ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ივნისი, 2025


საკუთრივ ,,ლურჯა ცხენები"-ს შესახებ

                                     
რაზეა ან ვისზეა ლექსი? თემური წყობილების მორალურ ცვეთაზე, მაგრამ არა მის დასასრულზე; თემისა და პიროვნების ხელახალ შეხვედრაზე და მეორის სრულ დომინაციაზე პირველთან მიმართებაში; თემის უძლურებაზე, გააძევოს პიროვნება და ასეთი გაძევების სრულ უაზრობაზე; პოეტზე, როგორც მაღალ შემოქმედზე, რომელმაც თავისი შემოქმედებით - მივიდა, ნახა, გაიმარჯვა ამ თემზე (გარემო); ლექსზე, როგორც ბუნების მარადიულ ძალაზე, რომლის დაბადება, მოვლინება  საზოგადოებაში არსებული ძალების (ჯგუფური თუ ორგანიზაციულად გაფორმებული) ნებელობას ანულებს!
 
ლექსი, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ნაწერი, მთლიანია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მისი, როგორც მთლიანის გააზრება. ასეთი გააზრება მოითხოვს თვით ტექსტისა და მისი სტრუქტურული ნაწილების (სიტყვა, შესიტყვება, სტრიქონი, სტროფი...) წაკითხვა-გაგებას, შეგრძნებას, რათა მიღწეულ იქნას ნაწერის, როგორც მთლიანის აღქმა. გარდა ამისა, აუცილებელია დაკვირვება, - ლექსის ავტორი, ტექსტის რომელ ნაწილში ამბობს თავის მთავარ სათქმელს (ხშირად, არა ერთს), როგორ ახდენს იგი მკითხველის მომზადებას, მის შეყვანას შინაარსსა და ლოგიკაში...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსახილველ ლექსში, როგორც მთლიანში, რამდენიმე ადგილის გააზრებას შევთავაზებ პატივცემულ მკითხველს, რაც უნდა დაგვეხმაროს ამ ლექსის შინაარსის სწორად წვდომა-გაგებაში, შემდეგ კი მივმართავ მისი ცალკეული ნაწილების ანალიზსაც.

უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ შესიტყვება ლურჯა ცხენები ლექსში სამჯერ არის მოხსენიებული: 1)მესამე სტროფის ბოლო ორი სტრიქონი: ,,სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!“ 2)მეხუთე სტროფის პირველი ორი სტრიქონი:,,ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები.“ 3)მერვე სტროფის ბოლო ორი სტრიქონი: ,,როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები.“

პირველი ვარიანტის ლურჯა ცხენები, ერთი შეხედვით, განსხვავდება დანარჩენი ორისგან - აქ ნახსენები ცხენები პოეტის ლურჯა ცხენებია, მასთან მიმართებაშია მოხსენიებული, - ჩემიო, ამბობს იგი. დანარჩენი ორი კი ბუნებაში არსებულ მოვლენებთან - ცეცხლისა და ზღვის ხეტიალთან, ზოგადად ბედის ტრიალთან მიმართებაში არის ნახსენები. საბოლოო ჯამში, ორი ტიპის ლურჯა ცხენებს ახსენებს პოეტი ლექსში - საკუთარს და იმ ცხენებს, რომლებიც ერთხელ ამოშვებული ჯინივით უკვე დაქრიან სამყაროში ბუნების ძალების (ცეცხლის ხეტიალი, ზღვის ხეტიალი, ბედის ტრიალი) დარად და ცოტა უფრო ძლიერადაც - ჩქარი გრგვინვა-გრიალით. თუმცა, მიუხედავად ასეთი დასკვნისა, ლექსში გადმოცემული ლოგიკის თანახმად, პოეტის  ლურჯა ცხენები, როგორც საკუთარი, გარკვეული დროის შემდეგ იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, ვითარცა ბუნების ძალები; ანუ, ლექსი ეძღვნება ლურჯა ცხენებს, როგორც ბუნებაში დამოუკიდებლად არსებულ სამყაროსეულ ფენომენს.

მეორე საყურადღებო ადგილი ამ ლექსში, რომელიც უმნიშვნელოვანესია მისი, როგორც მთლიანის გასააზრებლად, არის ბოლო, მერვე სტროფის საწყისი ორი სტრიქონი: ,,მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები...“ აქ პოეტი პირდაპირ ამბობს, რომ ნისლის თარეშს მხოლოდ სამუდამო მხარეში კი არ აქვს ადგილი, არამედ ზევითაც. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვა, ამავე პოეტის სიტყვებით, მისი სხვა ლექსიდან - ,,ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!“ რას ვგულისხმობ? იმას, რომ ზევითაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ადამიანთა საზოგადოებაში, მის ცალკეულ სოციალურ ჯგუფებში (ლოკალური გარემო), ისეთივე მძიმე სიტუაციაა, როგორიც პოეტმა ქვევით ,,ნახა“ - ცივ სამარეში წოლა, სამუდამო მხარეში არსებული მწუხარება, ნისლის თარეში, მდუმარება და ა.შ. 

ამ ბოლო სტროფში, რომელიც ერთი მთლიანი წინადადებაა, პოეტი შინაარსობრივად გვეუბნება შემდეგს: ვინაიდან საშველი არ არის, საჭიროა მაღალი დონის შემოქმედება, ისეთი ლურჯა ცხენები, რომლებიც ნებისმიერ ვითარებაში, თუნდაც ნისლის თარეშში (ბუნდოვანებასა და გაუგებრობაში), სამუდამო მხარეში, რომელი მხარე ზევითაც არის და ქვევითაც, მოხეტიალე ცეცხლისა თუ ზღვის, ბედის ტრიალის დარად, ჩქარი გრგვინვა-გრიალით მუდმივად იქროლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წყევლით არიან შენაჩვენები. მოცემული სტროფის საზრისი ისაა, რომ ამ ცხენებს ვერაფერი შეაჩერებს - ვერც წუთისოფელი, ვერც კონკრეტული თემი (არაფორმალური თუ ორგანიზაციულად გაფორმებული გარემო), ვერც სამარე (პოეტის სიკვდილი), ვერც სამუდამო მხარე და ვერც სხვა რომელიმე ძალა თუ გარემოება. ლურჯა ცხენებისთვის წინააღმდეგობა-წინაღობა არ არსებობს, რითაც იგი, საყოველთაო გაგებით, ბარათაშვილის ,,მერანს,“ მის სულისკვეთებას ენათესავება. მაგრამ, თუ ბარათაშვილთან პოეტი მერნის მხედარია და მას თავგანწირვით მიაქროლებს საკაცობრიო იდეალების აღსასრულებლად, აქ, ამ ლექსში, მერნების სულისჩამდგმელია ავტორი, იმ მერნებისა, რომლებიც, ავტორისავე რწმენით, ბუნების ძალების თვისებებით ხასიათდებიან და მათსავით მარადიულნი არიან. 

რაზეა საუბარი?

იმაზე, რომ ლურჯა ცხენები 24 წლის პოეტის ლექსებია!

24 წლის პოეტისას, რომელსაც, როგორც სხვა ათასებს, უსწრაფეს აღიარებაზე აქვს მოთხოვნა. საყოველთაო ცნობით და სამწუხაროდ, ეს, ამ ასაკში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძნელი მისაღწევია. სწორედ ამ პიროვნულმა (ასაკით გამოხატულმა) სირთულემ და გარემოს (როგორც მიკრო, ისე მაკრო)  მხრიდან მისი შემოქმედების აუღიარებლობამ ათქმევინა გაგულისებულ პოეტს ამ ლექსში: ,,სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით, ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!“ ამ სიტყვების გამჟღერებელმა ახალგაზრდა პოეტმა ზუსტად იცის, რასაც ამბობს: მისია შესრულებულია, დასაწერი დაწერილია, სათქმელი ნათქვამია - ლურჯა ცხენები ბუნების სტიქიური ძალებია უკვე და ამავე ბუნებაში არსებული სხვა ძალების მსგავსად შეუჩერებლივ მოძრაობენ-დაჰქრიან; ლექსის ავტორი, იმ გარემოს, რომელსაც იგი ეკუთვნის, ფაქტიურად ეუბნება შემდეგს: არ აღიარების მიუხედავად, თქვენ ყველა იცნობთ ჩემს ლურჯა ცხენებს (ამ სახელწოდების ლექსსა და სხვა მანამდელ ლექსებსაც), მაგრამ ჩუმად ხართ, ხმას არ იღებთ, თითქოს არც არაფერი ხდებოდეს მნიშვნელოვანი, რაც მკლავს და მანადგურებს. მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან, თქვენ ყველას, ჩემთან, აწ უკვე უყურადღებობით განადგურებულთან და სამარეში მყოფთან, ჩემ ლექსებწაკითხულები და მათი მცოდნენი, თუმცა რეაქციის არმქონენი ,,...სიზმარიან ჩვენებით, ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!“ (ძველებიც აქ არიან და ახლებიც). სხვაგვარად, - სიზმრის მეშვეობით, უჩინრად მოგინდებათ ჩემთან, სამარეში მყოფთან მოსვლა, ჩემივე ლექსებით, იქ, სამუდამო მხარეშიო, აგონებს პოეტი გარემოს.  თ. ბაბლუანის ,,უძინართა მზე“-ში არის ერთი ასეთი მომენტი - სამსახურიდან გაძევებული გელა ექიმი ქუჩიდან ხმამაღლა მიმართავს მისი, აწ უკვე ყოფილი დამსაქმებელი სამედიცინო სამსახურის უფროსს: ,,...დრო მოვა (იგულისხმება ის დრო, როცა ექიმი კიბოს წამალს გამოიგონებს - ა.ბ.) და ჩემთან ახლო მოსვლა მოგენატრება, მაგრამ მოსასვლელი პირი არ გექნება...“-ო. ეს სიტყვები საკაცობრიო აღმოჩენასთან ახლოს მყოფი ექიმის სიტყვებია, რომლისაც,  სამწუხაროდ, იმ მომენტში არავის სჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პოეტი ასე პირდაპირ არ მიმართავს თავისი შემოქმედების არამღიარებლებს და მიმართვის სრულიად სხვა ფორმას ირჩევს, ამ პოეტისა და ზემოხსენებული ექიმის შინაგანი განწყობა იგივეა - პროტესტი გარემოს მიმართ. ლექსის ავტორი იმ გარემოს, რომელსაც ეკუთვნის, შინაარსობრივად ეუბნება შემდეგს: ვერ გაუძლებთ ცთუნებას, არ წაიკითხოთ ჩემი ლექსები, არ ჩასწვდეთ მათ და რომ წაიკითხავთ, აუცილებლად მოგინდებათ ჩემთვის რაღაცის თქმა, შთაბეჭდილების გაზიარება, თუნდაც ახლოს მოსვლა, გამოლაპარაკება (როგორც ,,მემენტო მორი“ წაუკითხა ტერენტი გრანელმა წინამდებარე, განსახილველი ლექსის ავტორს), მაგრამ თქვენ ამას არ იზამთ, ასე არ მოიქცევით, თავს არ გამოუტყდებით, არ იკადრებთ ცხადში, ამიტომ ,,ჩემი ლურჯა ცხენებით“ სიზმრის მეშვეობით, უჩინრად შეეცდებით ჩემთან მოსვლას, როგორც სამუდამო მხარეში მყოფთან, სადაც ყველანი არიან - წინამორბედებიც და თანამედროვენიც.
 
ახლა ვნახოთ პირველი სტროფი:
,,როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,   
ელვარებდა ნაპირი, სამუდამო მხარეში,
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.“

ამ სტროფში შემდეგი მომენტებია საინტერესო: ა)შედარება - სამუდამო მხარის ნაპირი ისე ელვარებდა, როგორც ამქვეყნიური (ყოველი მოკვდავისთვის იოლად დასანახი და აღსაქმელი) ნისლის ნამქერი, ჩამავალი მზის სხივებით ნაფერი; ბ)მეორე სტრიქონში ავტორი გვეუბნება, რომ მან სამუდამო მხარის მხოლოდ ნაპირი ნახა (არა თვით სამუდამო მხარე), რომელიც ელვარებდა; გ)ვინაიდან პოეტმა სამუდამო მხარის მხოლოდ ნაპირი ნახა და არა თვით ეს მხარე, სიტყვა შენაპირი ამ ნაპირის რაღაც ნაწილის (ფიზიკური) მნიშვნელობით უნდა ჰქონდეს მას გამოყენებული - კერძოდ, მასთან უშუალო მისასვლელის აზრით. ცნობილია, რომ ნაპირზე მოხვედრა მხოლოდ მის გარკვეულ მონაკვეთებზე მისვლა-მიდგომითაა შესაძლებელი.  გავაგრძელებ მსჯელობას: სამუდამო მხარის მთელ დიდ, ნისლიან ნაპირზე საუბრისას, რომელსაც ჩამავალი მზის სხივები აელვარებს, პოეტი აზუსტებს, რომ ,,არ ჩანდა შენაპირი“-ო! ხაზგასმით: ,,არ ჩანდა...“-ო! ანუ, იმდენად დიდი ნისლი იყო მთელი სამუდამო მხარის ნაპირთან, ისე აელვარებდა მას (ნისლს) ჩამავალი მზე, რომ მცირე მისადგომ-მისასვლელიც კი არ სჩანდაო. შესაბამისად, სიტყვა შენაპირი, რომელსაც არ იცნობს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ლექსის დაწერიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შექმნილი), ამ შემთხვევაში, ავტორს ესმის, როგორც კნინობითი ფორმა ნაპირის რაღაც ნაწილისა, ანუ მისადგომი. მაგალითად, როგორც ეს არის შენაკადი დედა მდინარისთვის, ანუ მთელის შემადგენელი რაღაც ნაწილი. ამიტომ, ლექსის ამ ნაწილის მიხედვით, ავტორმა სამუდამო მხარის მხოლოდ ნაპირი დაინახა, ისიც იმდენად შორიდან, რომ მისადგომის დანახვაც ვერ შეძლო, ვინაიდან მთელ სანაპიროზე მოელვარე ნისლი იდგა. დ)მოცემული ლექსის გასაგებად ასევე მნიშვნელოვანია ამ სტროფის მეოთხე სტრიქონი. აქ პოეტი ამბობს, რომ ვერ ნახა ვერაფერი, ცივი და მიუსაფარი მდუმარების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ პოეტი თავიდანვე ძებნა-ძიების პროცესშია, მაგრამ ცივი და მიუსაფარი მდუმარების გარეშე ვერაფერს პოულობს, ვერაფერს აფიქსირებს. ვაკონკრეტებ: ეს ცივი და მიუსაფარი მდუმარება, რომლის გამოც პოეტმა ვერაფერი იხილა, მისი ლექსების არამღიარებლების (არა მარტო, ვინაიდან ეს ფაქტი ზემოაღნიშნულ გარემოსა და მასთან აუცილებლობით მისული ახალგაზრდა პოეტის ვერშემდგარ ურთიერთობებზეც მიგვანიშნებს)  მდუმარებაა! სწორედ ამიტომ მიმართავს პოეტი ამ სიტყვების გამეორებას შემდეგი, მეორე სტროფის დასაწყისში:
   
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

აქ, ამ სტროფის პირველი სტრიქონის საწყის ნაწილში, პოეტი იმეორებს წინა სტროფის ბოლო სტრიქონში მდუმარების შესახებ ნათქვამს და მას აზრობრივად ავითარებს-აზუსტებს სიტყვებით - ,,...და სიცივის თარეშში,“ რითაც გვამცნობს: არამხოლოდ აუტანელი მდუმარებაა იმ გარემოში, რომელშიაც ვიმყოფები, არამედ ცივი მზერის საყოველთაობაც,  რომელი საყოველთაობაც რაღაც უძრავი, თავისთვის მყოფი კი არაა, არამედ ისეთია, რომელიც დათარეშობს. სწორედ ამიტომაა სამუდამო მხარეში სიმწუხარე, რომელი მხარეც, პოეტისთვის, მხოლოდ ქვევით კი არ არის, არამედ ზევითაცაა. ყოველივე ამის (გარემო) მხილველი პოეტის თვალებში ცეცხლი აღარ კრთის და იგი, იეთიმ გურჯის ერთი ლექსის შესაბამისი სტრიქონის პერიფრაზს რომ მივმართო, - ცოცხლივ მკვდრებში წერია.

როგორც დავინახეთ, პირველ ორ სტროფში პოეტმა გამოიყენა ორი სახის შესიტყვება: სამუდამო მხარე და ცივი სამარე. ცხადია, ისინი სხვადასხვა შინაარსის მატარებლები არიან. სამუდამო მხარე, როგორც შესიტყვება, უფრო ფართო შინაარსის მქონეა და იგი სამარემდე (ტემპერატურული რეჟიმის მიუხედავად) არ დაიყვანება. სამარე - ძე-ხორციელის სამარადჟამო განსასვენებელი ადგილია, მაშინ როცა სამუდამო მხარე უფრო სულთა საუფლოს ასოციაციებს აღძრავს აქ. და ვინაიდან პოეტი ამქვეყნიური სულიერი სამყაროს (მხარე) წარმომადგენელია, თანაც, მისივე სიტყვებით, სამუდამო მხარე, როგორც სულების საუფლო, ქვევითაც არის და ზევითაც, იგი ახერხებს ზევით არსებულ გარემოზე სრული დომინაციის მოხდენას! 

როგორ ახერხებს? სხვაგვარად, რა თქვა პოეტმა ამ სტროფის ბოლო სტრიქონში? სხეულს რომ არ უხარია ცივ სამარეში წოლა, ამის შესახებ ცოტა უფრო ვრცლად გვიყვება, მაგრამ სულსაც რომ არ უხარია, ამის თაობაზე - მოკლედ. ,,...და არც სულს უხარია“ ერთი ყველაზე ტევადი, აზრობრივად მრავალმნიშვნელიანი სიტყვების ნაკრებია ამ ლექსში. რატომ? იმიტომ, რომ, იგი პირდაპირი მნიშვნელობითაც შეიძლება გავიგოთ და ირიბადაც. პირდაპირი მნიშვნელობით, ლექსის ავტორის სულს სამარეში ნაადრევად ჩაწოლა არ უხარია, უპირველეს ყოვლისა, არა იმიტომ, რომ ცეცხლი ფიზიკურად აღარ კრთის მის თვალებში (პოეტის სიკვდილი), არამედ იმიტომ, რომ უხილავის დამნახველი ცეცხლი, მისი მანათობელი ალი ჩაქრა, რაც ნანახ-განცდილის აღწერა-დაფიქსირების ფუნქციის გაუქმებას იწვევს. შესაბამისად, აქ ადამიანის კი არა, არამედ პოეტის, თანაც ახალგაზრდა, ნიჭიერი, დიდი მომავლის მქონე  პოეტის სიკვდილზეა საუბარი და ცხადია, ამაში სასიხარულო არაფერია.

ახლა ვნახოთ, თუ როგორია ,,...და არც სულს უხარია“-ს ირიბი გაგების არსი? ცხადია, ეს სიტყვები სტრიქონში ისეა ნათქვამი, თითქოს რაღაც უნდა უხაროდეს კიდეც პოეტის სულს იმის გამო, რომ ცივ სამარეში წევს. რა უნდა უხაროდეს მას? ამ კითხვის ორი პასუხი შემდეგ (მესამე) სტროფშია:
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

ვიდრე ამ სტროფის შინაარსობრივ მიმოხილვას შევთავაზებ პატივცემულ მკითხველს, მცირე სათქმელს ვიტყვი: თავიდან პოეტი სამუდამო მხარეზე ზოგადი სახით გვესაუბრება (მისი აღწერის გარეშე) და მხოლოდ ამის შემდეგ ახსენებს ცივ სამარეს, რომელზე მონაყოლიც შედარებით კონკრეტულია. იმავდროულად, ცივი სამარის პოეტისეული აღწერა, ყოფიერში ნანახ-განცდილის ასახვაა მხოლოდ. ამ ტიპის სიტუაციები ყველა მოკვდავს უნახავს გასვენება-დასაფლავებისას. ამ შემთხვევაში, პოეტის გრძნობა-განცდები ადამიანურია, უფრო დაზუსტებით - ამქვეყნიური. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ორივე ზემოაღნიშნული შესიტყვების მოხმობა ლექსში, პოეტს გარკვეული მიზნებისთვის სჭირდება, რათა სხვა, შემდეგი სახის სათქმელი გაგვიხმოვანოს. რაზეა საუბარი? პასუხი: ლექსში პირდაპირ იკითხება (იგრძნობა), რომ სამუდამო მხარის ხსენება მას იმისათვის დასჭირდა, რომ მკითხველისთვის ეთქვა - ,,...ყველანი აქ არიან!“, ხოლო ცივ სამარეში ინდივიდუალური წოლით გვამცნო: ,,...და არც სულს უხარია.“

ჰოდა, რატომ უნდა უხაროდეს პოეტს ცივ სამარეში წოლა? იმიტომ, რომ მისი ლექსების (პოეზიის) არამღიარებლების ტყესთან გატოლებული მასა,  მისივე ღრმა რწმენით, მასთანვე მიესვენება, რაც აღიარების (ირიბი) ტოლფასია! საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენში, პოეტის აღიარება, უმრავლეს შემთხვევაში, მოხუცებულობისას ან გარდაცვალების შემდეგ ხდება, რაც არა მხოლოდ უდავო ფაქტია, არამედ უამრავი პოეტის შემოქმედებაში აქტიურად დაფიქსირებულიც.

როგორი ფორმით მიმართავს ამ სტროფში პოეტი მავანთ? ხმამაღალი, თან კატეგორიული ფორმით, - აუცილებლად მოესვენებით ჩემთანო! ვის შეიძლება მიმართავდეს პოეტი ასე, ან ამის რა საჭიროება წარმოექმნა, რომ ასე მიემართა მავანთათვის? აქ, რიგითი მკითხველი (საზოგადოდ ადამიანები, მოქალაქეები...), ცხადია, არ იგულისხმება, ეს გამორიცხულია. მაშ, ვინ? შეშლილი სახეების მქონენი, რომელ სახეთა სიმრავლეც პოეტს ჩონჩხიან ტყეებს აგონებს. სწორედ მათ გამო (და მათთან ერთად) რბიან, მიიჩქარიან უსულდგმულო დღეები.   
ვის შეშლილ სახეებზე საუბრობს პოეტი? სავარაუდოდ, იმ თანამოკალმეების, ვინც მას პოეტად არ მიაჩნდა. მათ მიერ ლექსის წერაში გატარებული, ჩავლილი დღეები პოეტს უსულდგმულო, მსუბუქ (ფარფატა) დღეებად ეჩვენება და სწორედ ამიტომ რბიან ისინი (ამსუბუქებულები), მიიჩქარიან, რომ უკეთესი დროება რაც შეიძლება მალე მოიყვანონ, დააყენონ. ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეების მქონენი, გაცნობილები ავტორის ლურჯა ცხენებს (ლექსები) მასთან მიესვენებიან, რაც ამ უკანასკნელს ახარებს, ვინაიდან ეს ფაქტი, როგორც უკვე ვთქვი, აღიარების ტოლფასია, თუნდაც იმ ქვეყნად მომხდარ-დაფიქსირებული.
 
გარდა ამისა, პოეტი აქვე აჟღერებს ამ ლექსის ერთ-ერთ უმთავრეს სიტყვებს - ,,ყველანი აქ არიან!“ ვინ ყველანი? ცხადია, არა იმ ქვეყნად გადაბარგებული რიგითი თანამემამულენი, არამედ მხოლოდ მისი დიდი სულიერი (პოეტი) წინამორბედები. ამიტომ, ამ სტროფის ეს ბოლო სიტყვები ჩვეულებრივი, რიგითი სიტყვები როდია - ისინი პოეტის დიდ იმედს გამოხატავენ, გვიმხელენ: ა)მისი განდეგილობა, ამქვეყნიური სულიერი სიმარტოვე (სხვასთან ერთად, გარემოს მიერ გამოწვეული ან გამწვავებული) სამარეში (თუნდაც ცივში) მთავრდება, ის მარტო აღარ არის, როგორც ზოგადად, ისე ზემოხსენებულ გარემოსთან მიმართებაში, ვინაიდან იგი ახლა მის დიდ წინამორბედებთან ერთადაა; ბ),,ყველანი აქ არიან“-ში პოეტის ის იმედიც გამოსჭვივის, რომ დიდი წინამორბედების გვერდით ყოფნა ერთგვარად სამსჯავროზე ყოფნაცაა, რომელ სამსჯავროზე ბნელ ხვეულებში მყოფი, მძინარე ქიმერები კი არ არკვევენ (აფასებენ) პოეზიის, როგორც სულიერი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს ავ-კარგს, არამედ წინამორბედი დიდი პოეტები (რომელთაც არაერთხელ ახსენებს ავტორი თავის სხვა ლექსებში) და რომლებიც, განსახილველი ლექსის ავტორის რწმენით (საანალიზო სიტყვების ბოლოს ძახილის ნიშანია და მუქარის ინტონაცია იგრძნობა), ბუნებრივად და ობიექტურად განსჯიან ზემოთ აღნიშნული გარემოს ყველა ავტორის ლექსს, მათი პოეტურობის ხარისხს, წონას, სიდიდეს და სავარაუდოდ, იმასაც იტყვიან - ვინ ვინ არის! სწორედ ამაშია  სამუდამო მხარეში პოეტის ,,მოგზაურობის“ დედააზრი. 

ახლა ვნახოთ მეოთხე სტროფი:
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება - როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

პირველ ორ სტრიქონში პოეტი ამბობს, რომ დროის მდინარება, სიჩქარე მას არ ანაღვლებს, ვინაიდან იცის, რომ იგი ულმობელია, რომ მას ცრემლით გულს ვერ მოულბობ, ვერ შეაჩერ-შეანელებ, ვერც ქროლვა-სრბოლაში გაჰყვები თვალცრემლიანი და არც იგი გაგიყოლებს ასეთს; როგორც შემოქმედი, ამ გზით მარადიულობას ვერ ეზიარები, ვინაიდან პოეტების მკვლელ გარემოს ძალუძს სულის ხმოვანებასავით ექო-ექოდ გააქროს ვნება-წამება (ცხადია, უპირველეს ყოვლისა, პოეტური), წარმოქმნილი ლოცვის სიმხურვალეში. მიუხედავად ამისა, ლურჯა ცხენები, როგორც ბუნების ძალის მქონენი, მაინც განაგრძობენ ცეცხლივით ხეტიალს ჩქარი გრგვინვა-გრიალით (მეხუთე სტროფი), მაგრამ პიროვნულ, ფიზიკურ დონეზე, პოეტის წინ, ისევ და კვლავ, ყოველ ახალ ჯერზე, განსასვენები უყვავილო (აუღიარებლობა-დაუფასებლობა) სამარეა, როგორც უმკაცრესი რეალობა, რომელიც იმის შანსსაც კი არ უტოვებს მას, რომ იფიქროს - იქნებ ეს ყველაფერი სიზმარია. პოეტმა იცის, რომ მისი და გარემოს დაპირისპირება ლურჯა ცხენების გაჩენა-მოვლინების შემდეგაც გაგრძელდება და სწორედ ამიტომ ამბობს იგი მეხუთე სტროფში: ,,რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?“ პირველ სტრიქონში ისევ აუღიარებლობაზეა საუბარი და იგულისხმება ის, რომ ყოველ რიგით პოეტს თავისი სახე და სახელი აწუხებს-ანაღვლებს, მისი ხელოვნურად წინ წაწევა-დაწინაურება და არა ის, თუ სადაა ნამდვილი პოეზია, ვისგან ისმის ხმა პოეტური. მეორე სტრიქონი უფრო მძიმეა: ლექსად ნათქვამ-ამოძახილის გაგების პრობლემა და უფრო მეტიც - თვით დამძახებლის, როგორც ,,განწირულის სულისკვეთების“ მქონე, ყვირილით ამომთქმელი პოეტის ფიზიკურად გაგონების პრობლემა. სწორედ ამიტომ აგრძელებს პოეტი: ,,ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!“ ანუ, იმდენად მძიმე გარემოა, როგორც საოცრების უბე, რომელშიაც  დიდ პოეტსაც კი ვერავინ ანუგეშებს, ვინაიდან ,,შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით...“ დაფარულ ამ გარემოს ბნელი ხვეულები აქვს, სადაც გამოუცნობ ქიმერებს სძინავთ, რომელი ქიმერებიც, დროის გარკვეულ, შედარებით მცირე მონაკვეთში, მაღალი პოეტური ქმნილებებისა და მათი ავტორისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც პიროვნულ (ფიზიკურ), ისე შემოქმედებით დონეზე. დღესაც და ხვალეც! ყოველ ცისმარე დღეს!

ვის შეიძლება გულისხმობდეს პოეტი ქიმერებში? სავარაუდოდ, - ტენდენციურ თანამოკალმეებს, ასეთივე ლიტერატურულ კრიტიკას, ლიტერატურისა და ლიტერატურული ცხოვრების სფეროს მმართველ სახელმწიფო მოხელეებს, თვით სახელმწიფოს, როგორც ასეთს და ა.შ., რომლებიც მისი შემოქმედების, მისივე ლექსების პოტენციური (და რეალური) არ დამნახველები არიან. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი: ა)ქიმერებში იგულისხმება 24 წლის ავტორის პირველპოეტობის არმცნობნი, არამღიარებლები; ბ)ქიმერებში იგულისხმება ყველა, ვინც  ზემოთაა ჩამოთვლილი - რომელიმე რიგითი პოეტიდან დაწყებული სახელმწიფო მოხელით (ასევე პოეტი) დამთავრებული, რომლებიც, დროის გარკვეულ პერიოდში, ამა თუ იმ იერარქიულ საფეხურზე რაღაც მექანიზმებით მოკალათებულნი  ახდენენ აზრის ხელოვნურ (მექანიკურ) ფორმირებას ხელისუფლებისა და მისი მთავარი იდეოლოგიური ხაზის უზრუნველსაყოფად, სასარგებლოდ და მაღალი პოეზიის (ხელოვნება) საზიანოდ. სწორედ ამიტომ არიან ისინი უჩინარნი, მძინარენი, რომ რეალურ შემოქმედებასთან კავშირი არ აქვთ. ასეთების ადგილი ბნელ ხვეულებშია, სადაც ისინი მთვლემარე მდგომარეობაში არიან და მხოლოდ მაშინ აღვიძებს მათ სისტემა, როცა გარკვეული დავალებების მიღება-აღსრულებაა საჭირო და აუცილებელი.

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

აქ, მეშვიდე სტროფის პირველი სტრიქონის დასასრულს, პოეტს გამოყენებული აქვს ორწერტილი, რაც მკითხველს გარკვეული შედეგის მოლოდინს უჩენს. ეს შედეგი, უპირველეს ყოვლისა, მომდევნო სტრიქონშია. კითხვა: რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ შუქთა კამარა (ლურჯა ცხენების ფარდი შესიტყვება, შუქის მქონე ლექსების სხმული, კამარის შემკვრელი) ვერაფერმა დაფარა? ამის გასაგებად, მეორე სტრიქონში არსებული სიტყვა ,,ამარა“-ს ანალიზია საჭირო. ეს სიტყვა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ვიღაც (ერთი ან მეტი პირი) მშრალ რიცხვების ამარაა დარჩენილი (დრო - ახლანდელი), რის გამოც იგი უდაბნოში ღელდება. ვინ დარჩა მშრალ რიცხვების ამარა და ვინ ღელდება? სავარაუდოდ, შეშლილი სახეეების ჩონჩხიანი ტყეების მქონენი. რატომ უნდა დარჩენილიყვნენ ისინი მშრალ რიცხვების ამარა? ან რა იგულისხმება მშრალ რიცხვებში? ვფიქრობ, იმ პოეტების ლექსების რიცხობრივი რაოდენობა, რომელმა პოეტებმაც თავიანთი შემოქმედების მხოლოდ რაოდენობრივად გამოსახვა შეძლეს, ანუ ბევრი ლექსი დაწერეს, თუმცა ხარისხის (პოეზია) გარეშე. სწორედ ამიტომ, მომდევნო ორ სტრიქონში პოეტი ისევ იმეორებს ადრე ნათქვამს, მცირე აზრობრივი (თავიდან, მესამე სტროფში: რბიან, მიიჩქარიან-ო, - ამბობს ავტორი, ანუ დინამიკაა მოცემული, რათა მასთან მიესვენონ, ხოლო ახლა, მეშვიდე სტროფში - ჩნდება და ქვესკნელდება-ო, ვინაიდან უკვე მიესვენენ მასთან, რითაც აღიარეს იგი) ცვლილებით - ,,შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.“ სხვაგვარად რომ ვთქვა, შეშლილი სახეების მქონეთა საპოეზიო მცდელობები, მათი შრომა პოეტს უნაყოფო საქმედ მიაჩნია, - უსულდგმულო დღეების გაჩენა-ჩაქვესკნელებად. სწორედ ამიტომ დარჩნენ ისინი მშრალ რიცხვების ამარა (ათასობით ლექსის ავტორი შეიძლება პოეტი არ იყოს), რაც თავადაც კარგად უწყიან და სწორედ ამიტომ ღელდებიან ისინი. სად ღელდებიან? უდაბნოში, ანუ უნაყოფო, მოუსავლიან, საქიმერო (ხელოვნურ) გარემოში. სწორედ ამიტომ, მეშვიდე სტროფში პოეტი იმეორებს უსულდგმულო დღეების ამბავ-ისტორიას და როგორც არა (აღარ) საჭიროს უმძაფრესად აცამტვერებს - გაჩენისთანავე აქვესკნელებს.

ლექსი ,,ლურჯა ცხენები“ 24 წლის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ლექსია, პირადად მისი, როგორც პოეტის და მისივე შემოქმედების შესახებ არსებული ლექსი. იმავდროულად, ეს ლექსი ქართულ საზოგადოებაში არსებული ხელოვნური გამოვლინებებისადმი მიძღვნილი ლექსია, ასეთი გამოვლინებების ავტორების გასაგონად შექმნილი ლექსი, დროის მარადიულობის შეხსენებაა მათთვის, რომელ მარადიულობასაც ჩქარი გრგვინვა-გრიალით მქროლავი ლურჯა ცხენები შერჩებიან მხოლოდ.     



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები