ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2025


წუწკი მექალთანე

მარინე ავტომატურად  ურევდა კოვზს გასქურაზე შემოდგმულ წვნიანს  და მალი -მალ მზერას ფანჯრისკენ აპარებდა ისე , თითქოს თავის თავსაც უმალავდა, რომ სამუშაოდან ქმრის დაბრუნებას ელოდებოდა ,რომელიც აგერ უკვე ვინ მოსთვლის მერამდენედ ყოვნდებოდა გვიანობამდე , დროდადრო იქვე მაგიდაზე დადებულ ტელეფონს იღებდა ხელში და შეფიქრიანებული  საათს ამოწმებდა. საკუთარი თავი უეცრად  ამგვარ ეჭვიან  ფიქრებში ჩაფლული რომ გამოიჭირა , უფრო ნერვიულად უმატა  ქვაბის ზედაპირზე კოვზის ხახუნს.
- არა ჩემმა მზემ , აშკარად რაღაც ხდება მაგის უხეირო თავსა , როდის იყო ასე რომ იგვიანებდა ხოლმე ადრე. ახლა კიდე ხან რა მიზეზს იდებს ხან რას : - აი ბერდოვიჩს ლაფეტით შეშა მოვუტანე,აი ახალსოფელში დამატებით სამუშაოზე წავედი ადგილის დასამუშავებლად , აი სიმონიჩის ფუტკარი იყო გადასაყვანი ტყეში ,თითქოს მაგის გარდა სხვას არავის არა ჰყავს ტრაქტორი და ლაფეტი. რამეს ვეტყვი და იმწუთშივე მზადა აქვს გასამართლებელი მიზეზი:
- რა გინდა ქალო რას გადამეკიდე , შენ არ ამბობდი შემოსავალი აღარ გვყოფნისო , შვილი სტუდენტია და მეტი სახსრები, მეტი ფულია საჭიროო ? აჰა აგე ხო ვიტვირთები ზედმეტადა ? კიდე არა ხარ კმაყოფილი  მეტი რაღა გინდა ,რით ვერ მოვიგე შენი გული ?
-ასე  ჩამაწყვეტინებს  ხოლმე ხმასა,ვეღარაფერი ვეღარ მითქვია შიშითა- ფიქრობდა გაკაპასებული მარინე და  მოზრდილ თასში დაჭრილ კიტრსა და პომიდორს ათავსებდა სალათის მოსამზადებლად.
მარინე ორმოცს მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ მშვენიერ ფორმაში მყოფი ლამაზი ქალბატონი იყო, სოფლელი ქალის კვალობაზედ ,მას არც სახე ჰქონდა მზეზე მუშაობისგან უდროოდ დანაოჭებული და არც ტანი არ ჰქონდა გატლანქებული და ფორმადაკარგული , მიუხედავად იმისა რომ ჩასხმული და ოდნავ სრულიც კი ეთქმოდა , მაინც რაღაცნაირად გემრიელი და სათვალიო ქალი იყო, სოფლის შარაგზაზე თეძოების ქნევით რომ ჩაივლიდა, ბირჟაზე მჯარი კაცები, ჯერ კიდევ მსუნაგად გააყოლებდნენ ხოლმე თვალსაცა და გულსაც.
ამგვარ ეჭვებში და ფიქრებში იყო გართული მარინე , რომ უეცრათ ეზოს ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და დიასახლისმა ოლა ბაბოს ხელჯოხიანი სილუეტი დალანდა ფანჯრიდან.
-მარინეე ქალო მარინეე სახლში ხარ ?  კარებიდანვე გაისმა ოლა ბაბოს გაკაპასებული ბებრული ხმა, იგი იმხელა ხმაზე გასჩქაოდა ჭიშკრიდან, რომ  საქათმეში მყოფმა ქათმებმაც კი შეშფოთებით  ატეხეს კაკანი.
-გამომხედე ქა ახლოს ნუღა მომიყვან, ხომ ხედავ ისედაც ძლივს დავიკლაკნები.
-მოვდივარ ოლა ბაბო გასძახა მარინემ და ხელები წინსაფარზე შეიმშრალა
- უი ეგ წუწკი ეგა, ეგ გარყვნილი ეგა , არ შეგვჭამა და არ გადაგვდა ქა? ბობორქობდა ოლა ბაბო სანამ სახლიდან გამოსული  მარინე  უახლოვდებოდა
-რა მოხდა ოლა ბაბო ხო მშვიდობაა ?  შორიდანვე გასძახა შეფიქრიანებულმა მარინემ და ნაბიჯს აუჩქარა
- რაღა რა მოხდა ქა ,რაღა რა მოხდა - მოაშორე ეგ შენი წუწკი, ეგ შენი გარყვნილი ჩემს კარმიდამოს , მოაშორე მეთქი სანამ სისხლი არ დამიღვრია, თორე გაფრთხილებ : დაუძახებ ტიღაანთ მანუჩარასა და თავისი სანადირო თოფით იქვე ეზოში გავაგორებინებ, იქვე გავაქვავებ ადგილზედა . მერე არ მომედავო იცოდე.
მარინეს ისედაც ეჭვებშეყრილ გონებამდე  ნელ ნელა მიაღწია ოლა ბაბოს ნათქვამმა და თავზარდაცემულს ამ ახალი ამბისგან კინაღამ თვალთ დაუბნელდა:
საქმე იმაშია, რომ ოლა ბაბო თავის ახალგაზრდა ,ტანად მომცრო  ,ცისფერთვალა და დაბურთულ ტუჩება ოცდაშვიდი წლის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა, ნაადრევად დაობლებული თინიკო , მისი გაზრდილი იყო და  ბებო თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, მასზედ ამოსდიოდა მზე და მთვარე . ხოლო როდესაც შვიდი თვის გათხოვილი თინიკო ასევე ნაადრევად დაქვრივდა  და ქმრის ოჯახიდან ისევ სახლში დაბრუნდა , ოლა ბაბო მთლად მოიცვა სასოწარკვეთამ .
- ეს რა უბედურ ვარსკვალზეა გაჩენილი ჩემი თინიკოო ,შესჩიოდა მეზობლებს , ბედმა მშობლების დაკარგვა არ აკმარა ,ახლა  ქმარიც ისე გამოეცალა ხელიდან , ვერც მოასწრო წესიერად პატარძლად ყოფნაო.
მარინემ  მექანიკურად მიხურა ეზოს ჭიშკარი , ისე რომ ოლა ბებოს ქოთქოთი აღარც კი ესმოდა ,  თითქოს მოხუცის ხმა მისი გონების მიღმა უხილავ ლაბირინთებს შორის იკვლევდა გზას და გარეთ გამოღწეული სადღაც სივრცეში იფანტებოდა.
ერთია როდესაც ეჭვი გაქვს , ხოლო მეორე როდესაც უკვე ზუსტად იცი. მხოლოდ ახლა მიხვდა მარინე აქამდე რა ნეტარი ყოფილა მისი უმეცრება.
-აი თურმე რა ყოფილა ( რა კი არა ვინ ) თენგოს სისტემატიური დაგვიანებების მიზეზი, ახლა რა ვქნა ? როგორ მოვიქცე ? ნეტა როგორ იქცევიან ხოლმე ასეთ ვითარებაში ? მიუვარდე იმ ქალბატონს თუ ჯერ ამ ვაჟბატონთან გავარჩიო საქმე ? უამრავი ამგვარი კითხვა მიაწყდა უნებურად მის ისედაც ანთებაშეყრილ ტვინს.
- თინიკო ახალგაზრდაა , ლამაზი. ამ ჩემს ბედოვლათსაც რა უჭირს , მშვენიერ პეწზეა ( ჰმ ვისი გამოისობით  ნეტა ვიცოდე? ) ხოდა გაუწიათ ერთმანეთისკენ ეტყობა გულმაცა და თვალმაც, აბა მე თინიკოს მეტოქეობას როგორ ღა გაუწევ ? ჯერ    მთლად ბებრულად კი არ გამოვიყურები მაგრამ , ასაკს თავისი მიაქვს მაინცა , აგე თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭები გამიჩნდა ამ ბოლო დროს და შუბლზედაცა ერთი ორი ღარი უკვე შევამჩნიე .ეჰ ხანმოკლე ყოფილა ქალის სიჭაბუკე , გაიწიე ჩემო ბედშავო თავო  და გზა დაუთმე ახლა სხვასააა -სატირალზე მყოფივით დაიტირა გუნებაში მარინემ საკუთარი გახუნებული ქალობა .
ამ მწარე ფიქრებით იტანჯავდა თავს  გულდაწყვეტილი მარინე, რომ უეცრად მისი ამდაგვარი აპათია რისხვამ შეცვალა , ის წელში გასწორდა და  ბრაზით მუშტები შეკრა:
ესეიგი მე აქ ამას  ნაირ -ნაირ ,ცხელ - ცხელ კერძებს ვახვედრებ , ვურეცხავ , ვუუთოვებ , ვუკემსავ და ეს ასე მიხდის მადლობასა არა ?
ეხლა გიტირებ შენ ყოფასა , დამაცადე  ერთი ....
გამწარებული შევარდა სამზარეულოში გამოარბებინა  ხორციანი წვნიანით სავსე ქვაბი გარეთ და ღორების გობში  ამოაპირქვავა , წვნიანის ბედი ტაფის შიგთავსმაც გაიზიარა , ოღონდ ვარდისფრად დაბრაწულმა კოტლეტებმა ბომბორას ჯამში ამოყვეს თავი, კიტრი -პომიდვრის სალათით სავსე თასმა ,უკვე დასაბუდებლად გამზადებულ ქათმებს გაუხალისა საღამო.  ჯერი მაცივარზე მიდგა:მაცივრის შემადგენლობა მარინემ სამართლიანად გადაანაწილა  იქვე გუბურაში მოცურავე ხუთიოდე იხვსა და ორ ბატს შორის.
-ხოდა იარე ახლა მშიერმა , ბუტბუტებდა ქალი ღვარძლიანად , ეხლა შენმა სიყვარულმა გაგაძღოს კიდეცა  და დაგანაყროს კიდეცა შე დამპალო შენა.
ახალი სპორტულები , რომლებიც წინა კვირას ახალსოფლის ბაზრობაზე უყიდა,მარინემ გამოიტანა და ბომბორას ჩაუფინა სადგომში , დასტა-დასტად დაწყობილი , დარეცხილ -დაუთოვებული მაისურები კი გამოალაგა კარადიდან და გომურის ღრიჭოები ამოავსო .მერე გაიქცა , ავტოფარეხიდან გამოაგორა ქმრის მოტოციკლი, სათავსოდან გამოიტანა ვარდისფერი საღებავი, რომლითაც აპირებდა ღობის და ყვავილნარის შეღებვას და ის იყო შეუდგა თავისი მორიგი მზაკვრული გეგმის ხორცშესხმას,რომ გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილი ოლა ბებოს ხმამ გამოარკვია :
- ქალო , რა ქვაბებითა და ტაფებით სირბილი აგიტყდა , ვერა მხედავ ამხელა ქალი რო დავმდგარვარ აქა და გელოდები , მაგის დროა  ეხლა?  ,წამო მეთქი გამომყევი და წაათრიე ის წუწკი , ის ქეციანი  ისა სანამ საბუდრებიდან მთელი კვერცხები არ ამოუკრეფია და ის უბედური ქათმები ყოველ საღამოს რომ მიწიოკებს ,ინფარქტით არ დაუხოცია.
- რაო ? ვის აწიოკებსო ჩემი თენგოო? წაშლილი სახით მიაჩერდა მარინე ოლღას  ,  მაღლა აღმართული ვარდისფერსაღებავიანი ფუნჯი ხელში გაუშეშდა და თვალები დაბნეულად აახამხამა.
- რა თენგო რის თენგო  ? რა შუაშია გოგო შენი თენგო ? -ახლა ოლღა ბაბო მოიცვა გაურკვევლობამ
- მარინე ,ქალო , აბა შემომხედე ერთი ,კარგადა ხარ ? შენს ბომბორაზე გეუბნები , იმ წუწკზე იმაზე , აღარა მაქვს მაგისი ატანა და გაძლება ეგრე დღენიადაგ მაგის დევნაში როგორ უნდა ვიყო ? კვერცისა და ქათმის სინსილა გამიქრო იმ ძუნძგლიანმა  იმანა , ან წაათრიე ან არადა ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე ,გაიგე შენა ? წაუყენა ულტიმატუმი გამტკნარებულ მარინეს ოლღა ბებომ და მრისხანე გამომეტყველებით სვენებ- სვენებით აუყვა უბნის საურმეს.
თენგო სახლში დაღლილი და არაქათგამოცლილი დაბრუნდა , ტრაქტორი გაფუჭებია შუა გზაზე და მთელი დღე მაგის ქვეშ გორაობით ნეკნები ღა უკვნესოდა.ცოლი სახლში არ დახვდა , შუა ეზოში რატომღაც მისი მოტოციკლეტი იდგა,მაცივარი მთლად გამოცარიელებულიყო და გაზქურაზეც სრულიად ცარიელი ქვაბი უკვე ჩამავალი მზის სინათლეს სევდიანად ირეკლავდა  .სამაგიეროდ ბომბორას ჭეშმარიტად მეფური სადილი ელოდა.
მალე მარინეც გამოჩნდა , იღლიაში ამოჩრილ ბომბორას მოათრევდა , რომელსაც გაბურძგნული ბეწვიდან აქა-იქ  ქათმის ბუმბულები გამოშვეროდა და გარშემო სკინტლის სუნს აფრქვევდა ... ქალმა  განგებ აარიდა თენგოს განცვიფრებულ მზერას თვალი, მიაბა ბომბორა და მისი სადგომიდან თენგოს ახალთახალი სპორტულები დარცხვენილი იერით გამოათრია.
- მარინე აქ  რა ხდება  გამაგებინებს ვინმე ? შეშფოთება შეპარული ხმით იკითხა თენგომ.
მარინემ  პასუხად ბედნიერი ,ალერსიანი მზერით დააჯილდოვა ქმარი და უთხრა
- არაფერი ოქრი ,არაფერი
- მე უბრალოდ ძალიან, ძალიან მიყვარხარ .


მ.ბ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები