ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2026


უფლის შეწევნით

ხვალ ისტორია გადახედავს საზღვრებს მოგონილს,
სადაც ფესვები მაგნოლიის შავ ზღვას ერთვიან
და დაამტკიცებს ციხე-ბურჯად მდგარი კოდორი,
რომ საქართველოს დასაწყისი აფხაზეთია.

მერე მზის სხივი ჩამოსწვდება ხეობებს კრძალვით,
მიმოევლება ამწვანებულ ქართლის დაბლობებს,
ახალგორისკენ მიმავალი იმღერებს მგზავრი,
რომ ერთი ხელის გაწვდენაა სამაჩაბლომდე.

ოშკის გუმბათი აღამაღლებს გალობას ცამდე,
იცის ქართველმა, აღებულა ერთ დროს ქაჯეთიც,
იტევს ხანძთელის ნამოღვაწარს და ლოცვას რამდენს
სულით ხორცამდე ჩვენებური ტაო-კლარჯეთი.

თუმც ჟამის აღმართს მიუყვება ტანჯვა-სვენებით,
მემატიანე ნაფეხურებს ტოვებს ბავშვივით,
და გვეგებება უძლეველი აღმაშენებლის
ეპოქის დასტურ სიდიადედ ლორე-ტაშირი.

ოაზისის მსგავს უდაბნოში დავითგარეჯის
ექვსიათასჯერ აკურთხებენ ველებს ბერები,
წმინდა გიორგი ქურმუხიდან გვამცნობს ზარებით,
რომ გველოდება საინგილო - ძველი ჰერეთი.

უფლის შეწევნით, დედაღვთისას წილხვდომის რწმენით,
ჩვენი სამშობლო კვლავ აღდგება, როგორც ლაზარე,
ყველასთვის სტუმარმასპინძლობით ცნობილი ერი
ეტყვის მეზობლებს, მეზობლობა რომ აქვთ სასწავლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები