ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2025


ფიქრი დანტეს ნიღაბსა და პალაცო ვეკიოზე

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფიქრი  დანტეს ნიღაბსა და პალაცო ვეკიოზე

გარეთ  ისევ ქარია, ჭყაპია და მარტია,
მაგიდაზე - ჩაია, ხილიანი ტარტია,
ღვინო - არ დაილევა, მწკლარტეა თუ მწკლარტია.
ფონად მაინც რა ისმის?! -  ძველია, მოცარტია.

ხელოვნება მოკვდაო,  დიზაინი - არტია,
არტისტობას იჩემებს, სადაც ვინმე სმარტია.
დაიწუნებ ვერაფრით, სტანდარტული სტარტია,
მადა მოდის ჭამაში, ისეთი აზარტია.
რა დროს - კვდომა ავტორის,  რაღა დროის ბარტია!
შეშლილია მსოფლიო - ყველა ბონაპარტია!

ნინო - არც ქართველია და არც ემიგრანტია,
აყვედრიან, გმოსავსო შენ მენტორის მანტია.
რა მწარე ნათქვამია, რა ბასრი ნისკარტია,
ამის მთქმელი, იცოდეთ, თვითონ - კაი ბღარტია,
მორს ვერ ხედავს თავისას, სხვის ხიწვს?!  - ოჰო, სხარტია!
შენთვის რაც სიცოცხლეა, მისთვის - ვარიანტია.

დანტეს თქმისა არ იყოს,
ვუკილივარ ავ ენას,
ფლორენციის ნატრული  მარტო შევრჩი - რავენას.
სიკვდილია სიცოცხლის ბოლო დანარეკიო,
დაგრჩეს ჩემი ნიღაბი, შენ - პალაცო ვეკიო!*
პოლიტიკაც თან მომყვეს, ვის რად უნდა ქარტია!…

ხომ არ შევქმნა ნეტა მეც “საკუთარი პარტია”**?

- -  -

*  ფლორენციაში, “პალაცო ვეკიოში”  დანტეს  სიკვდილისშემდგომი ნიღაბია.

** “სიმარტოვეში საკუთარი პარტია შევქმენი” - დანტე ალიგიერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები