 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 4 ოქტომბერი, 2025 |
შორიდანვე დაგინახეთ, როგორ მორბოდით ჩემთან შესახვედრად... სხვა სიტყვას ვერ ვიტყვი, ზუსტად ასეა, მორბოდით, მოისწრაფვოდით, უკანმოუხედავად, თავდაუზოგავად. ზოგი თქვენგანი იმასაც კი ცდილობდა, გაესწრო სხვებისთვის, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ გამოსდიოდა, ზღართანს მოადენდა ხოლმე იმასთან ერთად გადასკვნილი, ვისი გასწრებაც ჩაედო გულში. - ნუ ჩქარობთ,- ჩემს გულში ასე მოგმართავდით, ხმას ვერ მოგაწვდენდით იმ სიშორიდან, - ცოტა ხანიც და ერთად ვიქნებით. და აჰა, უკვე ერთად ვართ, მე და ლურჯი, ლურჯი ტალღები. რა ჰქვია ამას, ბედნიერება? სიხარული? თუ რაღაც სხვა, რასაც ვერცერთ სიტყვაში ვერ ჩატევ. როგორც იქნა, შევხვდით ერთმანეთს, დაშორებულები, მონატრებულები. რა საამოა თქვენი სუნთქვა, ასე გულუხვად რომ შემომაფრქვიეთ. სულსწრაფად გადმოირბინეთ ფერადი კენჭებით მოფენილი ნაპირი, თეთრი ხალიჩა გამიფინეთ ფეხქვეშ, მერე კი ლურჯი თათებიც მომაწვდინეთ. - საკმარისია, სულ მთლად დავსველდი, - ვამბობ ამის თაობაზე. უკან ვიხევ, თბილ ქვიშაზე ვჯდები და გიყურებ, გიყურებ თვალმოუცილებლად. ვხედავ, ირწევა შენი ლურჯი მკერდი. კვლავ ღელავ, ჩემო ბუზღუნა მეგობარო. ლურჯ მხარმკლავებს კვლავ ჩემსკენ იწვდი, ვერა და ვერ დაშოშმინებულხარ, ჩემი დანახვით გახარებული. ასე ერთმანეთის ყურებაში დავაღამეთ ის დღე, მშვიდად ირწეოდა ზღვის ლურჯი მკერდი, ლურჯი მხარმკლავებიც კვლავ მოიწრაფვოდნენ ჩემსკენ, ვერ კი მწვდებოდნენ, ოდნავ მოშორებით ვიჯექი იმ მარად ცვალებადი ხაზისგან, რაც ზღვას და ხმელს ჰყოფდა ერთმანეთისგან. ისინიც ერთს გულდაწყვეტით ამოიოხრებდნენ და გამეცლებოდნენ, სამაგიეროდ რამდენს მელაპარაკებოდნენ, რამდენი რამის თქმას ასწრებდნენ ახლოს მყოფობისას. ჩვილი ბავშვის ხმით და სიტყვებით მეხმიანებოდნენ, მე კი მათი გაგება სულაც არ მიჭირდა... ძალიან მოგვენატრეო, ამდენი ხნით სად დაიკარგეო, მეუბნებოდნენ. მეც ბანს ვაწევდი, ვლაპარაკობდი ყველაფერს, რაც თავში მომივიდოდა.
გიყურებ და ვფიქრობ, ბუზღუნა და ლურჯთვალა; აღარასოდეს დავშორდებით ერთმანეთს, მუდამ განუყრელნი ვიქნებით, რახან ერთელ გავიკვლიეთ გზა ერთმანეთისკენ. იქნებ მკითხო, ამაში რატომ ვარ დარწმუნებული, ჩვენი განუყრელობა როგორ ვიწამე. გეტყვი; მიზეზი სრულიად უბრალოა, იმდენად უბრალო, რომ მას ვერც კი ვამჩნევთ, თითქოს საერთოდ არც არსებულიყოს, და მას სახელად ერთგულება ჰქვია... ასეა, ჩემო ბუზღუნა მეგობარო, ჩვენი გულები ისე გვანან ერთმანეთ, რომ სულ ადვილად შეიძლება მათ ერთი დიდი გული უწოდო. რიტმულად ძგერს ჩემი გული, რიტმულად ირწევიან შენი ტალღებიც. ხანდახან ირღვევა ჩემი გულის თანაბარი რიტმი , შენი ტალღებიც ცვლიან თავის ჩვეულ რიტმს. აირევიან, ერთმანეთს ეჯახბიან. უფსკრულის სიღრმე თან ახლავს შენი ტალღების რიტმულ გუგუნს, ცემი გულიც ხშირად აყურადებს უფსკრულს, მის წიაღში მსუფევს. ხანდახან თითქოს თვლემა შეგიპყრობს, ტალღები მიიძინებენ, ჩემს გულსაც ესტუმრება ხოლმე ძილი, მასაც დაუძლეველი ძალით იზიდავს თვლემის მორევი. გამოღვიძებისას უფრო გაცხოველებით ეხმიანებიან ერთმანეთს შენი ლურჯი ტალღები. როკავენ, ცელქობენ, სწორედ ჩემი გულივით, ხანდახან მკერდში რომ ვერ ეტევა. მართლაც ძალიან, ძალიან გვანან ერთმანეთს ჩვენი გულები, ვერც კი ჩამოვთვლი, რამდენად და როგორ... ამიტომაც არასდროს დამავიწყდები, როგორ შეიძლება გულს საკუთარი თავი დაავიწყდეს. როგორც იტყვიან, ძილშიაც კი მემახსოვრები. შენი წიაღის რიტმული გუგუნი ყოველთვის შემახსენებს თავს, თუნდაც ძალიან შორს ვიყო შენგან. ვიცი, არც შენ დამივიწყებ. როგორც კი თვალს მომკრავ, მაშინვე ჩემსკენ გამოექანები, კვლავ ერთმანეთის გადასწრებას შეეცდებიან შენი ლურჯი, ლურჯი ტალღები. რა სულსწრაფად, რა მოუთმენლად გადმოირბენენ ფერადი კენჭებით მოფენილ ბილიკებს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|