| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 6 მაისი, 2025 |
აღთქმული მიწის განმარტებისთვის ამონარიდი ალექსანდრეს და თემურის ნაშროპმიდან "კვლევა ბაშპლემის ფილის უძველესი ტექსტის წაკითხვის შესახებ"
რატომ აღმოჩნდა ფილა საქართველოში
გავიხსენოთ ლეგენდა, უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე, განაწილებაზე რომ დააგვიანეს ჩვენმა წინაპრებმა. უფალმა მადლი გაიღო და ქართველებს საკუთარი საუფლო გვიბოძა დედამიწაზე. ის ადგილი, სადაც დღესაც ვსახლობთ.
ისტორიკოსთა ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ებრაელი ერის შემოსვლის ყველაზე უადრესი თარიღი უნდა განეკუთვნებოდეს ძ.წ. მე-8 საუკუნეს. შემდეგი კი ნაბუქოდონოსორ II - ის მეფობის პერიოდს და ა.შ. თუმცა ჩვენი ვერსიით ეს შემოსვლა გაცილებით ადრე მომხდარიყო, ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისში (ფილის სვაარაუდო ასაკი), თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით. აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას გვიჩენს სხვადასხვა ისტორიული წყაროებისა და ბიბლიური ჩანაწერების ურთიერთშედარებითობა, რის შედეგადაც ჩვენს ხელში აღმოჩნდა უტყუარი ფაქტების ერთობლიობა, რამაც მართებულ დასკვნებამდე მიგვიყვანა. ეს არ მომხდარა კვლევის ერთიანი, თანმიმდევრობითი პროცესის წარმართვისას. მოხდა ამ საკითხებთან მიმართებით ნაწილ-ნაწილ მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერების ხარჯზე. ჯერ კიდევ „გრაკლიანი გორის“ დამწერლობითი არტე-ფაქტების გაშიფვრაზე მუშაობისას. გარკვეული ინფრომაცია, თუმცა არაპირდაპირ ბმაში გაშიფვრის პროცესთან, ოღონდ მოძიებული იმის გამო, რომ ეხებოდა ჩვენს ქვეყანასა და აღნიშნულ ეპოქას, ავიღეთ „ფესტოსის დისკოს“ გაშიფვრის შესახებ ჩვენი კვლევიდანაც, სხვები, ასევე ჩვენი სხვა ნაშრომებიდან, შევაჯერეთ, გავამყარეთ არგუმენტებით და „დაფარულს“ ფარდა ავხადეთ. გაგვაოგნა უცხოელ ისტორიკოსთა მხრიდან განხორციელებულმა გაყალბების ფაქტებმაც და მასშტაბებმაც.
გავიხსენოთ, რას ეუბნება მოსე თავის ხალხს აღთქმულ ქვეყანაზე: „აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკვდრეთ ქუეყანაი იგი, რომლისათვის ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა. გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა, ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა“ (მეორე რჯული, 1;7-9).
გავიხსენოთ ესეც: „რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკვდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაი იგი და მოვიდენ, მოგვითხრან ჩუენ საზომი გზისაი მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკვიდრებად მათ შინა“ (მეორე რჯული, 1; 21-22).
შემდეგ მოსე განაგრძობს: „და თქუენ არა ინებეთ აღსლვაი, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა. და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთვის გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგვიპტელთაისა მიცემად ჩუენდა ხელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ“ (მეორე რჯული, 1;26-27).
მოსე საყვედურობს თავის ხალხს ღმერთის გმობის გამო და შეახსენებს მათ იმასაც, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა, რატომაც არ ისურვეს, რისთვისაც დაისაჯნენ. „და შეესმა უფალსა ხმაი სიტყვსა თქუენისაი და განრისხნა, ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაი იგი კეთილთაი, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა, გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაი იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა. და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხვიდე მუნ, გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკვიდროს იგი ისრაჰლსა და ერისა თქუენისაგანმან” (მეორე რჯული 1; 34-38).
მაშასადამე, მოსესა და მის ხალხს უფალი ეუბნება, რომ ქალებ იეფუნეს ძის გარდა, ვერავინ შევაო მის მიერ აღთქმულ ქვეყანაში, მხოლოდ ის იხილავსო მას. ასევე იხილავენ იმ ქვეყანას მისი შვილებიცო, რომელიც ქალებმა მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყოო, ანუ ქალებ იეფუნეს ძემ მოიარა საქართველოს ტერიტორია. მოსეს მიერ აღთქმული ქვეყნის მოსანახულებლად წარგზავნილთა შორის გახლდათ იგიც. ასევე, უფალი ამბობს შემდეგსაც: „ამ უკეთური მოდგმიდან ვერავინ იხილავს იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვიო“, ანუ ქალებისა და მისი შვილების გარდა, დანარჩენი ვერავინ იხილავდა აღთქმულ ქვეყანას. მერე კი მიმართავს მოსეს: ,,იესო ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევაო იქ. გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის“.
აქ, მცირე წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ტექსტების შინაარსი. თუ ქალებისა და მისი შვილების გარდა ვერავინ იხილავდა აღთქმულ ქვეყანას, იესო ნავეს ძე დანარჩენ ხალხთან ერთად, როგორ შეძლებდა იქ შესვლას? ღმერთმა ხომ „ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაი იგი კეთილთაი, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთაო’ (მეორ. რიცხ. 1; 35)?
სავარაუდოდ, იესო ნავსეს ძესთან მიმართებით, საუბარია არა იმ აღთქმულ ქვეყანაზე, რომელიც იხილა ქალებმა, არამედ ახალ ტერიტორიაზე (ქვეყანაზე), რომელსაც დაიპყრობდა ნავესი და იქ დაამკვიდრებდა თავის ხალხს, რადგან, კიდევ ერთხელ განვმეორდებით: მათ, რომლებიც იესო ნავესის ძესთან ერთად შევიდნენ იერუსალიმში, ღმერთი აღთქმულ ქვეყანაში არ შეიყვანდა. ეს, რომ ასეა, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.
ახლა კი გავიხსენოთ აღთქმული ქვეყნის შესახებ ცნობები: „რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა, ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენახოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა, ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი (მ.რ. 8; 7-9).
დავიწყოთ მდინარეებითა და წყაროებით: ასეთი ბუნებრივი პირობები ისრაელში არ არსებობს. მთად და ბარად მდინარეები და წყაროები მოედინებიანო, ეს ხომ არათავსებადი ცნობებია აღნიშნულ ტერიტორიასთან მიმართებით? სამაგიეროდ მიესადაგება საქართველოს ტერიტორიას, მთებით, ველებით, მდინარეებითა და წყაროებით, მათი რაოდენობით, მრავალფეროვნებითა და სიუხვით.
ამ ფაქტების არგუმენტირებისას, შეიძლება საპირისპიროდ დადგეს სამიათასწლიანი დროის ფაქტორის გათვალისწინების შესახებ საკითხი, მაგრამ ისტორიული, გეოგრაფიული და ა.შ. სხვა წყაროები, ბუნებრივი კლიმატური კატაკლიზმების შესახებ პროცესს, აღნიშნულ ეპოქაში არ გვაუწყებენ, ამასთან, რაღაც განსხვავება დასაშვებია, ოღონდ მოცემულობით „რბილი კლიმატური“ პირობები, გადახრით წარსულისკენ, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის აღნიშნულ ცნობებს.
შემდეგი: ეს არის ასევე ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, ბროწეულისა და თაფლის ქვეყანაო, თუმცა თანამედროვე ქართული ბიბლიური ტექსტის აღნიშნულ ჩამონათვალში, გვხვდება, აგრეთვე ზეთისხილიც, რომელიც წარმოდგენილია ბერძნულშიც და თანახშიც, ამიტომ ზეთისხილსაც „დავდოთ პატივი“.
დავიწყოთ ჩამონათვალში მოცემული სახეობების სათითაოდ განხილვა:
- ხორბალი და ქერი. მოკლედ გავიხსენოთ მათი წარმოშობის ისტორია. ხორბლის 27 სახეობიდან 14 ქართულია. ამათგან კი ხუთი ენდემური. ხორბლის დანახშირებული მარცვლები აღმოჩენილია სამარხებში, კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას (ძვ.წ. V-IV ათასწლეოლი). ხოლო, რაც შეეხება ქერს, ეს საკითხი ვრცლად გვაქვს განხილული ჩვენს კვლევაში „გაშიფრული უძველესი ქართული წარწერები“ და წარმოგიდგენთ ამონარიდს:
„ქერი უძველესი ქართული მცენარეული კულტურაა. ველურად იზრდებოდა კავკასიაში. ბერძნულად (κρῑθή), ლათინურად (Hordeum L.). სულხან-საბა - ქრთილი;
თანამედროვე მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი ქერის კულტურასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულის ნათესია ქერი, ხოლო შემოდგომისა კი ქრთილი, თუმცა ივ. ჯავახიშვილი ამ აზრს არ ემხრობოდა და, თვლიდა მათ ერთ სახეობად. მას არგუმენტად მიჰყავდა ლათინური hordeum და ბერძნული (κρῑθή) კრი - კრითე ანუ ქართული გამოთქმით - ქრი (ქრითე). დასახელებები. ამ ენებში ქერი ერთი სახელითაა ცნობილი.
აქვე, გავუსვამთ ხაზს იმ გარემოებას, რომ წინარებერძნულში არ არსებობდა ასო-ნიშანი ,,ქ“ და ის, როგორც ,,კ“ ისე გამოითქმებოდა.
ო. კახაძის აზრით კი „ქრთილი“ შედგენილია ორი - „ქრ“ (ქერ) და „თილ“ სიტყვისაგან, რომელიც სახეცვლილი ერთ-ერთი პურის ჯიში - დოლია“ ((კახაძე ო. გამოც. 1987 გვ. 48). ასევე, ჩვენი აზრით, ბიბლიური „შინყარი“, „სენაარი“ დაკავშირებული უნდა იყოს ქერთან, რომელსაც შუმერები თავთავით გამოსახავდნენ. მოვიტანოთ ქერის განმარტება შუმერული ლექსიკონიდან (ვერსია 3.0 ჯონ ა. ჰალორანი; Sumerian Lexicon Version 3.0 by John A. Halloran).
Še ... ñar: to sow barley; to buy with barley ('barley' + 'to deliver, deposit') še...ñar: ქერის დათესვა; ქერით ვაჭრობა (ქერი + მიწოდება, შეტანა); š - (შ) ან (ს) še - (შე) ან (სე) še - ქერი ñ - (ენე) ან ŋ - (ნა) ñar - ენეარ ან - ნაარ še - ქერი; ñar – დათესვა, ყიდვა (მიწოდება, შეტანა); še - ñar - შე - ენეარ - შე - ნაარ - სე - ენეარ - სე - ნაარ
გამომდინარე še...ñar:-ის მნიშვნელობიდან (ქერის დათესვა; ქერით ვაჭრობა; ქერი + მიწოდება, შეტანა), წარმოგიდგენთ ვერსიებს: ქერის დათესვის ქვეყანა; ქერით ვაჭრობის ქვეყანა; ქერის მიწოდების ან შეტანის ქვეყანა;
ქერის ქვეყანა, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორია. კავკასიაში ქერი ველურად იზრდებოდა, მისი მოხმარება უძველესი დროიდან დაიწყო ადამიანმა. მისგან პირველი ლუდიც დაახლოებით 11,0 ათასი წლის წინ მოხარშეს, ოღონდ არა შუმერებმა, ნატუფიელებმა” (ციტატის დასასრული ჩვენი ნშრომიდან „გაყალბებული საქართველოს ისტორია“) .
- ვენახი (ვაზი). ეს კულტურა, რომ ქართული ენდემური ჯიშია, ამაზე უკვე არავინ დაობს. ამ საკითხზეც წარმოგიდგენთ ამონარიდს ჩვენი წიგნიდან „უძველესი ქართული სამზარეულო“:
„საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჩასახვა ნეოლითის ეპოქაში მოხდა. ამაზე მიუთითებს მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ფაქტი. ამ მხრივ საყურადღებოა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მარნეულის ველზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწების ასაკი - ძვ. წ. მე-7 ათასწლეული. ეს წიპწები განეკუთვნება ენეოლითის პერიოდს და აღნიშნული არტე-ფაქტი, არ არის გამონაკლისი. დიხა-გუძუბაშში ანაკლიის ტერიტორიაზე, ასევე იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკიც მცირედით, სულ რაღაც ათასი წლით ახალგაზრდაა.
2007 წელს მარნეულის ველზე, ნამოსახლარის ახალი გათხრების შედეგად, ისევ იქნა აღმოჩენილი ვაზის რამდენიმე წიპწა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს უძველესი წიპწები ვაზის კულტურულ სახეობას - Vitis Vinifera Sativa-ს მიეკუთვნებოდა. ხოლო თიხის ჭურჭლის ერთ-ერთი ფრაგმენტის ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა ღვინის მჟავას კალციუმის მარილის კვალი, რომელსაც ღვინო ან ყურძნის წვენი (ბადაგი) შეიცავს.
არქეოლოგიური აღმოჩენები კიდევ უფრო გაამდიდრა თანამედროვე ვაზის ჯიშების პირველი წინაპრის აღმოჩენამ. საქართველოში მიაკვლიეს ველური ვაზის ჯიშს - კრიკინას, რომლის მეცნიერული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ იგია ყველა ვაზის წინაპარი ... გარდა ამისა, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიც გაკეთდა, უძველესი ქვევრები, მარნები, საწნახლები, თიხის, ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ფიალები მოპოვებულია ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში.
ამათგან საყურადღებოა ალაზნის ველის ძვ.წ. III-II ათასწლეულის სამაროვნები. ბაგინეთის (მცხეთის რაიონი) ძვ. წ. IV-III ათასწლეულის კერამიკული ჭურჭელი, მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები, ვარძიის ორმაგკედლიანი ქვევრი (ხვდებით ალბათ, პატივცემულო მკითხველო! ეს რასაც ნიშნავს - პირველ თიხის თერმოსს) და სხვ.
ყველაფერ ამას, ერთგვარ გვირგვინად თავზე ადგას წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი - სიწმინდე ქართული სარწმუნოებისა, რომელიც ასევე გახდა ერის იდენტიფიცირების სიმბოლო.
უფრო მნიშვნელოვანი და ეპოქებში გამოტარებული, სხვა რა უნდა დაგიტოვოს შენმა წინაპარმა, ვიდრე ვაზი და ღვინოა? ... რამდენად საამაყოა ეს ფაქტი! ...“ (ციტატის დასასრული. ნაშრომიდან „უძველესი ქართული სამზარეულო“).
- ლეღვი. ვიდრე მასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას, აუცილებლად ხაზგასასმელია შემდეგი: საქართველო, როგორც ფლორისა და ფაუნის ბევრი სახეობის სამშობლო,თითქმის არცერთ შესაბამის ლიტერატურაში - ელექტრონულში, ანდაც მატერიალურში, ღირსეულად არ არის წარმოდგენილი, თუ არის, ისიც ჩამონათვალის ბოლოში, სხვებზე, ე.წ. დანამატის სახით ან ზოგადი განმარტებით - დასავლეთ აზია, ანდაც შავიზღვისპირეთი და ა.შ.
ეს ტენდენცია, ჩვენ ხორბალთან დაკავშირებითაც შევამჩნიეთ. 27 სახეობიდან 14 ქართულია, აქედან კი 5 სახეობა არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხარობდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თავი შევიკავეთ, ერთეულ უზუსტობად მივიჩნიეთ. ახლა კი ამას აქ, არ „გავატარებთ“, მოვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, რადგან თანამედროვე დროშიც „მშვენივრად“ გრძელდება გაყალბებისა და ტყუილების პროცესი.
ცნობილი რუსი მეცნიერი ნიკოლაი ვავილოვი თვლიდა, რომ ამიერკავკასია უნდა განხილულიყო ლეღვის წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთ ცენტრად, რადგან მისი მოშინაურების ყველა ფაზა ჩანდა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ველური, გარდამავალი და თანამედროვე მეხილეობაო ... სხვა, მრავალ წყაროში, არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი საქართველოზე - კავკასიის გულზე. საინტერესოა, ვის რაში სჭირდება ამგვარი სიყალბე? ... ბრმას ცოლი რომ მოუკვდა, არ ვუთხრათო!... ამ იუმორს გვახსენებს ეს ფაქტი.
- ბროწეული. ისევ ვავილოვი, რომელმაც დაადგინა კულტივირებული მცენარეების წარმოშობის ცენტრები. იგი ბროწეულის კულტურის გაჩენას უკავშირებს კულტივირებული მცენარეების წარმოშობის დასავლეთ აზიურ ცენტრს. მოიცავს შიდა აზიას, ამიერკავკასიას, ანუ მათ შორის საქართველოს, ირანს და მთიან თურქმენეთს. სწორედ აქ არის თავმოყრილი ველური ბროწეულის და კულტურული ფორმების უდიდესი მრავალფეროვნება.
ბევრი მკვლევარი, მაგ: ა.დეკანდოლი ამბობდა, რომ ბროწეულის კულტურის წარმოშობა უნდა მიეწეროს ყველაზე შორეულ პრეისტორიულ საუკუნეებსო.
სხვადასხვა ისტორიული და სალიტერატურო წყაროები მიუთითებენ, რომ ბროწეულის თანამედროვე ფორმები წარმოშობილია აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან და მასთან ახლო მდებარე ტერიტორიებიდან. საქართველო კი, არამარტო აღმოსავლეთ ამიერკავკასიასთან ახლო მდებარე ტერიტორიას წარმოადგენდა უძველეს საუკუნეებში (ძვ.წ. 28- ს.), არამედ თავად იყო მთელს სამხრეთკავკასიაში ძლევამოსილი ქვეყანა, ორ ზღვას შორის მდებარე. - ზეთისხილი. საქართველოში ამ მცენარის 60-ზე მეტი ჯიში არსებობდა. უცხოურ წყაროებში აქა-იქ ეს ინფორმაცია მითითებულია. მისი წარმოშობა უკავშირდება სამხრეთ კავკასიას, ირანის მაღალმთიანებამდე, სირიისა და პალესტინის ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე.
- თაფლი. საქართველოში, კერძოდ, ბორჯომის ტერიტორიაზე (საკირე) აღმოჩენილ სამარხში, მიაკვლიეს დაახლოებით ხუთიათასი წლის წინანდელ თაფლს, მოთავსებულს თიხის ჭურჭელში.
ქართული თაფლი ტუტანჰამონის აკლდამაში აღმოჩენილ ეგვიპტურ თაფლზე უფრო ძველია, რომელიც ყველაზე უხნესად მიიჩნეოდა აქამდე.
თაფლის შესახებ ცნობები მოიპოვება ქსენოფონტესა და სტრაბონის ისტორიულ მასალებშიც, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოში. მართალია, მოგვიანებითი საუკუნეებია, ვიდრე მოსეს პერიოდი, მაგრამ საერთო სურათის შესაქმნელად, სრულიად შესაბამისი.
- რკინა. კავკასიასა და ზოგადად ანატოლიაში, შავი ზღვის აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სახლობდნენ ხალიბები. რკინის ხანის დასაწყის პერიოდად ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს ძვ.წ. 1200 წელს, თუმცა კაცობრიობა რკინის ნაკეთობებს უფრო ადრინდელ ეპოქებშიც ქმნიდა.. ეს იქნებოდა მეტეორიტული (რკინის მძივები. ძვ.წ. 3200 წ.) თუ მადნეული (Kaman-Kalehöyük ძვ.წ. 2200-2000 წ.წ.) წარმოშობისა.
Kaman-Kalehöyük-ის არქეოლოგიურ პროტოხეთურ ფენაში აღმოჩენილი რკინის ფრაგმენტები, ტერიტორიულად ხალიბთა განსხლების ადგილებიდან, არც ისე შორს მდებარეობს. ამასთან, ურეკში, მთელი სანაპირო ზოლი დაფარულია ე.წ. მაგნიტური ქვიშით, რომლისაგანაც ამ ახლო პერიოდში, უძველესი ტექნოლოგიის გამოყენებით, გამოდნობის შედეგად მიიღეს რკინა. სავარაუდოდ, ჩვენი წინაპრებიც ამ ქვიშას რკინის გამოსადნობად გამოიყენებდნენ. შესაბამის ღუმელში, ასევე შესაბამის ტემპერატურაზე გამღვალ ნადნობს სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ.
- სპილენძი. აღნიშნული ლითონის საბადოემიც არაიშვიათად გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე. მეტიც, კალასთან მისი შენადნობი წარმოადგენს რვალს (ბრინჯაოს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს მეტალიც მოიპოვებოდა უძველეს დროში საქართველოს ტერიტორიაზე.
სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო მდებარეობს მადნეუილის ტერიტორიაზე (ბოლნისი). სპილენძის საბადოები, ასევე მდებარეობდა ოფიტარა-ოყურეშის ტერიტორიაზე (ცაგერი) და ა.შ. ლითონის უძველესი სადნობი ღუმელები აღმოჩენილია ჭიქელაშის, ოყურეშის, შავბინულას, გრაკლიანის (II ათასწლეულის ბოლო) და ა.შ ტერიტორიებზე.
დამატებითი ინფორმაცია უკან დაბრუნებულმა წარგზავნილებმა, მოსეს ასეთი ამბავი ჩაუტანეს: „მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი. არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ “ (რიცხვნი 13; 28-29).
შემდეგ ქალებმა გააჩუმა თავისიანები და თქვა: „და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკვდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ. და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად. და განთქუეს გმობაი მის ქუეყანისაი, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაი იგი შემჭამელი მკვდრთა მისთაი არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ. და მუნ ვიხილეთ გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე (რიცხვნი 13; 31-34)“.
მათი ქალაქები ზღუდეშემოვლებულია და მრავალრიცხოვანიო, კალიებს ვგავდითო მათ წინაშე, ჰასაკგრძელნი არიანო, ანუ დიდ ასაკამდე ცხოვრობენო ... ვერ მოვერევითო მათ ქვეყანას, ვერ დავიპყრობთო.
ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ქალაქების შეუვალობა, მათში მცხოვრები ხალხის ერთგვარი საერთო პორტრეტიც კია აღწერილი: გმირები, ხანგრძლივად მცხოვრებნი, ახოვანნი.
ვისც არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, არ იცნობს მის ისტორიას, არ ჰქონია შეხება ქართველთან, როგორც ეთნიკურ ინდივიდთან, ტრადიციებთან და ა.შ. იგი, გეოგრაფიული თუ ბუნებრივი პირობებით, ასევე მოცემული ყველა სხვა მახასიათებლით, ზემოთ წარმოდგენილ აღთქმულ მიწას, პირდაპირ, თუნდაც ირიბად, ვერ გააიგივებს ქართლოსიანთა ქვეყანასთან, მაგრამ პირიქით - ყველა.
ჩვენი ვერსია გავიხსენოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა (2008 წელი. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი). მწყემსებმა იპოვეს გიგანტური არსების ძვლები, რომელთა შემდგომმა კვლევამ დაადასტურა, რომ ისინი HOMO SAPIEN-ს ეკუთვნოდა. ძვლების ასაკი დაახლოებით 25,0 ათასი წლით განისაზღვრა, თუმცა მათ შესახებ არსებოს წარღვნიშემდგომი პერიოდის ცნობებიც.
ასევე, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა შირაქის ველზე - დიდნაურის ნაქალაქარი. მისი ასაკი დაახლოებით ძვ.წ. მე-13 საუკუნეა. არქეოლოგებმა მიაკვლიეს სხვადასხვა არტე-ფაქტებს. იარაღს, თიხის ნაკეთობებს, საბეჭდავებს და ა.შ. სამაროვნებში აღმოჩნდა ადამიანების ძვლები, რაც ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ, სხვა უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებზე აქ არ ვფოკუსირდებით.
სავარაუდოდ ამ ადამიანთა სიმაღლე ორმეტრამდე უნდა ყოფილიყო. მართალია ეს არ გახლავთ გიგანტური, მაგრამ ზოგადად, ადამიანისთვის არადამახასიათებელი სიმაღლეა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. საშუალო სიმაღლის ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ მოსეს წარგზავნილებს „კალიებივით ვჩანდითო“, რომ განაცხადეს. გიგანტური (გოლიათი) ადამიანების შესახებ ინფორმაცია გვხვდება სვანურ ზღაპრებსა და მითებშიც. თავად მოგვისმენია, იმერულ-სვანური წარმოშობიდან გამომდინარე, ბებეს ზღაპრები, ასეთ ადამიანებზე. ასევე ბაბუა მელიტონ გაბიანისა. ადგილსაც მიგვითითებდა სოფ. შკედის სიახლოვეს, ჭითხაროს მთის კალთებზე, დღემდე სახლობენო იქ ... ეს იყო გასული საუკუნის სამოციანი წლები.
ახლა კი, მთავარი: მოსეს წარგზავნილები, კონკრეტულად ქალები, საქართველოში სავარაუდოდ შემოვიდა შავი ზღვის სამხრეთის მიმართულებიდან (სამხრეთი ანატოლია), საიდანაც მიაღწია კახეთამდე და ასევე დიდნაურამდეც.
ძვ.წ. მე-13 საუკუნეში, პლუს-მინუს რამდენიმე საუკუნე, საქართველო რომ ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, გადაშლილს ქართველთა (გურგანიის) ზღვიდან (კასპიის ზღვა) შავ ზღვამდე (პონტოს ზღვა), ეს საკითხები საფუძვლიანად და არგუმენტირებულად განხილული გვაქვს ამ ნაშრომშიც და „გაშიფრულ უძველეს ქართულ წარწერებშიც“.
გზად მრავალი ღელე, წყარო თუ მდინარე შეხვდებოდა ქალებს. ალბათ ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან კიდეც მიიღო ინფორმაცია აქაური ბუნების შესახებ, მცენარეებზე, მოსავლიანობაზე და ა.შ. მათი ნაყოფის რაღაც ნაწილი, ჩაუტანა კიდეც მოსეს ფაქტად თუ ნიმუშად.
რა გვაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას? ზემოთ განხილული ფაქტები (მაღალი ადამიანები, ციხე-სიმაგრეები და დიდი, ქალაქის ტიპის დასახლებები, ვაზი, ხორბალი და ა.შ), ასევე, თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობები, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ: „წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულითა რიცხვთა 4023, რომაულითა იულიოსის რიცხვთა 3228, ქართულსა ქორონიკონს მეერვისა მოქცევისასა 395, მოუვიდა ქართლოსიანთა ამბავი, რომელ ისრაილთა, განვლესო ზღუა მეწამული მოსეს მიერ; მაშინ მამასახლისთა და ყოველთა მათ წარმართთა ერთა ივერიისათა აქეს ღმერთი ისრაილისა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 81-82).
გამოვთვალოთ ქართული ქორონიკონით, იგივე იქნება ბერძულითაც და რომაულითაც, მეწამული ზღვის გავლის წელი, მოსესა და მისი ხალხის მიერ და მივუსადაგოთ თანამედროვე კალენდარს.
7მოქც. X 532 = 3724. ამ რიცხვს დავუმატოთ მეერვე მოქცევის 395, რაც ტოლია 4119 წლისა. ახლა, ეს რიცხვი გამოვაკლოთ 5604 წელს, სოფლის დასაბამს. მოგვცემს შემდეგ მონაცემს: 5604 – 4119 = 1485 წელს, ანუ ძვ.წ. 1485 წელს. მაშასადამე, ამ წელს მოუვიდათ ამბავი ქართლოსიანებს, რომ მოსემ და მისმა ხალხმა განვლო მეწამული ზღვაო. ამასთან, შესაძლებელია იმავე წელს ჩამოვიდა ეს ამბავი საქართველოში - ძვ.წ. 1485 წელს.
შემდეგი: „მოსეს მიერ ისრაელთა ერისა მეწამულის ზღვით განყვანება ეგვპტით იქმნა უწინარეს ქრისტეს მოსვლისა წლითა 1485. ხოლო რიცხვნი ესე ზემორენი ბერძული და რომაული შესწორებულ არს ამა რიცხვსა თანა და ესე მოსეს მეწამულის ზღვით განვლის რიცხვი შეწონებულ არს საეკლესიოსა ხრონალოღიისა რიცხვსა თანა.
ესე მოთხრობა აქა მიღებულ არს ეგიპტის ისტორიისაგან და სხვათა და სხვათა მეისტორიეთა მსოფლიოთა, საზოგადოსა მსოფლიოთა მომთხრობელთა სეზოსტრის ივერიად მოსვლაი და კოლხიდის ერთა მეგიპტელთა დასახლება, მაგრამ არა თუ დედაწულით ერნი მეგიპტელნი დასახლებულ იქმნეს მხედრობისაგან სეზოტრისა დაშრეს კოლხიდას რაოდენიმე რიცხვთა და იგინი აღერივნეს კოლხელთა შორის“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 81-82).
ვიდრე სეზოსტრისთან დაკავშირებით თხრობას განვაგრძობთ, აქვე შევეხოთ ერთ საკითხს, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს თეიმურაზ ბატონიშვილი. ეს არის ბერძული და რომაული კალენდრების თავსებადობა ქართულ ქორონიკონთან. ამ შემთხვევაში თეიმურაზ ბატონიშვილი განმარტავს შემდეგს: სოფლის დასაბამი ქართული საეკლესიო კალენდრით აიღება 5604 წლით. ხოლო, ბერძულით კი 5408 წლით. განსხვავებაა 96 წელი, რომაულით ეს მონაცემი შეადგენს 3228 წელს. ამასთან, ბატონიშვილი იმასაც ამბობს, რომ მეწამული ზღვით მოსეს მიერ თავისი ხალხის „განყვანების“ შესახებ ცნობებს, გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა ისტორიკოსთა წყაროებში.
დავუბრუნდეთ სეზოსტრისს. აი, რას წერს მის შესახებ თეიმურაზ ბატონიშვილი: „ხოლო შემდგომად დანთქმისა მეწამულსა ზღვასა შინა ამენოფისა ფარაოსსა, იქმნა ძეი მისი სეზოსტრის მეგვიპტელთა ზედა მეფედ. ამან დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთამდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა კერძოთასა უკმოქცეული მუნით წარმოვიდა ქვეყანასა ზედა ივერიელთასა. არა წინ აღოდგეს მას ივერიელნი, არამედ მიეგებნეს სამზღვარსა ზედა ქვეყანისა თვისისასა, ხოლო მიმგებელნი იყვნეს მამასახლისნი ზემოისა და ქვემოისა ივერიით და რჩეულთაგან მამა-კაცთა პატიოსანთა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 82).
ზემოთ, ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ საქართველო ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუახანებისთვის, ჯერ კიდევ უნდა ყოფილიყო ერთიანი სახელმწიფო, რაც თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებითაც დასტურდება. სეზოსტრისს მიეგებნენ ზემო (აღმოსავლეთ, იბერია) და ქვემო (დასავლეთ, კოლხეთი) საქართველოს მამასახლისებიო, დიდებულთა თანხლებით. მოგვიანებით, „ოქროს საწმისის“ ეპოქაშიც, ასევე ერთიანი ყოფილა ქართული სახელმწიფო, რაზეც ასევე ბატონიშვილი გვაწვდის ცნობებს.
შემდგომ ივერიაში შემოსვლისა და მათი მორჩილების გამო, სეზოსტრისმა მისცა მშვიდობა ქვეყანას, არ ააოხრა და არც დახარკა. მხოლოდ ითხოვა კოლხეთში მისი მეომრების რამდენიმე ხანით დარჩენა, რათა გამოეზამთრებინათ. იგი ებრძოდა სკვითებს.
ეგვიპტელებმა რამდენიმე წელიწადი დაჰყვეს ივერიაში და უკან გაბრუნდნენ. ნაწილი, როგორც ბატონიშვილი გვაუწყებს - ოთხიათასი მეომარი, დარჩა კოლხეთში და ასიმილირდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აქვე, მას მოჰყავს ჰეროდოტეს ცნობებიც მათთან დაკავშირებით, თითქოს კოლხებმა სეზოსტრის მეომრებისაგან ისწავლესო წინდაცვეთის რიტუალი, რაც ბატონიშვილს არამართებულად მიაჩნია და იმოწმებს ვახტანგ მეფეს, ვახუშტის, წმინდა მამებს, ქართლის ცხოვრების მეისტორიეთ და ა.შ.
თეიმურაზ ბატონიშვილი ერთ, მეტად მნიშვნელოვან ცნობასაც გვაწვდის სეზოსტრისსა და არგონავტების შესახებ:
„ხოლო სეზოსტრის მეფითგან ვიდრე არღონატთა მოსვლამდე კოლხიდად გარდახდესს წელნი 267 და იყვნეს ყოვლითურთ მშვიდობასა და განსვენებასა შინა ყოველი ივერია“ (გვ. 84).
შემდეგ:
„წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულითა რიცხვთა 4313-სა რომაელთა რიცხვთა იულიოსისა 3518, ქართულისა ქორონიკონითა მეცხრისა მოქცევისა 153 იქმნა მოსვლა არღონატთა ქვემო ივერიად კოლხიდად პოვნად ოქროს მატყლოვანისა ცხოვარისა“ (თ.ბ. გვ. 85).
გამოვიანგარიშოთ: 8X532 + 153 = 4409. დასაბამითგან სოფლისას 5604 – 4409 = 1195, ანუ ძვ.წ. 1195 წ. ეს არის არგონავტთა შემოსვლის თარიღი ქვემო ივერიაში (კოლხეთი) თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით.
რადგან ცნობილია თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით კოლხეთში არგონავტთა შემოსვლის თარიღი და იგი ტოლია ძვ.წ. 1195 წლისა, მაშინ შეგვიძლია გავიგოთ სეზოსტრის, ასევე კოლხეთში ყოფნის პერიოდიც. ამ ორ მოვლენას შორის, ბატონიშვილის ცნობით გასულა 267 წელი. ე.ი. 1195 + 267 =1462, ანუ ძვ.წ. 1462 წ. უკვე გვაქვს წელთაღრიცხვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რიცხვითი მონაცემი - ძვ.წ. 1462 წელი, როცა სეზოსტრი უკანასკნელად იმყოფებოდა ქვემო ივერიაში, რადგან თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს შემდეგს (დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ): „ხოლო სეზოსტრის მეფითგან ვიდრე არღონატთა მოსვლამდე კოლხიდად გარდახდესს წელნი 267“, ანუ ეს უნდა იყოს სეზოსტრის კოლხეთიდან გასვლის შემდგომ, ვიდრე არგონავტთა შემოსვლამდე პერიოდი. ალბათ აქ უნდა დავუშვათ ცდომილებაც, თუნდაც რამდენიმე წელი, ან ათეული, რადგან მეტი თავსებადობა გვქონდეს ზუსტ თარიღთან, რომლის დადგენაც სხვა მონაცემებთან ურთიერთშედარებით უნდა შევძლოთ. თითქმის სამიათასხუთასწლოვანი პერიოდი და მწირი ისტორიული ინფორმაცია, მხოლოდ ფარდობით თარიღამდე მიგვიყვანს, მცირე ცდომილებით.
მეწამულ ზღვაში დანთქმული ფარაონი (ფარაო) თეიმურაზ ბატონიშვილს მოხსენიებული ჰყავს შემდეგი სახელით - ამენოფის. ხოლო, მის ძედ სეზოსტრი. ვინ შეიძლება ყოფილიყო ფარაონი ამენოფისი? ჩვენი მოსაზრებით ფარაონი ამენჰოტეპ I. ამისათვის, გადავხედოთ ეგვიპტელ ფარაონთა სიებს, თანაც ჩვენს მიერ გამოთვლილ წლებთან მიმართებით.
ფარაონი ამენჰოტეპ I (æmɛnˈhoʊtɛp) იგივე ამენოფის I (əˈmɛnoʊfɪs) ძვ. ბერძ. (Ἀμένωφις), მე-18 დინასტიის მე-2 ფარაონი. ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 1526-1506 წ.წ (სავარაუდო თარიღი). აჰმოსე I-ისა და აჰმოსე-ნეფერტარის შვილი. როგორც ვარაუდობენ ისტორიკოსები, ის ახალგაზრდა ავიდა ტახტზე და მისი რეგენტი ერთი პერიოდი უნდა ყოფილიყო დედამისი აჰმოსე-ნეფერტარი. მან ცოლად შეირთო თავისი უფროსი და აჰმოსე-მერიტამონი. ჰყავდა მეორე ცოლიც - სიტკამოსე.
ამენჰოტეპ I - ის მეფობასთან დაკავშიბით, ბევრი ბუნდოვანებაა, ამიტომ ჩვენ ძვ.წ. 1526 წელს დავეყრდენით იმის გამო, რომ ისტორიკოსთა უმეტესობა ემხრობა ამ თარიღს, აღებულს, სირიუსის ვარსკვლავთან დაკავშირებული მოვლენის მიხედვით, დანახული თებედან, რომელიც იყო მე-18 დინასტიის მეფობიოს დასაწყისში ეგვიპტის დედაქალაქი. ასევე ბუნდოვანებაა ამენჰოტეპ I - ის მემკვიდრეებთან დაკავშირებითაც. აჰოტეპ II - დ მიიჩნევენ მის ცოლსა და დას, მიუხედავად ალტერნატიული თეორიისა, რომ ის მისი ბებია იყო. თვლიან, რომ მას ჰყავდა ერთი ვაჟი აჰოტეპ II-ისგან (ამენემჰათისგან), რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს მიიჩნევა შეთანხმებულ ვერსიად, თუმცა ამ ურთიერთობის საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს. ცოცხალი მემკვიდრეების გარეშე, ამენჰოტეპ I - ს ჩაენაცვლა თუთმოს I, რომელიც დაქორწინდა თავის დაზე, აჰმოსზე, ვინაიდან აჰმოსეს არცერთ წარწერაში არ აქვს მინიჭებული ტიტული „მეფის ქალიშვილი“, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, იყო თუ არა იგი ამენჰოტეპ I-ის და ... ბევრი სავარაუდო ინფორმაციაა, მაგრამ უნდა დავძლიოთ, ერთია ჭეშმარიტება.
თუთმოს I (თუტმოს, თოთმეს) იყო ეგვიპტის მე-18 დინასტიის მესამე ფარაონი. ის ტახტზე ავიდა წინა მეფის, ამენჰოტეპ I-ის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობა თარიღდება ძვ.წ. 1506-1493 წ.წ-ით, თუმცა მეცნიერთა სხვა ჯგუფი მიიჩნევს სხვაგვარად, ძვ. წ. 1526-1513 წ.წ. მემკვიდრედ ითვლება თუთმოს II.
თუთმოს II იყო ეგვიპტის მე-18 დინასტიის მე-4 ფარაონი. მისი მეფობის სავარაუდო თარიღია ძვ.წ. 1493 წლიდან ძვ.წ. 1479 წლამდე პერიოდი. მის შესახებ მოიპოვება მცირე ცნობები. მან დაჩრდილა მამა თუთმოს I, აგრეთვე ნახევარდა და ცოლი ჰატშეფსუტი. მისი მემკვიდრე იყო თუთმოს III.
თუტმოს III (თუტმოს დიდი) იყო მე-18 დინასტიის მეექვსე ფარაონი. ეგვიპტეს მართავდა ძვ. წ. 1479 წლის 28 აპრილიდან ძვ. წ. 1425 წლის 11 მარტამდე, გამეფდა ორი წლის ასაკში, გარდაიცვალა ორმოცდათოთხმეტი წლისა. მისი მეფობის პირველი 22 წლის განმავლობაში, ეგვიპტეს მართავდა დეიდასთან - ჰატშეფსუტთან ერთად, რომელიც ფარაონად იწოდებოდა. თუთმოსი მსახურობდა ჰატშეფსუტის არმიის მეთაურად.
ამენჰოტეპთან და თუთმოსებთან დაკავშირებით, სხვებთანაც, მნიშვნელოვანი ინფორმაციული ვაკუუმია, იმდენად ჩახლართული, სადაო მეტია, ვიდრე აღიარებული. ერთამნეთშია შეცმული (გადაფარული) მამა-ფარაონთა და მათ მემკვიდრეთა მეფობის წლები, გამოწვეული ან თანამოსაყდრეობით, ანდაც ძველთა და ახალთა ისტორიკოსთა, შეგნებული თუ უნებური შეცდომებით. ამასთან, ნათესაური ქორწინების გამო, ისიც „სავარაუდოს“ განმარტებით, მამა-დედა-შვილობა-და-ძმობა ძნელი დასადგენია, თუ არა დაუდგენელი.
დავიწყოთ ამენჰოტეპ I - ით. არის თუ არა იგი თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ ნახსენები ამენოფისი? ამის ყველაზე მარტივი დადასტურება იქნებოდა მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის გაგება, რადგან ეს ფარაონი მეწამულ ზღვას უნდა ემსხვერპლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელი მოგვეცარა. მისი მუმია კია აღმოჩენილი, 2019 წელს ტომოგრაფიული გამოკვლევაც ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი დადასტურებული არ არის, ცნობილია სავარაუდო ასაკი, 35 წელი. მისი მუმია ძლიერ არის დაზიანებული.
ბიბლიაში აღწერილ, მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლას, მეცნიერული ახსნაც გააჩნია, თუმცა ამის საჭიროება მორწმუნეთათვის არ დგას. მაგრამ, მაინც ურწმუნოთათვის: იმ ადგილებში, სადაც მოსემ ზღვაზე თავისი ხალხი გაიყვანა, ხმელთაშუა ზღვიდან ვიწრო ხმელეთის ზოლი ჰყოფს სირბონისის (ბარდავილის) ტბას, რომელიც უმეტესად დამშრალია, ცხელი კლიმატური პირობების გამო. ხმელთაშუა ზღვის დიდი ღელვისას, მისი ტალღები ეხეთქებიან ხმელეთის ამ ვიწრო ზოლს და ხდება წყლის მასის დიდი რაოდენობით გადასხმა დამშრალ სირბონისში.
როცა ქარიშხალი ამოვარდა, მოსემ ხალხთან ერთად ეს ვიწრო ზოლი გაიარა, ფარაომ გზის მოჭრის მიზნით, დამშრალი ტბის ფსკერით ისარგებლა და დაწევის მიზნით, ლტოლვილთა მიმართულებით გარკვეული კუთხით დაიძრა. მოსემ ხალხთან ერთად გააღწია სამშვიდობოს, ხმელეთის ზოლით, რის შემდეგადაც ხმელთაშუა ზღვიდან გადმოსროლილმა ტალღებმა, ტბაში იწყეს ჩაღვრა, რამაც ფარაოსა და მისი მხედრების დახრჩობა გამოიწვია ან სულაც ფარაონი უკან მიჰყვებოდა მოსეს ხალხს და მოჰყვა ღელვაში.
ამენჰოტეპ I - ის სიკვდილის მიზეზის არცოდნის გამო, ჩვენ ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას ვერ გამოვიყენებთ, გვრჩება მეფობის წლები. ძვ.წ. 1526-1506 (მეორე ვერსიით ძვ.წ. 1537-1547 წ.წ.). ეს სავარაუდოდ ჯდება ჩვენს მიერ ზემოთ გამოთვლილ თარიღში.
თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ვიცით, რომ მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლის შესახებ ინფორმაციამ, საქართველომდე ჩამოაღწია ძვ.წ. 1485 წელს, სავარაუდოდ ამ ფაქტიდან რამდენიმე წლის შემდეგ (ამას დავაზუსტებთ).
რა ვიცით თავად მოსეს შესახებ? ბევრი არაფერი. ზოგიერთი მეცნიერი მას ლეგენდარულ პიროვნებად მიიჩნევს, ზოგიც კი რეალურად. შუალედური შეთანხმება კი ასეთია: შეიძლება იყო, შეიძლება არა. არგუმენტებიც შესაბამისია. ამიტომ, ჩვენ, ასეთ შემთხვევაში, მათ ე.წ. ლათაიებს - მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ხელუხლებლად ვტოვებთ და ვიწყებთ საკუთარი ვერსიის მიხედვით, კვლევის პროცესს. ეს სწორედ ამგვარი შემთხვევაა.
იუდეისტური რელიგიური გამოთვლებით მოსეს დაბადებისა და გარდაცვალების პერიოდი შეესაბამება ძვ.წ. 1391-1271 წლებს, მაგრამ ჯ. უმერი კი მიიჩნევს, რომ მოსე დაიბადა ძ.წ. 1571 წელს, რაც ჩვენი აზრით, ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან.
თუ კი ამენჰოტეპ I -ის გარდაცვალების თარიღად ავიღებთ ძვ. წ. 1506 წელს, მაშინ გვექნება შემდეგი მოცემულობა: მოსე ამ დროს იქნებოდა 65 წლისა,ხოლო უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის ბოლოს კი დაახლოებით ასი წლისა. რაც არ არის მოკლებული სიმართლეს, თუმცა აქაც შესაძლებელია რამდენიმეწლიანი ცდომილების დაშვება (ვარაუდობენ, რომ მოსე საკმაოდ მხცოვანი გარდაიცვალა).
მაშასადამე, საქართველოში მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლის შესახებ ინფორმაციამ ჩამოაღწია 21 წლის შემდეგ (ძვ.წ. 1506 - ძვ.წ. 1485 = 21). ამ დროს მოსე უკვე იქნებოდა 86 წლისა (65+ 21). ვის შეეძლო ამ ინფორმაციის ჩამოტანა საქართველოში? რა თქმა უნდა მოსეს წარგზავნილებს, კონკრეტულად ქალებს.
ალბათ, აქამდე ყველაფერი გასაგებია, დადგა თუთმოს III - ის ჯერიც, მაგრამ მანამდე უნდა განვიხილოთ ამენჰოტეპ I - ის მამის - აჰმოსე I - ის შესახებ საკითხიც, იქნებ, რაიმეს, მნიშვნელოვანს მივაკვლიოთ, ისეთს, რაც დაგვეხმარება შემდგომი მსჯელობებისას ჭეშმარიტების დადგენაში, თუ არა და, მოგვიწევს „ტყუილად შრომა“, მაინც ფასეული, რადგან უშრომველობის საპირწონეა.
აჰმოსე I იყო ფარაონი, ეგვიპტის მე-18 დინასტიის დამაარსებელი. მისი მეფობა თარიღდება ძვ.წ. მე-16 საუკუნის შუა ხანებით. სავარაუდოდ ძვ.წ. 1570-1546 წ.წ. ან ძვ.წ. 1539-1514 წ.წ.
თუ მისი მემკვიდრის ფარაონ ამენჰოტეპ I - ის მეფობის თარიღს ძვ.წ. 1526 წელს ავიღებთ ნიშნულად, ზემოთ წარმოდგენილი აჰმოსე I - ის მეფორბის მე-2 თარიღიღით ძვ.წ. 1539 -1514 წ.წ. ხდება მისი გადაფარვა - თანამოსაყდრეობა, რაც ისტორიული წყაროებით არ არის გამყარებული, თუმცა ჩვენი საკითხის განხილვისათვის, რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნულს, არ გააჩნია, კიდეც გავაკეთეთ დაშვება, რამდენიმე წელი ან ათეული, წლების მნიშვნელოვანი რაოდენობით, ურთიერთთანხვედრილი.
აჰმოსე I - მა გაილაშქრა ქვემო ეგვიპტეში და დაამარცხა ჰიქსოსები, აიღო მათი დედაქალაქი ავარისი. ეს ხალხი, თანაარსებობდა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე დინასტიებთან, რომელთა დედაქალაქი იყო თებე. ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ჰიქსოსების მმართველები სასტიკი და სისხლისმსმელი ადამიანები იყვნენ.
ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს ჰიქსოსთა ისტორიის სიღრმისეული შესწავლა, რაც უკვე ცნობილია, იმას დავეყრდნობით, ოღონდ მივუსადაგებთ სხვა წყაროებსა და ბიბლიურ ცნობებს, რითაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენას შევძლებთ, ჩვენთვის საჭიროს.
იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ ჰიქსოსები ებრაელები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა ჩვენთვის მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს, ფლავიუსისა ნაკლებად გვჯერა, რადგან მისი ისტორიული ცნობები არაღირებულია, გამომდინარე ტენდენციურობიდან, რომაელებთან „კეკლუცობის“ გამო. ამიტომ სხვა წყაროებსაც უნდა გავეცნოთ.
ვარაუდობენ, რომ ჰიქსოსები საუბრობდნენ დასავლურ სემიტურ ენაზე, ანუ წარმოადგენდნენ სემიტებს. ამის გარდა არსებობს სხვადასხვა წარმოდგენებიც მათ შესახებ, ზოგი ჰიქსოსებს ინდოევროპელებად, არაბებად და ა.შ ხალხად მიიჩნევდა, თუმცა მყარი მტკიცებულება, რომელიმე მათგანის სასარგებლოდ არ მოიპოვება, ერთით ხდება, მეორის გაბათილება, ანდაც პირიქით.
ამ შემთხვევაშიც დავეყრდნოთ ბიბლიას, კერძოდ „დაბადებას“. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ჰიქსოსელთა დედაქალაქი დაიპყრო აჰმოსე I - მა. ებრაული ტომების სამშობლოდ, რელიგიური ტექსტების მიხედვით, ითვლება მესოპოტამია. მამამთავრად აბრაამი, წარმოშობით ქალაქ ურიდან.
მომთაბარული ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს ხალხი გადავიდა ქანაანის ტერიტორიაზე (იორდანია, ისრაელი, ლიბანი). არის ცნობებიც იმის შესახებ, რომ ძ.წ. XVII საუკუნეში რეგიონი მოიცვა გვალვამ, რის გამოც აქ მცხოვრები ხალხის ნაწილი დასავლეთით, ეგვიპტეში განსახლდა.
ამის შესახებ ცნობები მოიპოვება ბიბლიაშიც: „ეს არის სახელები ისრაელიანთა, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა“ (1;1 გამოს.).
შემდეგ ჩამოთვლილია მათი სახელები.
იაკობი იყო ისააკის ძე, მამა იოსებისა, ვინც ფარაონის კარზე აღზევდა: „უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში“ (41;44 დაბადება).
ჰიქსოსების კარზე იოსებმა დიდი სახელი მოიხვეჭა და აღზევდა. ძვ.წ. XVI საუკუნის შუახანებში, მომთაბარე ფარაონთა დინასტია, ეგვიპტეში მომხდარმა სამოქალაქო ომმა დაამხო და მმართველობის სადავეები ხელთ ისევ ყოფილმა დინასტიამ დაიბრუნა. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისრაელიანთა დევნაც ამ პერიოდიდან იწყება.
იოსებმა მამა და ძმები ფარაონს წარუდგინა, რომელმაც უთხრა: „შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს“ (დაბ. 47;6);
იაკობი შვილებთან ერთად დაესახლა ეგვიპტეში: „დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ“ (დაბ 47;27).
რა ტერიტორიას წარმოადგენდა გოშენი? ვარაუდობენ, რომ იგი მდებარეობდა აღმოსავლეთ ნილოსის დელტაში, ქვემო ეგვიპტეში. შესაძლოა ავარისში ან მის მახლობლად, სადაც იყო ჰიქსოსის მეფეთა მმართველობის ადგილი.
თუ ზემოთ წარმოდგენილ მონაცემებს გავაანალიზებთ, შევძლებთ შემდეგი დასკვნის გაკეთებას: ჰიქსოსები ან ებრაელები იყვნენ, ანდაც ამ ტერიტორიაზე იმდენად მოშენდნენ, რომ კომპაქტური დასახლება შექმნეს და ქვემო ეგვიპტის ნილოსის დელტაში დიდი ტერიტორია დაიკავეს, ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია მათთან გავაიგივოთ ეს ხალხი - ჰიქსოსები, რომლებიც სავარაუდოდ შემდგომ აჰმოსე I - მა დაიპყრო და ისრაელიანელები მონებად აქცია, ნაწილმა ალბათ გაასწრო კიდეც, სხვა ქვეყნებში განსახლდნენ. ამ ფარაონის (აჰმოსე I) ასულმა კი იპოვა მოსე და გააზრდევინა ან, რადგან ჩვენ ზემოთ წარმოვადგინეთ აჰმოსე I - ის მეფობის ორი სხვადასხვა თარიღი, სამეცნიერო წრეების მიერ დაშვებული - ძვ.წ. 1570-1546 წ.წ, ანდაც ძვ.წ. 1539-1514 წ.წ - შესაძლებელია, მისი მეფობის ბოლო წლები თანამოსაყდრეობით ამენჰოტეპ I - თან წარმართულიყო, ფარაონის ასული ამ დაშვებით, იქნებოდა აჰმოსე I - ის შვილი. ხოლო, მეორე თარიღის გათვალისწინებით, ეს ფარაონი, მამის ნაცვლად ამენჰოტეპ I უნდა ყოფილიყო.
ბარემ აქვე: ამენჰოტეპ I - ის მუმიასთან დაკავშირებითაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: 2019 წელს მას ჩაუტარდა გამოკვლევა ე.წ. სკანირების მეთოდით (CT), რის შედეგადაც, რასაც ჩვენი ინტერესის სფერო წარმოადგენს, დადგინდა შემდეგი:
სამკაულები და ამულეტები მუმიის შესაფუთი ნაჭრების შიგნითაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი არ გაუძარცვავთ, თუმცა, რადგან თავი, მარცხენა მკლავი, მარჯვენა ხელი და მარჯვენა ფეხი ჰქონდა მოწყვეტილი და უცდიათ ცხედრის აღდგენა, ხელახალი შეფუთვით (თავი და კიდურები ხელახლა იყო მიმაგრებული, ფეხი კი დაფას ეყრდნობოდა), თვლიან, რომ ეს მძარცველების ნამოქმედარია, რაც მხოლოდ გაოცებას იწვევს ჩვენში. თუკი სამკაულები ადგილზეა, მაშინ, სხეულის ნაწილები არა მძარცველთა მიერ, არამედ მუმიის გადატანის დროს უნდა იყოს დაზიანებული. ამას თავისი ახსნა გააჩნია:
ზემოთ ხომ განვმარტეთ, რომ სირბონისის ტბა მეტწილად დამშრალია. სწორედ ამიტომ შეძლ;ეს ფარაონის ცხედრის პოვნა და მისი მუმიფიცირება, მაგრამ გვამი ალბათ წყლის მასამ ძლიერ დააზიანა, თანაც დროის ხანგრძლიობის გამო, მისი კუნთოვანი ნაწილი, როგორც ამბობენ - გაშეშდებოდა და მისთვის ჩვეული, მუმიისათვის დამახასიათებელი ფორმის მისაცემად, საჭირო გახდა ძვლების გადატეხვა, ე.წ. გვამის გასწორება. ასევე, შესაძლებელია კუნთოვანმა მასამ გახრწნაც დაიწყო. ხოლო, მუმიფიცირების შემდეგ, მისი გადატანის დროს, დამუმიავებულმა კუნთოვანმა ქსოვილმა ზემოქმედებას ვერ გაუძლო და ის პროცესები განვითარდა, რაზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება. ამ ვარაუდს აქვს არსებობის უფლება, ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მათ წამოყენებას და განხილვას, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს მავანთათვის, არცერთს არ ვტოვებთ ყურადღების გარეშე, თანაც არ ვართ დაკავებული აბსტრაქციით.
ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა იაკობისა და მისი შვილების დაბადების წლების რაიმე სახით დადასტურება ისტორიული წყაროების, ანდაც ბიბლიის მიხედვით, მაგრამ სამწუხაროდ აქაც, წლების სიშორისა გამო, მხოლოდ ბუნდოვანებაა.
მაგალითად: უილიამ ოლბრაიტი იაკობის მოთხრობების თარიღად თვლიდა ძვ.წ. მე-19 საუკუნეს, რაც არქეოლოგიური წყაროებით არ დასტურდება და არც სხვა მეცნიერები ემხრობიან ამ თარიღს, თუმცა ჩვენს მიერ ზემოთწარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია, რადგან მოსე ლევის ტომიდან იყო, თავის მხრივ ლევი ხომ იაკობის შვილი გახლდათ, რაც სრულიად თავსებადად მიგვაჩნია ძვ.წ. მე-16 საუკუნესთან - მოსეს ცხოვრების დაახლოებით თარიღთან.
ახლა მართლა დადგა დრო, გადავიდეთ ფარაონ თუთმოს III - ის შესახებ საკითხის განხილვაზე.
თუთმოს III ამ ფარაონთან დაკავშირებით, ვიდრე დაწვრილებით განვიხილავთ ყველაფერს, მეფობის წლებს, წარმომავლობას, ტერიტორიების გავრცობას, გარდაცვალებას და ა.შ. მოგვიწევს ისტორიის უფრო შორეულ სირმეში შესვლა და სეზოსტრის შესახებაც მსჯელობა.
სეზოსტრი - ეს სახელი არ მოიხსენიება ფარაონთა (მეფეთა) სიებში, არც ტახტზე ასვლამდე და არც ასვლის შემდგომ, რომელიმე ფარაონთან მიმართებით, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მას რეალურ მეფედ, ზოგიც კი ლეგენდარულ პიროვნებად მიიჩნევს, რომელმაც დიდი დაპყრობითი ომები აწარმოვა ეგვიპტის ფარგლებს გარეთ, თანაც ამ საკითხზე შეუთანხმებლობაა სამეფო რიგითი წოდების რიცხვითი მნიშვნელობის - პირველის ან მესამის სასარგებლოდ. სამაგიეროდ არის მსგავსი თუ მცირედით განსხვავებული სახელი - სენუსრეტი (Senusret ), პირველიც, მეორეცა და მესამეც (I ; II ; III ) გვხვდება მეფეთა სიებში, რაც სეზოსტრიზე განაზოგადეს, მეთორმეტე დინასტიის წარმომადგენლებად.
ისევ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობები გავიხსეენოთ: „ხოლო შემდგომად დანთქმისა მეწამულსა ზღვასა შინა ამენოფისა ფარაოსსა, იქმნა ძეი მისი სეზოსტრის მეგვიპტელთა ზედა მეფედ. ამან დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთამდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა კერძოთასა უკმოქცეული მუნით წარმოვიდა ქვეყანასა ზედა ივერიელთასა. არა წინ აღოდგეს მას ივერიელნი, არამედ მიეგებნეს სამზღვარსა ზედა ქვეყანისა თვისისასა, ხოლო მიმგებელნი იყვნეს მამასახლისნი ზემოისა და ქვემოისა ივერიით და რჩეულთაგან მამა-კაცთა პატიოსანთა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 82).
შემდეგ: „ხოლო სეზოსტრის მეფითგან ვიდრე არღონატთა მოსვლამდე კოლხიდად გარდახდესს წელნი 267 და იყვნეს ყოვლითურთ მშვიდობასა და განსვენებასა შინა ყოველი ივერია“ (გვ. 84).
კვლავ შემდეგ: „წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულითა რიცხვთა 4313-სა რომაელთა რიცხვთა იულიოსისა 3518, ქართულისა ქორონიკონითა მეცხრისა მოქცევისა 153 იქმნა მოსვლა არღონატთა ქვემო ივერიად კოლხიდად პოვნად ოქროს მატყლოვანისა ცხოვარისა“ (თ.ბ. გვ. 85).
კოლხეთში ბერძენთა (ოქროს მატყლოვანი) შემოსვლის თარიღი, განვმეორდეთ: ზემორე გამოთვლების მიხედვით ტოლია ძვ.წ. 1195 წლისა, ხოლო ბატონიშვილი, რადგან სეზოსტრის შემოსვლას ასევე კოლხეთში და არგონავტთა შემოსვლის თაროღებს შორის ასახელებს 267 წელს, ეს ფარაონი საქართველოს ტერიტორიაზე (კოლხეთი) შემოსულა ძვ.წ. 1462 წელს.
ამიტომ, თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ სეზოსტრისად წარმოდგენილი ფარაონი, რომლის შესახებაც მას ცნობები აღებული აქვს სხვადასხვა საისტორიო წყაროებიდან, რაზეც თავად ასე გვაუწყებს: „არსენი დიდისა კათალიკოსისა სრულიად ივერთა მოთხრობისაგან გამოღებულთა, რომელიცა გამოკრებულთაგან სხვათა და სხვათა საქართველოს ძველთა ამათგან ვრცელისა ისტორიისა შესადგომად გამოეწერინებინა ანტონი პირველსა - კათალიკოსსა ზემოსა საქართველოისა, ბიძამან ჩემმან მამის ძმამან ანტონი მეორემან, სრულიად ზემოსა ივერიისა კათალიკოსმან გამომაწერინა შეკრებულთა მათგან მოთხრობათა პეტერბურღს ყოფსსა შინა თვსსა წელსა ქრისტესით 1822 - სა, ხოლო არსენი სწერდა, რომე სეზოსტრიოსისა ისტორიაო ვპოვე დიდსა მატიანესა შენა ძველსა ჩვენთა მემატიანეთა აღწერელთაგან. ლეონტი სწერს ესრეთ. „ოდეს სეზოსტრის მოიქცა სკვითითა; მაშინ დარჩნენ რომელ კოლხიდელნინ ჰყოფეს წინა-დაცვეთასა“ (თ.ბ. გვ. 83), ეს ფარაონი (სეზოსტრი) ვერ გაიგივდება სენუსრეტ ვერც I-თან, II-თან თუ III-თან, გამომდინარე მათი მეფობის ადრეული თარიღებიდან: სენუსრეტ I - ძვ.წ. 1971-1928 წ.წ.; სენუსრეტ II - ძვ.წ. 1897-1878 წ.წ. და სენუსრეტ III - ძვწ. 1878-1839 წ.წ. თარიღები დაახლოებითა.
ხოლო, რაც შეეხება წინდაცვეთას, რადგან ეს საკითხი აქაც „შემოჰყვა“ ძირითად საკითხებს, თეიმურაზ ბატონიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ლეონტის (სავარაუდოდ მროველი) და განმარტავს, რომ აღნიშნული რიტუალის შესახებ მას არც არსად წაუკითხავს და არცა სმენია.
მაშასადამე, ძვ.წ. 1462 წელი, რადგან წარმოადგენს კოლხეთში სეზოსტრის შემოსვლის თარიღს, დიდი ალბათობით, უფრო მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, ფარაონი სეზოსტრი ყოფილა თუთსმოს III.
კიდევ, რა არსებული მოცემულობებით არის შესაძლებელი ამ ვერსიის გამყარება? ამის შესახებ ქვემოთ განვაგრძოთ თხრობა.
თუ დავაკვირდებით ზემოთ წარმოდგენილ თეიმურაზ ბატონიშვილისეულ ცნობებს, იგი ერთგან ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სეზოსტრისთან დაკავშირებული ინფორმაცია აღებული აქვს ბიძამისისაგან - ანტონ II - ისაგან, რომელსაც თავის მხრივ აღნიშნული აუღია ანტონ I -საგან, ასევე არსენი დიდისაგან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ცნობები მას არ მოუძიებია და ეყრდნობოდა სხვების მონაცემებს. ლეონტისთან დაკავშირებით კი საერთოდ უარყოფს მის ცნობას წინდაცვეთასთან მიმართებით. ასეთი დამოკიდებულება, ჩვენი აზრით, ასევე უნდა იყოს სეზოსტრის სახელთან დაკავშირებითაც. ბატონიშვილი არ უარყოფს ამ ფარაონის ამ სახელით არსებობას, მაგრამ, არც სხვებზე დაყრდნობით მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, ადასტრურებს, თუმცა ზედმიწევნით ზუსტ ცნობებს გვაწვდის წლებთან მიმართებით. როდის მოვიდა საქართველოში ცნობა მოსესა და მისი ხალხის მიერ მეწამული ზღვის გავლის თაობაზე და რომ ზუსტი თარიღი იქნას განსაზღვრული სეზოსტრის კოლხეთში შემოსვლისა, უთითებს არგონავტთა შემოსვლის თარიღს და ამბობს, რომ ამ ორ მოვლენას შორის წლების სხვაობა შეადგენდა 267 წელს.
აღნიშნული, ძვ.წ. 1462 წელი, კოლხეთში სეზოსტრის შემოსვლის დრო, იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ „ფარაონთა სიების“ მიხედვით, დავადგინოთ იმის სახელი, ვინც ამ წელს მეფობდა ეგვიპტეში, ეს იყო ფარაონი თუთმოს III (ასევე თუტმოს. ძვ.წ.1479–1425 წ.წ.).
თუთმოს III გამეფდა ორი წლის ასაკში (რეგენტი დედა). სავარაუდოდ, კოლხეთში შემოსვლისას ის იქნებოდა ცხრამეტი წელისა, თუმცა ეს თარიღი ალბათ, ასევე დასაშვებია გარკვეული ცდომილებით, იმავე მიზეზით: დროის სიშორისა და ინფორმაციის არქონის გამო.
ახლა კი მთავარი: სენუსრეტ I - თან, II - თან თუ III - თან სეზოსტრის გაიგივება, ვთვლით, რომ შეცდომაა. სენუსრეტ I მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 1971–1926 წ.წ -ში. სენუსრეტ II ძვ.წ. 1897–1878 წ.წ-ში. ხოლო სენუსრეტ III ძვ.წ. 1878–1839 წ.წ-ში. ფარაონ სეზოსტრისთან დაკავშირებით ცნობები გვხვდება ჰეროდოტესთანაც, ვის შესახებაც მისთვის მოუთხრიათ ეგვიპტელ ქურუმებს.
ჰეროდოტეს ისტორიული ფაქტები, ზემოთაც ვისაუბრეთ, ხშირ, თუ არა, ზოგოერთ შემთხვევებში მაინც გაზვიადებულია ან „მორგებულია“ ბერძნულ-რომაულ ისტორიას.
იგი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ სესოსტრიმ ევროპის ნაწილი დაიპყრო და სკვითები დაამარცხა. ამის შემდეგ გადავიდა კოლხეთში და მდინარე ფაზისთან (ეს ინფორმაცია ჩვენ, ასევე წარმოდგენილი გვაქვს თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით) კოლონია დააარსა, თვითონ კი დაბრუნდა ეგვიპტეში.
დიოდორე სიცილიელი კი სეზოსტრის შესახებ, რომელსაც იგი მოიხსენიებს - Sesoosis - ად, გვაუწყებს შემდეგს: „მან დაიპყრო მთელი მსოფლიო, სკვითეთი და ევროპა. რომ ამ მეფესთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ბერძენი მწერლები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ეგვიპტელებს შორისაც ქურუმები და პოეტები, რომლებიც მის ქებას მღერიან, ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიებს ჰყვებიანო“.
თეიმურაზ ბატონიშვილს კი წერდა: „ამან (სეზოსტრის. ავტ.) დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთამდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა კერძოთასა უკმოქცეული მუნით წარმოვიდა ქვეყანასა ზედა ივერიელთასა. არა წინ აღოდგეს მას ივერიელნი, არამედ მიეგებნეს სამზღვარსა ზედა ქვეყანისა თვისისასა, ხოლო მიმგებელნი იყვნეს მამასახლისნი ზემოისა და ქვემოისა ივერიით და რჩეულთაგან მამა-კაცთა პატიოსანთა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 82).
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი სეზოსტრის მიიჩნევს ლეგენდარულ პიროვნებად, ხოლო ნაწილი თვლის, რომ იგი მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში, გამომდინარე „სენუსრეტებიდან“ (ზემოთ წარმოდგენილია მათი მეფობის წლები). სკვითები კი აღნიშნულ ეპოქებში, ვიდრე ძვ.წ. I ათასწლეულის მინიმუმ ბოლო ნახევარი - სხვაობა ძალზე დიდია, როგორც იტყვიან: ჰორიზონტზეც კი არ ჩანდნენ დასავლეთ ევროპის ნაწილში, სადაც განსახლდნენ, სავარაუდოდ ცენტრალური აზიისა და ციმბირის სტეპებიდან და შეესაბამება დღევანდელ აღმოსავლეთ ყაზახეთს ან ალტაი-საიანის რეგიონს, თანაც ამ ისტორიკოსებს თავადაც ეპარებოდათ ეჭვი რაღაც-რაღაცეებში.
თეიმურაზ ბატონიშვილი კი სეზოსტრისზე პირდაპირ ამბობს: მან დაიპყრო ტერიტორიები ინდოეთამდეო. ძვ.წ. II ათასწლეულის შუახანებში, თუთმოს III - ის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები მართლაც განფენილი იყო ინდოეთამდე. ასევე, ბატონიშვილის ცნობით: „ესე ჰყო ამა მიზეზითა, ვინაიდგან სეზოსტრი ებრძოდა სკვთთა და დაიმორჩილნა იგინი, ვიდრე მდინარედმდე ტანაისა, ესე იგი დონისა მდინარესა ზედა მოსახლენი“ (თ.ბ. გვ. 83). ამასთან, ბატონიშვილი, ზემოთაც მოგახსენეთ: ამ ფარაონის - სეზოსტრის პიროვნების იდენტიფიცირებისთვის დამატებით ზუსტ ცნობებსაც გვაწვდის, ამიტომ ვთვლით, რომ ჩვენი დასკვნები ამ საკითხებთან მიმართებით ჭეშმარიტებაა.
ასევე, თეიმურაზ ბატონიშვილი - არსენ დიდზე, ანტონ I - სა და ანტონ II -ზე დაყრდნობით გვაწვდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცნობას - სეზოსტრი იყო ძე ამენოფისისაო: „ხოლო შემდგომად დანთქმისა მეწამულსა ზღვასა შინა ამენოფისა ფარაოსსა, იქმნა ძეი მისი სეზოსტრის მეგვიპტელთა ზედა მეფედ“ (თ.ბ. გვ 82), ანუ სეზოსტრი - თუტმოს III, ძე იყო ამენოფის - ამენჰოტეპ I -ისაო.
თუთმოს III იყო ძე თუთმოს II - ისა, მაგრამ ამ უკანასკნელს ცოლად ჰყავდა ჰატშეფსუტი, შემდგომ ოფიციალურად დადასტურებული პირველი ქალი ფარაონი, შვილი აჰმოსე I - ისა. მაშასადამე, თუთმოს III წარმოადგენდა აჰმოსე I - ის, ვინც იყო მამა ამენჰოტეპ I - ისა, შვილიშვილს დედის მხრიდან, ანუ ამენჰოტეპ I -ის დისშვილს, ჰატშეფსუტი და ამენჰოტეპ I და-ძმა იყვნენ, შვილები აჰმოსე I - ისა. ეს ერთმანეთში მჭიდროდ შეცმული ფარაონთა მეფობის წლები და სამემკვიდრეო ჯაჭვში მოცემული საკმაოდ თვალშისაცემი აბდაუბდა, შეგახსენებთ, რომ დღემდე მოქმედებაშია, პირობითია და სავარაუდო, ზოგჯერ აფსურდულიც, ამიტომ მივიჩნევთ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებს, ფარაონთა სახელებთან, ასევე მეფობასთან დაკავშირებით მისაღებად, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ თარიღებს ჭეშმარიტებად, თანაც მისი ცნობები იმდენად ღირებული შეიძლება იყოს თანამედროვე ისტორიკოსებისთვის, გამოყენებული იქნას სიმართლის დასადგენად, მიმართებით აღნიშნულ ფარაონებთან.
ზემოთ, ჩვენ დავუშვით, რომ აჰმოსე I - ისა და მისი შვილის ამენჰოტეპ I - ის მეფობის წლების, ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, რადგან გადაფარვა ხდება, სეზოსტრის - თუთმოს III შესაძლოა ამიტომაც არის მოხსენიებული აჰმოსე I -ამენოფის - ამენჰოტეპ I - ის ძედ. ამასთან, ჰატშეფსუტ I გახლდათ შვილი აჰმოსე I - ისა, ფარაონი და დედა თუთმოს III - ისა, და (და-ძმა) ამენჰოტეპ I -სა. ამ შემთხვევაშიც სეზოსტრი -თუთმოს III გამოდის ქალი - ფარაონის ძე, ეს იყო ჰატშეფსუტ I, ოღონდ დისშვილი ამენჰოტეპ I - სა, ანუ ახლო ნათესაური კავშირის დაშვებით, მისი ძეც.
განვმეორდებით, აუცილებლად: რადგან თეიმურაზ ბატონიშვილს ეჭვი ეპარებოდა ფარაონის სახელში, სავარაუდოდ ამიტომაც დააზუსტა მან სხვა, წლებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც ამენოფის - ამენჰოტეპ I - ისა და სეზოსტრი - თუთმოს III - ის იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი, რაზეც ზემოთ დასკვნაც წარმოვადგინეთ.
ახლა კი, რაც შეეხებათ სკვითებს! განვიხილოთ, იქნებ კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მოვიძიოთ. ეს ხალხი ახლანდელი უკრაინისა და რუსეთის შავი ზღვის აუზის სტეპებში გამოჩნდნენ, თანამედროვე ისტორიკოსთა ვარაუდით ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში, ბევრიც არაფერია ცნობილი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ უფრო ეპოქების სიღრმეშია შესაცური - სკვითებამდე დროში. გასარკვევია დაახლოებით ამ ტერიტორიაზე, მათზე წინარე სხვა ხალხის განსახლების წლები, რადგან თუთმოს III - ის მეფობის წლები მოითხოვს ამას.
ივარაუდება, რომ ჩვენს საკვკლევ ტერიტორიაზე - ე.წ. პონტოური სტეპები, კიმერიელებამდე, სკვითებამდე და სარმატებამდე, ასევე სავარაუდოდ მონათესავე ხალხი, ჩამოყალიბებული სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად, განსახლებული იყვნენ „სრუბნაიას კულტურის“ შემქმნელი ხალხი. ძვ.წ. 1900 – 1200 წ.წ. მათ ხის საფლავის კულტურასაც უწოდებენ.
ისინი განეკუთვნებოდნენ ინდო-ევროპულ რასას. 2018 წელს გამოქვეყნდა გენეტიკური კვლევის შედეგები სრუბნაიას კულტურისა და მოგვიანებითი სკვითური კულტურის ხალხისა, მათ შორის კიმერიელების, სკვითებისა და სარმატების გენეტიკური კვლევა. აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული ყველა ინდივიდი ფლობდა ჰაპლოჯგუფს R1a1a1, თუმცა კიმერიელ, სარმატელ და სკვით მამაკაცებს აქვთ ჰაპლოჯგუფი R1b1a1a2. ერთი სარმატელი მამაკაცი ატარებდა ჰაპლოჯგუფს R1a1a1. კვლევის ავტორების ვარაუდით, სკვითების საგვარეულოების ნაცვლად, „სრუბნაია“ მათ საერთო წარმოშობას იზიარებდა ადრინდელი იამნაიას კულტურიდან.
აქ შევჩერდეთ, რადგან ჩვენთვის ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია, ვერ გადავიჭრებით მთელი მსოფლიოს ისტორიის საკითხების განხილვაში, მითუმეტეს გენეტიკის გამოყენებთ, ეს სხვების საქმეა.
სრუბნაიას კულტურას და ა.შ. კიმერიელები, სკვითები, სარმატები სავარაუდოდ, გააჩნდათ საერთო წარმოშობა (წინაპარი) იამანის კულტურიდან, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია თითოეული ამ ხალხის ეთნოსად ჩამოყალიბებისა და არსებობის წლები, საერთო განსახლების არეალი, განსაკუთრებით საყურადღებოა საწყისიდან - ძვ.წ. II ათასწლეულის შუახანებამდე პერიოდი, ანუ ძვ.წ. XVI – XV საუკუნეები, აჰმოსე I-დან, ვიდრე სეზოსტრის - თუთმოს III - მდე, საკვლევი წლების დიაპაზონში.
ეს მოცემულობა ნათელს ჰფენს ჰეროდოტეს, დიოდორისა და სტრაბონის ცნობებს - სეზოსტრის ბრძოლას სკვითებთან, რადგან სრუბნაიას ხალხი მათთან გაიგივდა, განსახლების არეალში ურთიერთჩანაცვლების გამო, ოღონდ წელთაღრიცხვის გათვალისწინების გარეშე, რომელიც თეიმურაზ ბატონიშვილს ზუსტად აქვს დათარიღებული, მცირე ცდომილების დაშვებით, ხალხის - სკვითები, მითითებით, როგორც მემკვიდრეებისა და არქეოლოგების მიერ ამ კულტურის გვიან აღმოჩენის გამო. კიდევ, ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ სეზოსტრის - თუთმოს III -ის კოლხეთში შემოსვლის დროისთვის, საქართველო (ივერია) წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფოს და ასევე, „ბაშპლემის ტბის“ ფილის ასაკის პერიოდისთვისაც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყველა ჩვენი კვლევა პირველრიგში დავდე ურაკზე, რომელიც ჩემი სახლია.
ამის გარდა, დევს სოცქსელებში, აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება, ნახევარმილიონამდე დანხვა, თუ დაინტერესდებით, წერილი მომწერეთ ელფოსტის მითითებით და გამოგიგზავნით კვლევებს. ასეც ვავრცელებთ და უამრავ ადამიანს გავუგზავნეთ. ალბათ განსაკუთრებით დაგაინტერესებთ გრაკლიანის წარწერების გაშიფვრა (წაკითხვა), აგრეთვე ბაშპლემისა და სვეტიცხოვლის წრიული ფრესკისა.
სამწუხაროდ რეცენზირება ფერხდება იმის გამო, რომ საქართველოში არ მოიძებნა პროფესიონალი პალეოგრაფი, თუმცა კვლევები წარდგენილია და ველით კვალიფიციურ პასუხებს, მე3სამე წელია. ყველა ჩვენი კვლევა პირველრიგში დავდე ურაკზე, რომელიც ჩემი სახლია.
ამის გარდა, დევს სოცქსელებში, აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება, ნახევარმილიონამდე დანხვა, თუ დაინტერესდებით, წერილი მომწერეთ ელფოსტის მითითებით და გამოგიგზავნით კვლევებს. ასეც ვავრცელებთ და უამრავ ადამიანს გავუგზავნეთ. ალბათ განსაკუთრებით დაგაინტერესებთ გრაკლიანის წარწერების გაშიფვრა (წაკითხვა), აგრეთვე ბაშპლემისა და სვეტიცხოვლის წრიული ფრესკისა.
სამწუხაროდ რეცენზირება ფერხდება იმის გამო, რომ საქართველოში არ მოიძებნა პროფესიონალი პალეოგრაფი, თუმცა კვლევები წარდგენილია და ველით კვალიფიციურ პასუხებს, მე3სამე წელია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|