ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2025


მზის მხარე(ს)

"აქ იპარავენ"
"აქ საშიშია"
"აქ სხვანაირად ხედავენ სიკვდილს!"
ასე ამბობენ ჩემს სახლთან ჩავლილები;

შენ კი; თეთრო კაცო;
მიყურებ როგორც სადილად მორთმეულ
ხორცის ნაჭერს;

სხვა დროს კი; ნეტა რას ფიქრობ
ჩემს დასვრილ ხელებზე?!
ამ ხელებმა ხომ ყველა ქალის გზა
მზეს მიაფიცხეს
და გზა გამოჭრეს მზის სხივებით განათებული.

მე მამამ მითხრა;
ქალი; რომელიც გზებზე ცეკვავს;
ან სიყვარულს იპოვნის და
ან სიცოცხლესო!
მე დავუჯერე მამას და
ცოცხალი დავრჩი!

შენ კი სულ ტყუილად მთხოვ
რომ შენთვის ვიცეკვო;
რადგან შენი სამყარო არც მე მცნობს;
არც ჩემს ენას;
რადგან როდესაც ვლაპარაკობ;
შენ გგონია რომ ან ვმღერი;
ან ასოებს ვპარავ შენს ენას!

სინამდვილეში კი;
ჩვენ სახლის ზღურბლს მიღმა ვიზრდებით
და როცა ცეცხლს ქვა დაამარცხებს;
ბოშა გოგოები
თმებს ვიგრძელებთ სიმღერ-სიმღერით.

ჰოდა ლამაზო თეთრო კაცო;
გაითავისე;
რომ მე არა ვარ შენს რუკაზე;
არც უნდა ვიყო;
რადგან შენს რუკაზე სამყარო ბრტყელია;
მე კი ქვეყნის ყველა კიდეზე;
ყველა აღმართზე თუ თავდაღმართზე
ვაპირებ ცეკვას!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები