ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2025


ელეს, ჩემს შვილს - ავადმყოფობის დროს

შენი თვალების უპეები ლალის ფერია.
ცრემლი, სისუსტე... თვალის ირგვლივ კანი შესივდა.
ამის შემყურეს, ყველა ნერვი გადამერია,
ყველა სისხლძარღვი შეიკუმშა, ალბათ შესცივდათ.
გველეშაპივით, შენთან მოსვლას მიშლის საცობი.
თითოულ ნაფაზს ამოჰყვება ნარჩენი ნერვის.
უიმედობა - ვირუსივით... მაგრამ არ ვცნობდი!
და ღვთისმშობელსაც შენზე შიშებს უთუოდ ვეტყვი.
ასე იყრება ქვიშის თითო მარცვალი, შვილო.
საათის ისრებს ნებანება უნდებათ დახრა.
კორეანტელი ფიქრებისაც, ჯანდაბას, იყოს...
და თავიც თითქოს ემსგავსება ძაღლების სახრავს.
ბოლოს შენს სუნთქვას, მინავლებულს, ვისმენდი ისე,
როგორც მლოცველი სახარებას, სათუთად, ფრთხილად.
დედის თითები გიგრილებდა შუბლსა და სიცხეს,
მამის უძრავი მდუმარება ჩამოგყვა სიზმრად.
თბილისის სივრცეს საფირონის სილურჯე ტეხდა.
ეზოს სიბნელეს ლამპიონის კიაფი უძლებს.
მე არ ვიცოდი, სხვანაირად რაგვარად მეთქვა,
მამის წუხული, შეღამება - შემორჩეს ფურცლებს.

03.2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები