#ლექსები
ნინო დარბაისელი გამოსაყოფი
შენ შეგიძლია, მზეს უჭყიტინო? ან წყალს მოსწყურდე, ან პურს მოშივდე? ან ცეცხლი დაწვა? აი, სიყვარულს შეიძლება, ისე მოუნდე, რომ ღამეები არ დაგაძინოს.
დაკვირვებიხარ? წინასწარ მოდის სიყვარული, დაასწრებს მოსვლას, ვიდრე მოვა, (თუკი მოვა) შეყვარებული.
როგორც გინდოდეს, დაუძახე: - სიყვარულის წინასწარგრძნობა, წინათგრძნობა, მუცლის პეპლები, მზაობა, გინდაც ინტენცია. სიყვარული - პირველი მოდის!
პირველ სიყვარულს შეგახსენებ, თორემ იქნება, მერე და მერე მთქნარებამაც კი გადაგღალოს და მაინც ერქვას სიყვარული, ან კიდეც იყოს!
პირველ სიყვარულს შეგახსენებ, იმ ასაკისას, ბიჭებს რომ ძილში ემართებათ პოლუციები, ხოლო გოგოებს - ჯერჯერობით მსახიობები რომ უყვარდებათ, კინოფილმებში მონაწილენი, ხელოვნურები, ცოცხლებიდან იქნება, ვინმე რეალური მომენტებში წაჰგავდეს კიდეც, მაგრამ ვერავინ ვერსდროს რომ ვერ შეედრება.
რა უსაფრთხოა კინოფილმიდან გულსჩავარდნილის სიყვარული, მით უმეტეს, უცხოური თუა ის ფილმი; ოჯახიც ისე მშვიდადაა, გულარხეინად! დიდნი იტყვიან, იყოსო ასე დაკავებული, აგროვოს იმის სურათები და გადაცვალოს, ამ ასაკისთვის უკეთესია. ყველა ასეა, ჰორმონები რომ მოაწვება; გაიზრდება და ეს ყველაფერი სულ თავისით გადაუვლისო.
მეც მსახიობი შემიყვარდა, ოღონდ ვიცნობდი რეალურად, ისიც შემეძლო, მივსალმებოდი, ხელიც შემეხო, მელაპარაკა მასთან თუ მასზე, გამომეგონა ათასნაირი მოსაყოლი. ფანტაზიები დაქალებში შთამბეჭდავად გამომდიოდა. ის?! ის - რა გითხრა! რაკი დავიწყე მოდი, ამასაც არ დაგმალავ! … ამ არაფრის აზრზეც არ იყო. ხანდახან როცა შემნიშნავდა, გამიღიმებდა, მოსალმებითაც - მესალმებოდა… ან სად ეცალა სიყვარულისთვის, ან რად უნდოდა! სიყვარული - ხომ შეყვარებულზე ერთი ნაბიჯით ადრე მოდის!
მე რა ვიცოდი, იმის მერე დრო გავიდოდა, უფროსის ”ვოლგით” აეროპორტში გამაყოლებდა, უფროსის ცოლთან უკან სკამზე ვიჯდებოდი ოთხი საათი! რადგან საერთო ახლობლების თვითმფრინავი აგვიანებდა, დროდადრო ისიც საუბარში ჩაგვერთვებოდა და ვერ ვიცნობდი, ღმერთო, დრო იყო, ზურგიდან ხომ ეგრევე ვცნობდი, ან გულით, გეშით, ან ხმით მაინც როგორ ვერ მივხვდი, როგორ, საერთოდ აღარ მეცნო!
რა სასტიკია ჩვენი ყოფა, ხუმარა თუ ირონიული, რა დამცინავი!
რაო? რა ერქვა? ის, ძველებური აღზრდა მაინც თავისას შვრება, ერთს ვიტყვი მხოლოდ, დღეს ცნობილი მსახიობია!
პირველ სიყვარულს შეგახსენებ!
მზამზარეული პანოა იგი, ვით ფოტოგრაფის ნახევრადბნელი და შმორიანი სტუდიიდან გაზაფხულობით სამზეოზე გამოტანილი, დროულად გამომზეურებული, ფერგადასული პანო-მეთქი, ზედ ყველაფერი უკვე ხატია, მთები, ველები, ყვავილები, სულ გულუბრყვილო, ბექგრაუნდული პეიზაჟები, წინ - თეთრი ცხენი, შავი ჩოხაც და ისღა გრჩება, რომ ამოჭრილი ოვალიდან თავი გამოყო. (ჩემს შეყვარებულს ოვალში, მაგრამ სულ სხვანაირში, - - ოჯახის ყულფში ჰქონდა თავი უიმედოდ გამოყოფილი).
რაო, ზომაო? ზომა - ისეთი, ნებისმიერი მსურველის თავი გამოეტიოს! (გვიან გავიგე, მაგ სტენდს თუ დაფას ტანტამარესკა რქმევია თურმე. ტანტამარესკა ტანტამარესკა… რა ერითმება? უბრალოდ, ფრესკა… არა მგონია, ჩვენს მშობლიურ ენაში იყოს დამკვიდრებული).
საკმარისია, ჩვენ - სიყვარულზე ვილაპარაკოთ! შეყვარებული როგორი იყოს, რა უნდა ეცვას, როგორ იდგეს, როდის რა თქვას, როგორ მოიქცეს - ეს ყველაფერი უმისოდაც, წინასწარვე სულ წვრილ-წვრილად გაწერილია, ფილმთა თუ სადღაც წაკითხულთა, თვალმოკრულთა თუ გაგონილთა ფრაგმენტებიდან ამოკრეფილი დეტალებით აწყობილია სამისო პანო და მოლოდინში მზეზს ეფიცხება და სულერთია, ვინ იქნება, ოღონდ იყოს, ოღონდ გამოჩნდეს!
იმ სიყვარულის ამბავს ვყვები, რომ არსებობდა, ყველანაირად მზად რომ იყო, ერთი მხარე კი მუდამ რომ აკლდა - ის, ერთადერთი არსება ვინმე, ის, მსურვებელი, თავგამრისკავი, გამძლები ანდაც - ნებაყოფლობით ოვალში თავის გამომყოფი და ამ პოზაში აპარატის ჩხაკუნამდე გამჩერებელი. ჰო, ამბავს ვყვები იმ პირველი სიყვარულისას, იმ პანოსი თუ ტრაფარეტის.
- დამწიფებამდე ქარების მიერ, კენწეროდან ჩამოგდებული და თავქვეებში მოგორავე მე ვარ ნაყოფი, სად არ ნამყოფი. მთელი ცხოვრება მაძიებელს თავგამომყოფთა, მითხარი, აბა, აღარ მეყოფა ან თავი სადმე გამომეყოფა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა საყვარელო! შენ ახსნაც არ გინდა, რიმ ეს ლექსი უფრო იმაზეა, რომ ვიდრე ვინმე შეუყვარდება ადამიანს, ან ვიდრე ბედს დაუკავშირებს, რაღაც სტანდარტები უკვე აქვს გამომუშავებული და ცდილობს, ცოცხალი ადამიანი პროკრუსტეს სარეცელივით იმ სტანდარტებს მოარგოს.და სულ ამაოდ! ახლა იმ ადამიანს უნდა? შეუძლია? სჭირდება ეს ყველაფერი? თანაც მისი ასეთად და ამგვარად ჩამოყალიბება რამდენი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი პროცესის ნაზავია! ჯონი ქეშმა რომ უთხრა ელვის პრესლის, “არასოდეს განსაჯო არავინ, შენ ხომ მისი ფეხსაცმლით არ გივლიაო”, ადრე მედო აქ, როგორც მახსოვს, ეგეთი ამბავია, რა! აქედან იწყება კონფლიქტი შეყვარებულებში, ცოლ- ქმარშიც. ზოგჯერ მიფიქრია, რომ ჩვენ ადამიანი კი არ გვიყვარს, არამედ ჩვენი წარმოდგენა მის შესახებ და ვაი, მას, თუ ამ ჩვენს წარმოდგენას ასცდა! თუ დაფიქრდები, კონკრეტული, რეალური ადამიანისა, თვით საკუთარი თავის სიყვარულიც კი - ძნელია, სულ გასაძლები. ასეთმა ფიქრებმა მომიყვანა ამ ლექსამდე. ნუ ცხადია, ტექნიკა დამჭირდა. არაა ადვილი, როცა ცდილობ, რამე ახალი თქვა, გაზაფხულზე ტბის ნაზამთრალ ყინულზე გავლასავითაა, სად ჩაგიტყდება შუა გზაზე, ნაპირიდან უკვე მოშორებულს, მარტოს, აზრზე არა ხარ! ერთხელ სხვისი ნათქვამის თქმაც კი შენებურად - უკვე საქმეა. ესეც ყინულზე დგომაა, ოღონდ ახლომახლო მაინც ვიღაცა გეგულება, რომ გაგიჭირდეს მშველელის იმედი ბჟუტავს. მუხა საყვარელო! შენ ახსნაც არ გინდა, რიმ ეს ლექსი უფრო იმაზეა, რომ ვიდრე ვინმე შეუყვარდება ადამიანს, ან ვიდრე ბედს დაუკავშირებს, რაღაც სტანდარტები უკვე აქვს გამომუშავებული და ცდილობს, ცოცხალი ადამიანი პროკრუსტეს სარეცელივით იმ სტანდარტებს მოარგოს.და სულ ამაოდ! ახლა იმ ადამიანს უნდა? შეუძლია? სჭირდება ეს ყველაფერი? თანაც მისი ასეთად და ამგვარად ჩამოყალიბება რამდენი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი პროცესის ნაზავია! ჯონი ქეშმა რომ უთხრა ელვის პრესლის, “არასოდეს განსაჯო არავინ, შენ ხომ მისი ფეხსაცმლით არ გივლიაო”, ადრე მედო აქ, როგორც მახსოვს, ეგეთი ამბავია, რა! აქედან იწყება კონფლიქტი შეყვარებულებში, ცოლ- ქმარშიც. ზოგჯერ მიფიქრია, რომ ჩვენ ადამიანი კი არ გვიყვარს, არამედ ჩვენი წარმოდგენა მის შესახებ და ვაი, მას, თუ ამ ჩვენს წარმოდგენას ასცდა! თუ დაფიქრდები, კონკრეტული, რეალური ადამიანისა, თვით საკუთარი თავის სიყვარულიც კი - ძნელია, სულ გასაძლები. ასეთმა ფიქრებმა მომიყვანა ამ ლექსამდე. ნუ ცხადია, ტექნიკა დამჭირდა. არაა ადვილი, როცა ცდილობ, რამე ახალი თქვა, გაზაფხულზე ტბის ნაზამთრალ ყინულზე გავლასავითაა, სად ჩაგიტყდება შუა გზაზე, ნაპირიდან უკვე მოშორებულს, მარტოს, აზრზე არა ხარ! ერთხელ სხვისი ნათქვამის თქმაც კი შენებურად - უკვე საქმეა. ესეც ყინულზე დგომაა, ოღონდ ახლომახლო მაინც ვიღაცა გეგულება, რომ გაგიჭირდეს მშველელის იმედი ბჟუტავს.
1. სიყვარულმა, თუ არ დაგათრო, არ აგიყვანა ცამდე, ფრთებით არ გაფრინა უგზო უკვალოდ , სიხარულის და სიყვარულის მორევში არ გაცურა და ბოლოს , ფრთებ მოტეხილი დაგანარცა მიწაზე, ეს არ გამოცადე ეთხელ სიცოცხლეში ე, მაშინ არ გამეგეყოფა თავი სადმე. მე ასე მწამს. აბა ქინძები ხომ არ ვართ?! სიყვარულმა, თუ არ დაგათრო, არ აგიყვანა ცამდე, ფრთებით არ გაფრინა უგზო უკვალოდ , სიხარულის და სიყვარულის მორევში არ გაცურა და ბოლოს , ფრთებ მოტეხილი დაგანარცა მიწაზე, ეს არ გამოცადე ეთხელ სიცოცხლეში ე, მაშინ არ გამეგეყოფა თავი სადმე. მე ასე მწამს. აბა ქინძები ხომ არ ვართ?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|