ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2025


სამი ლექსი ქეთოს

ქ-ს


ჩავიდენ ათას სისულელეს. ათას სიგიჟეს.
ეს ისე, ჩვენში, არასდროს მიყვარდა უტრირება.
სიტყვები - მარტოდენ ზედაპირის ტიტრებია.
მთავარია, რომ დამსხვრეულ გულთან მიმიშვა.
იცი? ამ დილითაც, შენს ფოტოს ვუყურებდი,
მხვდებოდა ტკივილი - თვალების არქივიდან.
მხვდებოდა ტკივილი. უზნეო. გამქირდავი.
მხვდებოდა ტკივილი. შიში და უკუნეთი.
მე ხუდადოვიდან მომქონდა გვირილები.
მონტინზე ჩამოვედი. შემომხვდა ჩიტაია.
და უნდა მაპატიო, უთუოდ მაპატიო.
ეს ჩემი ლექსები. ირემთა მყვირალობა.
შენ ახლა იდგები ყავისფერ გარდერობთან,
მომწერ მესენჯერში, მერე ინსტაგრამზე.
მე კი გულის ჯიბით დამაქვს თმის სამაგრი.
შენ რომ დამიტოვე გუშინ. გაგენდობი.
ნეველთან ჩამოსვლისას პირჯვარს გადავიწერ.
აქ, ჩემს ბავშვობაში მიყვარდა გამოპარვა.
მაისის ღამეთა ზეფირი ანუ ქარვა.
მერე კი, ბავშვობა სრულიად დამავიწყდა.
მოვყვები მარჯანიშვილს და მეტროს კუთხესთან,
ერთხელაც ჩაგხედავ ფოტოზე - სიმწვანეში,
ვერ ვამჩნევ შავტუხა, იეზიდ მემწვანილეს,
ფეხით ყუთს წავუქცევ. მომახლის: უწესოო!
ცოტაც და ვიქნები უკვე პლეხანოვზე,
სულ ცოტაც, მოგიტან გულყვითელ გვირილებს,
რომ გავთქვა ჩურჩულით, ამ სულის ყვირილი,
რომელიც უშენო დღეებით გავროზგე...

ქ-ს (2)


ორივეს ერთად გვეცინება.
მზეა. უდაბნო. შეიხები.
თმები ქვიშისფრად შეიღებე.
ახლა, გიცქერი მიძინებულს.
სიზმრად ინახავ მეგალითურ
ალოეებს და ევკალიპტებს.
შენი ღიმილის ბექობიდან
ფარულ ტკივილთა რხევებია.
ექოები და ხევებია.
ხევებია და ექოები.
მე კი, დერვიში და იგუანა,
მანძილს ვერასძალით ვეგუები.
მქვია უსახელო პილიგრიმი.
სანამ არსებობას დავიწყებდე.
კვალსაც მიტოვებდე ლავიწებთან
შენი თითების ფილიგრანით.
ცხოვრება - ოდენ დეჟავუა.
გარდასულ დღეთა სიმჟავე.
ჩემო გამჭვირვალე ამეთვისტო,
ისევ დაგატარებ გულის ჯიბით.
როგორც შეუდრეკი მეჯინიბე,
როგორც პოეტთა მეთვისტომე.
შენი თვალების აბზინდიდან
მზე მეათასედ აბზინდება.




ქ-ს (3)


ღამეა. ჭრიჭინები. ერწოს ქვაბულიდან
მოსჩანს საყდრიონი და ხევსურთსოფელი.
შენ ახლა იძინებ, როგორც ოფელია.
მე კი შენი ძილის ცქერას ვყაბულდები.
ამაღამ იწვიმებს. იწვიმებს და თუთებში,
მთლად გაილუმპება ჩვენი თუთიყუში.
ჩვენმა თუთიყუშმა არ იცის ლაპარაკი,
მაგრამ თვალები აქვს ისეთი მეტყველი,
მას იცნობს ყოველი თუთა და მეტყევე,
მას იცნობს სოფელი. თემი და აგარაკი.
ჩვენი თუთიყუში მზერით დაატარებს:
ბაცალიგოებსა და მადაგასკარებს.
ბაცალიგოდან კი, მადაგასკარამდე
ათასჯერ ათასი წყრთა და არშინია.
კრთები. ეს უზნეო სიზმრები გაშინებენ.
კრთები. გაცვეთილი ნიღბის მასკარადით.
და სანამ ზაფხულის დილა აფეთქდება.
უნდა დაგინამო კოცნით საფეთქლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები