 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 10 თებერვალი, 2026 |
ერთიანად თეთრი იყო, ფრთებით დაწყებული და კოხტად აბზეკილი კუდით დასრულებული. ერთგვარი სიფერმკრთალეც ახლდა, ცის კაბადონზე გაკრული ღრუბლის ქულასავით, და ეს მკრთალი თეთრი ფერი არ იცვლებოდა, ბოლომდე ისეთი დარჩა, როგორიც თავდაპირველად დავინახე. რაც შეეხება ფორმას, მის შესახებ იგივეს ვერ იტყოდი. ფორმა ეცვლებოდა ამ დიდებულ საოცარ თვითმფრინავს, ძალიან ნელა, თვალისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ შეუნელებლად. შეუმჩნეველი ცვლილებები ერთმანეთს ამოუდგნენ მხარში და მე დავინახე, თურმე დატალღული ყოფილა ეს გიგანტური ისარი, სივრცისთვის დამიზნებული. თავიდან ბოლომდე ხანდახან რაღაც ჭავლისმაგვარი გადაუვლიდა. . . ფრთებიც (ფრთების ჭვრეტა ყოველთვის მიყვარდა) თვალსა და ხელს შუა დაემსგავსა კუდმაკრატელა მერცხლის მორკალულ ფრთებს. - მობრძანდით, - ჩამესმა მელოდიურად მჟღერი ნაზი ხმა. მოვიხედე, ანგელოზის დარი სტიუარდესა გადმომყურებდა ტრაპის სულ ზედა საფეხურიდან; სამოსელი მასაც თეთრად უქათქათებდა. უფრო ზუსტად, მკრთალღრუბლისფრად. შევაბიჯე საფეხურზე, შევუყევი გზას ზემოთ, სულ ზემოთ... და აჰა, სულ ახლოდან დავინახე სტიუარდესა, მართლაცდა ანგელოზივით ლამაზი, ჰაეროვან სამოსალში გამოკვართული. მან გამიღიმა და ხელი სტუმართმოყვარულად გაიწოდა თვითმრინავის ღია კარებისკენ. სალონი გელოდებათო, მთლად ჩიტივით ჩაიჭიკჭიკა. ესეც სალონი, ქათქათა, მშვენიერი, პეწიანი და თან მყუდროც. რიგებად ჩამწკრივებული სავარძლები, ქათქათა, ფაფუკი. თითქოს გეპატიჟება, მოდი და ინებივრეო. დიდი სიამოვნებით მოვკალათდები რომელიმე მათგანში. ილუმინატორთან მირჩევნია, აჰა, აგერ, ეს სავარძელი სწორედ მე მელოდება. მოვკალათდი, მივიხედმოვიხედე. ადგილი მართლაც კარგად შემირჩევია, მთელ სალონს ხომ სრულად ვხედავ, შეიძლება ითქვას, ხელისგულზე მაქვს. ილუმინატორიც აქვეა, ჩემს გვერდით. მიყვარს ილუმინატორთან დაჯდომა, თუ შანსი მომეცა, ხელიდან არ ვუშვებ. მგზავრები ჯერ არ ჩანან, როგორც ჩანს, პირველი მე ვარ. აჰა გამოჩნდნენ, ჯგროდ მოიწევენ თვითმფრინავის ღიობიდან. ჩქარობენ, ერთმანეთს ასწრებენ, წამში აავსეს მთელი სალონი. ილუმინატორიდან კიდევ მეტად საინტერესო ხედი იშლება. რა საოცრად ფართო აეროდრომია, სივრცე მის მიღმა მეტად ფართოდ შლის მხრებს. თვითმფრინავებიც ჩამწკრივებულან აფრენის მოლოდინში . დავინახე ასაფრენი ბილიკი, თითქოს ცას ერწყმოდა , ისე შორს გაზიდულიყო.... და ცხადია, იმ თვითრინავის ფრთებსაც ვხედავ, რომელშიაც მოვკალათდი. მისი ფრთების ცვალებადობას აქედან კიდევ უფრო ცხადად ვამჩნევ. აჰა, როგორ დაიტალღა, თითქოს ზღვის ტალღააო. რადენიმე წამში ტალღები ისარივით ჩასწორდნენ, მერე ისევ ტალღები და ასე დაუსრულელად. და ახლა, როცა განცხრომით ვზივარ ამ საუცხოო სალონში, შემიძლია დავფიქრდე ამ თვითმფრინავის ფორმის უცნაურ ცვალებადობაზე. მე ხომ ამის მსგავსი არაფერი მენახა. კარგი იქნებოდა სტიუარდესასთვის მეკითხა. ამის გაფიქრება იყო და სტიუარდესაც დავინახე, თითქოს საგანგებოდ სწორედ ჩემსკენ მონარნარებდა... მინდა ვთქვა, რომ მეტად მსუბუქი იყო მისი ნაბიჯები. -ერთი რამ მიკვირს, - ვეუბნები სტიუარდესას,-ვხედავ რომ ამ თვითმფრინავის ფრთები ფორმას იცვლიან. ხან ისარივით სწორია, გაიხედავ და დატალღულია. ასეთი რამ ჯერ არ მინახავს. - უბრალო ამბავია, - ჩაიჟღურტულა სტიუარდესამ, - ამ თვითმფრინავის ფრთები არ ებრძვიან სივრცეს. პირიქით, სრულ თანხმიერებაში არიან მასთან. - ეს რანაირად, - გამიკვირდა მე, - თვითმფრინავი ხომ უძრავადაა, ფრთების ფორმა კი იცვლება. - თვითონ სივრცე ხომ გამუდმებით იცვლება წყლის ჭავლივით, - მივიღე პსუხად,-თვითმფრინავის ფრთებიც მას ეხმატკბილებიან . თვითმფრინავი და სივრცე ერთად ნებივრობენ ცვლილებათა ტალღებზე. ზუსტად ასე თქვა, ნებივრობენო. მართლაც შესაფერისი სიტყვა იყო, თეთრი თვითმფრინავი დიდ თეთრ ფრინველს ჰგავდა, მყუდრო საბუდარში მონებივრეს. ვზივარ, ველოდები, როდის ავფრინდებით. რაიმე უჩვეულო ჯერჯერობით არაფერი ჩანს. თვალი მივადევნე ბილიკს, რომელზეც ჩვენი საოცარი თვითმფრინავი შემდგარა თავისი დატალღული კორპუსით. ამ ბილიკს მართლაც არ უჩანს დასასრული. აჰა, დავიძარით, ბილიკი ნელა გამოცურდა ჩვენსკენ. უცნაურია, სტიუარდესა რატომ არ მოითხოვს, ღვედები შეიკარითო. მართლაც ყველაფერი უცნაურია ამ თვითმფრინავში. უცბად ვხედავ, ვიღაცა თავქუდმოგლეჯილი მორბის ასაფრენ ბილიკზე, თან ხელებს იქნევს ჰაერში.მგონი ჩვენ მოგვდევს. სალონში ჩოჩქოლი ატყდა, თურმე მართლა შეგვიანებული მგზავრი ყოფილა. ასაფრენი ბილიკი უძრავად გაიყინა, თვითმფრინავი შედგა, შეგვიანებულ მგზავრს დაელოდა. ისიც ამოვიდა, მოიძია თავისი ადგილი. კისერზე სისტემის მილის ნაწყვეტი შერჩენოდა. - გადასხმების მიკეთებდნენ, - მეტად კმაყოფილი სახით გვაცნობა, - მივატოვე და გამოვიქეცი. კვლავ დაიძრა თვითმფრინავი, ამჯერად აღარ შეყოვნებულა. ერთი წამით მოვკარი თვალი აეროდრომის ფართო სივრცეს, ასაფრენ ბილიკს და გაქრა კიდეც, უკვე ჰაერში ვართ. ფრთებს რაღა ემართება? თუ დაეტყოთ, რომ მიწას მოწყდნენ. ნამდვილად დაეტყოთ, უფრო ინტენსიურად იტალღებიან, მოირკალებიან, ისევ გასწორდებიან ისარივით. ვხედავ, სტიუარდესა მონარნარებს. მოახლოვდა, შუა სალონში შეჩერდა, ხელები მაღლა ასწია, სავარძლებს ზემოთ თაროზე რაღაცას აუწყო ძებნა. ასე უცებ ვერ იპოვა ის რაღაცა, მთელი ტანით გაიწვართა, მერე კი ვხედავ, მაღლა აიწია, მისი თეთრი კოხტა ფეხსაცმელები ჰაერში გამოეკიდნენ. ერთ ხანს იყო ასე, შევყურებდი და სულ არ მიკვირდა, ისეთ საოცარ თვითმფრინავში სწორედ ასეთი სტიუარდესა უნდა იყოს, სხვანაირი ვერც კი წარმომიდგენია. აჰა, როგორც ჩანს, იპოვა ის რაღაცა... თეთრი პლედები გადმოიღო, მათთან ერთად დაეშვა დაბლა, გამიღიმა და პირველს მე მაჩუქა ღრუბელივით ფაფუკი ქათქათა პლედი. თვალმოუცილებლად რომ შევყურებდი, ალბათ იმიტომ. მერე ყველას ჩამოუარა, ყველა მგზავრს უძღვნა თეთრი ფაფუკი პლედი. გავეხვიე პლედში, ცოტას წავუძინებ მეთქი. თვალის დახუჭვა ვერ მოვასწარი, დავინახე, რაღაც სხეული გამოცურდა თვითმფრინავის ფრთის ქვემოდან, მთასავით დიდი და მუქი ღრმულებით მოფენილი. ძალიან ნაცნობი მომეჩვენა. - მთვარეს ჩავუქროლეთ, - მომესმა სტიუარდესას ხმა. - შეხედეთ, მთვარე, - აჰყვა და აჟივჟივდა მთელი სალონი. სრულიად გამოვფხიზლდი, თითქოს მთვარეა, მაგრამ რატომაა ასე გადიდებული? ათჯერ მაინც აღემატება იმ მთვარეს, რასაც დედამიწიდან შევყურეთ. - ეს ნამდვილად მთვარეა? - ვიკითხე გაოცებულმა. - მთვარეა, - ხმა მომაწვდინა სტიუარდესამ სალონის სიღრმიდან, ვიღაცას პლედს უსწორებდა მხრებზე. - მგონი ძალიან ახლოა ჩვენთან, - ვღელავდი მე, ძილი სრულიად გამიფრთხა. - უკვე მრავალთაღოვან სივრცეში ვართ, - იყო პასუხი., - სივრცეები ცვლიან ერთმანეთს, ყოველივე განსხვავებულად აღიქმება. ხმას აღარ ვიღებ, სალონიც მიყუჩდა. მთვარე სულ მალე მიეფარა თვალს, მის ნაცვლად რაღაც გაურკვეველი ცეცხლოვანი ჩვენება დავინახე, კოცონს ჰგავდა ერთი შეხედვით, თუ ცეცხლოვან ტალღას. მგონი გვიახლოვდება ეს ცეცხლოვანი ტალღა, რაღაც მეტისმეტად სწრაფად იზრდება. სალონს გადავხედე, სხვა მგზავრები რას ფქრობენმეთქი. შეშინებულებს სულაც არ ჰგავდნენ. სტიუარდესა მათ ახომახლო დანარნარებდა, ჩანს მოასწრო მათი დამშვიდება. მე კი ჩემი ფიქრი მქონდა, სადაცაა შევასკდებით იმ ცეცხლოვან ჩვენებას, რა უცნაურად ინაცვლებს ადგილს, ჩვენს თვითმფრინავს ხან ერთ მხარეს მოექცევა, ხან მეორე მხარეს. თან თვალდათვალ იზრდება ზომაში. - მგონი ვეჯახებით, - ვთქვი ცოტა არ იყოს შეშინებულმა. თვალებიც კი დავხუჭე და უცბად... - მზე უკან მოვიტოვეთ, - სულ ახლოდან მომესმა სტიუარდესას მუსიკალური ჟღურტული. როგორც ჩანს, შეამჩნია ჩემი მღელვარება და ჩემსკენ გამოეშურა. რა დაუზარელი იყო, რა ყურადღებიანი, ყველასთვის ყოველწამს მზად ჰქონდა პასუხი - კიდევ კარგი, - თვალები გავახილე გულმოცემულმა, - მთვარისა რა მოგახსენოთ, იმდენიც არაფერი, მაგრამ მზე ასე ადვილად ვერ ამოვიცანი. როგორღაც არ ჰგავდა თავის თავს, სხვანაირი იყო, რაღაც საოცრად დაემსგავსა ცეცხლოვან ტალღას, ცოტათი დამაფრთხო... სალონში სიწყნარე გამეფდა, მგზავრები თვლემდნენ. როგორღაც ყოველივე მიმკრთალდა ირგვლივ, დაგვეტყო, მზეს რომ დავშორდით. ჩვენი თვითმფრინავი იმ სიმკრთალეში გამოეკიდა. სულ მალე ვარსკვლავთა გროვები დავინახე, ციცინათელებივით ირეოდნენ სივრცეში. - ეს რაღას ნიშნავს, რატომ ირევიან ვარსკვლავები ციცინათელებივით, - ვიკითხე მე. სტიუარდესას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, ჩემი სიტყვები არ დარჩებოდნენ უპასუხოდ. - ეს იმიტომ რომ ჩვენი თვითმფრინავი სივრციდან სივრცეში ინაცვლებს, - მომესმა ნაცნობი ჟღურტული, - ასეთ დროს ვარსკვლავები ციცინათელებივით იწყებენ ციმციმს. - მართლაც საოცარ თვითმფრინავში ამოვყავი თავი, - ვამბობ ჩემთვის. მერე ცისარტყელასნაირი ფერები დავინახე, ერთმანეთში მარაოს ფორმით გადაწნული, უცბად მათ შორის რაღაც ამოცურდა, ლოდივით მძიმე და ტლანქი. მის მიღმა სივრცე ილანდებოდა, მეტად მკრთალი და სევდიანი. - ეს რაღაა, - ვიკითხე გაოცებულმა. ო, როგორ არ მომეწონა ეს სევდიანი ფერი. აღარ გამიგონია ნაცნობი საამო ჟღურტული. თვალებით სტიუარდესას დავუწყე ძებნა, აღარ ჩანდა. მოვათვალიერე სალონი. თითქოს ვეღარც კი ვიცანი იქაურობა. ნაღვლიან ელფერს ყოველივე შეეცვალა. მგზავრებზე ხომ ნუღარ იკითხავთ, სრულიად გადასხვაფერებულიყვნენ, უსიცოცხლო მკრთალი ფერი გადაჰკვროდათ სახეებზე. სასწრაფოდ ავარიდე მათ თვალი, ისევ წინ გავიხედე. იქნებ იქ დავინახო რაიმე საამო და ნათელი. ჰო, მგონი ვხედავ რაღაცას, და ეს რაღაცა ძალიან ნაცნობი მეჩვენება. რა საოცარია, ვფიქრობ. დედამიწიდან ასე შორს ვართ, აქ რა უნდა დავინახო ნაცნობი. მაგრამ მაინც ასე იყო, რაღაცა ძალიან ნაცნობი მეჩხირებოდა თვალში. უცბად კიბე დავინახე. დავაკვირდი, ვხედავ, სწორედ ის კიბეა ასე ნაცნობი. თვითმფრინავის ტრაპი ხომ არ არის, ერთი გაფიქრება გავიფიქრე. მაგრამ თვითმფინავიც რომ არ ჩანს? თვითმფრინავი სადღაც გაქრა, აღარსადაა მგზავრებით სავსე სალონი. არც სტიუარდესა ჩანს, სალონში მონარნარე ანგელოზივით ლამაზი სტიუარდესა, მთელი გზა რომ დაგვტრიალებდა თავზე. ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს. სად ვიყავი და სად ვარ, . ვეღარაფერს ვხედავ ამ მოძველებული უსახური კიბის გარდა, საოცრად ნაცნობი რომ მეჩვენება რატომღაც... უცბად აღმოვაჩინე, სწორედ იმ კიბის საფეხურზე ვდგავარ. მეც ავუყევი კიბეს, სხვა რაღა დამრჩენოდა. საფეხური, კიდევ საფეხური... აჰა კიბე დასრულდა. სულ ზედა საფეხურზე ვდგევარ, ჩემს წინ კარებია, ესეც საოცრად ნაცნობი მეჩვენება. უცბად მივხვდი, ეს ხომ ჩემი კარებია, ვინ იცის, რამდენჯერ გამიღია. ხელი ვკარი კარებს, არ გაიღო. უფრო ღონივრად ვკარი ხელი , არც ახლა გაიღო. მერე ორივე ხელი დავცხე... გამიღეთ, ვყვირივარ, ეს ხომ ჩემი ოთახის კარებია, სადაც მითენდებოდა და მიღამდებოდა. ვცნობ მის ფერს, მის სახელურს, მის ყოველ ნაფხაჭნს. გამიღეთ, გესმით? ახლავე გამიღეთ, კარებს ნუ მიკეტავთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|