ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 მაისი, 2025


იანგულის ვირი

ნინო დარბაისელი

იანგულის ვირი

    აბა,  რა ჰქვია ადამიანს, უაზრო ფიქრებს რომ ვერ დაეხსნება და ისეთ რამეს დაასკვნის, რაც ისედაც ყველასათვის ცნობილი ჩანს?!
    აი, მაგალითად, ხომაა ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსი” ქართული პროზის კლასიკა, არა? მგონი,  სასწავლო პროგრამაშიც კია შეტანილი და ეს იმ დროს, როცა ყველაფერი პირიქით - გამოაქვთ იმ პროგრამიდან?! -
    - ახლა მასზე ვფიქრობ დაჟინებით.
  ნუ გამიწყრებით, რომ ასე ვკადნიერდები -  დარწმუნებული კი ვარ, ჩემზე უკეთესად გახსოვთ ამ  შეუდარებელი მოთხრობის ყოველი ნიუანსი, მაგრამ  აქ უცებ გაგახსენებთ ფაბულას (რადგან ამ რაღაცეებს მე ხომ უფრო ჩემი 85 წლის დედიკოსთვის ვწერ. მას კი არ სჭირდება, თუმცა სიამოვნებს, როცა რამეს, ერთად განცდილს შევახსენებთ შვილები)
    ეს - ერთი ბერძენი ბიჭის ამბავია, უბნის ყოჩისა, მკერდზე  სიტყვა ,,ჰელადოსი” რომ აქვს ამოსვირინგებული და როცა  მამამისს მართლა  გენეტიკურ სამშობლოში-საბერძნეთში მიჰყავს,  ვერ აიტანს ნამდვილ, რეალურ სამშობლოდ  ქცეულ  სოხუმთან, საქართველოსთან განშორებას, გემიდან გადმოუხტება  და დაიხრჩობა.
    ბიჭს სახელად იანგული ჰქვია. უცხო სახელია, არა?
    ამ სახელისა პატარა  ტბაც ყოფილა ყირიმში, თუმცა საეჭვოა, ტბასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ პერსონაჟს…
  “იანგული” -  მე  მაინც მწერლის სათქმელით  მოტივირებული სახელი მგონია.
    ჩემს მოწაფეობაში ასეთ რაღაცეებს სიუჟეტით მოტივირებულ სახელს უწოდებდნენ, ახლა არ ვიცი, რას ეძახიან, (მაგ. სპირიდონ მცირიშვილი, კვაჭი კვაჭანტირაძე და ა.შ.)
  დავაკვირდეთ:
    სიტყვა “ჰელადოსი” არა სადმე სხვაგან,  არამედ მკერდზე, მარცხენა ძუძუს თავზე  აქვს ამოსვირინგებული ბიჭს, ანუ იქ, სადაც გულია.
როგორც ერთგან ბოლოსკენ ამბობს, “ჰელადოს” გულზე კი აქვს ამოსვირინგებული მაგრამ ეს - მისთვის მაინც გარეგანი სიტყვაა, სამშობლო კი უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით.( ანუ გულში- ნ.დ.)
  ერთი ეპითეტით თუ მოიწადინებს მოთხრობის მკითხველი  იანგულის დახასიათება, მეეჭვება,  უკეთესი რამ  იპოვოს,  ვიდრე  “გულიანი”.
    გულ - იან- ი… პატარა ინვერსიული ოპერირებაც  და  “იან- გულ- ი “ გამოდის.
    თუ ეს  მართლაც ასეა, სკოლის მასწავლებლებსაც ხომ  მოწყენილი ექნებათ ყოველ ჯერზე ამისი  ახლიდან აღნიშვნა და მოსწავლეებს კიდევ - მოსმენა.
    და აქ მთავარი მაინც ისა, რომ აქ, ამერიკაში, ამ შუაღამისას,  ამ მოთხრობაზე ფიქრისას მარტოს ამეტირა, როცა გამახსენდა, გამგზავრების წინ ოჯახის ერთგულ  ვირს როგორ მიუყვანს  თავის მუდმივ მეტოქეს, ობოლ ჯემალს და ეუბნება, მიხედე, ერთი მუჭა ბალახი ყოფნის, ბევრი მოვლა არ სჭირდებაო.
  მე არ ვიცი, მართლა ისწავლება თუ არა და როგორ ისწავლება ეს მოთხრობა ქართულ სკოლაში და მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი,  ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირებში იანგულის ვირს არ გამოვტოვებდი. სახელიც კი  ექნება, მაგრამ მე აღარ მახსენდება.

***

რაღაც, ამბივალენტური განცდა დამეუფლა ახალი, ყოვლად სანდო ინფორმაციის გამო:
1. თან ხომ გახარებული ვარ, რომ იანგული - სახელი აქამდე  ჩემამდე არავის გაუშიფრავს. პატარაა,  მაგრამ ხომ მაინც  მიგნებაა!
2. თან მიკვირს, ამას რა დიდი მიგნება უნდოდა,  ხელისგულზე არ დევს, ყურადღებას მიაქცევ და დაუფიქრდები თუ არა?
ჰო და კიდევ, იანგულის ვირს  არც მეტი, არც ნაკლები, აპოლონი რქმევია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები