ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2026


***

ჯებირი ვერასდროს აკავებს
ღვარცოფს, ნიაღვარს, ზვავს,
მიხვდი, მიყვები ნაკვალევს,
რაც მასში დგება - სვამ.
დამყაყებული სითხეა,
წრუპავ უგემურად, ხვრეპ,
ეს შენი სარგოა, სიფრთხილით
უდგები, თუმცა ხეპრე
უფრო მგონია არსებობს
შენში უზნეოდ, ძლივს;
ხანდახან თავსაც გაბეზრებს,
დადის, დარბის თუ ზის,
როცა გაფრენას ცდილობ,
განსაკუთრებით ფრთხება,
განსხვავებული ცოდვილი
გნახეს ჯიუტმა თხებმა,
მერე შემცბარი კიკინი
მორთეს, გაიქცნენ, სადღაც,
ჩამოუარე კაკუნით
ყველა კარს რაც კი დაგხვდა
გადარაზული ურდულით,
გადატიხრული მხრებით,
ყელში გაჩრილი ბურთულის
მიღმა ცხოვრობდა ღმერთი,
უხმო, უენო, უსახო
უსასწაულო ნება,
ვის გინდა რომ დაუძახო,
ვისაც ეძახი - ქრება.
ვისაც სიცოცხლის ალოეს
წვეთებით თვალებს უვსებ,
წამოიძახებს წყალიო
თუ მიაწოდებ უცებ
გამოგეცლება ხელიდან,
გამოგეცლება გულიდან,
უკანასკნელი ჩხავილით
ყვავი დაფრთხება, ბუდიდან
წაიფორხილებს უშვერად
ირონიული ყრანტალით,
თვალს გადმოგავლებს გიშერის
,,ყველა შენთან არს მართალი''
გაიფიქრებს და დაჭექავს
ბურუსში როგორც მიზეზი,
ძალიან დიდ ხანს იჯექი
უსაფეხურო კიბეზე.
ვერა და ვეღარ აალდი,
როგორც ნოტიო დენთი,
ხანდახან მბჟუტავ ქაღალზე,
იმ სიტყვებივით ენთე,
რომლებმაც ამოგაპნიეს
როგორც ხრიოკზე მარცვალი,
მერე ლექსებში ნაპოვნი
ხალისით გარდაიცვალე.


7 აპრილი 2026 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები