ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი0909
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2025


* * *

მაშინ მიხვდები,
როცა მცნებებს
ამოხოცავ
ცოფშეყრილი
შინაური ცხოველებივით.
მაშინ მიხვდები,
როცა ფრთებს კი არ გაშლი,
მოიკვეთ
და ცეცხლში ჩაყრი,
რადგან ჩაწვდები
ჭეშმარიტებას,
რომ ზეცა შენისთანებისთვის
სამუდამოდ დაკეტილია.
მაშინ მიხვდები,
როცა შენს ანგელოზებს
სული მავთულხლართზე
დაესერებათ,
როცა წმინდა ფეხისგულებით
შეიგრძნობენ სისხლიან მიწას
და მის მადას
დაუოკებელს.
მაშინ მიხვდები,
როცა, კაცად
ქცეული, ღმერთო,
არა მზერით,
არამედ ყნოსვით,
მახვილით ხელში
მიაგნებ ღამით
ბალიშებში
ჩამალულ ცრემლებს
შენი მკვლელების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები