ელენე გვიჭიანს
გენატრება შენ ერთს დედა, მენატრება დედაჩემი, ვერც დრო შველის ამ ჩვენს სევდას, ლექსს ვწერ... ვთვრები ზედაშეთი.
ვერ იგემე დედის სითბო, ვერ ჩაგიკრა დედამ მკერდში, ვანთებ სანთელს თითო-თითოს გელათში და ალავერდში.
კვლავ ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ბედნიერი ვიყავ მაშინ, მე ქართველმა ქალმა მშობა ამ დალოცვილ ქვეყანაში.
არაფერი მადარდებდა როს ვკოცნიდი მის ძუძუებს, თავს შვილისთვის გადადებდა, მოარჩენდა ის უძლურებს.
ბედნიერი ვიყავ მაშინ, არც კი დამმართნია ბნედა, ეჰ, არ მქონდა დარდი ხმაში, ახლა მშობელს სიზმრად ვხედავ.
მესიზმრება ყოველღამე, ჩემთან მოდის, შუბლზე მკოცნის... იმ გარდასულ წუთებს, წამებს, როგორც ისარს-შორს გატყორცნილს
ვიხსენებ და ასე თბილი ლექსით ვამბობ ყველა სიტყვას... სული-ცაში გაფრენილი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
ვერ მიშველის ვერც ნუგეში, რადგან სევდა დამებედა... მაგრამ ცოცხლობს ჩვენს გულებში ორი ქართვლის ორი დედა.
ოთარ რურუა
2025
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან კარგი, სევდიანი, სიყვარულიანი ლექსი. ძალიან კარგი, სევდიანი, სიყვარულიანი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|