***
საფრანგეთი / პარიზი Rue des abbesses მემონტმარტრის 18–ე უბანი ერთი თვის შემდეგ:
„ძვირფასო თადეოზ! ჩემს სიცოცხლეში ეს პირველი და უკანასკნელი წერილია, სადაც ადრესატს თავის სახელი აქვს, ამიტომ მინდა ბოლომდე დავწერო თუ ამის ძალა მეყოფა. ტკივილი ყელში გორგალივით მეჩხირება და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. იცი თადეოზ დღეს საფრანგეთში ჩამოვფირინდი, იმ საფრანგეთში რომელზეც სულ გიყვებოდი. აი მაშინ, როცა მუზეუმის უხილავ რიგში ამაოდ ვიდექით და შენგან ზედმეტი სიტყვის წამოცდენას ვლამობდი. როგორი სერიოზული და გაწონასწორებული იყავი. ახლა კი Rue des abbesses ქუჩაზე ყავას ვსვამ და შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. გახსოვს დამპირდი ერთად წავალთო, თუმცა პირობა ვერ შეასრულე. მაშინ ვერც მე ვხვდებოდი, რომ ჩვენი გზები თავიდანვე იყოფოდა, ამიტომ არაფერში გამტყუნებ. უბრალოდ რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ეზოში შემოხვიდოდი, ხელს ჩამკიდებდი და იქიდან ყველასგან უკითხავად გამიტაცებდი?! მეც რა სულელი ვარ, როგორ დაუფიქრებლად დაგთანხმდი. გახსოვს რა სწრაფად გავრბოდით? გეგონება მთელი სამყარო ჩვენ გვეკუთვნოდა. გონებაში კი მხოლოდ ერთადერთი რამ მიტრიალებდა, როგორი იდუმალი და საოცრად მისტიური იყავი. სწორედ ეს იშვიათი ხასიათი მიზიდავდა შენში. მიყვარდა როგორ იღიმოდი, როგორ მეხებოდი, შენი გამოხედვაც კი მიყვარდა, როცა კუპრივით შავი წარბებიდან შენ ლუჯრ თვალებს შემომანათებდი ხოლმე. დამიჯერე, თადეოზ მაშინ ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი დედამიწის ზურგზე, რადგან ეს მამაკაცი მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ამ ქვეყნად ერთადერთი თადეოზი დააბიჯებდა და ისიც მე შემხვდა. ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუცდიდი და როგორც იქნა გადავაყარე. ნაადრევად აღვფრთოვანდი, გავიხარე და თავი ნამდვილ ზღაპარში ვიგრძენი, მაგრამ ყველა ზღაპარს ხომ თავის დასასრული აქვს?! ხოდა ჩვენი ამბავიც ასე დასრულდა. მე საფრანგეთში წამოვედი, შენ ლიტონში, ნათანაელი თავის წიგნებთან, ხოლო დამიანე შორს, ძალიან შორს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ადამიანებივით ექცევიან. უკვე ისიც არ ვიცი რომელ მათგანზე ვიფიქრო, თადეოზ! ნეტავ რა იქნებოდა სხვა დროსა და სხვა სამყაროში, რომ შევხვედროდით ერთმანეთს. ახლა ხომ ორივე პარიზის ლამაზ ქუჩებში ვისეირნებდით და წარსულის ზმანებას ერთად დავეხსნებოდით. შენ ალბათ ბევრ ყვავილებს მომართმევდი, მე კიდევ მშვენიერი სიტყვებით აგავსებდი. ახლა კი დარჩენილი ცხოვრება ის კითხვა გამტანჯავს თუ რა იქნებოდა? რა მოხდებოდა? ყველაფერი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო? იცოდე რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება კაცი, რომელიც სიყვარულისთვის იბრძოდა. მშვიდობით, თადეოზ! სიყვარულით ანა...
კალამი გვერდით გადადო, წერილი ნაზად გადაკეცა და თავის ჩანთაში შეინახა. ამასობაში ჩაი მთლად გაციებოდა, ამიტომ ოფიციანტს კიდევ ერთხელ დაუძახა და ჩაის დამატება თხოვა. - კიდევ გნებავთ რამე? - თავაზიანად კითხა ანას. - დიახ. - თვალებით შუაში მდგარ ლარნაკზე ანიშნა. - გთხოვთ ეს ყვავილები წაიღეთ!
ეპილოგი
დიდ დარბაზში მოხუცმა, წიგნის ბოლო გვერდი მშვიდად გადაფურცლა და ცხვირზე ჩამოშვებული სათვალე ოდნავ შესწორა. ეს წიგნი საუკუნოვანი მტვრით დაფარული სქელი ტომი იყო, რომელიც, რამდენიმე დღის წინ სამარადისოდ დახურული სკივრის მიღმა, ძველი ტანსაცმლის ყუთში აღმოაჩინა. შრაშუნა გვერდებზე მელანი ზოგან დაბინდულიყო, ზოგან კი უცნაური სიმბოლოებით იყო გაფორმებული. ნათანაელი ყურადღებით გადაიკითხავდა, შიგ ჩასწორებებს აკეთებდა და წამით ჩერდებოდა ხოლმე. თითქოს წიგნი თავად ფიქრობდა მის გვერდებზე. ყოველი აბზაცი, ყოველი სიტყვა, მისი მეხსიერების ძველი თაროებიდან რაღაც უმნიშვნელოს აცოცხლებდა. ოთახში მხოლოდ კედლის საათის ხმა და ცეცხლის ჩუმი გუგუნი ისმოდა. ოდნავ მოგვიანებით, როცა დასაწოლად ემზადებოდა ბიბლიოთეკასთან უცნაური ხმები მოესმა და ძალაუნებურად უკან მობრუნდა. თავიდან იფიქრა სტუმრები მეწვივნენო, მაგრამ როგორც წესი ამ დროს ბიბლიოთეკარს არავინ აკითხავდა, ამიტომ ქურთუკი სწრაფად მოიცვა და კარისკენ გაემართა. ბოქლომი ჩვეულებრივზე მეტად ჩაეკეტა. სამი გადატრიალების მერე გასაღები გვერდით გადადო და ხის მძიმე კარს ფრთხილად მიაწვა. შენობასთან არავინ იდგა. ნათანაელმა ღამის გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა, თმა შეისწორა და უკან ბრუნდებოდა, როცა ბიბლიოთეკის კართან ქრიზანთემების კონას მოჰკრა თვალი. ყვავილები თავისთვის მარტოდ ეწყო. მოხუცი დაიხარა, კონას ხელი მოკიდა და მხოლოდ ერთადერთმა სიტყვამ გაულევა თავში - „თადეოზ?“ . ამის შემდეგ ოთახში ასვლაზე აღარც უფიქრია. თავის ძველ და მორყეულ სავარძელში მშვიდად ჩაესვენა და ღიმილიანი სახით, თვალები ღრმად დაეხუჭა. ამბობენ იმ წელს ქრიზანთემებს ნაადრევად უყვავილიათ ლიტონში.
დასასრული
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|