 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 11 თებერვალი, 2026 |
#ლექსები
რაც უფრო ადვილად მოწყენადია ადამიანი, მით მეტად შემოქმედებითია იგი. ყველაზე დიდი მოწყენილობა - გენიოსთა ხვედრია! არ გჯერათ?! აგერ, ჩემო ბატონო, ნიმუში, ფაქტი… ნუ იძაბებით, ვხუმრობ, როგორც შემიძლია და თქვენც უბრალოდ, თუ არ გაიცინებთ, გაიღიმეთ ამაზე. წრფელი ღიმილი ისეთი რამეა, ყველას უხდება!
ნინო დარბაისელი
ესეც სონეტი - სათქმელი მგლისა
(სპენსერული - ABAB BCBC CDCD EE)
• ისევ სონეტს წერს? რაღა ხილი არისო ნეტა? შექსპირი - გვქონდა, დაუწყია ახლა - სპენსერი. მოწყენილობით - ყველაფერი გაასონეტა, თავს იკატუნებს, გაწყვეტილი ვარო ბისერი.
მიუშვერია მკითხველისთვის მგლური კისერი, ვითომ ენდობა, რა ვქნა, მჭირსო დაძაბუნება, აქ მოსასვლელად გადმოვჭერო შორი ის სერი, (გულწრფელს თამაშობს, ვერაგული კი აქვს ბუნება).
რა უნდა ნეტა, რა სჭირდება, რის დაბრუნება, რა ენატრება, ამ ძველ ფორმებს რად დასტრიალებს? რამე, ახალი გასართობი მოიგუნება, შიშობს, სიბერე არ დაინდობს, გაატიალებს?
ფორმას დაეძებ?! თქვი რაიმე, სულს მოსადები, ლექსში თუ მოკვდი, ხელმეორედ დაიბადები!
შექსპირულიც აქ მიებას
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კარნავალი დამთავრდა (შექსპირული სონეტი - ABAB CDCD EFEF GG)
რადგან ბოლოს ზეიმი მაინც უნდა დამთავრდეს, კარნავალიც მორჩა და შინ ბრუნდება ხალხი. ნიღბები და კაბები, მოშრიალე აქამდე, სადმე ჩაიკეცება, მოვა ისევ თალხი.
დილაადრიანია, ნატეხით და ნახევით სავსე ვიწრო ქუჩები - დამლაგებლებს ელის და სიჩუმეს გაჰყურებს დარდიანი მნახველი: ბოლოს დასცხო, აგვრია, ქუჩებია სველი.
ბრჭყვიალა და მაქმანი რა შესახედავია, ნახმარი და ნაჭმუჭნი არაფერი ვარგა. ღამის ბრწყინვა დღის შუქში რარიგ საცოდავია, გუშინ რაც გვახარებდა, დღეს - ქცეულა ბარგად.
დროა უკვე სადაგი. ჟამს რა ეურჩება! ზეიმს ბოლოს დაღლა და ნაგავი-ღა რჩება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|