ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2025


ოქროსგულიანი



  ანდრო, ოქროს გულით დაიბადა.
ანდროს მამა, მალევე, ჭლექით გარდაიცვალა.
დედამ, ნინიამ, გაზარდა,  ანდრო,
  სულმუდამ ღიმილიანს და მხიარულს რომ ხედავდა, მაგრამ გული დარდით რომ ჰქონდა სავსე.
ანდროს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ორივე ფეხი წართმეული ჰქონდა. ასეთი გაჩნდა. დედის ალერსმა, სითბომ, ზრუნვამ და სიყვარულმა ბიჭუნას  პაწია გული, თანდათან ოქროდ აქცია.
  ხელიც ოქროსი  უბოძა  ოქროსგულიანს მადლიანმა ბუნებამ.
ანდრო, სხვადასხვა  ხის ნაკეთობებს და სათამაშოებს ამზადებდა:
კოვზებს, ლაფერას, გობებს, დასაჭრელ დაფებს, ჯორკო სკამებს,  თოჯინებს, მანქანებს, პატარა აკვნებს. ერთი სიტყვით, ვინ რასაც სთხოვდა, უყოყმანოდ დაუმზადებდა. გასამრჯელოს არაფერს ითხოვდა. თუ ვინმე რამეს სურსათს მიუტანდა, ეგ იყო. სათამაშოებში,  საერთოდ არაფერს იღებდა.
  პატარების დედა-ბებია- ბაბუისათვის, რამდენჯერ  უკან გაუტანებია,  ამოღება ყველი, მჭადის ფქვილი, ლობიო, ნიგოზი, თხილი.
  ომი იყო და  დროებაც ასეთი იყო და ანდროც.
რა გასაკვირია, რომ დიდსა და პატარას  უყვარდა, ანდრო.
  იმ წელიწადს, ოლიკო, თბილისიდნ, მამიდასთან მეორედ ჩამოვიდა. პირველად რომ ჩამოვიდა, სკოლის მოსწავლე იყო. მერე გათხოვდა და ახლა თავის პატარა გოგონასთან ერთად ესტუმრა მამიდას. ოლიკოს ქმარი  ფრონტზე იყო. 
ეს,  ანდრომ, იცოდა.
მაგრამ რომ დაინახა,  მაინც,  ჩამოეღვენთა  ოქროს გული.
ოლიკო, მართლაც მშვენიერი იყო.
ჰოდა, შეეპარა ანდროს გულს ოლიკოზე ფიქრი.
განა არ  იცოდა,  რომ ფიქრი ფიქრად დარჩებოდა,  მაგრამ რა ექნა, როდესაც ეს თავისთავად ხდებოდა? 
ერთხელ,  ოლიკო, მასთან თხოვნით მივიდა 
- ჩემი  პატარა გოგონასთვის, თოჯინა და აკვანი დამიმზადეო. ანდრო  თვალებში არ უყურებდა.
ვერ უყურებდა.
უსიტყვოდ მიიღო შეკვეთა და ოლიკოს, წასვლისას, ისევ თავდახრილმა უთხრა, რომ სამ დღეში მოსულიყო, მაგრამ, როდესაც, ოლიკო, ეზოდან გადავიდა, იმწამსვე შეუდგა საქმეს.
ის დღე იშრომა.
მერე, მთელი ღამე. მეორე დღის ნაშუადღევს კი, მეზობლის, პატარა ნიკოს, გაატანა
მოჩუქურთმებულ  აკვანში  ჩაწვენილი ულამაზესი პაწია თოჯინა, რომელსაც სამოსი თავადვე შეუკერა.
    ცოტახანში, ოლიკო, გამოჩნდა, ხელში სანოვაგით.
მაგიდაზე დაალაგა ცოტაოდენი ლობიო, ერთი პატარა გოგრა, ღრმა თეფში მჭადის ფქვილით, ორი აცმა ჩურჩხელა და ერთი კომბოსტო.
ანდროს დედა, ნინია, რომ გამოვიდა - ოლიკო, რატომ წუხდებოდი?-ო
ანდროს ხმა არ ამოუღია.  თავი დაეხარა. მის მკერდში  ოქრო  ბევრდებოდა.
- რას ამბობთ? გავგიჟდი ისე მომეწონა!
ნეტავი, მეც პატარა ვიყო-ო,
თქვა და გადაიკისკისა.
ექოსავით ჩაესმა, ანდროს,  ბროლის ხმა.
მერე, ოლიკო, ანდროსთან მივიდა, დაიხარა, ლოყაზე ეამბორა და მადლობა-ო.
ანდრო, ელოდა, როდის იტყოდა ოლიკო, რომ თოჯინა ძალიან ჰგავდა, თავად მას,  ოლიკოს, და ისევ გადაისკისებდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი შებრუნდა და
სწრაფად გასწია ჭიშკრისკენ.
ანდრო გახევებული იჯდა.
დედის თვალს არაფერი გამოჰპარვია.  ბედნიერ შვილს, ღიმილით შესცქეროდა, მაგრამ  მის გულს  სიმძიმე შემატებოდა.
იმ დღის შემდეგ, შეიცვალა, ოქროსგულიანი.
  მეტად გაებადრა სახე. უფრო ხალისით ამზადებდა ნაკეთობებს. მანამდე, თუ ყავარჯნებს იშვიათად ხმარობდა, რადგან უმეტესად სკამზე დამჯდარი ატარებდა დღეებს,  ახლა  გაჭირვებით, მაგრამ ეზოში ხშირ-ხშირად  გადაადგილდებოდა. შიგადაშიგ ღიღინებდა. მერე, ჩაფიქრდებოდა და  გულიანად გაიღიმებდა.
რამდენჯერ დაუნახავს დედას    სულსხვაგვარად    ბედნიერი შვილი. ხარობდა და წუხდა დედის გული.
ჰო.  შეიცვალა ანდრო. შეუყვარდა და იმიტომ.
ყოველდღე ელოდა ოლიკოს გამოჩენას. ფიქრობდა - ნეტავი,  რამის დამზადება  დასჭირდესო.
არაფერი დასჭირვებია ოლიკოს და არ მოდიოდა.
  მოიფიქრა. რამდენიმე დღეში  მოჩუქურთმებული ჯორკო სკამი დაუმზადა ოლიკოს გოგონას.
მერე, პატარას სახელი  გაიგო, ზედ ,,ნუციკო,, ამოტვიფრა და ისევ, ნიკოს, სთხოვა წაეღო.
ცოტახანში, ნუციკო,  დედისთვის რომ ხელი ჩაეკიდა, ანდროსთან ეზოში ჩავიდა.
ასკინკილით მოჰყვებოდა გოგონა დედას.
მერე გამოიქცა, ანდროს კისერზე მოხვია, თავი მხარზე ჩამოადო და ზურგზე ხელები აუთამაშა.
მერე თვალებში ღიმილით  შეხედა და წაიტიტინა:
- დიდი მადლობა, ანდრო ბიძია, ძალიან მომეწონა, აკვანიც, სკამიც და თოჯინაც.
ოლიკო დავარქვი, იმიტომ დედიკოს ჰგავს.
ანდროს ლოყები წამოუწითლდა.
ვერაფერი თქვა.
  ოლიკომ ანდროს უხერხულობა არ შეიმჩნია.
- დიდი მადლობა, ანდრო, მართლაც საოცარი ხელი გაქვს. ჩვენ წავალთ. ნუციკო, დაემშვიდობე, ძია ანდროს.
  - ნახვამდიიის, ძია ანდროოო
- ნახვამდის. მადლობა. არაფრის. დიახ.
ძლივსგასაგონად ამოღერღა ანდრომ.
ის ღამე ფანჯარასთან გაატარა, საიდანაც კარგახანს მოსჩანდა ახალი მთვარე.
მთვარე, კი, ლამაზი იყო, მაგრამ ოქროსგულიანს, ფიქრები დაეწყო  საზარელი და შეშფოთდა.
,,არა! არა, არა!
უნდა იცოცხლოს!
მშვიდობით უნდა ჩამოვიდეს! ნუციკოსთან, უნდა ჩამოვიდეს!
  ოლიკოსთან...
  ეს რამ მაფიქრებინა?!
ეს არ არის სიყვარული!
ეს სხვა რამეა! მშვიდობით უნდა ჩამოვიდეს... მშვიდობით ჩამოვიდეს...,,
სულ სხვა, უცნობი და ამოუხსნელი რამ ხდებოდა ანდროს თავს.
დღეს როგორღაც აგორებდა,  მაგრამ ღამეებს ვერას უხერხებდა.
ავმა ფიქრებმა ჯოჯოხეთად უქცია ღამეები.
შეამჩნია, რომ ბოროტი ზრახვები  იტაცებდა და აღაგზნებდა.
რამდენჯერ მოკლა ოლიკოს ქმარი და ნუციკოს მამა, ვინ მოსთვლის.
  დაანგრია ფიქრებმა ანდრო. დედა ამას საშინელი ტკივილით ადევნებდა თვალს. ვერაფერს ეუბნებოდა შვილს.
ან რა უნდა ეთქვა?
  ერთადერთხელ,  გვერდით დაუჯდა და დიდი მორიდებით ჰკითხა:
- რა შემიძლია, შენთვის გავაკეთო, შვილო?
ანდროს დედისთვის არ შეუხედავს, მისი ხელი ხელებს შუა მოიქცია, თავი დასწია, შუბლი  მიადო და უხმოდ, უცრემლოდ...
მხოლოდ მხრები აუცახცახდა.
ჩუმად ტიროდა ორი გული.
ასევე ჩუმად დაშორდნენ ერთმანეთს.
მერე, მთელი ღამე, ისევ გაშმაგებული, ავი ოქროს გული.
ვეღარავინ სცნობდა, ანდროს.
გაილია.
გაილია და ჩაწვა.
  დასრულდა ომი.
  ოლიკო ქმარს ელოდა. დიდხანს ელოდა. ის  არ გამოჩნდა.
მერე  ცნობა მიიღეს.
ცუდი ცნობა.
ანდრომ,  ეს ამბავი იმ დღესვე შეიტყო.
მეორე დილით კი, ნინიას კივილმა შესძრა სამეზობლო.
  შვილის საძებნად გასული ნინია, ჩაის პლანტაციაში  დაგდებულ ყავარჯნებს შუა ნახშირადქცეულ სხეულთან, სახეს იხოკავდა.
გასვენების დღეს ნინიას ეზოში სიჩუმე იყო.
მგლოვიარე ოლიკოს, ხელში ერთი ზამბახი ეჭირა,
ნუციკოს,  აკვანი და თოჯინა.
  როდესაც ოთახში შევიდნენ, სხვა ყვავილებს  ზამბახი დაემატა.
უმრავ სათამაშოებს კი,  ნუციკოს აკვანი და თოჯინა.
მკრთალად, მაგრამ დღესაც მოსჩანს რიყის თეთრ  ქვაზე  წარწერა:
,,ოქროსგულიანი,,


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები