ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2025


ბორდოსფერი საღამოები



                 
-
ჩემი კორპუსის პირველი სართულიდან - შენი კორპუსის პირველ სართულამდე, ნაბიჯებიც კი, დათვლილი მაქვს.
ნეტავ შეგახედა ჩემს თავს, რომ მოვციცქინობ იღლიაში ამოჩრილი
ერთი ბოთლი ციცქით. ასე მგონია,
ყველა თვალებაჭრილი მე მიჭვრეტდეს და ფეხდაფეხ მომდევდნენ, როგორც გზააბნეულ დედა აბრამის ბატკანს.

-
და აი, გამოვედი სამშვიდობოს -
წერეთლის რვასთან
ერთადერთ სურვილს პირჯვარს ვუხორცებ.
წუთიერად ურყევად ვდგები,
ვაშტერებ მზერას და ამ მზერაში სულ სხვა სანახაობა იშლება -
იქვე წიწვებში შეყუჟული ლამპიონი და მასში შეჭრილი მწერის ბანცალი, თითქოს გადარჩენას ითხოვდეს და ვერ ვშველოდე.

-
გზად მხვდება თეა,
და აი, შემოვდივართ მთელი ჟრიამულით.
ო, როგორ მხიბლავს შენი ჟანური გამოხედვა. სულ მგონია, რომ სადღაც მოდილიანიც გყავს გადამალული.

-
შემოვდივართ და იწყება დიდი თავისუფლება -
მოგრძო ოთახში, ტანჩასვენებულ სავარძელში, მჭადის სამზადისში...
ბორდოსფერი ფარდების ქრიალში
გვიახლოვდება ბიჭიც,
ტყემლის სურნელით  გადავსებული.
მაღალი გემოვნების მუსიკის ფონზე -
ყველაზე სანუგეშო
შენი მკურნალი ჩურჩულია :
- ,,ირა, ჰე, ამოთქვი, მომიყევი რა გაშინებს"?
წამიერად ვდუმდები და
კედლის ჩარჩოში აფეთქებული ლურჯი კესანების მიღმა, კოჭლ გენიოსს ვეძებ.
იღვრება სიჩუმე და საცაა გადმოფრინდეს ეს კაცი და გვიამბოს ,,ობლად სიარულზე".

-
აგე, წვიმებიც მოვიდნენ, ქარიშხლებიც, მაგრამ, ნუ დაიმწუხრებ მეგობარო,
ცა თუ ჩამოიღამებს, მის სიცისფრეს გოგლას თვალებში იპოვი.
ჩიტი თუ შეწყვეტს ახალი ამბის მოყოლას, გულის მოლაღურსაც გამოიხმობ.
ლოცვას თუ ვერ შეძლებ,
შენს საფიცარ ხატსაც ჩაიხუტებ.
ნუ დაიმწუხრებ მეგობარო, თუ კი,
,,ამ ივლისს, გადირეკს ნოემბრის ბაღებიც".

-
და ასე შევქანდებით ნელ - ნელი ლხინით,
იმ იმედით რომ ღამის სამის მოქანცულ წუთებზე ქალაქსაც გადავხედავთ. ჩამაცილებ -  თითქმის იაიკას კორპუსამდე და შენებურადაც შემომყვირებ : 
- ,,ჰე, ახლა გოგო, დაეშვი, ნუღარ შიშობ"!
და ამ ნუღარ შიშობში განა, მხოლოდ
ქუჩის ძაღლების ყეფა მაფრთხობს, ან ,,წითელ ქარში" საიდუმლო სიყვარულის სევდა...
არადა, მშვენივრად გესმის ჩემი
ამნაირი დამფრთხალობის,
რაღაც დამაყრუებელი შინაგანი ხმაურის, არც მატარებლის საყვირის ხმას რომ არ გამოსცემს და არც მეხის გავარდნისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები