.
სამყაროს ამ თვითწმენდის რიტუალს
თვალდახუჭული ვემორჩილები,
მივყვები მის ნებას და
უფლებას ვაძლევ მმართოს...

თოვას ღვთის გარინდებას ვარქმევ
და ვუსმენთ  მე და უფალი ერთმანეთის გამძლავრებულ გულისცემას.
ამ ხმით ვმოქმედებთ,
ამ ხმით გვესმის,
ამ ხმით ვხედავთ...
და ვხვდებით გულისხმიერები:
ის ყოველთვის, მე -თოვისას.

ამ დროს მენთება სულის ნათურა.
ამ შუქის მიმზიდველობით
ირგვლივ  მეხვევიან მწერები.
თუ ზედმეტად ახლოს მომიფრინდა- ფრთაც მიმიწვავს,
თუ  გაშმაგებით მაფრინდება- თავი დაუწვავს.
საკმარისია შუქი ჩამიქრეს,
რომ თავგზა აერიოთ.

მე, იანვრის გოგომ,
განა არ ვიცი, რა გათოშვად მიჯდება მისდამი ჭირვეული ლტოლვა?!
მაგრამ მაინც, სულის გამყინვარებამდე მირჩევნია 
თეთრი და სუფთა
ჭრელსა და ბინძურს!

ერთხელაც, დგება და მიდის.
მიდის და მრჩება
განწმენდილი სული
მომავალ თოვამდე გამოსაზოგად.
ისეც ხდება,
შემდგომ მოსვლას რომ იგვიანებს, ვივსები ბაქტერიებით, ვავადდები, სულს ვღაფავ...

ნეტა გლობალურად ისე არასდროს დათბებოდეს,
უფალმა გარინდება გადაიფიქროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები