ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2025


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXXXV )

                                                                                                                                      *** 
 

          ტრაგიკული ღამის შემდეგ ბიბლიოთეკის ფანჯრებს ნელ-ნელა შემოათენდათ. გარეთ  არსაიდან ამტყდარი ქარი და წვიმა კედლებს ერთიანად ეხეთქებოდა, ხმაურიანად გმინავდა და ძრწოდა. ნაცრისფერი ღრუბლები ერთმანეთს ისე მჭიდროდ ეკვროდნენ, რომ დილის მიუხედავად ლიტონში საშინელი წყვიდიადი ჩამოწვა. მისგან ათასობით მეტრის მოშორებით, მთის შემაღლებულ ნაწილზე, სასახლისგან შემორჩენილ გალავნებს კვამლი მაინც ჯიუტად ასდიოდა. მათ ვერც წვიმა ერეოდა და ვერც ქარი. ზუსტად ისეთივე სიმტკიცით იდგნენ, როგორც ერთ დროს თადეოზს სჩვეოდა. მკაცრი სიჯიუტით, თავდაჯერებითა და სიამაყით. იმ დღისით ნათანაელს თვალი არ მოუხუჭავს. თავისთვის აივანთან იჯდა და უმეტყველო მზერა ორანჟერიისკენ მიეპყრო. მაგიდაზე წინასწარ გამხადებულ ღვინოს უღიმღამოდ შეექცეოდა და შემორჩენილ თუთუნს ჩიბუხით ქაჩავდა. როგორც ჩანს მათი არომატი კარგა ხანია დავიწყებოდა, რადგან არც ღვინოს შერჩენია თავის გემო და არც თამბაქოს. ერთბაშად ყველაფერი უშნო და უგემური გახდა. აღარაფერს ვამბობ განწყობაზე. როგორც კი ბედის მწერლებმა წიგნი წაიღეს, ბიბლიოთეკა სასწრაფოდ დაკეტა და ზევით დარჩენილ ნივთებში გამალებით დაიწყო ქექვა. არც ის ახსოვდა რა უნდოდა, უბრალოდ იმას ეძებდა, რაც წინა ღამეს ცოტა ხნით დაავიწყებდა. გონებიდან ამოუშლიდა ან უკეთეს შემთხვევაში ამნეზიას დამართებდა. წუხდა მოხუცი, უზომოდ წუხდა მაგრამ ვაი რომ არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო. საუბედუროდ ვერც მკვდრებს დაეხმარებოდა და ვერც ცოცხლად დარჩენილებს აპატიებდა წუხანდელს. ეს ის ღამე იყო, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, გაურბოდა და სიმშვიდეს ქადაგებდა, თუმცა საბოლოოდ მისი თანამონაწილეც გახდა და მოკავშირეც. ისევე ჩაერთო ამ ბრძოლაში, როგორც ნებისმიერი ლიტონელი, მიუხედავად იმისა რომ მაშინ ორივე მხარე ცდებოდა. საკუთარ თავის ვერაფრით პატიობდა, რომ მილდადს სიცოცხლე მოუსწრაფა, მაგრამ იმასაც დარდობდა, რომ სხვა შემთხვევაში ის უყოყმანოდ მოკლავდა მათ. ირგვლივ გაბატონებული სიმშვიდე კიდევ უფრო უშლიდა ხელს. ამხელა სივრცეში თავის ადგილი ვერსად იპოვა. ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, რომ არა აივანზე გამოსული დამიანე, რომელსაც ზურგ-ჩანთა მხარზე გადაეგდო და მოხუცთან დასამშვიდობებლად გამოსულიყო. დაბნეული ნათანაელი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. ბარგის შემხედვარე არაფრით ეჯერა, რომ საბოლოოდ მარტო რჩებოდა. ჯერ წინ წაიწია, მერე უკან. აღარ იცოდა მის გადასარწმუნებლად რა ეღონა, თუმცა დამიანეს ნივთები უკვე შეეგროვებული ჰქონდა. დროებით ჩანთა სკამზე ჩამოდო და მოხუცს თბილად გადაეხვია.




- არ ვიცი ამ დროს ადამიანები ერთმანეთს რას ეუბნებიან?! - გაეღიმა დამიანეს. - მინდა უბრალოდ მადლობა გითხრა იმისთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის გააკეთე, ნათანაელ!
- იქნებ გადაიფიქრო? - უპასუხა ნათანაელმა.
- ანა სად არის? - ირგვლივ მიმოიხედა, თუმცა გოგონა არსად ჩანდა. - მინდა მასაც დავემშვიდობო. - ამ სიტყვებზე ნათანაელი ისევ ჩამოჯდა, ხელები უცნაურად შეკრა და თავის ძირს დახარა.
- წავიდა...
- სად წავიდა?
- დღეს დილით გავაცილე. - არც ამოუხედავს. - სადგურიდან ახლახანს დავბრუნდი და ბიბლიოთეკა დავკეტე.
- ნეტავ ამოსულიყავით, არც კი მძინებია...
- საშინლად გამოიყურებოდა. მოვედით თუ არა ბარგს თავი მოუკრა და წასვლა გადაწყვიტა. მის გადარწმუნებას შევეცადე, მაგრამ აქ ვეღარ გაჩერდებოდა.
- თადეოზის სიკვდილის შემდეგ...
- დამიანე არ გინდა! - ნათანელმა სიტყვა სწრაფად გააწყვეტინა.
- მისი სიკვდილი ჩემი ბრალია! ლიტონში ჩამოსვლის დღიდან ქალაქი ერთბაშად შეიშალა. ჯერ დესპანებმა შემიპყრეს და დილეგში ჩამაგდეს. შემდეგ თადეოზმა პერგამენტი გამომატანა, წყევლა მოიხსნა და ბიბლიოთეკასაც ეწვია. ანა გაიცნო, რომელიც მივიწყებულ წარსულს ახსენებდა და ერთიანად ავსებდა. ამასობაში თურმე „ლიტონის საბჭოც“ ორად გაიყო და სასახლიდან ახლად გამოქცეული ზენონი მათ სათავეში ჩაუდგა. ხალხი აამხედრა და თადეოზის წინააღმდეგ განაწყო. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა გუშინდელ ღამემდე მიგვიყანა, ამიტომ ყველაფერი ჩემი ბრალია, ნათანაელ.
- დამიანე დაუფიქრდი რას ამბობ?
- დილეგში ყოფნის დროს ზენონი ჯიუტად მარწმუნებდა, რომ „ბედის წიგნი“ მას არ ჰქონია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ყველა მოხერხებულად მოგვატყუა, მათ შორის კი მილდადი და აგარიც. - უთხრა დამიანემ.
- „ბედის წიგნი“ დღეს აგარს გადავეცი. - თმა ხელით შეისწორა და სკამზე დადებულ ჩანთას გახედა. - ამ ღამით ყველაფერი დასრულდება!
- მაპატიე ნათანაელ... თუ ღმერთი გწამს მაპატიე!
- გონს მოეგე! - მოულოდნელად ნათანაელი ფეხზე წამოენთო. - შენ არაფერ შუაში ხარ იმ ბოროტებასთან, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. დიახ, შენი გამოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ამ ამბავში მხოლოდ ის როლი გხვდა, რომ თადეოზსა და ანამ ერთმანეთი გაეცნოთ. ლიტონის წყეულმა საბჭომ თავის სახე გამოავლინა, ხოლო ხალხმა დაამტკიცა, რომ გაცილებით დიდი ბოროტებას ემსახურებოდნენ  ვიდრე თადეოზი. ის ყოველთვის ლიტონისთვის იბრძოდა, ამ ხალხისთვის და მათი სიმშვიდისთვის. ჩვენ შეგვეძლო გუშინდელი ღამის არიდება, მაგრამ არა! ისინი ზენონს გაყვნენ და საკუთარი თავები გაწირეს. - ხმაში სევდა შემოაწვა. - როგორ უნდა მოქცეულიყო ამ დროს თადეოზი? მიპასუხე როგორ? დამჯადარიყო და თავის ოფლითა და სისხლით მოტანილი ხალხისთვის საჯიჯგნად მიეცა? მისთვის სამეფო გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ზოგიერთებისთვის ოჯახი. არ იყო თადეოზი ის ადამიანი, ვინც ვინმეს წინაშე მუხლს მოიყრიდა და ეს ზენონმა კარგად იცოდა. სამაგიეროდ დღეს რას მივხვდი იცი, დამიანე? - ხელები განზედ გაშალა. - იმას რომ 70 წლის ბერიკაცს, რომელიც დამოუკიდებლადაც კი ძლივს დადის, ირგვლივ არავინ დარჩა. არავინ არის ისეთი ვისაც ენდობა. გუშინ საკუთარი მეგობარი, საკუთარი ხელით მოვკალი და ამით სულაც არ ვამაყობ. ახალგაზრდა კაცი სიცოცხლეს გამოვასალმე და მისი თვალები კოშმარულ სიზმრად მექცევა. არ ვიცი ამაზე შენ რას ფიქრობ, მაგრამ თადეოზი ერთ რამეში ნამდვილად არ ცდებოდა. უსიყვარულობას იქამდე მივყავართ, რასაც ახლა ირგვლივ ხედავ. სიძულვილი, სისასტიკე, მრისხანება, ძალაუფლებისა და დიდების წყურვილი, რომელსაც ჩალის ფასი აქვს, რადგან ამასობაში საკუთარ თავს ვკარგავთ, ძვირფას ადამაინებსა და იმათ, ვისაც ოდესმე მაინც ვყვარებივართ. ნებისმიერი ძალაუფლება ამაოა თუ თავში სიყვარული არ უდგას, დამიანე. დაუჯერე მოხუც ბერიკაცს და შენ მეგობარ თადეოზს. ის ნამდვილად კარგი კაცი იყო მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ შეცდა. ნუ იდანაშაულებ საკუთარ თავს იმაში, რაშიც ბრალი საერთოდ არ მიგიძღვის. შენ თავი ყველას შეაყვარე, მათ შორის თადეოზსაც. ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყავი მთელ ამ ამბავში, რომელსაც გულუბრყვილოდ ეჯერა, რომ სამყაროს უკეთესს გახდიდა, გააკეთილშობილებდა. ოდესმე ალბათ უკეთესიც გახდება, მაგრამ საამისოდ ჯერ ბევრი დამიანეა საჭირო ამ ქვეყნად. - ამ სიტყვებზე დამიანემ თავი ვეღარ შეიკავა და მოხუცს სწრაფად გადაეხვია. უნდოდა თავის სიყვარულით გაეთბო, ჭრილობები ამოევსო, რათა კიდევ მრავალი წელი დამახსოვრებოდა სიკეთით სავსე დამიანე. ადამიანი, რომელსაც ცუდი არავისთვის ნდომებია, თუმცა მოხუცის სევდას საზღვარი არ ჰქონდა.
- მაპატიე, მგონი ზედმეტად ავღელდი! - ჩასჩურჩულა ნათანაელმა.
- არაუშავს, შეფხიზლებაში მომეხმარე! - დამიანე ეშმაკურად გაეხუმრა, რაზეც ორივეს სიცილი აუტყდათ. - ახლა კი ოთახში დავბრუნდები, კიდევ მაქვს ასაღები ნივთები.
- ქრიზანთემები ნაადრევად ყვავილობენ!
- რა თქვი?
- ქრიზანთემები… - ხელით ორაჟერიინსკენ ანიშნა. - ისინი ნააადრევად ყვავილობენ. - დამიანეს თავისთვის გაეღიმა, ძველ მაგიდებს სწრაფად ჩაურა და ხმაურიან კიბეებს მიადგა. მოხუცმა ღვინო დაიმატა, ეტიკეტს ხელი ფრთხილად გადაუსვა, მაგრამ მის დასხმამდე ბიბლიოთეკის კარებს ვიღაც მოადგა. ნათანაელმა პერანგი შეისწორა, გავლისას სარკეში საკუთარ თავს გადახედა და კარი უმალვე გააღო. ზღურბლთან მუქ პალტოში გამოწყობილი ვიცე-პოლკოვნიკი იდგა. ნათანაელმა ერთხანს საეჭვოდ აათვალ-ჩაათვალიერა. კაცი აქაური არ ჩანდა, რაზეც გამორჩეული ტანისამოსი და მისი უცნაური აქცენტი მეტყველებდა. პოლკოვნიკი თავაზიანად მიესალმა, სარჩულში გადანახული გაზეთი ნათანაელს გაუწოდა და შიგნით შესვლა სთხოვა. ნათანაელი გვერდით გადგა. სტუმარი დარბაზისკენ შეიპატიჟა და პალტოს გახდაშიც თავად მიეხმარა. იგი საკმაოდ დასველებულიყო. პოლკოვნიკმა საჭირო ადგილი მალევე მონახა და მის წინ ფრთხილად ჩამოჯდა. ნათანაელს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ეს სახე  სადღაც უკვე ენახა, მაგრამ პოლკოვნიკი ცალსახად ჩამოსული იყო. ღამენათევს უნდოდა დროულად გაერკვია ყველაფერი, ამიტომ პოლკოვნიკთან უფრო ახლოს მიიწია და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.




- რამ შეგაწუხათ ბატონო?
- შვილს ვეძებ! - გაზეთები მაგიდაზე დააწყო. - მოგეხსენებათ მეზობელ ქალაქებში ხმა დაირხა, რომ ლიტონი სულებით სავსეა ქალაქია და ამიტომ მეც თქვენთან მოვედი. - მიუგო პოლკოვნიკმა.
- სულებით?
- ვიცი ჩემი ნათქვამი ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ შვილმკვდარი მამა ალბათ ყველანაირ ხავსს ჩაეჭიდება, რათა შვილს ბოდიში მოუხადოს. - თითი ფურცლებზე რამდენჯერმე დააკაკუნა.
- აქ მხოლოდ ავარიის ფოტოებია… - ნიშნისმოგებით უთხრა ნათანაელმა, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა უსიამოვნო დიალოგს არიდებოდა. - იქნებ უკეთ გამარკვიოთ?
- ყველაფერი ნახევრი წლის წინ დაიწყო. იმ ღამით ჩემ უფროს ვაჟთან ვიკამათე, ერთმანეთს ბევრი საშინელება ვუთხარით, რაზეც ის მანქანაში ჩაჯდა და სახლიდან წავიდა. მოგვიანებით ინსპექტორმა შინ მომაკითხა, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე მორგში გაყოლა მაიძულა და ცხედარის ამოცნობას დამასწრო...
- შემდეგ?
- ჩემი ვაჟი ავტოკატასტორფაში დაიღუპა. მისი მანქანაც ვიცანი და ცხედარიც.
- ეს სტატიებიც მასზეა? - ჩაეძია მოხუცი.
- მეორე დღიდან ამ ამბავს მედია აქტიურად აშუქებდა. თვეების განმავლობაში ხალხს პირზე მხოლოდ ის ეკერა თუ რა საშინლად ჩაიწვა ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში.
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე რით შემიძლია თქვენი დახმარება?
- თუ ღმერთი გწამთ ფოტოებს გადახედეთ! - გაზეთები მთელ მაგიდაზე გაშალა. - მას დამიანე ერქვა. ვერაფრით დავიჯერებ, რომ მისი სახე არავის უნახავს. - პოლკოვნიკი დაჟინებით ემუდარებოდა ნათანაელს, თუმცა რამდენიმე წამში ყველაფერი ცხადი გახდა. პოლკოვნიკის უფროსი ვაჟი და ბიბლიოთეკას შეფარებული დამიანე ერთი და იგივე ადამიანი იყო. ნათანაელს ხმა ჩაუწყდა. მოულოდნელობისგან ფურცლებს ალბათ ათასჯერ გადახედა, მაგრამ ისინი ერთი და იმავე ადამიანზე საუბრობდნენ.
- იცანით? - თვალებში ჩააჩერდა. - ლამის ერთი თვეა მთელ ქალაქში დავეხეტები, მაგრამ სიტყვა არავის დაუძრავს. ყველა ჯიუტად მიმტკიცებს, რომ ეს ყმაწვილი არავის უნახავს.
- ვერც მე დაგეხმარებით! - პოლკოვნიკისთვის მხოლოდ ამ სიტყვების თქმა შეძლო.
- ხალხი ამბობს, რომ ლიტონში...
- ხალხი ცდება პატივცემულო! - საუბრის დასრულებაც არ აცალა. მოხუცის სიტყვებზე პოლკოვნიკი გაჩუმდა. ფურცლები გულდაწყვეტით ააგროვა და გასასვლელისკენ დაიძრა.
- რატომ ეძებთ მას?
- მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდა, რადგან სინდისის ხმა უკვე ჯოჯოხეთად მექცა. არ ვექცეოდი ისე, როგორც ჩემ ბიჭს შეშვენის, მართლაც საუკეთესო ახალგაზრდა იყო, მაგრამ ამას საუბედუროდ გვიან მივხვდი.
- ეგეთი ახალგაზრდა აუცილებლად გაპატიებდათ ყველაფერს.
- იმედია! - მოკლედ უპასუხა და კარი მშვიდად გააღო. მის ხცოვან სახეს დარდი აშკარად დატყობოდა. იმაზე ნაღვლობდა, რისი შეცვლაც გვიანი იყო, მაგრამ ნელი და აუღელვებელი ნაბიჯებით ბიბლიოთეკას მაინც გაცდა და დამიანეს პოვნის იმედათ გზა უსასრულოდ განაგრძო. ნათანელი დიდხანს უყურებდა წელში მოხრილ სხეულს, სანამ პოლკოვნიკი ქუჩის კუთხესთან თვალს არ მოეფარა. ცდილობდა მისი მოულოდნელი სტუმრობა რამით აეხსნა, მაგრამ ერთადერთი რამ მაინც აშკარა გახდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დამიანე მკვდარი იყო. როგორც სული ის ისე ესტუმრა ლიტონს, მაგრამ „ბედის წიგნის“ გამოისობით ამის შემჩნევა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. დაჯერებაც კი არ სურდა, რომ ბიჭი სინამდვილეში სული აღმოჩნდა და ამ ღამით ისიც სხვა დანარჩენებს შეუერთდებოდა. ნათანაელმა სისუსტე იგრძნო და მაგიდას ჩამოეყრდნო. ამ დროს დამიანეც სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე.



- ცუდად ხარ? - მის თვალს ნათანაელის უგუნებობა არ გამოპარვია.
- დამიანე ბაქანზე როგორ აღმოჩნდი?- ჰკითხა ნათანაელმა. - იმ დღეს როცა ჩემს ვაგონში შემოხვედი.
- არ მახსოვს. - ტუჩები უცნაურად მოეკუმშა. - მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ მოგზაურობა მინდოდა.
- ბარგი ხომ თან გქონდა?
- ბარგი?
- მახსოვს რომ ვაგონში ზურგ-ჩანთით შემოხვედი და მაშ როგორ აღმოჩნდი ბაქანზე?
- არ მახსოვს, ნათანაელ. ეს ჩანთაც ბაქანზე ვიპოვე, ალბათ ვიღაცას დარჩენოდა. როცა არავინ მოიკითხა ჩუმად გავხსენი. დავინახე შიგ ტანისამოსი და ორიოდე წიგნი იდო, ამიტომ თავი სწრაფად მოვუკარი და თან წამოვიღე. - მოხუცი საბოლოოდ დარწმუნდა დამიანეს სიკვდილში, რადგან ბიჭს არ ახსოვდა გარდაცვალების დღე. ის ბაქანზე როგორც სული ისე მივიდა, ხოლო მისი გონებიდან ბოლო 24 საათი უბრალოდ გამქრალიყო, რაზეც ნათანაელი ფეხზე წამოუდგა და კიდევ ერთხელ გადაეხვია. ეს ხომ მათი უკანასკნელი დღე იყო. დამიანე ოდნავ გაკვირვებული ჩანდა, მაგრამ მოხუცს თავაზიანად დაემშვიდობა და კარისკენ ბედნიერი გაემართა. წამით იქვე შედგა, კარი გამოაღო და თვალცრემლიანი ნათანაელისკენ მობრუნდა.
- ერთმანეთს ხომ კიდევ შევხვდებით, ნათანაელ? - ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.
- აუცილებლად ჩემო ბიჭო!
   

      ღამის გუგუნმა ქალაქი ერთიანად შეაფხიზლა. გალავნის დარჩენილ ნაწილთან  ხალხი წრიულად დამდგარიყო, სადაც ბედის მწერლებთან ერთად ქაღალდის ადამიანების სახელსა და გვარს ხმამაღლა კითხულობდნენ. თითოეული გვარის დასრულებისთანავე სულები სინათლის სისწრაფით მიიწევდნენ ზეცისკენ, რა დროსაც ცა თითქოს ორად გახლეჩილიყო და იქიდან ანგელოზების საყვირების ხმა მოისმოდა. ლიტონის მიწებმა მოულოდნელად რხევა დაიწყო, ქარი ხეებს ფესვებიანად გლეჯდა. იქ მდგომები თავს ძლივს იმაგრებდნენ, თუმცა რიტუალი ბოლომდე უნდა მიეყვანათ. აგარი მათ შუაში შემაღლებულ ქვაზე დამდგარიყო და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით კითხულობდა გვარებს. ნერვიულობისგან ყელზე ძარღვები დასჭიმვოდა, მაგრამ ხმა ურყევად და მედიდურად განაგრძობდა სათქმელს. სინათლეები თეთრი სვეტებივით მიიწევდნენ ზევით და მალე იქაურობა არა მიწიერმა ნათებამ მოიცვა. გარშემომყოფები სულ უფრო კლებულობდნენ, რამაც საბოლოოდ ბოლო ფურცლამდეც მიიყვანა. მცირე პაუზის შემდეგ მგრებრები და ბედის მწერლები ერთად შეჯგუფდნენ, უკანასკნელი გვარიც ამოიკითხეს და სახეები მაღლა მიმართეს. ადგილზე არსაიდან საშინელი ცეცხლი ამოვარდა, იქაურობას სწრაფად მოედო, ჰაერში აალდა და მყისვე გაუჩინარდა. ხალხში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ლეგენდის თანახმად ლიტონის საუკუნოვანი წყევლა დასრულდა. დღეის ამას იქეთ მათ შეეძლოთ ქალაქი დაეტოვებინათ, დანარჩენ სამყაროში თავისუფლად ემოგზაურათ და ცხოვრება მშვიდად განეგრძოთ. აღარ იარსებებდა სასჯელი, ტვირთი და დაუსრულებელი ლოდინი, რომელიც დღეინიადაგ გულზე ლოდად ეწვათ. ახლა ისეთივე თავისუფლები იყვნენ, როგორც არასდროს, რასთან შეჩვევაც ალბათ გაუჭირდებოდათ, მაგრამ მათთვის ეს აღარაფერი იყო. მითუმეტეს იმასთან შედარებით რისი გადატანაც მოუხდათ. რიტუალის დასრულების შემდეგ სულებისგან თავისუფალი ხალხი, შინისაკენ მშვიდად და ბედნიერი დაბრუნდა. მოხუცი ბიბლიოთეკარი კი ამ ყველაფერს თვალს საკუთარი ოთახიდან ადევნევდა და გულში მხოლოდ ერთადეთ სიტყვებს იმეორებდა: „მშვიდობით დამიანე!“




                                                                                                                                        (გაგრძელება იქნება)







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები