ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2025


დაკარგული ბათინკი

2007 წელია, ივნისი. ვლადიკავკაზამდე გზა გრძელია და მტვრიანი. დედა, ჯიმი, ია, გიორგი, მე და ალექსანდრე ვსხედვართ ტაქსიში და მივდივართ. დედა წინ ზის, ბავშვები უკან ვხსედვართ, ერთმანეთის მიყოლებით, მჭიდროდ ჩალაგებულნი. ღამეა. ტაქსის დაჭერა მარტივი არაა, მითუმეტეს, როცა 2 ლარად უახლოეს მეტროსთან ჩაყვანას არ თხოვ. ყველაფერი რთულადაა, დაძაბულობაა, თუმცა 5 წლის ბავშვისთვის ეს უბრალოდ დამღლელი მოგზაურობაა, მოგზაურობა, რომლისთვისაც რაღაც გაურკვეველი საბუთებია საჭირო. ამბობენ, ასეთ სიტუაციაში საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, თუმცა „ტაქსისტები“ ფულის სანაცვლოდ რისკზე მიდიან და არალეგალურად გადაჰყავთ მგზავრები საზღვარზე. 
დედა დაძაბულია, გზით დაღლილი, სხვებიც მეტ-ნაკლებად დაიღალნენ, მე ჯერაც ინტერესით მაქვს თავი წამოყოფილი და ვცდილობ სიბნელეში რამე გავარჩიო, ფანჯრებს გარეთ მთელი რიგი უცხო, საინტერესო საგნები და ისტორიები იმალებიან ღამის საფარქვეშ.  ტაქსი სადგურთან არ გაჩერებულა, დედას მართალია უკმაყოფილება დაეტყო, მაგრამ ვერაფერი თქვა, მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით გაეშურა სადგურისკენ. იმ დროს ვლადიკავკაზიდან მოსკოვამდე 2-3 დღეში ერთხელ თუ გადიოდა მატარებელი. არ გაგვიმართლა, ბილეთები აღარ იყო, ვაგონები რამდენიმე წუთში დატოვებდნენ სადგურს. 2 დღე შემდეგ მატარებლამდე და 5 ბავშვი..
მანქანიდან რომ გადავდივართ, სიბნელის გარდა არაფერია, მხოლოდ სიბნელე და ტალახიანი გზა სადგურამდე. გავრბივართ: დედა, ჯიმი, ია, გიორგი, მე და ალექსანდრე. გავრბივართ, რაც შეიძლება ჩქარა და ფეხები ტალახში გვეფლობა. ბევრი ვირბინეთ, ვირბინეთ მანამ, სანამ დედა მატარებელში არ ავარდა. კონდუქტორს თვალებში ჩახედა და უთხრა: „ფული მაქვს, შემდეგს ვერ დაველოდებით, ახლავე უნდა წავიდეთ მოსკოვში“. ქალმა გადმოგვხედა, წამით შეგვათვალიერა ოფლში და ტალახში ამოსვრილი ბავშვები, ისევ უკან მიბრუნდა და გაიღიმა: „როგორც დედა, ისე მოგექცევით“.
ექვსნი ვსხედვართ პატარა ოთახში, იმდენად პატარაში, რომ მასში მხოლოდ ორიარუსიანი საწოლი და მის გვერდით მდგარი პატარა ტუმბო ეტევა. მატარებელში ბილეთებსა და საბუთებს ამოწმებენ, ყველა რატომღაც ამ საბუთებზეა ჩაციკლული, ჩვენ კი, ჯიმი, ია, გიორგი, მე და ალექსანდრე, კონდუქტორის ამ პატარა ოთახში ვართ შეყუჟულები და ვკინკლაობთ.
პოლიციელი შემოდის. დედა ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. ჩვენთვის კი ისევ არაფერი იცვლება, უდარდელად ვაგრძელებთ ბავშვურ კამათს, ვერც ვერაფერს ვხვდებით, ვერც ვერაფერს ვამჩნევთ, ვერც ვერაფერს ვგრძნობთ სიცივის გარდა. კაცმა თავსაბური მოიხადა და ტუმბოზე დადო, მერე ხვნეშით გაბრუნდა და კარებში დადგა. კედელს მიეყუდა. ცოტა ხნით ჩუმად, ინტერესით გვიყურებდა, მალევე დედას მიუბრუნდა და მშვიდად ჰკითხა, რას შვრებოდა, სად მიდიოდა. დედამ კი კონდუქტორის დაქალობა დაიბრალა, ეს უკანასკნელი ჯერაც არ გამოჩენილიყო.  სულ ცოტა ხანში ყველაფერი ნათელი იყო, პოლიციელმა კარგად იცოდა კონდუქტორის საქმიანობა, არაფერი მოიმოქმედა, დედაჩემში პანიკა გაქრა. ახლა მთელი ინტერესი გზაზე მქონდა გადატანილი. იმდენი რამ ხდებოდა ფანჯრის მიღმა, იმდენი რამ ხდებოდა გონებაში, ჯერაც რამდენი არ ვიცოდი და რამდენის დანახვა არ შემეძლო. ეს ყველაფერი მარტივად იქცა 5 წლის ბავშვის გაცხოველებული ინტერესის ობიექტად. იმის მერე კი, რაც კონდუქტორმა გასათბობად საბნები მოგვიტანა, მთელი გზა, და გზა საკმაოდ გრძელი იყო, ერთი დიდი საინტერესო მოგზაურობა გახდა და სხვა არაფერი.
ჩავედით. პირველად ვიყავით მოსკოვში მამას გარეშე. საზღვარზე დაძაბულობა კულმინაციას აღწევდა.

უკან ვბრუნდებით. ისევ ივნისია, ისევ ღამდება.
მამა გორში გველოდება, დედას დააბარა, მძღოლს ყველაფერი დაუჯერე და რომელი საბუთის ჩვენებასაც ის მოითხოვს, მხოლოდ ის ამოიღეო.
საზღვარზე ვართ. ბნელა. მანქანაში დიდი „პეჩი“ გვიდევს, საცხობში მიგვაქვს ბებიასთან. ვინაიდან ახალია, საზღვარზე არკვევენ რაა, განბაჟებაა საჭირო - განბაჟებისთვის ფული. „ერთგვარი ტალისმანია, დედამ გამატანა საქართველოში, ძველი კარადაა“ - უხსნის დედა, უფრო სწორად თხოვს. მძღოლი კი, რომელიც წესით უნდა დაგვხმარებოდა, რომელსაც ყველაფერში უნდა გავერკვიეთ და  უპრობლემოდ გადავეყვანეთ საზღვარზე, მშიშარა აღმოჩნდა, ქართველების ეშინოდა. „რუსული ამოიღე“ - ალბათ თვითონაც არ იცოდა ეს რატომ თქვა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, შეცდომა დაუშვა, უკან გვაბრუნებენ. დედა უარზეა, არსად წასვლას არ აპირებს, აქ ვიჯდებიო ამბობს. ყველაფერი ახლა ხდება - ტელეფონი დაუჯდა და მამას ვეღარ ურეკავს.
ცოტა დრო არ გასულა, პრინციპული ქალია, ერთი ან ორი საათი მაინც იყო ასე, სანამ ცხინვანელი კაცი არ გამოელაპარაკა, ჰკითხა როგორ იყო, რას შვრებოდა და სად მიდიოდა. დედა მოკლედ მოუყვა ყველაფერს. უცნობმა სახლში წასვლა და ღამის გასათევი შესთავაზა, მერე საჭმელიც მოიტანა. დედამ, რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადა, თუმცა კულტურულად უთხრა უარი სახლში გაყოლაზე: „გეტყობათ, კარგი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გიცნობთ და ღამით დარჩენაზე ვერ დაგთანხმდებით“. კაცმა გაუღიმა. რამდენიმე წუთი ლაპარაკობდნენ. დრო ნელა გადის, ძალიან ნელა.
Владик-მა დედას გადაულაპარა: „სმენა იცვლება მალე და იქნებ როგორმე გაგიყვანოთ“. მან კი მამას ნომერი მისცა: „იქნებ, დაურეკოთ და დაელაპარაკოთ, ტელეფონი დამჯდარი მაქვს..“ ლაპარაკი დიდხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ მამამ მეგობარს დაურეკა (кгб-ში მუშაობდა) და სიტუაცია აღუწერა, შეიძლება ითქვას, მაშველი რაზმი გამოაგზავნა. ბევრი არ გასულა, საზღვართან ჟიგული რომ გაჩერდა. ორი კაცი გადმოვიდა და მომენტალურად გვერდით შეხლა-შემოხლა დაიწყო, სროლაც ატყდა. ერთ წუთში ყველა ბოევიკური ფილმის გმირებად ვიქეცით.
მანქანიდან გადმოსულმა კაცმა შემოგვხედა და მკაცრად გვითხრა: „ჩასხედით“. ადგილს მოვწყდით. ისევ სიბნელე, ტალახი და სირბილი. ნორმალურად ვერც ვარჩევდი, რა ხდებოდა, წინ რაღაც ძალა მიმათრევდა, მერე მივხვდი, დედას ხელი იყო. გზაში ფეხაცმელი გამძვრა, მარჯვენა ფეხზე სისველეს ვგრძნობდი, მინდოდა დავბრუნებულიყავი და ბათინკი ამეღო. ვაი, რომ მერე ვეღარ ვიპოვო? მანქანაში შევეტენეთ. წინ ის ორი ძია კაცი იჯდა, წეღან რომ გადმოვიდნენ, უკან კი ექვსნი ვისხედით: დედა, ჯიმი, ია, გიორგი, მე და ალექსანდრე. ბიჭებს გვიხაროდა, რაღაც ხდებოდა, რაღაც საინტერესო, რაც აქამდე არ მომხდარა, რაც აქამდე არცერთს გვინახავს. ჩემს დას შეეშინდა მხოლოდ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ აანალიზებდა, რა ცუდ სიტუაციაშიც ვიყავით.
მხოლოდ ტალახში სირბილი არ ყოფილა პრობლემა, მანქანა დავძარით თუ არა, უკან ავტომატებიდან სროლა დაიწყეს. განუწყვეტლივ ისმოდა ეს ხმა. „თავები დახარეთ!“ მე სადღაც ქვემოთ ვიყავი, და-ძმების ფეხებში, ბათინკს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვნახე. იქნებ წინ გავარდა, მძღოლის სავარძლის ქვეშ? წამიერად სიხარული ვიგრძენი, ხელში ფეხსაცმელი მომყვა, გამოვქაჩე, არაფერი.. მანქანა მოულოდნელად დატორმუზდა და ბათინკის გაქრობასთან ერთად, თავიც მიმეჭეჭყა სავარძელზე. მძღოლი გადავიდა. მე სავარძელზე ამოვძვერი და ინტერესით გავიხედე ფანჯარაში, გავიგო ვიღაცასთან ლაპარაკში როგორ თქვა, ყველაფერი კარგადააო. კიდევ ერთი კაცი დავინახე, მიწიდან იყურებოდა, ზურგზე რაღაც ეკიდა და თავზე კასკა ეკეთა. ჩემი კასკა ბევრად ჯობდა, სახლში როლიკებზე რომ ვკატაობდი, მაშინ მიკეთებდა დედა.
მანქანა მალევე დაიძრა და მეც განვაახლე სამძებრო სამუშაოები. დავძრომიალობდი იქით-აქით ისედაც ერთმანეთზე მიჭეჭყილ ხალხში. მეშინოდა, დედას თუ ვეტყოდი, ბათინკი დავკარგე-მეთქი, გამიბრაზდებოდა. გზაში კიდევ გავჩერდით ერთი-ორჯერ, არ ვიცი რამდენ ხანს და არ ვიცი რატომ, ყურადღებას სხვა რამეებს უფრო ვუთმობდი. ხანდახან და-ძმის ფეხებში გაწოლილსაც მეღვიძებოდა. ბოლოს, თვალები რომ გავახილე, ჩემი ძმა მაღვიძებდა, მოვედითო. რატომღაც ყველა ბედნიერი იყო.
მანქანიდან გადმოსვლისას უკანასკნელად მოვათვალიერე იქაურობა, ბოლო იმედიც გაქრა - ბათინკი იქ არ იყო. დედას გავხედე, ნერვიულობდა. ნეტავ იმაზე, რომ ახლა ცალი ბათინკით მომიწევს ქუჩაში სიარული? არა.. ეს მიზეზი არ იქნება.. ჯერ ხომ არც იცოდა ამაზე. მარჯვენა ფეხი მარცხენას უკან დავმალე და ასკინკილით მივედი მასთან, იმ ბიძიებს მადლობას უხდიდა. ერთ-ერთმა თავზე ხელი გადამისვა, აბა ჰეო, უხერხულად ჩაილაპარაკა, თვალი ჩამიკრა და გაბრუნდა.
ასკინკილით მივყვებოდი დედას, ხელი მქონდა ჩაკიდებული და მარცხენა ფეხზე დავხტუნავდი. ბოლოს მივხვდი, დამალვას აზრი არ ჰქონდა: „დე, я ботинок потерял“, - არ მიპასუხა, - „ в маншине თითქოს არ იყო და..“.  ვითომ ასე გაბრაზდა, რომ არ მპასუხობს? მიკვირდა. მერე ქვევით დავიხედე, ცალ ფეხზე ხტუნვას აზრი არ ჰქონდა, ისედაც გვარიანად ვიყავი ტალახში ამოსვრილი, მარჯვენა ფეხი თავისუფლად დავდგი მიწაზე. წინ ტყლაპო იყო, უდარდელად ჩავდგი ორივე ფეხი და ჩვეულებრივად დავიწყე სიარული, ალბათ უფრო სირბილი, საკმაოდ ჩქარა მივდიოდით სადღაც. ფეხზე სისველეს ვგრძნობდი. დედას ავხედე, იღიმოდა. ეტყობა, არც ისეთი კაი ბათინკი იყო, რომ ენერვიულა. დამშვიდებულმა სხვა რამეზე ფიქრით გავირთე თავი. ბათინკი კი, ის ალბათ საზღვრიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით ეგდო ტალახში. განა ვინმეს ადარდება.
ცოტა ხანში მამაც გამოჩნდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები