ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: იუმორისტული
4 თებერვალი, 2025


ვიგინოთ და ვიხადოთ ნაათალი

#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს

ვიგინოთ და  ვიხადოთ “ნაათალი”!

გენიალური აზრი დამებადა. ეს გარე დამფინანსებლები ამ ბოლო დროს რაღაც, ძაან გაწუწკების გზას ადგანან.  გული მიგრძნობს, რაც მეტად გაუჭირდებათ თავი, კიდევ უფრო გაწუწკდებიან.
  რატომ და რის გამო - ამჟამად ვერ გავარკვევთ.
  ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ჩემგანაც ხომ შეიძლება წამოვიდეს, არა?
    მარტო  კანონმდებელი  ხელისუფლების ძალისხმევით ეს საქმე არ გამოვა.  აღმასრულებელიც რომ მოიხმარიოს,  გაცილებით უფრო მაღალი კვალიფიკაციაა საჭირო -  კონკრეტულად - ენათმეცნიერების ინსტიტუტის ღრმა ჩართულობა, რასაკვირველია, პროცენტული ანაზღაურების წესით (ანუ ჩვენებურ- გლეხურად - “ მუდმივ წილში ჩასმით” ,  ან ქართული ენის დაცვის კომიტეტისნაირი  რამე კიდევ არსებობს, ნეტა? ან ორივეს უნდა მიეცეს დაფიქსირებული წილი. დანარჩენი - ისევ ქართული საქმის კეთებას არ მოხმარდება?
  ამბობენ, გრავიტაციის კანონი ნიუტონმა ასე მოიგონა. ვაშლის ხის ძირში თვლემდა, ქარმა ვაშლი ჩამოაგდო და თავში მოხვდაო.
  მეც ეს გენიალური აზრი ერთმა ძველისძველი  ქართული ანეკდოტის გახსენებამ მომგვარა.
    საგზაო ინსპექტორმა მიხოს საბუთები მოსთხოვა და მიხომ “შე ბოზოო”, ინსპექტორმა უთხრა, მაგ გინებაზე 30 მანეთი ჯარიმააო, მიხომ ასმანეთიანი გაუწოდა და ინსპექტორმა,  ხურდა არა მაქვსო, მაშინ “ბოზო, ბოზო და ათი მანეთისაც ჩათლახოო”- გაუბარა მიხომ.
  სიცილი კარგია, მაგრამ საქმე!

***
  უნდა შედგეს და პარლამენტში დამტკიცდეს (ცხადია, თუ აქამდე არ არსებობს) დეტალური, ანბანთრიგზე გაწყობილი  ნუსხა ინვექტივებისა, ლანძღვა - გინებითი გამონათქვამებისა, ანუ პიროვნებაზე  ვერბალური ძალადობის საშუალებათა ზედმიწევნითი ნუსხა… ან რა ვიცი, რამე ამისმაგვარი, ტერმინებში კარგად ვერ ვერკვევი.
    საჭიროა პრაგმატიზმი!
  არავითარ შემთხვევაში არ აუკრძალოს  ლანძღვა- გინების გამოყენება, პირიქით, უნდა წავახალისოთ, რამდენადაც შეგვიძლია.
  მეტი გინება - მეტი შემოსავალია!
***
    ყოველ დაფიქსირებულ შემთხვევაზე  გადასახდელი იქნება პიროვნების თვიური ანაზღაურების ათი პროცენტი, ანუ ,, ნაათალი”, როგორც თამარ მეფის ისტორიკოსი მოიხსენიებს ამ გადასახადს.
ახლა დაუკვირდით, რა გენიალურ რამეს მივაგენი!
    ვინც უმუშევარია, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით მოუწევს ანაზღაურება. როგორ?
თვეში ხომაა 21 სამუშაო დღე, არა?! ოცდაერთის ათი პროცენტი,  მეათედი ანუ “ნაათალი”  - ორდღენახევარი ხომ გამოვა?     
    კანონდამრღვევი ორდღენახევრის მანძილზე , მაგალითად, უფასოდ დაგვის ქუჩას. …
    ვაჰ, ჭმევაც ხომ უნდა?!
    მაგდენი თავიდან არ მიფიქრია, ცივილიზირებული ქვეყნებივით სამჯერადი კვება რომ დავუწესოთ, რომ იხუვლებს ეს უმუშევართა არმია, ცოცხალს და მკვდარს არ დაუტოვებენ ერთმანეთს და ასფალტზე კენჭი არ დარჩება სადმე დაგდებული, რომ აიღო და სადმე პატარა გუბეში ჩააგდო.
…ამიტომ მხოლოდ ბუტერბროდები იყოს კაკაოთი, კეთილი ხალხის მოწვდილი. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხომაა  თბილისში ეკლესია და მანდ მოგროვდეს, “უფლის ლუკმა”. ან  მუდმივი, ცხელი ჩაიდნებით და ერთჯერადი ჭიქებით,  სადმე,  კუთხეში მუდმივად იდგეს  “არსობის კაკაო”.
  ახლა,  ნახეთ, რა  რა ფართოდ  შეიძლება გავშალოთ ფრთები!
ზედმეტი დეტალიზაციით რომ არ დაგღალოთ, წვრილად რომ არ ვიანგარიშო მძღოლების, ცხოვრებაზე გამწარებული მომუშავეების და სხვათა ზღვა პოტენციალის შედეგები ამ საქმეში, პირდაპირ უმაღლეს ეშელონებზე გადავალ.   
      სახელმწიფო მოხელის ხელფასი ხომ უფრო და უფრო მაღალია , რაც მაღლა ავდივართ, არა? შესაბამისად იქიდან ათი პროცენტიც  ხომ უფრო მეტი გამოვა. რად გვინდა საწარმოები ან ტურიზმის განვითარება ან ეს მათხოვრული სხვის ხელებში ცქერა!
    უბრალოდ, ვერბალური ინსპექცია დაგვჭირდება, ენათმეცნიერებს გადავაკვალიფიცირებთ,  მათი რეალურად დასაქმების, შემოსავლის  პერსპექტივა გაჩნდება, ცოცხლად გადავარჩენთ… ის შენობა - ინგოროყვაზე ისევ თავზე ენგრევათ თუ გაიყვანეს სადმე?
      დაიწყო მაგალითად, პარლამენტის სხდომა, გახსნის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტია,  გინებით, მერე სიტყვაში გამოსულები შეაგინებენ ერთმანეთს, მერე ვინმე დაიგინება, ვიღაც უპასუხებს “ტყუილად დამგინებლის დედაცო”  …
    სულ ფულია, რა!
პრინციპში ისედაც ასე არაა, ოღონდ ხეირი - რა - ქვეყანას?!
ჰოდა,  ვიგინოთ და ვიგინოთ!
ამაზე უკეთესით რით შევეწევით ჩვენს ტურფა სამშობლოს?
    ამაზეა სწორედ ნათქვამი
,, ყველაფერი გენიალური - მარტივიაო!”
  ერთი დაზუსტებით -  რიგითი მოკვდავებისთვისაა  , რომაა რთული, თვარა ჩვენთვის, გენიოსისთვის  ა, ბატონო, ასე მარტივია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები