ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2025


კირილეს ტრიპტიქი

კირილეს ტრიფტიქი

I
გულყვითელა გვირილა,
ნაზი ფურისულაც,
არ დამტოვო, კირილე,
ანდა წადი სულაც...
კვირას მოვკრებ აყიროს
და წირვაზე კვირის,
ამიყვირდი, ნახირო,
ჩემი სულიც ყვირის.
სოფლის საქმე ეთაოს,
დაქცეული ყორე,
შენ მოგიკვდი, ერთაოზ,
შენ მოგიკვდი, თორე...
უკვე გახდი ასათის,
შავი ცხენის მხედარს,
შევეკითხე - ასმათის
სოსოიას ვხედავ!
ქრიან ფეიქარები
და არ ქრიან არსად,
ქანაანის ქარები,
ქანაანი, ასმათ...
სათიბებში ტირილი,
ცრემლით ვავსებ სურას,
არ დამტოვო, კირილე,
ანდა წადი სულაც...
სამხრეთიდან დანაბერს,
ქარს პირსახეს ვუშვერ,
აღარ ვკეტავ დარაბებს,
ჩიტებს სახლში ვუშვებ.
ვგრეხდი ბაწარს, კანაფის,
ვძლევდი ოქროს ურდოს,
მიუვალი ქარაფის
ყოჩივარდი მსურდა.
მისი სახლის იხანი,
მისი წალდის მთხოვნი,
მოურავი, იმ ხანით,
ბევრი ყავდა ხოლმე.
ჭლექი ფოთლებს გაატანს,
ყვითელ ფოთლებს ნახველს,
ამოუღებს პაატას
ელენთას და ნაღველს.
აღსთაფაში ქირილის
დააატარებს სურათს,
არ დამტოვო, კირილე,
ანდა წადი სულაც...
იმ ამოჭრილ ელენთის,
გადმოღვრილი სისხლი,
ნახონ - როგორც ხმელეთი,
გემბანზე რომ ისხდნენ.
მჭამეს, თავი მომაჭრეს,
ზღაპრებიდან დაჩის,
არ ვარჩიე მოვაჭრე,
თავმოჭრილი დავრჩი.
მოზვერების ყვირილი,
ძველ სახლებზე სუროც,
არ დამტოვო, კირილე,
ანდა წადი სულაც...
ქარი თმასაც მიკრავდა,
დილაადრე, სისხამ,
ახლა ფოთლებს ვიკრავ და
მანდარინებს ვისხამ.
სად წახვედი, რა მხარეს,
სად წაიღე ჯვარი?
მასაც ჯვარი აყარეს,
ქამჩაა და ჩვარი.
მთაში ირმის ყვირილი,
ნაზი ფურისულა,
არ დამტოვო, კირილე,
ანდა წადი სულაც...
გააშენებ რა მხარეს
ნაოცნებარ ბაღჩას?
შემომხედე, მახარე,
შემომხედე- მახრჩობს...
კვირას მოვკრებ აყიროს
და წირვაზე კვირის,
ამიყვირდი, ნახირო -
ჩემი სულიც ყვირის.

არ მიხსნიდა გვირილა
სიყვარულის წადილს,
წადი, წადი, კირილე,
დამტოვე და წადი.
II

დასაყვედრი იმათი,
შენც ატარებ სურათს.
არ დამტოვო, თინათინ,
ანდა წადი სულაც...
ამაყი და მრისხანე
ყარაყუმი, თარი,
მე ვიქნები ქვის ხანა,
წაქცეული მთვარე,
საწისქვილე ბორბალი,
დიდი სოფლის ყურე,
მაკოცნინე, ხორბალო,
პური გავხდეთ, პური.
ყველგან მოვწყვეტ გვირილას,
სხვას დავუგებ მახეს,
ნახე, შენი კირილე
გულდამწვარი ნახეს.
არ იტირო, ბეღურა,
სისწრაფე გაქვს ისრის.
ჩემს სახლს ნისლი ეხურა,
რომ დამილპა ისლი.
თვალი მისი წავარდა,
მეც ბოლომდე დავრჩი,
ახლა ისიც წავა და
დედაჩემის ვარჩა
ჰგავდეს ჩიტის გაფრენას,
სარებს, ყანის გასწვრივ,
სარეცხს, თოკზე გაფენილს,
ჩიტამდე რომ ასწრებ,
დასაყვედრი იმათი
დავატარებ სურათს,
არ დამტოვო, თინათინ,
ანდა წადი სულაც...
სოფლად იყო ყვირილი-
აკადრა და ლანძღა,
შენ მოგიკვდა კირილე,
ერთაოზი გაძღა,
თავი არა მოვხარე,
ის კი, ზის და ოხრავს-
ცხოვრებაა დომხალი,
რა ჯობია დომხალს?!
დასაყვედრი იმათი,
დავატარებ სურათს,
არ დამტოვო, თინათინ,
ანდა წადი სულაც...
მითხეს - როგორც გენებოთ,
სიტყვა იყო მყარი,
თქვენ სად ცხოვრობთ, გემებო,
ქვეყნის რომელ მხარეს?
თქვენს გემბანზე ყვავია?
ის რას უვლის - ჩითილს?
ყვავილები ყვავიან?
ან სამოთხის ჩიტი?
წიგნი, დიდი შესავლით,
ყირიმელთა გენით,
გემი ვიყო, შენსავით
როცა ყვირის გემი,
როცა გემის იმ მკლავებს,
ფენა ადევს კირის,
როცა ვეშაპს მიკლავენ,
ვეშაპების ყვირილს.

დასაყვედრი იმათი,
ვეღარ ვაღწევ წადილს,
წადი, წადი, თინათინ!
დამტოვე და წადი!
III

60 წლის ყვირილი,
დავატარებ სურათს,
არ დამტოვო, კირილე
ანდა წადი სულაც...
პურს ვაცხობდი, მოზელილს,
ვიხსენებდი რიწას.
რა მებადა- ბოსელი,
ქანაანის მიწა.
დაბერებულ გურისთან
შემოვივლი დარჩელს,
შენ ხომ არ ხარ გუმისთა,
ზღვას იქით რომ დამრჩე.
60 წლის ყვირილი,
გაბზარული სურაც,
არ დამტოვო, კირილე,
ანდა წადი სულაც...
ვიყო მწყემსი, მეცხვარე,
ვაჟიშვილი მეცხრე,
წამიყვანე, მერცხალო,
სადაც წყალი რეცხავს
კლდეებს, გვარლებს რკინისა,
ტყეს გაკაფულს ოხოდ,
სამტრედიის რკინიგზა
დამიტოვე ოღონდ.
სოფლის ველად გვირილა,
წერაქვი და წალდი,
წადი, წადი, კირილე,
დამტოვე და წადი!

ეზოს სავსე სათარით
დავარიგებ დოვლათს
და შენსავით ზამთარი
მეც გავხდები, თოვლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები