ბევრი გოგონა დავკოცნე, ბევრმაც დამკოცნა ჟინითა, ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე ჩერქეზის ისარივითა.
ისევ ამოდის ჩვენი მზე ამ ქვეყნის ცაზე დილითა, როცა თვალებში მე გიმზერ, შენ მორცხვობ ყვავილივითა.
შენია ჩემი სამყარო, მეც ვიწვი სანთელივითა, მოვკვდები, მსურს: დამაყარო გულმკერდზე მიწა... ღვინითა
მითხარი შესანდობარი, მახსენე ენით ტკბილითა... და არ მოიკლა გთხოვ: თავი აკაკის გამზრდელივითა.
ბევრი გოგონა დავკოცნე, ბევრმაც დამკოცნა ჟინითა, ვერც ვერასოდეს გავსტყორცნე ჩერქეზის ისარივითა.
ვიდრე ჩვენი მზეც ამოდის სამშობლოს ცაზე დილითა, ყვავილს გადარებ სამოთხის, მორცხვობ იმ ყვავილივითა.
ცის ვარსკვლავივით კაშკაშებ, ხარობ მოყვასის ლხინითა, სუნთქვას გვიჩერებ ვაჟკაცებს, გვჭირდები ჰაერივითა.
საამო სამზერ მაგ სახეს ნუ შეიღებავ ინითა, როს ვესტუმრები საწნახელს, დაგლოცავ თეთრი ღვინითა.
მე ცუდს არაფერს არა გთხოვ, დამატკბე ბადაგივითა, ,,შენთანამც ყოფნით გამაძღო, შენთანამც წოლა-ძილითა“.
ოთარ რურუა
...........................................................................................................................
მეტი რა უნდა მამთხოვო, მაგ გალექსილი პირითა, შენს გვერდით გინდა მამყოფო, თან გასძღე წოლა-ძილითა.
თან სხვებთან კოცნით ტრაბახობ, ერთურთ სურვილით, ჟინითა, თუ ბადაგივით დაგატკბობ, დამლოცავ თეთრი ღვინითა.
სამოთხის ყვავილს მადარებ, თან იწვი სანთელივითა, ცისკრის ვარსკვლავის კაშკაშით, გაცოცხლებ ჰაერივითა,.
არ გსურს სახე-თმა ვიღებო, ჩვეულად ბასმა-ინითა, ის კი გსურს მიწა გაყარო, გაჟიებული ღვინითა.
რომ დაგიტირო, დაგალბო, ცრემლებით მწარით, ცხრილითა, ვაჟკაცებს სუნთქვას გიჩერებთ? ისეც ვერ სუნთქავთ ცხვირითა.
მე თავს რად უნდა ვიკლავდე აკაკის გამზრდელივითა? ტყუილად მივლი ვაჟაუ, გარშემო ფუტკარივითა.
ვერ მოხვალ ჩემთან ცხენდაცხენ, ვერც ტივით, ვერცა ნივითა...
თეო ჩრდილელი
...............................................................................................................
მამწონს მე - შენი პასუხი, სიტყვა - ტკბილ ბადაგივითა, კაფიაობის ზღვაშია გავისეირნოთ ტივითა.
თუმც არ ვარ ფშაველ - ხევსური, ვთბები ჩარგლის მზის სხივითა, წყალი შამასვი ხელსურით, ციმციმებ ვარსკვლავივითა.
,,მინდა გაკოცო, მაკოცო“, გული ამივსო ლხინითა, ვერსად მნახავენ გალეშილს ვერც არყით, ვერცა ღვინითა.
ისევ ამოდის ჩვენი მზე სამშობლოს ცაზე დილითა, მიზიდავს ანდამატივით ლამაზი - შვლის ნუკრივითა.
ოთარ რურუა
...........................................................................................................................
პასუხს რად დამიწუნებდი, არც მე დავმთვრალვარ ლუდითა, არც მე ვარ ფშაველ-ხევსური, თუმც მთებს ვეკუთვნი ფუძითა.
მთიული დიდ-ბებიების სისხლი დამიდის მუჭითა, ურიგო შაირს არ დავწერ, თავს არ შავირცხვენ ფუჭითა.
ქართლურიც მომდევს, რაჭულიც, პასუხებს გეტყვი გვიანა, ვარსკვლავებს სხვებმაც მადარეს, მოვთხარე ფესვებიანა.
ზოგმა იწყინა, იდარდა, ზოგმაც იხარა, იცინა, ზოგი კი ისე გაცეცხლდა, ვით ნავთიანი ფითილა.
შენ გმადლობ კოლხო ვაჟკაცო, რომ გესმის შაირ-კაფია, ლექსებიც მომწონს შენი და თან ბრძანებულხარ სწრაფია...
თეო ჩრდილელი
...............................................................................................................
ლექსს კითხულობდი... გისმენდი, ზარივით რეკდა შენი ხმა, არც ზღვისფერი და მზისფერი, შველივით მომნუსხველი ხარ.
დავეწაფები წყაროს წყალს, როგორც ქორბუდა ირემი... დაგელოდები წყაროსთან, არ მოხვალ? გადავირევი!
მსურს მკლავზე გადაგიწვინო, შენ - მომირჩინო წყლულები, მერმე გინდ სულშიც იწვიმოს, აღარ ვინაღვლებ სრულებით.
ლექსს კითხულობდი... გისმენდი, ზარივით რეკდა შენი ხმა, არც ზღვისფერი და მზისფერი, შველივით მომნუსხველი ხარ.
დავეწაფები წყაროს წყალს, როგორც ქორბუდა ირემი... დაგელოდები წყაროსთან, მოხვალ? არ გადავირევი!
მე გრძნობას ვეღარ დავმალავ, გვნახოს, შეშურდეს ბარეორს, როცა მოვკვდები, ალალად, ,,შენს მიწას მიმაბარეო“.
ოთარ რურუა
....................................................................................................................
ეგება უწინ მე ვკვდები, ღამე რად წამამწარეო, წყალი გწყურია, მიირთვი, გული რად გამიწყალეო.
შველივით გოგო გახლავარ, რა ზუსტად შემადარეო, ლექსსაც ზარის ხმით ვკითხულობ, იცოცხლე, გაიხარეო.
რა ოცნებებში გადიჭერ, რა ქებად დაიღვარეო, პასუხს ეხლავე დაგიწერ, რად გალოდინო ხვალეო.
მადლობელი ვარ გრძნობისთვის, სიტყვა არ მკადრე მდარეო, თუმც ლექსის ბოლოს რასაც მწერ, სხვა დროს, სხვა დაიბარეო.
იმედიანად განგაწყობს, ეს ჩვენი ტურფა მხარეო, ლამაზ სტრიქონებს მოველი, თუკიღა მოიცალეო.
გისურვებ გზაზე ცხოვრების მუდამ გქონოდეს მწვანეო, მხატვრული ეპითეტებით წერა არ დაიზარეო.....
თეო ჩრდილელი
.......................................................................................................................
ქალმა მიმღერა ლამაზმა, წყალიც მასმია ხელსურით, მერე რაა, რომ არა ვარ ფშაველი ანდა ხევსური.
მაოცებს ვაჟას გენია, სევდა მაწვალებს ჩოხელის, რაც ქართულია-ჩვენია, გულიც ამაყობს ოხერი.
ქალავ!-კოლხიდელს მაჩნიხარ, შენთვის ანთია ცისკარი, მითხარ: ,,ქალი ხარ, ალი ხარ“, თუ სიყვარულის სიზმარი?
ვარ შენი მთების მეხოტბე, მთებსაც აქვთ ძალა ზევსური, ჯიხვის რქით დამილოცნია მე ყველა ფშაველ-ხევსური.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კიარგი კაფიებია.კიდევ თუ გააგრძელებთ უკეთესი იქნება. კიარგი კაფიებია.კიდევ თუ გააგრძელებთ უკეთესი იქნება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|