ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2025


დიალოგი დაქალის ქმართან (დრაკონის სიზმარი 21-ე საუკუნის მიჯნაზე) 3

_
გვანცას დაუდგა დრო, რომ ნატრობდა მეგობარს, ვისაც ყველაფერს მოუყვებოდა, მაგრამ ასეთი არავინ არ იყო – ამას ვერც ეკას მოუყვებოდა და ვერც ირინას, მით უმეტეს, ვერც ირაკლის! იმას, რომ ემოციები ჰქონდა ირაკლის გამო, ცუდად იყო, ინერვიულა! და რატომ? ეს თვითონაც არ იცოდა. ვერც ის გაიგო, ზუსტად როდის დაეწყო... „არაფერიც არ მომხდარა, - უმტკიცებდა თვს, - უბრლაოდ დაძაბული, ემოციური პერიოდი მაქვს, ნევროზული, თან ძალიან კრიტიკული ვარ თავის მიმართ...” სახლში რომ მოდიოდა, მეტროში სწორედ ნერვოზიანი ბიჭი შეხვდა ცხვირზე ლეიკოპლასტირით, რომელსაც იქვე დაუმეგობრდა და უყვარდა კიდეც!..
გვანცას ძალიან უნდოდა ვინმესთან ტელეფონზე დარეკვა, უფრო სწორედ, კახასთან, მაგრამ მაინც არ დარეკა. უნდოდა საერთოდ დაევიწყებინა კახა!.. “სწორედ კახას ბრალია ირაკლის ამბავიც, ისინი ხომ რაღაცნაირად ენათესავებიან ერთმანეთს სულიერად – მწერლობა, მუსიკა!.. ბოლოს ირაკლიც უცნაურად მოიქცა, მართალია, მთვრალი იყო... მე კი, საერთოდ – დეგენერატულად... ყველაფერი ჩემი ბრალია!” - ფიქრობდა გვანცა.

_
მეორე დილით გვანცა ყავის დალევას აპირებდა, ირაკლიმ რომ დარეკა:
- შენი ყოფილი მეგობარი ვარ. შენი მოთხრობის კითხვა ჯერ ახლა დავიწყე და არ მოველოდი, ჩემზე ასე თუ იმოსდქმედებდა, თან იტყობა, პირადულია და მაგრად მაინტერესებს.
- რომელ გვერდზე ხარ?
- მესამეზე.
- ყოველი მესამე გვერდის მერე უნდა დამირეკო? – საკმაოდ გრძელი მოთხრობა იყო.
- რა ენამწარე ხარ!
- კარგი, გაგეხუმრე!
- აღარ ვჩხუბობთ?
- არა.
- შევრიგდით?
- კი.
რაღაც დროის მერე ისევ დარეკა:
- სადღაც მეორმოცე გვერდზე ვარ და რაღაც მუსიკა მომივედა თავში, რამდენიმე დღე რომ ვერ ვწერდი თეატრისთვის. თუ გინდა, მოგასმენინებ, - და მუსიკა ჩართო.
მგრძნობიარე, ნატიფი მელოდია იყო.

_
რამდენიმე დღის მერე გვანცამ ეკა ინახულა. ირაკლი სახლში არ იყო. გვანცას მისი ნახვა არც უნდოდა.
- ბოდიში მინდა მოგიხადო, იმ დღეს გარეკილი ვიყავი, ზედმეტი ემოციების ბრალი იყო...
- იცის ხოლმე ირაკლიმ ეგეთი რამეები, მე შენი მხარე დავიჭირე, ირაკლის გაუკვირდა, შენ რომ წახვედი, არ მოელოდა...
- რა ამბავი დავატრიალეთ!
- შენი მოთხრობა გუშინ წავიკითხე, - თქვა ეკამ.
- ერთ დღეში?
- რომ დავიწყე, ვეღარ მოვეშვი. სანთლის შუქზეც ვკითხულობდი. რაღაც განწყობილებები ჩემთვისაც ნაცნობია – გარშემო რაღაც მოუხელთებელი ქაოსი, არეულობა…და ბოლოს, მარტო რომ რჩება, რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე. ირაკლისაც მოეწონა.
- ვიცი.
- დაგირეკა?
- კი.

_
ხუთ საათზე ირინას ფილმის პრეზენტაციაზე იყვნენ დაპატიჟებული. ექვსი ხდებოდა, გვანცამ რომ დააკაკუნა და შიგნიდან ოვაციები გაისმა. გვანცა ოთახში შევიდა, ყველას გადაეხვია – სალი, ირინა, ირინას და, ირაკლი იყვნენ.
- ეკა სად არის? – იკითხა
- ვერ წამოვიდა, ცუდად იყო, - თქვა სალიმ.
ვიდეოს ოთახში გავიდნენ ფილმის სანახავად. ყველას მოეწონა. ირაკლი ყველაზე ბევრს ლაპარაკობდა, აზრის გამოთქმას არავის აცდიდა.
ირინას მამამ დაუძახათ და სუფრასთან გადაინაცვლეს. გვანცამ ეხლა დაინახა – მისაღებ ოთახში სუფრა იყო გაშლილი, ძალიან ლამაზად გაფორმებული. გოგოებმა მაგიდის ცალი მხარე დაიკავეს და გვანცას ირაკლის გვერდით მოუწია დაჯდომა. ყველა მხიარულობდა. ყველას სადღეგრძელო დალიეს – ფილმის, რეჟისორის, კომპოზიტორის, მსახიობების, სუფრასთან მჯდომი ყველა წევრის... თამადა ირინას მამა იყო.
ირაკლი ყველანაირ საჭმელს სთავაზობდა გვანცას, გვანცა კი – ყველაფერზე უარს ეუბნებოდა. სამაიეროდ, როცა გვანცას ჭიქის მიჭახუნება უნდოდა, ირაკლი თავის ჭიქას უკან სწევდა. თან წარა-მარა ეკითხებოდა, მეგობრები ხომ ვართო? და როცა გვანცა მის სადღეგრძელოს ამბობდა, არ აცდიდა და სამადლობელს სვამდა.
- ირაკლი ეკასთან და გვანცასთან ერთნაირად იქცევა, - შენიშნა ირინამ.
- ერთდროულად მეგობრებიც ვართ და მტრებიც, - თქვა გვანცამ. მართლაც გრძნობდა ირაკლის მიმართ ერთგვარ მიზიდვა-განზიდვას.
- აღარ გვინდა ამდენი სადღეგრძელოები, ვიცეკვოთ, - ამბობდა ირინა.
მერე ეკასთან რეკავდნენ.
- როგორა ხარ? – ჰკითხა გვანცამ, - ვერ მოხვალ?
მერე ირაკლი უხსნიდა, როგორ უნდა მოსულიყო (ეკა არ იყო ირინასთან ნამყოფი).
- დაგხვდებით, ან მე და გვანცა ერთად დაგხვდებით, - ისევ გვანცას აძლევს ყურმილს.
- შენ გინდა, რომ მოვიდე? – ეკითხება გვანცას ეკა, - შენ თუ გინდა, მოვალ.
- აბა, რა!
ირაკლის რამდენიმე ჭიქის მერე ერთბაშად მოერია სიმთვრალე (ისედაც ნამთვრალევი იყო და იმიტომ). რეფლექსურად გაიწოდა ხელი საფერფლისკენ, ჩააფერფლა და ჩააჭყლიტა სიგარეტი და დამუხტულ ბურუსში გაეხვია.
- შეიძლება, რაღაც გთხოვო, - ჰკითხა გვანცას, - თუ რამე შემეშალოს ან ისე არ გავაკეთო, მითხარი, კარგი? შეიძლება ხელი ჩაგკიდო? ჩემი მეგობარი იყავი, კარგი?
- კარგი.
- ეს შენი ჭიქაა? – ჰკითხა ირაკლიმ და გრძელფეხა, მუცელგაბერილი, ლამაზი ჭიქიდან დალია წითელი ღვინო.
ეკას დასახვედრად გავიდნენ. ირაკლის კიბის მოაჯირის სახელურში გაეხლართა კურტკის გასაყრელი ზონარი, გვანცა უკან მიყვებოდა და ახსნა.
- ხომ ხედავ, მაინც საჭიროა მეგობარი!
თიკო (ირინას და) წინ მიდიოდა. სადარბაზოდან გასვლისას ირაკლიმ გვანცა წინ დაიყენა და უნდოდა ეკოცნა. გვანცას ძალიან გაუკვირდა, სახელოზე მოქაჩა და გაიყვანა სადარბაზოდან, ისიც უთხრა, ფრთხილად, აქ კიბეაო, იფიქრა, არ ჩავარდესო.
გვანცა თიკოს დაეწია, გავიდნენ შუქნიშანთან და ელოდებოდნენ მარშრუტკას, რომლითაც ეკა უნდა მოსულიყო. თიკო დაიღალა ლოდინით და წავიდა.
გვანცა და ირაკლი მარტო დარჩნენ. ირაკლიმ ისევ დააპირა გვანცას კოცნა.
- ირაკლი, გეშლება რაღაცეები... ხომ მითხარი, გამაფრთხილე, რამე თუ შემეშალოსო?..
ტროტუარზე იდგნენ და ეკას ელოდებოდნენ.
- მიყვარხარ! – მოულოდნელად თქვა ირაკლიმ.
გვანცამ ჯერ გაოცებისგან პირი დააღო, მერე გაეცინა:
- მასე, ერთ ბიჭს ცოლადაც მოვყავდი სიმთვრალეში!
- მერე? მომიყევი, შენს შესახებ ყველაფერი მაინტერესებს.
- მეორე დღეს დაავიწყდა... სიფხიზლეში ყველაფერი სხვანაირად არის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ასეთი რამეები უმიზეზოდ არ ხდება... თუმცა, არც კი მიცნობდა!
ამ დროს ირინა და თიკო მოვიდნენ.
- ეკამ დარეკა, აღარ მოვალო, - და სახლისკენ წამოვიდნენ. სადარბაზოსთან ირინას მამა დახვდათ:
- ეკამ დარეკა, ახლა გამოვდივარო.
ყველაფერი უცნაურ თამაშს ჰგავდა.
გვანცა და ირაკლი ისევ დაბრუნდნენ შუქნიშანთან.
- ხომ არ გცივა? – ჰკითხა ირაკლიმ.
- არა.
- შენ რა გაინტერესებს ჩემს შესახებ?
- რა ვიცი...
- გაინტერესებს, ეკასთვის მიღალატია თუ არა?
- კი.
- არასდროს მიღალატია... შენი მეშინია და ჩემი თავისაც.
მერე გვანცაცა ლაპარაკობდა მარტოობაზე, კაცობრიობის მარადიულ სევდაზე, რომ ყველა ადამიანი მარტოა (თითქოს ეს ძალიან აწუხებდა), და კიდევ იმაზე, რომ არ შეუძლია შეხედოს ცხოვრებას მატერიალისტური თვალით (ეს მართლა იყო მისი პრობლემა), უნდა, რომ თავისუფალი იყოს, არ იფიქროს იმაზე, რა არის “საჭირო”, რომ ეს სიტყვა სძულს, სულ სხვანაირად უნდა, რომ იცხოვროს! და ალბათ, არ უნდა დაბადებულიყო დედამიწაზე! – ეს რომ თქვა, თავის პათეთიკაზე გაეცინა.
- შეიძლება კურტკის ჯიბეში ჩაგიყო ხელი? – ჰკითხა ირაკლიმ, - არაფერს მოგპარავ.
- მაინც არაფერი მაქვს.
ირალკიმ გვანცას ქუდი იპოვა მის ჯიბეში და გაუხარდა:
- ეს ის ქუდია, ჩვენთან რომ დაგრჩა... და შენს მაგივრად ამ ქუდს ვეფერებოდი!..
“აფერისტი...” – გაიფიქრა გვანცამ.
ირაკლი მიუახლოვდა და ფრთხილად შეახო ხელი მის თმას და მერე ძალიან ნაზად ეფერებოდა ერთდროულად მის თმასაც, თითქოს "კაპიშონის" ბეწვებსაც და ოდნავ სახეზეც ეხებოდა.
- დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ, - უთხრა გვანცას, თუმცა გვანცა არ ნერვიულობდა. რაღაცნაირად მოეწონა ირაკლის ნათქვამი და იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს. გვანცამ თვალებში ჩახედა, ისე როგორც ოდესღაც ლაშას (თავის პერსონაჟს იმ მოთხრობიდან, ირაკლის რომ წააკითხა) და იმ წუთში მართლა ლაშა ეგონა, თუმცა ლაშა ასეთი ნაზი არასოდეს ყოფილა და როცა სხვა მხარეს გაიხედა, იგრძნო, როგორ უყურებდა ირაკლი.
ირინას მამა ისევ მოვიდა, ეკა აღარ მოვაო და წავიდნენ სახლისკენ. ირინას მამა წინ მიდიოდა, ესენი უკან მიყვებოდნენ.
- ეკა მაგრად მიყვარს, - თქვა გვანცამ.
- მეც.
ავიდნენ და გოგოები ისეთი სახეებით ისხდნენ, გვანცამ თავი უკანასკნელ ეგოისტად იგრძნო. მოწყენილობისგან ცხვირები დაგრძელებოდათ, ირინა თითქოს ნამტირალევიც კი ჩანდა და თითქოს სხვანაირადაც უყურებდნენ.
უკვე გვიან იყო. გვანცამ წასვლა დააპირა. ყველანი აცილებდნენ.
- იქნებ ეკაც შემოგვხვდეს, - თქვა გვანცამ და ამ დროს ეკა გამოვიდა მეტროდან თავისი საყვარელი თავით.
- ნახეთ, ვინ მოდის, ნახეთ, რა თავი აქვს! – აღტაცება ვერ დაფარა გვანცამ. ეკაც დიდის ამბით გადაეხვია, მერე ჩააცილეს მეტროში, ეკამ კიდევ აკოცა და გვანცამ მოღალატედ იგრძნო თავი. დაუქნია ყველას ხელი და მეტროში გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები