_
“მორჩა, დაღუპული ვარ!” - გაიფიქრა გვანცამ მეორე დილით, როგორც კი გაიღვიძა, თუმცა, მთელი ღამე არ სძინებია, მხოლოდ დილით ჩათვლიმა, ჯერ ნეკნების ქვემოდან გულისკენ რაღაც თბილი ტალღა მიდიოდა... გული უცნაურად ბრაგუნობდა (თითქოს მისი გულისცემა არ იყო), სტკიოდა მარცხენა ქვედა ნეკნი, სადაც თითქოს ჭრილობა ჰქონდა და იქიდან რაღაც ენერგიები იჭრებოდა სხეულში. შიგადაშიგ კი ჩაკრებში ენერგეტიკულ დარტყმებს გრძნობდა (მზის წნულში და გულში). ეს ყველაფერი თითქოს ირაკლისთან იყო დაკავშირებული და ფიქრობდა - ნეტა ირაკლის გული არ გაუსკდესო!
ცოტა აზრზე როცა მოვიდა, ირაკლის ნათხოვარი მოთხრობის კითხვა დაიწყო - “სიყვარული ღვეზელი არ არის”. მოთხრობაში ბავშვების თვალით იყო დანახული დედა, მამა და მათი მეგობარი ბატონი დეკუევრო - რომლებიც ერთად ატარებდნენ ზაფხულს აგარაკზე. “...როცა დედა და ბატონი დეკუევრო ცეკვავდნენ, ვერანდაზე სარწეველა სკამში ჩამსხდრები ან ფარჯრის რაფაზე წამოსკუპებულები მივჩერებოდით და ერთმანეთის შეხედვისაც კი გვეშინოდა. ისინი მხოლოდ სწრაფ ცეკვებს ცეკვავდნენ - ცეკვავდნენ ისე, თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ ამას ელოდებოდნენო. დედაჩემის მოძრაობა სულ უფრო მსუბუქი, აზრიანი და ნარნარი ხდებოდა, ბატონი დეკუევრო კი ისე გახალისდებოდა, ისე აინთებოდა, როგორც წყვდიადიდან გამობრწყინებული მზის სხივი. რაც შეეხება მამას, ისე ცეკვავდა, რკოგორც ცხოვრობდა - გულგახსნილად, ხმაურით, დამცინავად და, ცოტა არ იყოს, მოუქნელად. სამაგიეროდ, ჩვეულებრივ წყნარი, დაფიქრებული და დინჯი ბატონი დეკუევრო დედასთან ცეკვისას სრულიად გარდაიქმნებოდა ხოლმე. ბედნიერი და თითქოს ზეშთაგონებული დაფრინავდა, დედას ხან მიეჭრებოდა, ხან დაატრიალებდა. გარშემო უვლიდა და მის ყოველ ნაბიჯსაც და ყოველ უმნიშვნელო მოძრაობასაც კი ეხმაურებოდა. ჯერ ყველას გაგვიღიმებდნენ რიგრიგობით, მერე კი დადინჯებულ, ვნებით სავეს მზერას კვლავ ერთმანეთისკენ მიაპყრობდნენ.” მოკლედ, სასიყვარულო სამკუთხედი იყო, ოღონდ ჰარმონიული - დედას ორივე მამაკაცი უყვარდა და იმათაც უყვარდათ ერთმანეთი. “ძვირფასო, სიყვარული ღვეზელი არ არის, ნაჭერ-ნაჭერ არ იჭრება...” - უთხრა დედამ გოგონას.
გვანცა ფიქრით ისევ გუშინდელ დღეში გადავიდა - ისევ სკვერში იყო ირაკლისთან ერთად. “რაღაც მინდა გითხრა,” - ეჩურჩულებოდა, - “მჯერა, რომ გიყვარვარვარ... ვგრძნობ... თუ გინდა, ვეტყვი ეკას, შენ და ირაკლი მიყვარხართ-მეთქი, შენ კი უთხარი, რომ გიყვარს გვანცა და ეკა...” გვანცას ეკა მართლა ძალიან უყვარდა. ეკამ პირველად თავი რომ გადაიხოტრა, გვანცამ მაშინ დახატა. ეს პორტრეტი ყველას ძალიან მოსწონდა - დიდი, ბრიალა, ანთებული თვალები, მგრძნობიარე და მეტყველი ტუჩები, დიდი შუბლი და ზღარბივით თმები! ერთი შეხედვით გულჩათხრობილი, თავის თავში კონცენტრირებული, საიდუმლოებებით მოცული ეკა ძალიან განსხვავდებოდა მოუთოკავი ემოციების, ზედმეტად გულახდილი ირაკლისგან. თუმცა, იმდენად დიდი იყო მათი ერთმანეთზე გავლენა, ხშირად ერთი ადამიანივით ლაპარაკობდნენ - ერთი და იგივე ფილმები მოსწონდათ, ერთი და იგივე მსახიობები, ერთი და იგივე ლექსის ზუსტად ერთი და იგივე კუპლეტი... არა, ეს ეკას ირაკლი არ იყო, რომელსაც გვანცა ადრე იცნობდა - ის არასდროს იზრდიდა წვერს, წყნარი იყო, მორიდებული და არც არასდროს აინტერესებდა გვანცას. ახლა კი - წვერმოშვებული, ნამთვრალევი, რომანტიული ირაკლი ნამდვილ “მშვილდოსნად” ქცეულიყო! “მოდი, გავინაწილოთ ირაკლი, როგორც ღვეზელი: წვერმოშვებილი ჩემი იყოს, უწვერო - შენი; მთვრალი ჩემი, ფხიზელი - შენი; გიჟი ჩემი, ჭკვიანი - შენი...” ესიზმრა: ყველანი ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ - გვანცა, ეკა, ირაკლი, კახა...
_ ირაკლის ბებიის პანაშვიდზე ყველანი მივიდნენ. სასწაულად პირველ იანვარს ყოფილა დაბადებული ზუსტად ერთი საუკუნის წინ (და პიველ იანვარს გარდაიცვალა). - რა მაგარი ბებია გყოლია! - გაუკვირდა გვანცას. - არ გამოდის... - ეუბნებოდა ირაკლი გვანცას. გვანცა ვერ ხვდებოდა, თურმე იმის თქმა უნდოდა, ემოციების ჩაქრობა არ გმოდისო... განსაკუთრებით ღამე ვარ ცუდად... ერთ საღამოს ეკა და ჩემი ძმა დარჩნენ ჩემთან, ეკას მინიშნებებით რაღაცას ვეუბნებოდი... ერთობლივიც კი ვახსენე... - ჩემზე უთხარი? - შენზე არა, ზოგადად, მაგრამ ალბათ ხვდება. კახაც კი ვახსენე და მისი ფრაზა “ერთგულება ოთხ ხმაში”... - გინდა, კახას გაგაცნობთ? - მე მართლა ერთობლივი სექსი კი არ მიგულისხმია...
_ ირაკლი მეტროსთან იდგა და ეკას ელოდებოდა, გვანცა რომ გამოვიდა და ირინას სახლისკენ გაუხვია. ირაკლიმ დაუძახა. გვანცა მიტრიალდა. ირაკლის დიდი ფიგურა კედელს გამოეყო და მისკენ გაემართა. - სპრაიტი გინდა? გვანცამ ბოთლი გამოართვა. - ეკა სად არის? - ველოდები. - მე ავალ და თქვენც ამოდით. ზემოთ უცნაური არეულობა დახვდა - ნათესავები, იმათი შვილები... ასეთი ირინა არასდროს ენახა - თმები აკეცილი და უშველებელი სამაგრით თავზე კოხტად მიმაგრებული, ბოლოკაბაში და ზიზილპიპილოებიან სვიტერში, ზემოდან კიდევ ჟაკეტი - “სუფთა ფუფალა! ასე ვინ გაპრანჭა?” - გაიფიქრა გვანცამ. თიკუნა კი - საყვარელი, სუფთა ცუგრუმელა! ჯინსებსა და მოკლე სურთუკში, ორი აპრეხილი ნაწნავით. ზარი დაირეკა და მიხვდა, რომ ეკა და იკა მოვიდნენ. გვანცას ლოდინი დაეზარა და დერეფანში გაიქცა მათ შესახვედრად. ეკას თავზე თეთრი, ფუმფულა კეპი ეხურა, ტანსაცმელი უკვე გაეხადათ, შავ როლინგსტონზე მოთრიმლული ტყავის ყავისფერი ჟილეტი და იგივე ფერის, უცნაური, მუხლებსზემოთ გაბერილი შარვალი ეცვა. კისერზე ტუტანჰამონის გამოსახულება ჰქონდა ჩამოკიდებული. - კავბოი! - შესძახა ირინამ მის დანახვაზე. ეკა გვანცას გვერდით დაჯდა. - ქუდი მეხუროს? - ჰკითხა, - ვინმეს ხომ არ შევაშინებ? მერე მოიხადა. რაღაცნაირი მოწყენილი სახე ჰქონდა, თვალები დასიებული, თითქოს ნამტირალევიც კი. - რა უნდა გეთქვა? - ჰკითხა გვანცას. - ტელეფონში რომ გითხარი?.. მერე გეტყვი. გვანცა ყველას თავის ახალ, წყლის საათს აჩვენებდა, სადაც ფერადი ბურთულები და “თევზები” დაცურავდნენ. მერე ირაკლის ათხოვა. რაღაც მომენტში გვანცას ხელი ეკას სკამის ზურგზე ედო და ირაკლიმაც სპეციალურად იქ დადო ხელი, გვანცას ხელს რომ შეხებოდა. “რა სიამოვნებას ანიჭებს ესეთი რამეები?” - გაიფიქრა გვანცამ, - “ეკას ზურგსუკან! ... კი ამბობდა, პირადი ფსიქოთერაპევტი მჭირდებაო..." თიკოსაც სულ ხელს კიდებდა და ეძებდა მასთან სიახლოვეს სიტყვით თუ შეხებით. გვანცა ასეთ რამეებს მნიშვნელობას არ ანიჭეებდა. ეკა კი მოწყენილი იყო და რაღაც ძალიან საწყლად გამოიყურებოდა, მის შემხედვარე გვანცას თვალები სტკიოდა - მხრებში მოხრილი, თავჩაქინდრული, გადახოტრილი... უპატრონო ბავშვს გავდა. ამის გამო გვანცა საშინლად გრძნობდა თავს. ირინა ტელევიზორის ოთახში გავიდა და სხვებსაც დაუძახა - მისი ფილმი უნდა ენახათ. გვანცას ირაკლისგან გადაედო, ახლა ისიც ყველას ხელს კიდებდა და ეფერებოდა. ირინას ნათესავს უთხრა, ძალიან საყვარელი ხარო, ირინასაც თავზე მოკიდა ხელები, ის კი თავის ტუტუც ჯგუფელებზე უყვებოდა რაღაცას. ფილმი იწყებოდა და გვანცამ ეკას დაუძახა, რომელიც ჯერ კიდევ მაგიდასთან იყო და ადგილიც გამოუნახა თავის გვერდით. ირაკლი აივანზე იყო, სიგარეტს ეწეოდა და ღიმილით მათკენ იყურებოდა. სანამ მეორე ფილმი დაიწყებოდა, წამოიშალნენ და ისევ დასხდნენ. აქ დაჯექიო, ირინამ ირაკლი სავარძელში დასვა გვანცას გვერდით. ირაკლი ეხებოდა გვანცას მხარს, თმებს და კისერს და ძეწკვს, რომელიც კისერზე ჰქონდა. გვანცას განსაკუთრებით ძეწკვზე მისი ხელის შეხება სიამოვნებდა და ირაკლიც თითქოს გრძნობდა ამას. - აქ არ უნდა დავმჯდარიყავი! - ირაკლიმ ამოიხვნეშა და წამოხტა. ფილმის მერე ნამცხვრებს “შეესივნენ”. ირინას ნათესავი ისევ თმებს ვარცხნიდა, რაღაცას უსვამდა თავზე სპეციალური პატარა ჯაგრისით, ვითომ უღებავდა. სახეზე წაუსვა - კრემები, წენები, ჩრდილები, რუმიანა, პომადა.. ქვაზე დახატულ ეშმაკს დაამსგავსა! ეკას თავი სტკიოდა და სახლში წასვლა უნდოდა. ირინასაც ძალიან ეცოდებოდა ეკა: - საწყალი, რა დღეშია! რა ვუყოთ ამ ბავშვს! წაიყვანეთ ეკა, წასვლა უნდა! ირაკლიმ - სანამ ირინას საბოლოო სახეს არ ვნახავ, ფეხს არ მოვიცვლიო! ამასობაში სხვებიც აიშალნენ, წასვლა უნდოდათ. ირინამ “ააფრინა ოფოფები”: - ნუ წახვალთ, ნუ მტოვებთ! იმისთვის გავლამაზდი, რომ მარტო დამტოვოთ? ნუ წახვალთ, ვიტირებ! გვანცა, შენც მიდიხარ?! გვანცამ არ იცოდა, რა ექნა. იფიქრა, როცა სხვები წავლენ, იქნებ ცოტა ხნით დავრჩეო, მაგრამ იმათი წასვლაც გაჭიანურდა და მეტს ვეღარ დარჩებოდა. ირინა კი: - სიგარეტი მინდა! ვის უნდა სიგარეტის მოწევა? - მე ყოველთვის მინდა, - თქვა ირაკლიმ და აივანზე გავიდნენ. გვანცა და ეკა თიკოს ოთახში ელოდებოდნენ, რომელიც სიბნელეში ძალიან ლამაზი იყო. ცისფერ აბაჟურიანი სანათურის ფონზე ძალიან ნაზი, გარდამავალი ტონალობები იქმნებოდა თეთრს და ცისფერს შორის. - აღარ ამთავრებენ? - თქვა ეკამ, - რაღაც ძლიან ბევრს ჭუკჭუკებენ! გამოვიდნენ და ირაკლი დაპირებოდა ირინას, დავრჩებიო და ირინა გახარებული იყო. მერე ყველანი გარეთ გაცვივდნენ - წამსვლელებიც და გამცილებლებიც. გვანცამ ეკა ჩააცილა მეტროში. გვერდით მიყვებოდა და ფეხს რაღაც უხერხულად ადგამდა - შავი, სქელლანჩიანი ტრაქტორები ეცვა. - კოჭლობ? - ჰკითხა ეკამ. - კი, ლუციფერი ვარ! - გაიცინა გვანცამ. - რა უნდა გეთქვა? “მართალია, ეკა მოწყენილია, მაგრამ რომ არ ვუთხრა, არ შემიძლია,” - გაიფიქრა გვანცამ. არც ის უნდოდა, ირაკლის ჩაშვება გამოსვლოდა, ამიტომ, “ირაკლი მომწონსო,” - უთხრა. - რამე იყო თქენს შორის? - ჯერ ისეთი არაფერი... - კარგია, რომ მითხარი. - აბა, წავედი. გვანცა გამოტრიალდა, ხელი დაუქნია ეკას და ხტუნვა-ხტუნვით უნდოდა აერბინა კიბეები, მაგრამ იფიქრა, შეიძლება ეკამ შემატყოს, რომ მიხარიაო და თავჩაქინდრული, წელში ოდნავ მოხრილი, ნელ-ნელა აუყვა კიბეს, ვითომ ძალიან მოწყენილი იყო. ეკა მართლაც უყურებდა, როგორ ადიოდა გვანცა კიბეებზე და შეეცოდა გვანცა.
_ მარტო დარჩენილი ირინა და ირაკლი ჯერ ისევ ერთმანეთს აქებდნენ: - ძალიან ლამაზი ხარ, ასეთი გალამაზებული არასდროს მინახიხარ! - აღტაცებული იყო ირაკლი. - რა ყურადღებიანი ხარ, ნამდვილი მეგობარი, ჩემი მაგრად გესმის არა მარტო მუსიკაში, ყველანაირად! ირინას ოთახში აგრძელებდნენ ქეიფს. ირაკლიმ ირინა ადღეგრძელა, მერე ეკა და გვანცა. - ორივეს ერთად ადღეგრძელებ?! - გაუკვირდა ირინას. - ორივე მიყვარს! - თავი ვერ შეიკავა ირაკლიმ. - ეგ როგორ?! - ორივე ძაან მიყვარს, თითქოს ორი გული მაქვს... თითქოს სხეულის ორივე მხარე ერთნაირად მტკივა...
_ - ორივე მხარეს გული აქვს! - მეორე დღეს ირინა უყვებოდა გვანცას, - აქაც სტკივა, იქაც... აქაც გული აქვს, იქაც გული აქვს! მუცელშიც გული აქვს! ტრაკშიც გული აქვს! - იცინოდა, - ისე, მართლა ძალიან ემოციურია, თან ემოციების გამოხატვის გახსნილი, გულწრფელი მანერა აქვს. ამ მხრივ შენ და ეკა უფრო “კავბოები” ხართ. თან ყველაფერს რომ ლაპარაკობს! - კახა პირიქით იყო, ემოციებს არ გამოხატავდა. - ირაკლი ჯობია კახას, კახას ალბათ სერიოზული გრძნობების უნარიც კი არა აქვს. - ირაკლი ყველას მიმართ ყურადღებიანია... - ამიტომაც მომწონს, თუმცა ძაან ემოციური რომ არ იყოს, სხვანაირად ვიფიქრებდი. თან თითქოს სულ ეძებს თუ ეძებდა რაღაცას. არადა, მე რომ ვიყო მასე, გასაგებია, მაგრამ მაგას ხომ ეკა ყავს! ისე, თავიდან თითქოს ყველას ერთნაირად „გვეპადხოდებოდა“, ახლა კი ჩვენთან აშკარა მეგობრული დაიჭირა. “ამდენ ქალებში ერთად იცი რა ძნელიაო!” - გაიცინა ირინამ. - მეც ასე ვფიქრობდი, რომ სიტუაციის გამო ჰქონდა გართულებები. თავიდან მეგონა, შენ მოსწონდი... - მაგას საერთოდ ხელოვანი და საინტერესო ქალები მოსწონს და თუ ცოტას გაიხსენი, შეყვარების ტენდენცია აქვს. ამიტომ მე მეტად აღარ გავხსნილვარ. - შენ არ მოგწონდა? - ჩემს სტილში არ არის. - კახაზეც მაგას ამბობდი. დიდი მაიმუნი ხარ, ნებისმიერი წყლიდან მშრალი გამოდიხარ! მე კიდევ... რა ბედი მაქვს! - მე რა ბედი მაქვს!. - აყვა წუწუნში ირინაც. - მე მინდა, სამივე კარგად ვიყოთ. - ეგ არ გამოვა, ვიღაცა ცუდად უნდა იყოს... ან ერთობლივი სექსი... - მართალია, ან მეგობრობა - ორი ვარიანტია. ირაკლის პირველი ურჩევნია, მე - მეორე.
_ ეკა და ირაკლი ერთად იყვნენ. - გვანცაზე მინდა გელაპარაკო... - რა გინდა მითხრა, რომ ლამაზი თვალები აქვს? - ხომ იცი, შენთვის არასდროს მიღალატია... ხომ იცი, მიყვარხარ... მაგრამ გვანცას მიმართაც მაქვს გრძნობები... ამ გრძნობების მოთოკვა არ შემიძლია! - რა გრძნობები? გაღელვებს?.. ფიქრობ?.. ირაკლიმ თავი დაუქნია, - სხვანაირად არ გამომდის. - როგორ, როგორ დაიწყო? ირაკლიმ ყველაფერი მოუყვა გვანცას დაბადების დღიდან დაწყებული. - სულელები ხართ, არანორმალურები! რამდენი წლისები ხართ? ასე მგონია, მე თქვენზე დიდი ვარ! - ცუდად ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე... გული მტკივა, სხეული შუაზე მეხლიჩება!.. ოღონდ არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებთ... - კარგი, გეყოფა, დაწყნარდი... ისიც ჩემი მეგობარია და შენც. მე ის ადამიანი არ ვარ, სხვისი ემოციები აბუჩად ავიგდო... სხვა რამე რომ ყოფილიყო, საკადრის პასუხს გაგცემდი... და საერთოდ, ნორმალურ ადამიანებთან რომ მქონდეს საქმე!... სხვები რომ გაიგებენ, მე ხომ შემჭამენ, თქვენ - კიდევ უარესი... - გვანცას გარეშე არ შემიძლია... არც შენს გარეშე... ცუდად ვარ... რა ვქნა... შენ რას მირჩევდი? - მე რა გირჩიო, თქვენ უნდა გაერკვიოთ თქვენს გრძნობებში!.. თაგვმა თხარა, თხარაო, უცხოპლანეტელი გამოთხარაო! - ხუმრობის ხასიათზე დადგა ეკა, - რატომ ჩაიგდე, შვილო, თავი მაგ მდგომარეობაში, რა გრჯიდა! - შენც მიყვარხარ და გვანცაც... - გათამამდა ირაკლი. - მასე არ შეიძლება, ერთი უნდა გიყვარდეს... უნდა გაერკვიო შენს გრძნობებში... გვანცასთან, როგორც მითხარი, ჯერ ახლო ურთიერთობა არ გქონია... რა იცი, როგორ იქნებით... - გეყოფა ვაჟკაცობა ეგ გვანცას უთხრა? - მე გინდა, საქმე ჩამაწყობინო?! კარგი, თუ გინდა, ვეტყვი.
_
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|