ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 თებერვალი, 2025


საზღვარი



  პირველად გავდივარ ჩემი ქვეყნის საზღვრებიდან. არც სამოგზაუროდ მივიდვარ და არც ემიგრაციაში. მხოლოდ რამდენიმე საათით ვაპირებ ჩემი ქვეყნის დატოვებას.
  სარფს ვუახლოვდები. ტელეფონს ვთიშავ. საზღვარს იქით, როგორც ვიცი, მაინც ვერაფერში გამოვიყენებ. საბაჟოზე ფორმალობები არაქათს მაცლის. ზამთარია, სავაჭრო დღე და საზღვარს ზღვა ხალხია შემომწყდარი.  ბრბოს ყველა თვისება ახასიათებს ამ ხალხს დღეს.  ხალხის მასაში შერეული ვფიქრობ ზღვაზე, რომელიც ჩემს მარჯვნივ გაწოლილა და მის კამკამა ხერხემალს ვაყოლებ თითს. ზღვამ არც კი იცის, რა არის საზღვარი.
  „საზღვარგავლებული“ ტალღები ერთმანეთს უშფოთველად ეხლებიან. ცაზეც ზამთრის თვალმტიკვანი მზე დაგვყურებს და თანაბრად იმეტებს სხივსა და სითბოს. მიწაზე კი უფრო თვალშისაცემია საზღვრის მკაფიო ზოლი.
  ასე მტკივნეულად და ცხადად პირველად შემომეფეთა ფიქრი  სამშობლოზე, რომელიც საზღვრებშია მოქცეული და რომელსაც გვაჭრიან თანდათან, დღითიდღე, ნელ-ნელა. თუნდაც ეს მიწა, ნეიტრალური ზონის იქით რომ იწყება, როგორც ქვეცნობიერი მეუბნება, ოდესღაც ჩემი იყო და დღეს უცხო გამხდარა. წინ  ნამგალა მთვარეს ვხედავ, უკან გორაზე აღმართულ ჯვარს და ვიხლიჩები. ესეც სამშობლოს შემადგენელი ნაწილია?
  საზღვარს იქით გათურქებული ლაზი მეგებება და დამტვრეული ქართულით მიწყებს საუბარს. სულში ჭიანჭველები დარბიან სიხარულითა და მოულოდნელობით. ნუთუ ესეც, ესეც ჩემი სამშობლოა? 
  ქემალ-ფაშა არც ისე შორსაა. ვისრუტავ თვალებით ყველაფერს_ მიწას, ცას, ადამიანებს, ჰაერსაც თვალებით ვისრუტავ... მემშობლიურება ყველაფერი, ტაოს ცა მხურავს აქ, ქართული ოხშივარი ასდის ჯერ კიდევ აქაურ მიწას...  მალევე ვბრუნდები საზღართან, იგივე მარშრუტით, იგივე გათურქებული ლაზია მძღოლი, თბილად მიმზერს და მეც ცრემლები მახრჩობს. ნეტავ შემეძოს ჩემი სამშობლოს ჩამოჭრილი ნაწილი უბეში ჩავისვა და საზღვაზე მალულად გადმოვიტანო... 
  ვტოვებ უცხოდქცეულ ჩემს მიწას და მართლა ჩემს სამშობლოს ვადგამ ფეხს. ახლა უფრო ამაყი მეჩვენება გორაკზე წამომართული ჯვარი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები