ვხვდები, სულში ბალღამს ვისხამ, შენც უაზროდ გაწვალებ. მაგრამ უცებ ნუ შემრისხავ, ამოსუნთქვა მაცალე, მათქმევინე, რა მაწუხებს, ფეხქვეშ მიწას რა მაცლის, გული ფეთქავს, მკერდს მიხეთქავს, იმედია დამაცლის. აქეთ შენ ხარ, ჩემს უკან კი უფსკრულია უძირო, არ მომიშვებ? - გავბრუნდები, ჩავითხევი უცილოდ.... მთვარენაკლულს მზე შემომხვდი, გიკვირს , მზერას გარიდებ? გიკვირს, სითბოდანატრებულს აჩრდილივით მარინდებ.... ცრემლი აღარ შეგარჩინე, და ღიმილი გაგიქრე, ნაოჭები დაგაჩნიე, უფიქრალზე გაფიქრე.... აგაბორგე, გაგაგიჟე, სულ არაფრის მთხოველი, შენს ნადიმზე "დამპატიჟედ" უკითხავად მოველი.... შენს წყალს შენდა უკითხავად, დავეწაფე სიხარბით, მზე გიქციე მთვარის ჩრდილად, დაგიღამე სისხამი, რა მინდოდა? განა ჰკითხავ, ალს რად ეტრფის პეპელა? განა იცი, ალი ფერფლად ფრთებზე რად დაეფერა? განა იცი, რატომ კვდება, წყაროს თავში კალმახი? განა იცი, თუ შემომრჩა სიყვარულის ნასახი..... ბოლო შეშა შევუკეთე მინავლებულ საცეცხლურს, და ბოლოჯერ ვეამბორე შენს გაცრეცილ ნაფესურს... ჩაიწვება ბოლო ღერიც, ნაღვერდალიც დანაცრდა, ვიაზრებ რომ ჩემი ეტლი სავალიდან გადასცდა... რომ სხეულში გამჯდომია შენმიერი სახადი, აღარც ვიცი რა ჯობია... ვერ მოვედი სახლამდის... აქეთ ვეღარ გაგიყოლებ, ეს არაა შენი გზა... შენთან შენც ვერ წამიყოლე - ლაჩრობისთვის შერისხვას ვიმსახურებ, ალალია, მეხმა დამკრას, დამბუგოს, ოღონდ შენი გული ცემდეს, სუნთქვა არ შეაგუბოს... "დამპატიჟედ" მოსულისთვის ხანმოკლეა ნადიმი, ხანმოკლეა სხვისი ცხენით მოჯირითის ქადილი, ვერ ვივარგე, ვერ ვიმაგრე, ვერ მოვედი სახლამდის... ვეღარ ვარჩევ რა ჯობია - მშვიდობით თუ ნახვამდის?
ასე მშვიდად შევიშალე, და დენთივით ვიალე, შენ ვერ ზიდავ ჩემს სიშავეს, ვერ უწამლებ იარებს... როგორც ბნელში აჰასფერი, ისევ უგზოდ წავათრევ, დამზრალ სულს და დაგიტოვებ წაუკითხავ ბარათებს.... წავალ ისე, რომ წყვდიადმა ჩემი კვალი წაშალოს, რომ გააქროს შენს გარშემო ჩემი ცეცხლის ნაშალი.... ეს სზვა გზაა, უფრო ბნელი, და არ მიდის სახლამდის, იქ შენ აღარ მელოდები, ვეღარ გეტყვი: ნახვამდის...
როგორც ბნელში აჰასფერი ისევ უგზოდ წავათრევ დამზრალ სულს და დაგიტოვებ ცრემლით დამბალ ბარათებს... უკვე ვხვდები, ეს ნაწერი ჩემი განაჩენია, რაც აქამდე ჩვენი იყო ახლა მარტო შენია... როგორც ბნელში აჰასფერი მაცხოვრისგან წყეული, გზას დავადექ უსასრულოს დაცხრილული სხეულით... გზა რომელიც შორია და არ მიმიყვანს სახლამდე.... ბარათებში დავიკარგე..... ნახვამდის......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგად გადმოცემული სიყვარულით დამწვირის ემოციები, რა ქნას, ნამქერს ატანს თვალცრემლიან ბარათებს .სიმღერასავით ჩაიქროლა. იმედით ცოცხლობს ადამიანი! კარგად გადმოცემული სიყვარულით დამწვირის ემოციები, რა ქნას, ნამქერს ატანს თვალცრემლიან ბარათებს .სიმღერასავით ჩაიქროლა. იმედით ცოცხლობს ადამიანი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|