ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2025


ხაზის რადიო - შვილის საკითხავი

ისე იცხოვრე,  როგორც შენ გინდა!
არ ღირს ცხოვრება ათას წვრილმანად.
გადაუხვიე მთავარი გზიდან?
და თქვას რაც უნდა ამან, იმანაც...
ისე იცხოვრე, შენს თავს მოსწონდე!
რაღაც ნარცისულს კი არ გთავაზობ.
უიღბლობები დაწვი კოცონზე!
თავის ირწმუნე, ჩემო ლამაზო!
სხვა რას იფიქრებს? იფიქროს თუნდაც,
შექმენი შენი გამოცდილება!
დაფიქრდი იმ სხვას შენგან რა უნდა,
შენი წინსვლა თუ შენი მხილება!
იყავი ზოგჯერ მხოლოდ საშენო,
სხვის დარდებს ზედ ნუ გადააკვდები!
იქნებ ცხოვრებას თავი აჩვენო,
რომ არც მეტი ხარ და არც ნაკლები!
ზოგჯერ შეცდომაც  უნდა დაუშვა,
ვარდნა აფრენას ზურგს უვარჯიშებს!
მერე რა მოხდა, ისე, დაუშვათ,
თუ კი წინასწარ არ თვლი ნაბიჯებს...
სხვა ხომ სხვის ომში მუდამ ბრძენია,
თვითონ იპოვე გამოსავალი!
შენი ცხოვრება მხოლოდ შენია,
არ შეგეშინდეს, როცა წავალ მე!
ისე მზრუნველი, როგორც შენა ხარ,
დღეს იშვიათად ვინმე რომ შეგხვდეს.
ისწავლე მიზნის გულში შენახვა
და ოცნებებიც ახდება ერთხელ!
პ.ს.
დროს ნუ გაფლანგავ,
დრო არ გპატიობს!
შენც დაემგზავრე დროის დინებას!
მაუწყებლობდა ხაზის რადიო,
დედის თხოვნით თუ გამოცდილებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები