ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2026


დაკარგული თაობა

ქარით გავიბერე
და გავხდი საკუთარი თავის შეფიცული მსაჯული,
ერთ-ერთი თორმეტთაგანი.
შუაში იჯდა ქრისტე
და იღიმოდა ჩემს მონაცემებზე…

ქარმა ამწია — ვითომ დიდი ვიყავი,
ვითომ ვიცოდი,
ვისი ჩრდილისთვის უნდა მეპატრონა.
და როცა გადამიარა,
ვნახე მე ჩვეულებრივი ადამიანი,
რომელსაც უბრალოდ
მოუნდა გვერდით ვინმე.

ქრისტეს ჩხუბი მე არ გამიგია,
ის არ მეჩხუბებოდა
და ფსკერზე ჩასულს
ვიცნობდით.
უბრალოდ მიყურებდა
თითქოს იცოდა, რომ ერთ დღეს
მეც ვისწავლიდი კარგად ყოფნას და
როგორ არ მეთქვა
ერთდროულად ყველაფერი.

თავი დავუხარე მზეს და გავშორდი
ჩემს ნაოჭებიან ლაბირინთებში.

- შემიყვარე, ან მოვკვდეთ, პატარავ

- შენ უნდა მოკვდე მარტო, წვალებით

- მაგრამ მე ისეთი ცოცხალი ვარ...

'
თვალში გამიკრთა ელვა

და ჭინკა კი ორჯერ ამითამაშდა

ამ თვალში ჩამივარდი და
ხელი არ ამომისვია
გულს ჩაგაყოლე,
როგორც ნადირს სიბნელეში.
წყალი მასვი და გამომაღვიძე მკვდრეთით,
ათას ტარტაროზს ვეფიცე,
გზა გამიხსენით მეთქი
ფსკერზე ჩავედი და ქვიშა ამოგიტანე
შენ კი იცინი, -
სად უდაბნოში ნახეო ეს ქვიშა
მე ქვიშა მოგიტანე
მდინარის ფსკერიდან,
შინ კი მითხარი -
მტვერი იყოო მიწის, ქვიშა კი არა

ღირდა კი ახსნა,
რომ ჩვენ შექმნილი ვართ ერთმანეთის სუსტი მხარეების დასაზღვევად
და რომ იდეალურ ეფექტურობას მხოლოდ ტანდემში ვაღწევთ?

ახლა კი ზედაპირზე ვდგავარ,
და არავის არაფერს ვუმტკიცებ,
ზღვებს მარილს ვაყრი.

მე რომ გზაზე მივდიოდი
თვალში რაღაც ჩამივარდა
ხელი არ ამომისვია,
უფრო იქით გადავარდა.

ჩამკიდე ხელი, რომ ვთქვა - მე ვარ
და ქარს დავუდო აფრა მოსული
და წყალს არ ვუყურო შორიდან,
წყალს, სადაც გიჭირს
სუნთქვა და ცურვა ერთად
გემებს მივეცე და ზურგის ქარს
ხელი ჩამჭიდე

შენ სულ იცინებ,
და ითამაშებ
ვიცი ეს მითი მე
მე კი წვერს ვუშვებ
და ფიქრს ვაგროვებ,

ბავშვის ფერი გაქვს
და მე ეს მიყვარს.
როგორც თმებზე კორიანტელი
ცხრამეტი მარტის,
ოცი ივნისის.
და ამბობ - შენ სხვებზე უფრო მართალი ხარ
და შენს გვერდით ვარ

მე კი არ მინდა მეტი არავინ
და არის რაღაც, რასაც ჩემს თავსაც ვერ ვაპატიებდი.

ქარმა გამბერა და ამიტანა სიცხემ
და ყველა ლექსი მეჩვენა ბოდვად,
რაც კი დავწერე
დავდექი შორის - აქეთ ბოდვაა, იქეთ სასჯელი
შენ რას იზამდი?
თავი დავხარე, მზე დავინახე -
მიწაზე ეგდო.
შენ რას იზამდი?

და რაც ქარიშხალი არის,
მის უდიდეს გულის ბინა
მე რომ რაღაცები მინდა
ნეტავ გაგემრავლებინა

მომწონხარ და მირჩევნია შენთან ვიყო,
ვიდრე სხვასთან
მარტოობას კი ვიცნობ კარგად,
შენ მას სინათლეს ამატებ.
ამ ლექსს გილოცავ მე რადიოდან
მერე იქნებ შავ ზღვას მოჰქონდეს
სიზმრები ჩემი
ხელჩასაჭიდი.
შენი სიმართლე
მარილს აყრის ჩემს სინამდვილეს
და ვეღარაფერი მიკლავს წყურვილს.
მოვკლავ მინოტავრს
ამ ლაბირინთს თავს მე დავაღწევ
და ჭრილობებით ვისწავლი სუნთქვას
შენ კი იქ დგახარ,
სადაც ყველა სათქმელს ეძლევა სიტყვა
და არცერთია მნიშვნელოვანი
და როგორც ნორმა
დასკვნა არის გამოსატანი.

და როგორც ტყეში
გახლართულ ირემს
მე მყვირალობა მომაქვს დროული
და აჰა, ვყვირი -

გახელებული ხარი ვარ
გეშს ვიღებ ნიავ-ქარზედა
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები