ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2025


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXVII )


- არ გაინძრე მეთქი… - უთხრა მილდადმა და იარაღ მომარჯვებული ნელ-ნელა წინ წავიდა.
- აქ არაფერი ჩანს.
სიფრთხილისთვის მილდადმა ნაბიჯებს უკლო. სამიზნე იატაკისკენ მომართა და ის-ის იყო უნდა ესროლა, როცა სხვენში ორი ტყვია გავარდა. მხარში დაჭრილი აგარი იატაკზე მოწყვეტით დაეცა, რაზეც იარაღი მისგან მოშორებით გასრიალდა. სიბნელიდან გამოვარდნილმა ზმანებამ მილდადი მკლავებში მოიმწყვდია, ხოლო ლულა პირდაპირ საფეთქელზე მიადო. ტკივილისგან გაქვავებული აგარი ძლივსღა მოძრაობდა. სუნთქვა შეკრული მილდადი კი უკანასკნელი ძალებით ცდილობდა მისგან განთავისუფლებას, თუმცა ამაოდ.
- იარაღი მომეცით და არაფერს დაგიშავებთ. - გაისმა რკინისებრი ხმა.


                                                                                                                          ***




- თადეოზ, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენით. - უთხრა ეზრამ, რომელიც „ბედის წიგნის“ უკანასკნელი მცველი და თადეოზის მარჯვენა ხელი გახლდათ. ეზრა ტანმაღალი, ღია ფერის თმითა და წვერ-ულვაშით გამორჩეული ახალგაზრდა იყო, რომელიც სამეფო კარზე, მეფე თადეოზის მეგობრად და ყველაზე სანდომიან კაცად ითვლებოდა. დესპანებისა და ქერუბიმების ლეგიონი მთლიანად ეზრას განკარგულებებს ემორჩილებოდა, რაშიც თადეოზის მითითებებისა და „ბედის წიგნის“ დაცვაც შედიოდა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად თადეოზი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის მოსაზრებებსა და რჩევებს, თუმცა საბოლოო სიტყვას მაინც თავად ამბობდა.
- წლებია „ბედის წიგნი“ დავკარგეთ. სასახლიდან აორთქლდა და ახლა ის, ვისაც შეიძლება ეს წიგნი თან ჰქონდეს დილეგიდან გაგვექცა?
- თადეოზ, მოგეხსენებათ ზენონი ყოფილი დესპანია, რომელიც ზედმიწევნით იცნობს, როგორც ჩვენს ქალაქს აგრეთვე ლეგიონის გადაწყვეტილებებს და სწორედ ამიტომ გაჭირდა მისი პოვნა. ის ერთადერთია მთელს ლიტონში, ვისაც შეუძლია მარტივად დაგვისხლტეს ხელიდან, თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ.
- ეზრა... - მის პირისპირ დადგა და რკინის ნიღაბი უსიამოვნოდ გადადო გვერდით. - მას შემდეგ, რაც მოკვდავი გავხდი ალბათ იაზრებ თუ რამხელა მნიშვნელობას იძენს ჩემთვის ეს წიგნი?! მის გარეშე სრულ ძალაუფლებას ვკარგავ და აწი ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ჩემი გასტუმრება იმ ქვეყნად. დასაკარგი შესაძლოა აღარაფერი მაქვს, მაგრამ ერთადერთი რამ დარჩა, რაზეც უარის თქმა უბრალოდ არ შემიძლია!
- რას გულისხმობთ? - ჰკითხა ეზრამ.
- დიბეკრონის დაპყრობისა და მისი დედოფლის წყევლის შემდეგ ყველაფერი დავკარგე. ერთ დროს სამყაროს ბატონ-პატრონს ერთი პატარა ქვეყანაღა დამრჩა. დავკარგე საკუთარი ძმა და უამრავი ადამიანი. დავკარგე მიწები, აღიარება და ძალაუფლება. მე ვუყურებდი თუ როგორ იზრდებოდა ჩემი ძმისშვილი. როგორ იდგამდა ფეხს, როგორ ხალისობდა, სწავლობდა ლაპარაკს და შემდგომ მოვესწარი მის დაბერებასაც. მის დანაოჭებულ სახესა და გარდაუვალ სიკვდილს. დინა, ჯაბაალი, ურიელი... მე მათი სიკვდილი ვიხილე, მათი შვილების და შვილიშვილების გარდაცვალება, რადგან საუკუნეებია ვცოცხლობ და მხოლოდ 30 წლის ვარ. დამერწმუნე ეზრა, რომ არაფერია იმაზე დიდი სასჯელი, როგორიც უყურებდე  საკუთარი ახლობლების და მათი შთამომავლების სიკვდილს და შენ კვლავ ახალგაზრდათ რჩებოდე. ასეთ ჯოჯოხეთს ისევ მათთან ერთად სიკვდილი მერჩივნა. დღეის ამას იქეთ კი მე ისევ დავიწყებ დაბერებას და ოდესმე ალბათ აღვესრულები კიდეც.
- მეფეო! - მხარზე ხელი მოჰკიდა. - ნება მომეცით რაღაც გკითხოთ...
- გისმენ.
- მემატიანესგან ხშირად ვისმენდით, რომ აბელი II -ს , თითქმის მთელი სამყარო ხელთ ეპყრა და მაშ გაუგებარია თუ რაში დაგჭირდათ დიბეკრონთან დაპირისპირება. თან ამხელა მსხვერპლის ფასად?




- შეცდომა დავუშვი! - ტახტში ჩაჯდა. თიხის ჭურჭლიდან ღვინო ჩამოასხა და ფრთხილად გაუწოდა. - გამოუსწორებელი შეცდომა. მაშინ დიბეკრონის მეფე აზარი იყო, ხოლო უფლისწულს მარკოზი ერქვა. როგორც კი ჩემი ძმა გამეფდა, მამაჩემის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მაინც დიბეკრონის პრინცესა შეირთო ცოლად და სამშვიდობო ზავიც გააფორმდა, თუმცა აზარს სინამდვილეში სულ სხვა გეგმები ამოძრავებდა. დასაწყისისთვის დინას შიკრიკად გამოყენება სურდათ, თუმცა ჩვენმა დედოფალმა იმედები გაუცრუა, რადგან ჩემი ძმა თავდავიწყებით შეუყვარდა. ამის შემდგომ საქმეში უფლისწული მარკოზი ჩაერთო, რომელმაც ორ მეფობა შემოგვთავაზა, თუმცა ენეოსისგან სასტიკი უარი მიიღო და სიტუაცია ერთი ასმაგად დამძიმდა. ამასობაში მე ერთი გლეხის ქალი გავიცანი, შემიყვარდა და მასთან ერთად სოფლად ცხოვრება გადავწყვიტე. მივატოვე საკუთარი ძმა, სამეფო და ლეგიონი. თითქოს საკუთარ თავს სიყვარულის არსებობა დავაჯერე, თუმცა დარა სწორედ ის აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა ლიტონისთვის, რომელმაც სასტიკი ზიანი მიაყენა ჩემს სამეფოს და გაანადგურა. ის ყველაზე მზაკვარი შიკრიკი აღმოჩნდა, ვინც პერიოდულად დიბეკრონს ცნობებს აწვდიდა და ნელ-ნელა ასუსტებდა შიგნიდან სახელმწიფოს. უფლისწულ მარკოზის ქალი. მას შემდეგ კი, რაც მეფე აზარმა ჩემი და დარას სოფლად ყოფნის ამბავი გაიგო დაუყონებლივ შეკრიბა არმია და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ლიტონს, რასაც საბოლოოდ ჩემი ძმის გარდაცვალება მოჰყვა. ჩემი თავდასხმის შემდგომ კი, რომელიც მხოლოდ შურისძიებით იყო განპირობებული ლიტონს ახალი სასჯელი მოვუვლინე. წყევლა! - ღვინით ტუჩები გაისველა და ხანგრძლივი პაუზის შემდგომ საუბარი განაგრძო. - მაშინ განახევრებული ლიტონის მოქალაქეებს არსებული საზღვრების დატოვება არ შეეძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული მათგანი ცეცხლად იქცეოდა. ეს წყევლა სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. “ბედის წიგნის” გამოისობით სასახლის კედლებს ვერავინ გადმოკვეთდა, რადგან მისი მაგიურობის  ეშინოდათ და სწორედ ამ გზით შევინარჩუნე სამუდამო მარტოობა. თითქმის ოთხი საუკუნე სასახლის კედლებს არ ვცდებოდი. არა იმიტომ, რომ გვედერების მეშინოდა, არამედ იმიტომ რომ მათთვის თვალებში ჩახედვა არ მსურდა. დღევანდელი ხალხი იძულებულია აქ იცხოვროს დანარჩენ სულებთან ერთად და სწორედ ამ თანაარსებობამ მოგვიყვანა აქამდე. სასახლის კედლებში ყოფნის დროს ფიქრი ყველაზე დიდი თავშესაფარი აღმოჩნდა ჩემთვის და იცი რას მივხვდი? თუ ღმერთის წინაშე დაპატარავდი და ცოტავდები, ესეიგი ადამიანურ გაუბრალოებას ადგახარ.
- დარას რა ბედი ეწია?
- წარმოდგენა არ მაქვს. როდესაც დიბეკრონის ტყვეობიდან გავათავისუფლე და გავუშვი მასზე აღარაფერი მსმენია. - მოკლედ უპასუხა ეზრას.
- მაშინ ახლა რა შეიცვალა? რატომ გადაწყვიტეთ მოკვდავად ყოფნა?
- რთულია ამაზე პასუხის გაცემა, თუმცა რაღაც უთუოდ შეიცვლა. ახლა მთავარია ზენონი დროულად იპოვოთ და აქ მომგვაროთ და დანარჩენს თავად გადავწყვეტ.
  მის სიტყვეზე ეზრამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და უჩუმრად დატოვა იქაურობა. გარეთ გასვლისას კი დესპანების არმიას თავისკენ უხმო და ახალი მითითებები გასცა.


                                                                                                                           

                                                                                                                                  ***



- თადეოზი აქაც მოგაგნებს… - გარეთ გაიხედა აგარმა.
- ლიტონიდან თავს მაინც ვერ დავაღწევ, მაგრამ ვიცი როგორ შევაჩეროთ თადეოზი. - უთხრა ზენონმა. - თუმცა იქამდე დამიანესთან მიმიყვანეთ.
- დამიანე ტყვეობისას გაიცანი? - ჰკითხა მილდადმა
- დამიჯერეთ ის ერთადერთი გვედერია, ვისაც თადეოზის შეჩერება შეუძლია.
- ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვატყობ დიდი ხანი მოგიწია ცივ კედლებში ყოფნა.
- რას გულისხმობ? -  ჯერ აგარის გადახვეულ მკლავს ახედა და შემდეგ ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო, რაზეც აგარმა კმაყოფილი სახით უპასუხა.
- მეფე თადეოზი მოკვდავი გახდა.
- … და როგორც აღმოჩნდა აღარც “ბედის წიგნის” არ იცავს. - ნიშნის მოგებით დაამატა მილდადმა.
- აჯანყება! - ფეხზე წამოენთო ზენონი და ნერვიულად წინ და უკან დაიწყო სიარული. თითქოს გონება ერთბაშად გაუნათდაო. - თუ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მისი მოკვლა მაშინ მხოლოდ ხალხის აჯანყებაღა გვრჩება, რათა დესპანების არმიას გავუმკლავდეთ და სასახლის კედლები ავიღოთ.
- მე მხოლოდ “ბედის წიგნი” მაინტერესებს, რომ საკუთარი საქმე კეთილ-სინდისიერად აღვასრულო. - მიუგო აგარმა.
- რაზე ამბობ? - მისი პასუხი ზენონს მაინცდამაინც არ ეპიტნავა. - ეს ხომ ჩვენი წამია? გამარჯვების საუცხოო წამი?
- დაკისრებული მისია უნდა აღვასრულოთ. წიგნის მცველები და ბედის მწერლები აჯანყებებში მონაწილეობას არ ვღებულობთ, სხვათაშორის! ჩვენ პირნათლად უნდა მოვექცეთ იმას რაც გვაკისრია.
- ანუ?
- ის რომ დავიბრუნოთ “ბედის წიგნი”, საუკუნოვანი წყევლისგან გავათავისუფლოთ ეს ხალხი და სულებთან ერთად დავტოვოთ სააქაო. რახან მეფე თადეოზს წიგნი არ აქვს მაშინ ის ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც მოკვდავი გახდა. ამიტომ დამეხმარეთ “ბედის წიგნის” პოვნაში და ერთად ვიხილავთ გამოსავალს.
- ეს ხალხიც და “ბედის წიგნიც” თადეოზის განადგურებაში დაგვეხმარება. ახლა საკუთარ თავზე ფიქრის დრო არ არის. - ზენონს ხმაში ბრაზი ჩაუდგა.




- მგონი სწორად ვერ გამიგეთ. ჩვენ, მცველებს და ბედის მწერლებს მისია გვაკისრია, რაც გარდაუვალია. სწორედ “ბედის წიგნის” გამოისობით გადაიკვეთა ჩვენი და “ლიტონის საბჭოს” გზები. ვფიქრობდით, რომ ისინი მის პოვნაში დაგვეხმარებოდნენ, რასაც საუკუნეები შევალიეთ, მაგრამ გუშინ საერთოდ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ. როგორც აღმოჩნდა მაგისტრმა ათანასემ, მეუფემ და ნათანაელმა ყურადაც კი არ იღეს ჩვენი საუკუნოვანი ერთობა და მეფე თადეოზი ცოცხალი და საღ-სალამათი გაუშვეს შინ. თან ისე, რომ მასთან “ბედის წიგნზე” სიტყვაც კი არ დაუძრავთ. - უპასუხა აგარმა.
- მოკლედ “ლიტონის საბჭოში” განხეთქილებები დაიწყო და ჩვენ პირველებმა დავტოვეთ იქაურობა. - საუბარში მილდადიც ჩაერთო. - შენ რა აზრის ხარ?
- მე დაგეხმარებით “ბედის წიგნის” პოვნაში. - ზენონმა ისევ აგარისკენ გადაიტანა ყურადღება, რომელიც ჯიუტად უცხადებდა უარს მოკავშირეობაზე.
- უნდა ვიფიქრო თუ სად არის გამოსავალი?! მე ისიც კი არ ვიცი ვენდო თუ არა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს მოკვლას ცდილობდა და თან გვიმტკიცებს რომ წიგნი, თადეოზს აღარ აქვს.
- იქნებ მეფე თადეოზი მხოლოდ შენ გეძებს და აქ “ბედის წიგნი” საერთოდ არაფერ შუაში არ არის? - ჰკითხა მილდადმა.
- ვეთანხმები მილდადს. იქნებ პირადი ანგარიშები გამოძრავებს თადეოზთან და ამისთვის, რატომ უნდა იწვნიოს უდანაშაულო ხალხმა? რატომ უნდა დაიღვაროს კიდევ უფრო მეტი სისხლი?
- იმიტომ, რომ პირველად გვეძლევა ასეთი შანსი ნუთუ ვერ ხვდებით? თუ მეფე თადეოზს გავანადგურებთ მაშინ “ბედის წიგნის” ძიებას უფრო მარტივად შეძლებთ. დამერწმუნეთ აჯანყების გარეშე ცვლილებები არ არსებობს! - ჯიბიდან ჩიბუხს დაწვდა და ოთახში უკმაყოფილოდ გაუკიდა.
- ზენონ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა ლიტონი უკანასკნელმა აჯანყებამ…
- სხვათაშორის რომ არა თადეოზის ვაჟკაცობა ახლა არც ერთი თქვენგანი არ იარსებებდა. - სიტყვა ბანზე აუგდო აგარს. - მაშინ მეფე აზარი ერთიანად გაჟლიტავდა ლიტონის სამეფოს.
- შენ, შენი თავისკენ ხარ თუ თადეოზის? - ჰკითხა დაბნეულმა მილდადმა, რომელსაც ერთი სიტყვაც კი ვერ გაეგო ზენონის ნათქვამიდან.
- მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ! - ღრმა ნაფაზი დაარტყა და ჩიბუხი ფრთხილად დაფერთხა. - მთელი ეს დრო მის დამხობას ვუცდიდით და ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ მიზანთან წიგნის გამო მზად ხართ წყალს გაატანოთ ლიტონის ბედი.
- მე და აგარს საუკუნეებია ერთი გზა გვაკავშირებს.
- შენ და აგარი ის ადამიანები ხართ, რომლებმაც “ლიტონის საბჭოს” ზურგი აქციეს და განხეთქილებას უქადით.
- “ბედის წიგნი” გვჭირდება. - არ ეპუებოდა აგარი. - ამ საუბარში ვერ შევთანხმდებით.
- ვიცი, სადაც არის “ბედის წიგნი”! - ზენონის სიტყვებზე მოულოდნელად ორივე ფეხზე წამოდგა. - ამიტომ დამეხმარეთ აჯანყებაში და სიტყვას გაძლევთ თქვენს წიგნს მიიღებთ.



                                                                                                                    (გაგრძელება იქნება)






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები