ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: საბავშვო
15 აპრილი, 2025


ლუკა და კესანე

დადგა ივნისი.  მეგობრები – ლუკა და კესანე  პეპლებთან სათამაშოდ წავიდნენ მინდორში. ორივე ხან სირბილში ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ხან ნაირფერ პეპლებს დასდევდა. მზის სხივები გოგონას გრძელ და ყვითელ კაბას ელამუნებოდა. სირბილით გული რომ იჯერა, ბიჭი ნამიან ბალახზე გაწვა, ცას დაუწყო ყურება და იმაზე ჩაფიქრდა, რომ ერთ დღეს თვითონაც გახდებოდა დიდი და კიდევ უფრო სწრაფად შეძლებდა სირბილს.
პეპლებთან სირბილის შემდეგ კესანეც ჩამოჯდა მეგობრის გვერდით და რაღაცაზე თითით მიანიშნა, შეხედეო. აი, ყაყაჩოს თავთან...  რა ლამაზად იყურება! ამის თქმა იყო და კესანე ისევ წამოხტა და ოქროსფერ პეპელას დაედევნა. გულამოვარდნილმა მანამ სდია, სანამ მისი დაჭერა არ შეძლო.
ლუკამ მეგობარს გადახედა და მორცხვად უთხრა: იცი, შეგიძლია, უბრალოდ სურვილი ჩაუთქვა და გაუშვა...
გოგონას ჭკუაში დაუჯდა მისი რჩევა და პაუზის შემდეგ, ხმამაღლა, თეატრალურად წარმოთქვა: შეგიძლია შემახვედრო ყვავილების დედოფალს? ეს თუ ნამდვილად შეგიძლია, გაგიშვებ!
ლუკას ხარხარი აუტყდა და სიცილით გული რომ იჯერა, ყაყაჩოების ზღვას მოავლო თვალი, შემდეგ კი ყურადღება იმ პეპელას მიაპყრო, კესანეს ხელებიდან რომ აფრინდა  და არემარეს შეერწყა.
ცოტა ხანში, მეგობართან დამშვიდობების შემდეგ, ბედნიერი და იმედებით აღსავსე გოგონა სახლში დაბრუნდა – იცი, დედა, დღეს ოქროსფერკაბიანი პეპელა დავიჭირე! რამდენიმე საათს გოგონა გულდასმით, აღტაცებით უყვებოდა დედიკოს იმდღევანდელ ამბებს.
დედამ გოგონა გულში ჩაიკრა და დააიმედა, რომ ერთხელაც იგი მართლაც შეხვდებოდა ყვავილების დედოფალს.
რამდენიმე დღემ განვლო და ერთხელაც უიმედობაში ჩაძირული კესანე ლუკას ქეჩოში სწვდა. ბიჭი გოგონაზე სამი წლით უფროსი იყო და ამას კესანე სათავისოდ იყენებდა ხოლმე. ლუკა თავდაჯერებული, დინჯი ბიჭი იყო და არასოდეს გაუვლია აზრად კესანეს წყენინება.
ბავშვებს დროის ერთად გატარება საოცრად სიამოვნებდათ  – დაისამდე დიდხანს ისხდნენ ხოლმე მდინარის პირას, წყლის დუდუნითა და ყაყაჩოებით მოჭედილი მინდვრების ცქერით ტკბებოდნენ. დანაღვლიანებულ კესანე შინ შებინდებისას ბრუნდებოდა ხოლმე, რძეს გადაყლურწავდა და დედიკოს საამურ ზღაპრებში, ოცნებებში ჩაეძინებოდა.
გამთენიისას, მზის სხივები იმედს უღვივებდა და ამ დროს სჯეროდა ხოლმე, რომ ყვავილების დედოფალი მასთან აუცილებლად მივიდოდა მინდორში.
და აი, ახლაც. დილის რვა საათია და ლუკა თავისი სახლიდან უხმობს მეგობარს – კესანე, წამოდი, მე და მამა გვირილების ზღვის სანახავად მივდივართ. გოგონამ, არ მინდაო, გასძახა და გადაწყვიტა, ცოტა ხანში მდინარეზე მარტო წასულიყო.
კესანე მდინარისკენ მიმავალ გზას ადგა, როდესაც უჩვეულოდ აგრილდა, მზე ღრუბლებში ჩაიმალა და ცოტა ხანში კოკისპირულად დასცხო. გოგონამ სადღაც შეაფარა თავი და აზრმა გაუელვა, იქნებ წვიმის შემდეგ მინდორში ყვავილის დედოფალი გამოვიდესო, მაგრამ გრუხუნმა და ელვამ ისე შეაშინა, უმალ სახლისაკენ გაიქცა. ნამტირალევი და შეშინებული დედას ჩაეხუტა – ტყუილია! ყვავილების დედოფალი არ არსებობს! აღარ მჯერა!
– კესანე, იცი, ოცნებები და სურვილები როდის ხდება?
– როდის? – მოუთმენლად შეეკითხა გოგონა.
– მაშინ, როდესაც არ ელოდები. სურვილების ახდენას დრო და მოთმინება სჭირდება. მოდი, დაველოდოთ. მანამდე კი ტანისამოსი გამოვიცვალოთ, სულ დასველებულხარ.
ჩაფიქრებული და დამშვიდებული გოგონა დედას მიეხუტა და მის გულში თითქოს ისევ ამოანათა ყვითელმა თბილმა მზემ.
რამდენიმე წუთში გუნებაზე მოსული კესანე ლუკას ესტუმრა ეზოში და სათამაშოდ წასვლა შესთავაზა. ბავშვები ამჯერადაც მდინარიდან მოშორებით დაადგნენ გზას.
ბევრი სირბილისგან დაქანცული კესანე იქვე, მდინარის პირას ჩამოჯდა და გარემოს თვალიერებით გაერთო. მოულოდნელად მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. არა, ეს რაღაც კი არა, ქალი იყო, რომელიც მინდორში იდგა და ყაყაჩოებს კალათაში იგროვებდა. 
– ყვავილების დედოფალო! ყვავილების დედოფალო! – კესანე გაუაზრებლად, მთელი ძალითა და ხმით ყვირის და თან ყაყაჩოებით მოჭედილ მინდორში მირბის. აი, უკვე სულ ახლოს არის და... ქალი უეცრად გაქრა.
ძალაგამოცლილი და გულამოვარდნილი გოგონა მინდორზე ჯდება. უეცრად თითქოს არსაიდან მოესმა ხმა: „ჩუმად იყავი, მე გამომყევი“ და ისევ გამოჩნდა ქალი. გაოცებულმა კესანემ ბრიალა თვალები მიანათა ყვავილების დედოფალს და უხმოდ გაჰყვა.
თურმე, ყაყაჩოების ზღვაც მთავრდება სადღაც. კიდევ იარეს, იარეს და მიადგნენ პატარა ხის სახლს, სადაც თურმე ყვავილების დედოფალი ორ ჯუჯასთან – მიკისთან და ნენსისთან – ერთად ცხოვრობდა.
კესანე სიხარულისგან თვალებს არ უჯერებდა. გოგონა ჯუჯებთან ერთად მაგიდასთან მიმჯდარიყო და ცხელ რძეს მიირთმევდა. ერთი სული ჰქონდა, როდის მიეცემოდა ლუკასთვის ამბის მოყოლის საშუალება, რომ დაემტკიცებინა ყვავილების დედოფლის ნამდვილობა. ამ ფიქრებში იყო, ჯუჯებმა ერთმანეთს რძის დალევაც არ აცადეს, წამოხტნენ და სკასთან მიცვივდნენ სათამაშოდ, ცოტა ხანში მათი კინკლაობის ხმაც მოესმა.  დედოფალი ამ საქციელის გამო ორივეს გაუჯავრდა და გულდასმით დაარიგა, რომ და-ძმა ერთმანეთს უფრო თბილად და მოთმინებით უნდა მოჰქცეოდა ერთმანეთს. შემდეგ კი კესანეს მიუბრუნდა: წასვლის დრო მოვიდა, შენი მშობლები ალბათ ძალიან ღელავენ.
გოგონამ ვეღარ მოითმინა:
– ნებას მომცემ, ხვალ ჩემი მეგობარიც რომ მოვიყვანო?
– შეიძლება, ოღონდ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს, არავინ უნდა გაიგოს.
ბედნიერმა კესანემ ყაყაჩოების ზღვა უკან მოიტოვა და უეცრად აღელვებულ ლუკას წააწყდა – ბიჭი მეგობარს ქვითინით ეძებდა. როდესაც გოგონას მოჰკრა თვალი, გახარებული გაექანა და გულში ჩაიხუტა. 
– გარშემო ყველაფერი გადავატრიალე, სად გაქრი ასე უეცრად? სად იყავი? კარგად ხარ?
– მალე ყველაფერს მოგიყვები, – უპასუხა გოგონამ და სახლისაკენ მიმავალ გზას დაადგა სირბილით.
სახლს რომ მიუახლოვდა, ხალხიც გამოჩნდა, დაზაფრული რომ ეძებდა ბავშვს. გაოგნებულმა დედამ კესანემ გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო – სად იყავი? როგორ მანერვიულე! 
დედასთან ერთად მამაც, ბებია და ბაბუაც გაჯავრებულები და დადარდიანებულები იყვნენ.
ბედნიერი და ამავდროულად აღელვებული, ნაღვლიანი კესანე ოთახში ჩაიკეტა და იმ ღამით ზღაპრის გარეშე დაძინებაც მოუწია.
გამთენიისას, როგორც მზის სხივი ოთახში შემოიჭრა, გოგონა საწოლიდან წამოხტა და ლუკას აივნიდან დაუძახა, ვითამაშოთო. კარგა ხნის შემდეგ ლუკა გარეთ გამოვიდა, დღეს თამაშის ხასიათზე არა ვარ, თანაც მამა არ მაძლევს შენთან თამაშის უფლებასო.
დასევდიანებული კესანე ისევ ყაყაჩოების მინდორში გაიქცა და ყვავილების დედოფალს მიეჭრა, ჩემი მეგობარი ჩემთან თამაშს აღარ აპირებსო.
დედოფალმა კესანეს თავზე ნაზად გადაუსვა ხელი და მდინარეზე წაიყვანა. სწორედ მდინარის შორიახლოს შენიშნეს ლუკა, რომელიც წყალში კანჭებს ყრიდა: „ერთი...ორი...სამი...“
– ლუკა! ლუკაა! ხომ გეუბნებოდი, ყვავილების დედოფალი არსებობს-მეთქი!
– კარგი, რა, კესანე! ეს ყველაფერი ტყუილია, არ მჯერა!
– ვერ ხედავ?! ის აქ არის, ჩემ გვერდით.
– კესანე, ვერაფერს ვხედავ!
– დედოფალო, ის ვერ გხედავთ.
– არაფერია, ახლავე მოვაგვარებ.
სულ რამდენიმე წამში დედოფალი ხილული გახდა და ლუკას თვალწინ გაჩნდა.
გაოცებული ლუკა ჯერ შეკრთა და შემდეგ დაკვირვებით დაუწყო დედოფალს თვალიერება.
დედოფალმა ბავშვები საიდუმლო ადგილას წაიყვანა და უთხრა: თქვენ თუ ოცნებების გჯერათ, ნამდვილად აგისრულდებათ.
– მე მინდა, რომ დედა კიდევ ერთხელ ვნახო.
– ლუკა, სად არის დედიკო?
– ის ანგელოზად იქცა.
– კარგი, მაშ წავიდეთ და ანგელოზებთან მოვძებნოთ იგი.
– ეს ნამდვილად შესაძლებელია?
– დიახ, შესაძლებელია, მთავარია, გულით იწამო.
ყვავილების დედოფალი ბავშვებს დაემშვიდობა და იმ ღამით, ლუკამ იმ იმედით დაიძინა, რომ დედის ნახვას შეძლებდა. დაძინებამდე ჯერ ცას შესცქეროდა, მერე მამის ხმა რომ მოესმა, ნაჩქარევად შეძვრა ლოგინში და სახეზე საბანი გადაიფარა. ოთახში რომ შემოვიდა, მამამ მძინარე შვილს თბილად გადახედა, შუქი ჩაუქრო და ფეხაკრეფით გაიხურა კარი.
ციცინათელები, ცაზე მოჭედილი ვარსკვლავები, პაწაწინა სახლები და სახლებში მცხოვრები ფერიები უკვე გამოღვიძებას იწყებდნენ, როდესაც ლუკა მაგიურ სამყაროში აღმოჩნდა. კარგა ხანს გაკვირვებული ათვალიერებდა იქაურობას, მერე კი კესანეს მოკრა თვალი.
– კესანე! კესანე! შენ მართალი ყოფილხარ. ყვავილების დედოფალი მართლა არსებობს. ეს ყოველივე მისი შექმნილია.
სიხარულით აღსავსე მეგობრებმა ჯერ ციცინათელებს დაუწყეს თამაში, მერე კი ფერიებთან გამოლაპარაკება სცადეს. ფერიებმა ბავშვებს გზა გაუკვალეს და მათაც, ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მიადგნენ დიდ სასახლეს. შიგნით კი დედოფალი თავის ჯუჯებთან – მიკისა და ნენსისთან – ერთად დახვდა.
კესანემ მოწიწებით დაუკრა თავი დედოფალს, შემდეგ კი გაიქცა და ჯუჯები ჩაიხუტა გულში. ცოტა ხანში ლუკაც გათამამდა და შეუერთდა კესანესა და ახალ მეგობრებს.
ჯერ ციცინათელებს დაუწყეს თამაში, შემდეგ ფერიებთან სცადეს გამოლაპარაკება. ფერიებმა მეგობრებს გზა გაუკვლიეს. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მიადგნენ დიდ სასახლეს. იქ დედოფალი და მისი ორი ჯუჯა მიკი და ნენსი დახვდათ. კესანემ  მისალმების ნიშნად ჯერ დედოფალს დაუხარა თავი, შემდეგ გაიქცა და ჯუჯებს ჩაეხუტა. ცოტა ხანში ლუკაც გათამამდა და სათამაშოდ შეუერთდა. ჯუჯებმა მეგობრებს თითქმის მთელი სასახლე დაათვალიერებინეს და... მოიპარეს ტკბილეული, რომელსაც დედოფალი მათთვის მალავდა.  ბედნიერი მეგობრები გაშლილ მინდორზე დარბოდნენ, თამაშობდნენ, ჯუჯები ერთმანეთს ფეხებში უცვივდებოდნენ,  ხან ერთი გადაგორდებოდა, ხანაც  –  მეორე.
ამ თამაშში იყვნენ გართული, როცა დედოფალმა ლუკას დაუძახა.  ლუკა მოკრძალებულად მივიდა და მის წინაშე თავდახრილი დადგა.  დედოფალმა მიუთითა ხიდზე, რომელიც სასახლის უკანა მხარეს იყო. სწორედ იქ, სადაც ლუკას დედა ელოდებოდა.
გახარებული ლუკა დიდი სისწრაფით მიუახლოვდა ხიდს და დაინახა ქალი, რომელიც წლებია არ ენახა.
–  შვილო, ნუ გეშინია, შეგიძლია მომიახლოვდე.
–  დედა, მამა მართალს ამბობს? ანგელოზები ნამდვილად არსებობენ?
–  კი, შვილო, არსებობენ. მე ერთხელ მქონდა ფრენის უფლება და შენთან მოვედი.
–  დედა, აღარ დაბრუნდები?
–  ვეღარ, შვილო, მაგრამ იცოდე, შენს არცერთ თამაშს არ გამოვტოვებ. რამდენჯერაც ჩემს სახელს წარმოთქვამ, ყოველთვის შენ გვერდით იქნები.
–  ანუ ჩემი წარმატების თილისმა იქნები?
–  კი, შვილო, ასეა.
–  დედა, ძალიან მიყვარხარ!
–  მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო ცქრიალა ბიჭო. ახლა გაიქეცი, მამა შენზე ღელავს.
–  დედა, შენც მალე უნდა გაფრინდე, თორემ ზეცაში გაგიბრაზდებიან.
–  კარგი, შვილო, წავალ მეც.
ლუკამ ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერა, რომ ყვავილების დედოფალი არსებობს. ახლა მასაც სჯერა სურვილების ახდენის. მთავარია, გულით გწამდეს და მთელი არსებით ისურვო.
წლები გადიოდა. მეგობრები ერთმანეთს არ ტოვებდნენ, ერთად იზრდებოდნენ და დიდი მოლოდინით ელოდებოდნენ ხოლმე ყაყაჩოების მოსვლას, რომ ჯუჯებთან ერთად ეთამაშათ ხოლმე. მხოლოდ ყაყაჩოების ზღვაში გამოდიოდა ხოლმე დედოფალიც.
რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, ცოტათი დანაღვლიანებული მეგობრები საწოლებიდან წამოხტნენ და შეამჩნიეს, რომ მინდორი ისევ გადაწითლებულიყო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნენსის ხმა მოესმათ:
– კესანე!!! ლუკა!!!
გახარებული მეგობრები ჯუჯებთან სიხარულისგან ხტუნავდნენ, თამაშობდნენ,  არ უშინდებოდნენ ჭექა-ქუხილს, წვიმას...
უცებ ყვავილების დედოფლის ხმაც მოესმათ. კესანე ადგილს მოსწყდა და მასთან ჩასახუტებლად გაიქცა.
ასე მთავრდება ჩვენი ამბავიც.
ბავშვებო, გჯეროდეთ, რომ სურვილები ხდება.
ახლა კი, გაიქეცით და დედიკოებს ჩაეხუტეთ. უთხარით, რაოდენ ძვირფასები არიან თქვენთვის, აკოცეთ, ხელებზე ეამბორეთ...
მე კი გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები