 | ავტორი: დებორა ჟანრი: საბავშვო 4 თებერვალი, 2025 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
მელა და სპილო (იგავი)
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში მგელმა, მელამ სიტყვა აწყვეტინა, დაიმართა გვემა; არ გაჩერდა, ლაპარაკით ყველა დააელმა, ლამის ხვრინვა ამოუშვა ტყე-ნადირმა მთელმა.
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში ტურამ, მელამ სიტყვა აწყვეტინა, თქვა, იცოდა თუ რამ!
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში დათვმა, მელამ სიტყვა აწყვეტინა, გეგონება დათვრა.
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში ვირმა, მელამ სიტყვა აწყვეტინა, (მართლაც იმნაირმა!)
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში ირემმა, მელამ სიტყვა აწყვეტინა, კაცი გადაირევა!
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში ციყვმა, მელამ სიტყვა აწყვეტინა, სულ ბოლომდე მიჰყვა, თავიც გაიბრიყვა.
რამდენჯერაც ენა დაძრა ცხოველებში ბეღურამ, მელამ სიტყვა აწყვეტინა თქვა, “რაღაც მომეყურა, და გული დამეხურა!”
მოკლედ, ვინც კი ენა დაძრა ცხოველებში მაშინ, სათითაოდ ყველა მოხვდა მელაკუდას ყბაში. მელა იყო იქ, ჯუნგლებში სიტყვის უსტაბაში, ახარებდა შექება და მსმენელების ტაში!
საღამოთი არასოდეს არ ეცალა მელას, ერთი-ერთზე, საბოდიშოდ აკითხავდა ყველას, თან სასუსნავს მიუტანდა, მოალერსე კუდით, გამოსულზე - ცხვირს უჭერდა, “ეს რა სუნი უდით!” როგორ ძლებენ, თან ლაღობენ ბუნაგით თუ ბუდით? ჭერი ჰქონდათ გასაწმენდი, სავსე აბლაბუდით…
და ერთხელაც ცხოველებში სიტყვა დაძრა სპილომ. არ გაჩერდა მელა, სპილოს დაუწუნა კილო, უპასუხა იქვე სპილომ- “თავად გასაკილო”. ზედ შედგა და დააბრტყელა, როგორც ფეხის ტილო.
მორალი
1. ტყეში დიდი გლოვა არის. დღეა ცოდვის კითხვის, შემოაკლდა თურმე ყველას პირის მოსაკითხი.
2. ამცირებენ? ზოგს ჰგონია საქმე თამაშური. ხეირს ელის?! თვითონ - რატომ? სხვამ - იძიოს შური!
3. ზოგი - ვითომ მომთმენია, წყნარად მოყუყუნე! “მიუტევე”!, სხვას არიგებს მარტო მოლაყუნე. სხვა იმავეს ვერ აიტანს, მიდი, გაამტყუნე!
4. სუყოველთვის არ გაგივა, მელავ, ხრიკი, ნაცადი. სადაც შენზე მაგარს ნახავ, მიესალმე და წადი, ერთი დარტყმით გაგაგორეს, განა ბრძოლით გაწამდი, რა იცოდი, მანძილია შორი კაცით კაცამდი!
დანარჩენი - თქვენ მიამატეთ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საწყალი ჩვენი მელია კუდაგრძელია შემეცოდა. სპილო რო შედგა მელიას და დააბრტყელა, როგორც ფეხის ტილო. სპილო მაგარია, მარა ის დააწიწყდა რა დამართა ჭიანჭველამ?! მე მგლობა მომწონს. საწყალი ჩვენი მელია კუდაგრძელია შემეცოდა. სპილო რო შედგა მელიას და დააბრტყელა, როგორც ფეხის ტილო. სპილო მაგარია, მარა ის დააწიწყდა რა დამართა ჭიანჭველამ?! მე მგლობა მომწონს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|