_ გვანცას ოთახში სანათური ენთო, მუსიკა ჩაერთო – წერდა, თან ყავას სვამდა. თავს თავისუფლად და ბედნიერად გრძნობდა – თითქოს პირველად დაანება თავი იმ მტანჯველმა გრძნობამ, ბოლო პერიოდის განმავლობაში რომ უგრძელდებოდა, ახლა კი ისვენებდა. ალბათ კუს ტბის დამსახურება იყო, ბევრი ენერგია დახარჯა... და მერე უცბად დაეწყო: ელაპარაკებოდა ლაშას, თავის სხვა პერსონაჟებს, ირაკლის, კიდევ ვღაცეებს... და ისე გაიტაცა ფანტაზებმა, რომ „ზასაობდა“ კიდეც ირაკლისთან, მაგრამ ეს დაძაბულობას არ იწვევდა, ისევ თავისუფალი რჩებოდა, მოსწონდა და რომანტიული ეჩვენებოდა და სწორედ ახლა მიხვდა, რა უნდოდა! მაგრამ იმასაც მიხვდა, რა ადვილი იქნებოდა ამის მერე სხვა რამე და იმ სხვა რამის მერე კი ერთადერთი, რაც რჩებოდა – თვითმკვლელობა იყო. ეს ისე ცხადად დაინახა, თავის თავს ჰკითხა – ეს მერამდენედ იკლავო თავს? 33-ედო, უპასუხა თავმა - ... და თითქოს მოთხრობა გაგრძელდა, რომელიც ადრეც მოელანდა გვანცას და ახლა მიხვდა, რომ გამოვიდოდა.
_ - ეკამ თავი გადაიხოტრა, - უთხრა გვანცას სალიმ, - თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დედამისი ეჩხუბებოდა. - რა უქენი შენს თავს? – გვანცა ეკითხება ეკას ტელეფონში. - 0-ზე არა, მაგრამ 2 მილიმეტრზე გადავიხოტრე.
_ ეკას დაბადების დღე ახალი წლის წინა დღეებში იყო. “მხოლოდ ეკაზე უნდა ვიფიქრო და მის დაბადების დღეზე, სხვაზე არაფერზე!” – ტვინში ჩაიბეჭდა გვანცამ განწყობილება და დაბადების დღეზე წავიდა. ოთახში იყო სალი, ირაკლი და მისი მეგობარი – ხელგადახვეულები მღეროდნენ. სამზარეულოში – ეკა და დათო (ირაკლის ბიძაშვილი) სამზადისში იყვნენ, თან სვამდნენ. გვანცაც მათ შეუერთდა. მაგარი ჭაჭა მაქვსო, დათო ამბობდა, ერთმანეთს ადღეგრძელებდნენ და სვამდნენ. გვანცამ ორივეს ხელი გადახვია. ეკას წარბები ისე უბრწყინავდა, თითქოს პაწაწინა მარგალიტის ბურთულები ეყარა ზედ. დათო კარტოფილის ნაჭრებს ალაგებდა გაზის ღუმელში, გვერდით ხორცის ნაჭრებს უწყობდა. - რა კარგია, როცა ბიჭს ასეთი რამეები ეხერხება! – შეაქო გვანცამ. დათოც დიდის ამბით აგრძელებდა საქმიანობას, როლში შევიდა, გვანცას ასწავლიდა, როგორ უნდა მოეყარა მარილი და პილპილი... ოთახიდან კი დახვეწილი ჯაზური მუსიკა ისმოდა და შიგადაშიგ შერბოდნენ-გამორბოდნენ. “რა მაგარია!” – ამბობდა გვანცა, ცოტა ხანს შეჩერდა ოთახში, მერე ისევ სამზარეულოში გაიქცა, სადაც ამ სამს სასიამოვნო ინტიმი ჰქონდათ. როცა ყველაფერი მზად იყო, მაგიდასთან დასხდნენ. აქ უკვე განზავებულ სპირტზე გადავიდნენ. გვანცა და ეკა ცეკვავდნენ. გვანცა ცოტას ბარბაცებდა და გრძნობდა, წელზე მოხვეული ხელით ეკას მაგრად ეჭირა და ტრიალებდნენ. რაღაც მომენტში გვანცა ირაკლის გვერდით მოხვდა მაგიდასთან. - რა პატარა ჭიქა გაქვს? – ჰკითხა და ჭიქა გაუცვალა, მისი პატარა ჭიქიდან დალია. ამ დროს “ბურატინოს” ფირფიტა იდო ფირსაკრავზე და “ჩუ, ჩუო”... ეკა ამბობდა ჩურჩულით (მისი ბავშვობის საყვარელი ფირფიტა იყო)... აი, უკვე შედიან ჯადოსნურ მხარეში... გვანცაც ირინდაბა, სმენად იქცევა და მხოლოდ ეს ხმა ჩაესმის... სხვა აღარაფერი აღარ არსებობს.
_ თითქოს სითბოდან ამოყვინთა. “სახლში როგორ მოვედი?” – გაიფიქრა, - “რომ არაფერი მახსოვს?!” თვალები გახილა და სიბნელეში ოთახი მოათვალიერა – მისი სახლი არ იყო. თვითონ კი თბილად და კარგად იყო ლოგინში ჩაფუთნილი. ტანსაცმლიანად იწვა. ოთახში ეკა შემოვიდა. - რა მოხდა? – ჰკითხა გვანცამ. - არაფერი არ გახსოვს?! გვანცა გახსენებას შეეცადა, სახე დაეძაბა. ახლაც გრძნობდა საწოლში რაღაც სითბოს, ისეთი ასოციაცია ჰქონდა, თითქოს გვერდით ვიღაც ეწვა, ვინც უყვარდა. - ცუდად გახდი და დაგაწვინეთ. გული აგერია. - ეკასაც შენთან ერთად ეძინა. საბოლოოდ დავრწმუნდი თქვენს ლესბიანკობაში! – შაყირობდა ირაკლი. - სისულელეები ხომ არ გამიკეთებია? – იკითხა შეშინებულმა გვანცამ. - მაინც და მაინც არაფერი, სულ ეკას და დათოს ეძახოდი. ეკა დასაძინებლად დაწვა, გვანცა და ირაკლი სამზარეულოში გავიდნენ ჩაის დასალევად. - ჩემი სახელი ერთხელაც არ გიხსენებია, - უთხრა ირაკლიმ, - დათოს რატომ ეძახოდი? ვიეჭვიანე. ცალკე გავიყვანე და საქმე გავურჩიე... რამე ხომ არ არის?! იმასაც ვკითხე და – “არა, ძმაო”, - ხელები გაშალა –“თავიდან რომ ვნახე, ერთხელ მაკოცა თუ ვაკოცე, მეტი არაფერიო”... - მწვადს საკაიფოდ წვამდა... - თქვენ სადისტები ხომ არა ხართ?! – გაბრაზდა, - დათოს აქ აღარაფერს აღარ შევაწვევინებ! გვანცას თავისი გასაჭირი ჰქონდა: - რატომ არაფერი არ მახსოვს?! – ტვინს იჭყლეტდა, ათასი ეჭვი აწუხებდა. - ძალიან საყვარელი იყავი და უმწეო და კიდევ უფრო შემიყვარდი. თუმცა, ვცდილობდი, ეს თვალში საცემი არ ყოფილიყო... ლოგინშიც მე ჩაგაწვინე. გათენებამდე საუბრობდნენ და მერე ირაკლიმ სახლში გააცილა.
_ - როგორი ვიყავი? – გვანცა ყველას სათითაოდ ეკითხებოდა, - არ მესმის, ჭკუაზე ვიყავი თუ არა: ან ვიყავი და მერე ყველაფერი დამავიწყდა, ან – არ ვიყავი და ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი... - ყველას გვცნობდი, - უთხრა სალიმ, - დათოს კი ინგლისურად ელაპარაკებოდი. - მე ხომ ინგლისური არ ვიცი, ალბათ ერთი-ორი სიტყვა ვუთხარი. - არა, სულ ინგლისურად ელაპარაკებოდი... ეკა, იცი როგორ გეფერებოდა? მეც მეუბნებოდა, მოეფერეო. დათომაც გკითხა, “რაო, გვანცა, მოგეფეროო?” შენ უთხარი “კი”... ყველას ყველაფერზე ეთანხმებოდი. - სააბაზანოში ხუთმა კაცმა გაგიყვანა დასაბანად, - უთხრა ირინამ. - სიარული არ შემეძლო? - შეგეძლო, მაგრამ ყველას შენი მოვლა უნდოდა, ძირითადად კი ეკა და დათო გივლიდნენ, სულ მათ ეძახოდი და ეკას ბოდიშებს უხდიდი. “მინდოდა, ეკას დაბადების დღე ძალიან კარგი გამოსულიყო და პირიქით გამომივიდა, ალბათ ზედმეტად მოვინდომე!.” – გაიფიქრა გვანცამ, ისევ გადაურეკა ეკას და ბოდიში მოუხადა. - მე რომ გავმხდარიყავი ცუდად, შენც მასევე არ მოიქცეოდი?!
ირაკლიმაც დარეკა და სიყვარული აუხსნა გვანცას, თან ძალიან სასაცილოდ: ერთ წუთში ეუბნებოდა – მინდა ვუყურო შენს თვალებს, შენს სახეს, ვუსმინო შენს ხმას, მეტი არაფერი მინდა... და მეორე წუთში – ვერც იმას გეტყვი, რომ სექსზე არ მიფიქრია... - ბედნიერი ვიყავი, შენ რომ ცუდად გახდი და გივლიდი. გკითხე “გინდა ლოგინში ჩაგაწვინო?” შენ მითხარი “კი”. - ვიცი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, სხვა რამეც უნდა გეკითხა! – გაეცინა გვანცას.
II
ეკა და ირაკლი ახალ წელს ერთად არ შეხვედრილან, ირაკლი ისევ თავის სახლში იყო, ტელეფონით მიულოცეს ერთმანეთს ახალი წელი. პირველში ირაკლიმ გვანცასაც მიულოცა ახალი წელი. გვანცამ უთხრა, ირინასთან ვაპირებ მისვლასო. - მეც მოვალ, - უთხრა ირაკლიმ, თან რაღაც მოთხრობა მინდა გათხოვო და წამოგიღებ. - კარგი, მეც წამოგიღებ აკა მორჩილაძის “ტერცო მონდოს”, ახლახანს წავიკითხე. როცა გვანცა მივიდა, ირაკლი უკვე იქ იყო – ახალი წლის სადღეგრძელოს სვამდნენ. - განსაკუთრებული ახალი წელია, - ამბობდა ირაკლი, - ახალი საუკუნე იწყება და ახალი ათასწლეულიც! - ღვინოს დალევ თუ შამპანურს? – ჰკითხა გვანცას ირინამ. გვანცამ შამპანური აირჩია, დღესასწაულები და სასწაულები ადღეგრძელა. ირაკლიმ რატომღაც ამოტრიალებული სამყაროს სადღეგრძელო დალია, სადაც ყველაფერი თავდაყირაა და გვანცას ეს სადღეგრძელო ძალიან მოეწონა.
როცა გარეთ გამოვიდნენ, უკვე ბნელოდა. - რამდენი ვარსკვლავია! – თქვა გვანცამ და ფანარიანი ხელი გაიშვირა ვარსკვლავებისკენ. - ცას ფანარს ანათებ? – გაეცინა ირაკლის, - მოდი, იმ შუქნიშანთან მივედეთ, მაშინ ეკას რომ ველოდებოდით. - იქ რა გვინდა? – ჰკითხა გვანცამ და მაინც წავიდა შუქნიშნისაკენ. ის ადგილი შორიდან განათებულ სცენას გავდა. მერე სკვერისკენ წავიდნენ. ირაკლიმ რამდენჯერმე სცადა ეკოცნა გვანცასთვის, მაგრამ გვანცა თავს არიდებდა, როგორც ჰყავდა თავისი თავი დაპროგრამირებული. რაღაც რკინის ღობესთან შეჩერდნენ. ირაკლი ისევ დაიხარა გვანცასკენ, გვანცამ ჯერ ისევ შეტრიალება დააპირა, მაგრამ უცებ იგრძნო, ამ ყველაფერმა როგორ დაღალა და ეს უკვე კოცნაზე უარესი იყო და წამში მიიღო გადაწყვეტილება – აღარ მიტრიალდა და პირდაპირ შეხედა ირაკლის. მერე იგრძნო მისი ტუჩების გემო – “შენი ტუჩები მაგონებს მარილიან ზღვას... გამჭვირვალე ტალღებს... ფერად კენჭებს და ნიჟარებს... „ შვება იყო საოცარი! ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს და თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სხვნაირად არც შეიძლებოდა, შეწყვეტდნენ და ისევ აგრძელებდნენ. მერე დიდი ხეებისკენ წავიდნენ. ირაკლი სასაცლოდ კიდებდა კურტკის საყელოზე ხელს, კაპიშონის ზონარზე ქაჩავდა, ხან ერთ ხესთან დააყენებდა, ხან მეორესთან, ძაფზე ჩამოკიდებულ თოჯინასავით ექცეოდა. გვანცამ იგრძნო, როგორ განიმუხტა და განთავისუფლდა, ეგონა, ათასი წელი აღარ დავიმუხტებიო. ახლა წინ მირბოდა და ძალდაუტანებლად ეუბნებოდა სიტყვას “დაივიწყე!” - გაგიჟდი?! - ამით ხომ არაფერი შეიცვალა! - ემოციურად კი. - უბრალოდ, ორივეს გვაინტერესებდა. - ასეთი რამე არ მახსოვს, ოდესმე მქონოდეს - ეს მუდმივი დიალოგი შენთან, სადაც არ უნდა ვიყო, სულ შენ გელაპარაკები... - დაივიწყე! - გაჩუმდი, თორემ გული გამისკდება! გვანცა გაჩერდა და ხელისგული დაადო გულზე, მერე ყური: - რა მაგრად გიცემს... ჩემი ჭიქიდან რომ სვამდი წითელ ღვინოს, მაშინვე ვიფიქრე, რამე დაემართება-მეთქი... - მე უკვე დამართებული მქონდა. - მე კიდევ, შენი ჭიქიდან რომ დავლიე არაყი... - გახსოვს, ჩემი ჭიქიდან რომ დალიე? - კი, მაგან გამთიშა, სულ მაგის ბრალი იყო!.. ეჰ, რაც იყო, იყო... დაივიწყე! - მეკაიფები, თუ მართლა გინდა, რომ გამაგიჟო!.. ამ დღეებში შევხვდეთ... - ეკას გინდა დამაშორო?! - გვანცას ნერვიულად გაეცინა, - ნუღარ შევხვდებით და აღარ დამირეკო, ერთი თვე მაინც... ირაკლი ტელეფონის ჯიხურისკენ გაიქცა, რაღაცნაირსად აღგზნებული იყო. - სად რეკავ, სახლში?.. ეკასთან? - მეგობართან, სახლში მარტო ცხოვრობს, ცოტა ხნით ავიდეთ... - რაა?! - აბა სხვა შანსს არ მიტოვებ! - მე წავედი, კარგად!
_ გვანცა სახლში მივიდა. ნახევარი საათიც არ იყო გასული, ტელეფონმა რომ დარეკა. გვანცამ ყურმილი აიღო. - როგორც შენ გინდოდა, ისე მოხდა, - გაისმა ირაკლის ხმა, - ბებიაჩემი გარდაიცვალა, ჯერ-ჯერობით ვერ ვნახავთ ერთმანეთს. - უი, რას ამბობ!.. - გვანცამ აღარ იცოდა, რა ეთქვა, - ვიზიარებ... დედის დედა თუ მამის? - მამის. - თქვენთან არის, თუ..? - ჩვენთან. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ. - მადლობთ, რომ დამირეკე, - თქვა ბოლოს გვანცამ. ყურმილი დაკიდა, „რაღა დღეს!“
__
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|